საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 გადაწყვეტილებაზე
დოკუმენტის ტიპი | თანმხვედრი აზრი |
ნომერი | co3/6/642 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 10 ნოემბერი 2017 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ თანმხვედრ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 10 ნოემბრის N3/6/642 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
2. №642 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. წინამდებარე თანმხვედრი აზრი ეთმობა იმის დასაბუთებას, რომ №642 კონსტიტუციურ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა ასახულიყო მსჯელობა სადავო ნორმებიდან მომდინარე შესადარებელ პირთა შორის არსებული დიფერენცირებული მოპყრობის ბუნების, მისი სამართლებრივი შეფასების თაობაზე.
4. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიარებ №642 კონსტიტუციურ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე, ვეთანხმები სადავო ნორმების შეფასების იმ ნაწილს, რომლითაც სასამართლომ გამოყო შესადარებელი ჯგუფები და აღნიშნა, რომ სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების მიმართ ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას. შესაბამისად, სახეზე არის დიფერენცირება.
5. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უცნობი არ არის ნორმატიული შინაარსის გამოყოფით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის შეფასება და სწორედ მის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თავად სასარჩელო მოთხოვნას საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს ამ სამართალწარმოების ფარგლებში. ამგვარ შედეგს წარმოადგენს თუნდაც სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, რაც საქმეზე წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძველია, მიუხედავად იმისა, სამართალწარმოების რომელ ეტაპზეა საქმის განხილვა („საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი). აგრეთვე, მოსარჩელის უფლებას წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის შემცირება.
6. სწორედ შემცირებულ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საბოლოოდ №642 კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდის გარდა ნებისმიერ სხვა დროს, პირადი განცხადების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, გამორიცხავს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას. სასარჩელო მოთხოვნის ამ ფარგლებში იმსჯელა სასამართლომ და დაადგინა, რომ იგი არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.
7. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რა ეტაპზე შეამცირა მოსარჩელემ საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, როგორც გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არსებითად განხილვის ეტაპზე დააზუსტა. ამასთან, სასამართლომ მოისმინა ორივე მხარის მიერ წარმოთქმული არგუმენტაცია სადავო ნორმებთან დაკავშირებით. სასამართლომ სრულად გამოიკვლია არა მხოლოდ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, არამედ, სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის გამოსარკვევად ყველა მნიშვნელოვანი გარემოება.
8. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს, მათ შორის, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასრულებული აქვს კონკრეტული საქმის არსებითად განხილვის ეტაპი, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული განსახილველი საკითხი, მიზანშეწონილია, მისი მხრიდან მოხდეს უკვე გამორკვეული გარემოებებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება. იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება მოიცავს არსებითად თანასწორ პირთა შორის სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირების არსებობის დასაბუთებას, მნიშვნელოვანია სასამართლომ აგრეთვე გასცეს პასუხი თავად ამ დიფერენცირებული მიდგომის სამართლებრივი ბუნების შეფასებას. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის თაობაზე მოპასუხე მხარემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. მან ვერ დაასახელა ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობას.
9. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირებული მიდგომის არსებობის დადასტურების შემდგომ, აგრეთვე უნდა აღენიშნა და ემსჯელა თავად ამ დიფერენცირების დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ ვითარებაში და იმგვარი ნორმის შეფასებისას, რომლის მიერ დადგენილ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს თავად მოპასუხე მხარეც ვერ ასახელებს. ამდენად, N642 კონსტიტუციურ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტიდან მომდინარე დიფერენცირებული მიდგომის არსებობის დადასტურების შემდეგ, უნდა ასახულიყო შესაბამისი მსჯელობა დიფერენცირების ბუნების და სამართლებრივი შეფასების თაობაზე.
10. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნორმის ლოგიკური განმარტების პირობებში გაურკვეველია მის საფუძვლად არსებული საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც არსებითად თანასწორ პირთა შორის ამგვარ დიფერენცირებას გაამართლებდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში ცნო კონსტიტუციური სარჩელი.
11. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე ცნოს სარჩელი მთლიანად ან ნაწილობრივ, თუმცა ეს გარემოება არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამასთან, მოსარჩელეს არ უთქვამს უარი სასარჩელო მოთხოვნაზე, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების გაგრძელებას.
12. საქმის განხილვის ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი ის ლოგიკური, რაციონალური მიზანი, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დადებოდა სადავო ნორმით დადგენილ დიფერენცირებას. ამასთან, საქმისა და რელევანტური კანონმდებლობის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, არ გამოვლინდა არც ერთი იმგვარი გარემოება, რომელიც ლოგიკურად და რაციონალურად ახსნიდა, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში კი ნებისმიერი სახის შეზღუდვა წარმოადგენს გაუმართლებელ და თვითმიზნურ შეზღუდვას, რომელიც, იმავდროულად, არაკონსტიტუციურია. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
13. შედეგად, მივიჩნევ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგულირება ერთმანეთისგან განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს და ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. ამასთან, კანონმდებლის მხრიდან დიფერენცირებულ მიდგომას არ გააჩნია ის საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა არსებითად თანასწორი პირების ამგვარ განსხვავებას, რის გამოც სადავო რეგულაცია თვითმიზნურად ზღუდავს არსებითად თანასწორი პირების კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამო რეგულაციას, რის თაობაზეც შესაბამისი მსჯელობა უნდა ყოფილიყო ასახული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
გიორგი კვერენჩხილაძე