საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 გადაწყვეტილებაზე
დოკუმენტის ტიპი | თანმხვედრი აზრი |
ნომერი | co3/6/642 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 10 ნოემბერი 2017 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ თანმხვედრ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 გადაწყვეტილებაზე.
2. №642 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ორი ნორმა - 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 77-ე მუხლის პირველი პუქტი. მიმაჩნია, რომ, თავდაპირველად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა სადავო 77-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულაცია რამდენად მიესადაგებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაძლებელია თუ არა, მოსარჩელე მოიაზრებოდეს ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ. მხოლოდ ამის შემდგომ შეიქმნებოდა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების სამართლებრივი საფუძველი.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად“. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ კი კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობაში მოსაყვანად.
4. მოსარჩელე მხარისთვის დისკრიმინაციულია სადავო ნორმით განსაზღვრული კონკრეტული 1 წლიანი ვადა (2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი). ის აღნიშნავს, რომ მითითებული სადავო ჩანაწერი გამორიცხავს კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას მისთვის, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე 2006 წლის 1 იანვრის შემდგომ შეუწყდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის გასაანალიზებლად აუცილებელია, მიმოხილულ იქნეს აგრეთვე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და მისი რელევანტური წესები.
5. სადავო სამართლებრივი ნორმის ისტორიულ კონტექსტში ინტერპრეტაცია გააადვილებს ნორმის რეალური შინაარსისა და იმ სუბიექტების ფარგლების დადგენას, რომელზეც სადავო ნორმა ვრცელდება, ხელს შეუწყობს იმ ისტორიული ვითარების წარმოდგენას, რომელიც თავის დროზე კანონმა მოაწესრიგა. ამავდროულად, შეფასებადია ნორმის ლეგიტიმური მიზანი. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს იმ გარემოებას, სასამართლომ შეაფასოს, თუ რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნორმის გამოცემის დროს კანონმდებლის ნებას წარმოადგენდა.
6. ამასთან, ნორმის ნორმატიული შინაარსის ინტერპრეტაციას აქვს ზღვარი, რომელიც, იმავდროულად, მის ჩარჩოს/საზღვარს ქმნის. ამ ზღვარის გადალახვას მივყავართ არა ნორმის რეალური ნორმატიული შინაარსის ინტერპრეტაციამდე, არამედ ნორმის განვრცობამდე, ასევე, ნორმის ინტერპრეტაციამ შესაძლოა აჩვენოს ნორმის შესწორების ან კანონის ხარვეზის შევსების საჭიროება. აღნიშნული უკვე ნორმაშემოქმედის პრეროგატივა და, სამართლებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მისი ვალდებულებაცაა. სასამართლოს მიერ კანონმდებლის გადაწყვეტილებების განვრცობა/შესწორება/ხარვეზის შევსება მართლმსაჯულებას ჩააბამს ყოველდღიურ დისკუსიებში, მაშინ როდესაც სასამართლო უნდა გაუფრთხილდეს მის ნეიტრალურ ავტორიტეტს.
7. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2005 წლის 23 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მისი 36-ე მუხლით დადგინდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, პენსიაზე გასვლისას ან უფლებამოსილების პირადი სურვილით ვადაზე ადრე შეწყვეტისას ენიშნებოდა სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით. იმავე ცვლილებით, დასახელებული ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტით დადგინდა, რომ პირადი სურვილით უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ხსენებული სამისდღეშიო პენსია მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობით მიემართებოდა მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.
8. დასახელებულ ნორმებში, კიდევ ერთხელ, შევიდა ცვლილება 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომელიც თავად „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალაში ყოფნის მომენტამდე წარმოადგენდა მოქმედ რეგულაციას. ამ ცვლილებების თანახმად, 36-ე მუხლი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის სახელმწიფო კომპენსაციად დადგინდა ფიქსირებული 1200 ლარი, შემდეგი ორი საფუძვლით, უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში: უფლებამოსილების ვადის ამოწურვა და საპენსიო ასაკის მიღწევა. ამასთან, მე-40 მუხლის მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტისას მხოლოდ ის პირები ისარგებლებდნენ უფლებამოსილების დარჩენილი ვადის განმავლობაში მოქმედი მოსამართლის ხელფასის სრული ოდენობით, ხოლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ 1200 ლარის ოდენობით სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით, რომელთაც უფლებამოსილება 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში შეუწყდათ.
9. როგორც დასახელებული ნორმების ანალიზით დგინდება, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ორივე ცვლილების შემთხვევაში კანონმდებელი მე-40 მუხლით გამოყოფდა კონკრეტულ მოსამართლეებს, რომელთაც განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ორივე ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი უშუალოდ ადგენდა უფლებას შესაბამისი მოსამართლეებისთვის, მიეღოთ სახელმწიფო კომპენსაცია, ესარგებლათ ამ სარგებლით. ამ შემთხვევაში თავად ნორმა ქმნიდა შესაბამისი ფულადი სარგებლის მიღების საფუძველს.
10. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი მკაფიოდ განსაზღვრავდა ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის მონაწილეებს, ნორმის მოქმედების ადრესატებს, კერძოდ, მოსამართლეებს, რომელთაც 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. აშკარაა კანონმდებლის ნება, მხოლოდ ამ ვადის ფარგლებში მოქცეული პირებისთვის გაეთვალისწინებინა სახელმწიფო კომპენსაცია. კანონმდებლის დასახელებული ნება უცვლელი იყო მითითებულ ნორმაში განხორციელებული ყველა ცვლილების კვალდაკვალ და კანონმდებელს არც ერთ ეტაპზე არ შეუცვლია ნორმის ნორმატიული შინაარსი იმგვარად, რომ გაეთვალისწინებინა ის მოსამართლეები, რომლებიც, მართალია, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, მაგრამ მათი გათავისუფლების პერიოდი არ ექცეოდა ნორმით განსაზღვრულ სადავო ვადაში.
11. როგორც ვხედავთ, მითითებულ ნორმას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი, კომპენსაცია გაიცეს მხოლოდ იმ მოსამართლეებზე, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ მოსამართლის თანამდებობიდან 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში. შესაბამისად, დასახელებულმა საკანონმდებლო ნორმამ მკაცრი დროითი სივრცე შექმნა, რომლის ფარგლებში მოქცეული საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული მოსამართლეები მიიღებდნენ კომპენსაციას.
12. წარსულში მოქმედი ნორმების ანალიზის ფონზე საინტერესოა უშუალოდ განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა, რომელიც იმეორებს იგივე დროის პერიოდს იმავე სუბიექტების მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წინა პუნქტებში დასახელებული წესებისაგან ის განსხვავდება როგორც საკუთარი ფორმულირებით, ისე მასში გადმოცემული ნორმატიული შინაარსით. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს არა სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების წარმოშობას, არამედ წარსულში უკვე არსებული და წარსულშივე პრაქტიკულად რეალიზებული უფლების მომავალში გაგრძელების ლეგიტიმაციას. მისი შინაარსი ეხება კონკრეტულ, 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში უფლებამოსილებაშეწყვეტილ უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეებს, რომელთაც „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე უკვე დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია და მათთვის ითვალისწინებს ამ კომპენსაციის მიღების გაგრძელებას. მისით მოწესრიგებულ საკითხთა ფარგლებს სცდება რომელიმე სხვა სუბიექტისთვის სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლების წარმოშობა, ის წარმოადგენს წარსულში არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების დროში გამახანგრძლივებელ რეგულაციას.
13. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქმედი სადავო ნორმა ფორმალურად წარმოადგენს მოქმედ სამართალს, ნორმას, თუმცა მას გააჩნია კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული ვიწროდ მიზანმიმართული მოქმედების არეალი. კერძოდ, ის არ ადგენს რაიმე ახალ წესრიგს, არ ადგენს კონკრეტულ უფლებას, არამედ კანონმდებლის მიერ მკაცრად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ ითვალისწინებს წარსულში წარმოშობილი უფლებების დროში გაგრძელების ნორმატიულ საფუძველს. სადავო ნორმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ სივრცეში ვერ მოექცევა მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი ვერც ერთი პირი. ეს უკანასკნელნი არ წარმოადგენენ სადავო ნორმის ადრესატებს.
14. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი პრობლემა მიმართულია მისი როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიების საკითხისადმი. ბუნებრივია, მოთხოვნას - სახელმწიფომ გამოიჩინოს ძალისხმევა და შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა ისეთი უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ, როგორსაც მოსარჩელე, როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე წარმოადგენს, გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პრობლემა არ გამომდინარეობს უშუალოდ სადავო ნორმიდან. ეს ნორმა არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის რაიმე დაბრკოლებას, გააჩნდეს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, ვინაიდან სადავო ნორმა სრულიად არ ეხება მას და არის ნეიტრალური შინაარსის მოსარჩელისა და მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი ყველა სხვა პირის მიმართ.
15. სადავო ნორმა მოქმედებს და ამოწურავს საკუთარი მოქმედების რესურსს მკაცრად განსაზღვრული ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის ადრესატების მიმართ. ნორმას სხვა პირთა წრის მიმართ მოქმედების რესურსი და სხვა პირთა წრეზე გავრცელების შესაძლებლობა/ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია. სადავო ნორმა მიეკუთვნება იმ ნორმათა კატეგორიას, რომელიც თავის თავს ამოწურავს კონკრეტული კატეგორიის პირთა წრის მიმართ და ამ პირთა წრეში მოსარჩელის მსგავსი პირები ვერ იქნებიან გათვალისწინებული.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ მიემართება სადავო ნორმის შინაარსს. ამ თვალსაზრისით, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თავიდანვე არ არსებობდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველი.
მაია კოპალეიშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი