საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/1755 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 17 მარტი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 მარტი 2023 18:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1755) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1755 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 22 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 17 მარტს.
2. №1755 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის“.
5. №1755 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, დაუშვებელია, სოციალურ პაკეტთან ერთად, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება. შესაბამისად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ერთდროულად ვერ მიიღებს დადგენილებით განსაზღვრულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ სოციალურ პაკეტს. სოციალური პაკეტის მიზანია პირის უზრუნველყოფა იმ ფინანსური რესურსით, რომელიც მას დაეხმარება საზოგადოების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების დაძლევაში. ამგვარად, სოციალური პაკეტი ემსახურება სპეციფიკურად შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ხარჯების დაფარვას. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, მისი ზოგადი მიზანია სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირებისათვის საყოფაცხოვრებო და კომუნალური საჭიროებების უზრუნველყოფა ფინანსური დახმარების გამოყოფის გზით.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სარგებლის არსებობა განპირობებულია იმ წნეხისგან, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებათ საზოგადოების მიერ შექმნილი ბარიერების დაძლევაში. სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე ხარჯებში მონაწილეობა შესაძლებელია, გამოიხატებოდეს თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფინანსური სარგებლის გაცემაში, ასევე, მათთვის სათანადო სერვისების უზრუნველყოფაში. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორის წახალისება, რათა მათ საქმიანობაში გაზარდოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერების მიერ გაწეული მზრუნველობითი საქმიანობის კომპენსირება ან შრომით კანონმდებლობაში სათანადო ღონისძიებების გათვალისწინება. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-2 მუხლის მიხედვით, საყოფაცხოვრებო სუბსიდია წარმოადგენს ყოველთვიურ ფულადი სახის გასაცემელს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირის განსხვავებული საჭიროებები და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განისაზღვრება მათი საჭიროებების დაკმაყოფილების სხვადასხვა საშუალებები.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების და მათ წინაშე არსებული დაბრკოლებების მხოლოდ ნაწილობრივ გადალახვას უზრუნველყოფს და აღნიშნულ პირებს არჩევანის წინაშე აყენებს, ან გადალახონ შესაძლებლობის შეზღუდვიდან გამომდინარე არსებული დაბრკოლებები ან მხოლოდ საყოფაცხოვრებო-კომუნალურ სუბსიდიას დასჯერდნენ.
8. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილია თანაბარი მოპყრობა არსებითად უთანასწორო პირებს შორის. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სადავო ნორმა ერთი სარგებლის არჩევის ვალდებულების დაწესებით უთანაბრებს, ერთი მხრივ, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების საჭიროების არმქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და, მეორე მხრივ, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობა არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირების ნიშნებად მოსარჩელე მიიჩნევს შეზღუდულ შესაძლებლობას (როდესაც შესადარებელ პირებს წარმოადგენენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები პირები, რომელთა ნაწილს გააჩნია შესაძლებლობის შეზღუდვა) და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებისათვის აუცილებელ შესაბამის სოციალურ კატეგორიაში ყოფნას (როდესაც შესადარებელ პირებს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთა ნაწილი არის ზემოხსენებულ სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული). ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კლასიკურ ნიშანს და არსებობს, დიფერენცირების კლასიკური ნიშნის საფუძვლით, მკაცრი ტესტის გამოყენების წინაპირობა. აღნიშნულის გარდა, სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, რადგან მარჩენალდაკარგული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სრულად კარგავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტის მიღების უფლებას.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, რაც მოსარჩელის პოზიციით, არ წარმოადგენს თანასწორობის უფლების შეზღუდვის გამართლებისთვის ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს. ასევე, შეუძლებელია, აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ჩაითვალოს დაუძლეველ საჯარო ინტერესად.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირების აბსოლუტურად აუცილებელი ან/და უფლებაში ამგვარი ჩარევის დაუძლეველი საჯარო ინტერესი, სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
11. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, გადალახონ მათ წინაშე არსებული დაბრკოლებები. სადავო ნორმით კი, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია, აირჩიოს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის პირისთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტი ან საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს აღნიშნულ პირთა მინიმალური პირობებით უზრუნველყოფის პროცესზე. გაზრდილი საჭიროებების ფონზე სახელმწიფომ ადეკვატური პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა მაქსიმალურად შეძლონ დასახელებულმა პირებმა სოციალური ინტეგრაცია და ინდივიდუალური განვითარება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1755 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1755 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. №1755, №1736 და №1705 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში