საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/642 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 19 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი(მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლის, 77-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N642) მომართა საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2015 წლის 17 აპრილს.
2. N642 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 19 მაისს.
3. N642 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებსა და კომპენსაციის ოდენობას, კერძოდ, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“.
5. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლი განსაზღვრავს ამავე კანონის 70-ე მუხლის დროში მოქმედების წესს: „ამ კანონის 70-ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“.
6. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეული კატეგორიის სახელმწიფო კომპენსაციას და ადგენს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.”
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
8. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, კერძოდ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი”.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის დადგენილების თანახმად, თანამდებობაზე არჩეულ იქნა 10 წლის ვადით. მას უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2014 წლის 23 დეკემბერს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“. ამავე სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის წერილით მას უარი ეთქვა, რადგან არ წარმოადგენდა კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
11. მოსარჩელისათვის პრობლემურია „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები. 70-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირების პირობებში, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს არ წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე. გამონაკლისია 77-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერიოდი, კერძოდ, 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშვნით, აღნიშნული სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტში მოცემული რეგულირება თავდაპირველად შემოღებულ იქნა „„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით, კერძოდ, მე-40 მუხლის მე-7 პუნქტით. აღნიშნული ორგანული კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით 2009 წლის 4 დეკემბერს და მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის ნორმატიული შინაარსი შენარჩუნებულ იქნა სადავო 77-ე მუხლის პირველ პუნქტში.
13. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის მიმართ უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით. ამასთან აღნიშნულ მუხლში მითითებული ნიშნები, რომელთა საფუძველზე, დისკრიმინაციაც დაუშვებელია, არ არის ამომწურავი და ნორმის მიზანი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა.
14. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში და მოსამართლე, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა შემდგომ პერიოდში, წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის, ხოლო სადავო 77-ე მუხლის პირველი პუნქტით ხდება მათი გაუმართლებელი დიფერენცირება. კერძოდ, პირველ შემთხვევაში მოსამართლე სარგებლობს დადგენილი სოციალური გარანტიით, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში არა. მოსარჩელის აზრით, ხსენებული დიფერენციაციის ნიშანს წარმოადგენს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის დრო.
15. მოსარჩელის აღნიშვნით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის რეგულირებისას, კანონმდებელი არ ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნამსახურობის ვადას. ნამსახურობის ვადის არარელევანტურობა კი, ზრდის დიფერენციაციის გაუმართლებლობის ხარისხს.
16. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამო დიფერენცირებას ადგენს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლად განსაზღვრავს მხოლოდ უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ან საპენსიო ასაკის მიღწევას და აღნიშნული სოციალური გარანტიის გარეშე ტოვებს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული კანონის 76-ე მუხლი კი, მოსარჩელის მითითებით, აფართოებს გაუმართლებლად დიფერენცირებულ პირთა წრეს და დიფერენცირების დამდგენი სადავო ნორმის მოქმედებას ავრცელებს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის დიფერენცირება ხდება პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის ნიშნით.
17. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე გაუმართლებელი დიფერენცირება ხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შორის, რამდენადაც მათი სამართლებრივი სტატუსი და სოციალური გარანტიები ყველა სხვა შემთხვევაში თანაბარია. მოსარჩელის აღნიშვნით, მართალია, საერთო სასამართლოების საქმიანობას მთლიანად არეგულირებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიები განსხვავებულია ქვედა ინსტანციების მოსამართლეთა გარანტიებისაგან და საკუთარი შინაარსით უთანაბრდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიებს.
18. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმებით დაწესებული დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ და ობიექტურ საფუძველს, შესაბამისად, არ არსებობს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომელიც გაამართლებდა მსგავს დიფერენცირებას.
19. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმები უნდა შეფასდეს ე.წ. „მკაცრი შეფასების ტესტის” საფუძველზე, რადგან აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დადგენილი დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების გარდა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას.
20. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს და ხელშეუვლად აცხადებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, დაუშვებლად მიიჩნევს მათ გაუქმებას. „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციას წარმოადგენს პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სახელმწიფო კომპენსაციის სოციალური ბუნება მის სუბიექტს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღოს მატერიალური სიკეთე პერიოდული ფულადი შემოსავლის სახით, რაც კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს გადაეცემა საკუთრებაში. სოციალური უფლებების ეკონომიკური ბუნებიდან გამომდინარე, აღნიშნული მატერიალური სიკეთე, მოსარჩელის აზრით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
21. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას მხოლოდ კანონის საფუძველზე, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მოსარჩელის მითითებით, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“ არ ნიშნავს მხოლოდ საზოგადოებისათვის გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას, კანონმდებელს შესაძლოა ჰქონდეს საზოგადოების ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მოტანის მიზანი. თუმცა ასეთი განმარტების პირობებშიც კი, მოსარჩელის აღნიშვნით, გაუგებარია, რა საზოგადოებრივ საჭიროებას შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენციაცია.
22. მოსარჩელე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო სამართლის შესაბამის აქტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, თუ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებულ ნორმებს. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9)
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამასთანავე, „იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ზღუდავს პირის კონსტიტუციურ უფლებას, იგი უფლებამოსილია, იდავოს საერთო სასამართლოებში საკუთარი უფლებების დასაცავად და დაეყრდნოს კონსტიტუციურ უფლებებს, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის N2/1/555 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ იქნება მიღებული, თუ სადავო ნორმა არ ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას. „იწვევს თუ არა სამართლებრივი ნორმა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნორმის შინაარსის, მისი მიზანმიმართულებისა და სავარაუდო სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით ადგენს. გაუმართლებელია კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის დაყენება ყველა ისეთ საკანონმდებლო ნორმასთან მიმართებით, რომელიც უფლებით სარგებლობის რეგლამენტირებას ახდენს, ადამიანს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს და, ამდენად, ქცევის სავალდებულო წესს განსაზღვრავს. კონკრეტული ნორმის შინაარსი იმ სამართლებრივ მოწესრიგებაში ვლინდება, რომელსაც იგი მოქმედ სამართლებრივ სივრცეს ამატებს. ფორმალურად უფლებააღმჭურველი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი სასამართლომ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილოს, როდესაც კონსტიტუციური უფლების (კონსტიტუციით დაცულ სფეროს) შეზღუდვის რისკი სადავო ნორმას არსებითად უკავშირდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის N1/1/503,513 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
5. მოსარჩელე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. როგორც სასარჩელო მოთხოვნის ანალიზით ირკვევა, მოსარჩელე განიხილავს სადავო ნორმებს მისი საკუთრების უფლების შემზღუდველად იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მას ართმევს უფლებას, რომ დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ასევე, უზღუდავს შესაძლებლობას, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაუანგარიშდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლებრივ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია. ეს საფუძვლებია - უფლებამოსილების ვადის ამოწურვა და საპენსიო ასაკის მიღწევა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა არ ზღუდავს მოსამართლეთა უფლებას, სხვა საფუძვლებით მიიღონ ესა თუ ის კომპენსაცია. ამ ნორმით განსაზღვრული საფუძვლები რომ ამომწურავი არ არის, ამ გარემოებაზე ისიც მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სხვა შემთხვევას უკავშირდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლიც (2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული მოსამართლეები). ის გარემოება, რომ კონკრეტული სადავო ნორმა არ აწესრიგებს მოსარჩელისა და მის კატეგორიაში მყოფი სხვა პირების კომპენსაციის საკითხებს, შეუძლებელია, განხილულ იქნეს, როგორც ამ ნორმის საფუძველზე მათი საკუთრების უფლების შეზღუდვა. სადავო ნორმის საფუძველზე ამა თუ იმ საკითხის არმოწესრიგება თავისთავად არ გამოდგება ამ ნორმის საფუძველზე უფლების შეზღდუდვის ფაქტის სამტკიცებლად. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო ნეგატიურ კანონმდებელს წარმოადგენს, მისი ფუნქცია შემოიფარგლება უფლებაშემზღუდველი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებით. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში პირის სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე. აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კონსტიტუციის დარღვევის იმ შემთხვევებზე, რომლებიც სადავო ნორმიდან არ მომდინარეობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის, უფლების შეზღუდვა სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონსტიტუციური უფლებით დაცულ სიკეთეში ჩარევა ხდება მოქმედი, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული აქტით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მზღუდველი ნორმატიული აქტი, პირებს აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ საერთო სასამართლოებს და დაეყრდნონ კონსტიტუციურ უფლებებს, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალს.
7. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ვერ გამოიწვევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის კომპენსაციის მიღების უფლების წართმევას და არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მოსარჩელის საკუთრების უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტი.
8. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს ამავე კანონის 70-ე მუხლის დროში მოქმედების საკითხებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ იწვევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის კომპენსაციის მიღების უფლების წართმევას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი შეეხება საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი მოქმედება საერთოდ არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე.
9. ამგვარად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლით დადგენილი წესის დროში მოქმედების დამდგენი ნორმა, კერძოდ, ამავე კანონის 76-ე მუხლი ვერ იქნება განხილული როგორც მოსარჩელის უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტი.
10. ანალოგიურად, სადავოდ გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეების კომპენსაციებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რა ვადითაც მათ უნდა განეხორციელებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. აღნიშნული ნორმა მკაფიოდ განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელზეც დადგენილი რეგულირება ვრცელდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეების კომპენსაციებთან დაკავშირებული საკითხები დასახელებული ნორმის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება. ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნის საკითხები არ არის მოწესრიგებული ამ კონკრეტული ნორმით, არ გულისხმობს, რომ ეს ნორმა მოსარჩელის უფლებას ზღუდავს.
11. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. შესაბამისად, წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N642 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. მოსარჩელე ასევე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, სადავო 76-ე მუხლი აფართოებს 70-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობის ფარგლებს დროსა და სივრცეში. ამ ნორმით გაზრდილია არსებითად თანასწორ პირთა წრე, რომელთა მიმართებითაც რადიკალურად განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფება მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოსამართლეთა კატეგორია. კერძოდ, სადავო 76-ე მუხლი, 70-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტად, დამატებით, მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს ყველა იმ მოსამართლეს, რომელსაც ამოეწურა უფლებამოსილების ვადა ან რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს, დაწყებული 1999 წლის 15 მაისიდან 2009 წლის 4 დეკემბრის „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ძალაში შესვლამდე პერიოდის ჩათვლით.
14. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლით დადგენილია, რომ „ამ კანონის 70-ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“. მოსარჩელე აპელირებს აღნიშნული ნორმის იმ შინაარსზე, რომელიც უკავშირდება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის გავრცელებას 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. თავის მხრივ, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“. აღნიშნული ნორმა, თავისი შინაარსით ვრცელდება უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე, რომელსაც ამოწურული აქვს საკუთარი უფლებამოსილების ვადა ან მიაღწია საპენსიო ასაკს, ხოლო 76-ე მუხლი ზღუდავს 70-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციის მიმღებ მოსამართლეთა წრეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე მითითებით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება 76-ე მუხლის მიერ 70-ე მუხლის პირთა წრის გაფართოებას, ემყარება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. აღნიშნული სადავო ნორმა არ აფართოებს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართებითაც მოსარჩელე დიფერენცირებულ რეჟიმში იმყოფება. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით მას შემზღუდავი ეფექტი არ გააჩნია.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N642 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, N642 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N642 (საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N642 (საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა)„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 76-ე მუხლისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი