საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/3/642 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 18 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2016 11:08 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 77-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №642) მომართა საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2015 წლის 17 აპრილს. №642 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 19 მაისს. 2015 წლის 19 მაისის №2/4/624 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. №642 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლებსა და კომპენსაციის ოდენობას, კერძოდ, „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით“. ამავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გარკვეული კატეგორიის სახელმწიფო კომპენსაციას და ადგენს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 25 მარტის დადგენილების თანახმად, თანამდებობაზე არჩეულ იქნა 10 წლის ვადით. მას უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2014 წლის 23 დეკემბერს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და საოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“. ამავე სააგენტოს 2015 წლის 20 იანვრის წერილით მას უარი ეთქვა, რადგან არ წარმოადგენდა კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
7. მოსარჩელისათვის პრობლემურია სადავო ნორმებით განსაზღვრული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები. 70-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირების პირობებში კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს არ წარმოადგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლეები, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ პირადი განცხადების საფუძველზე (გამონაკლისია 77-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერიოდი, კერძოდ, 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე). შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშვნით, აღნიშნული სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული რეგულირება თავდაპირველად შემოღებულ იქნა „„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონით, კერძოდ, მე-40 მუხლის მე-7 პუნქტით. აღნიშნული ორგანული კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით 2009 წლის 4 დეკემბერს და მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის ნორმატიული შინაარსი შენარჩუნებულ იქნა სადავო 77-ე მუხლის პირველ პუნქტში.
9. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის მიმართ უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით. ამასთან, აღნიშნულ მუხლში მითითებული ნიშნები, რომელთა საფუძველზე, დისკრიმინაციაც დაუშვებელია, არ არის ამომწურავი და ნორმის მიზანი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა.
10. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში და მოსამართლე, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა შემდგომ პერიოდში, წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის, ხოლო სადავო 77-ე მუხლის პირველი პუნქტით ხდება მათი გაუმართლებელი დიფერენცირება. კერძოდ, პირველ შემთხვევაში მოსამართლე სარგებლობს დადგენილი სოციალური გარანტიით, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო მეორე შემთხვევაში არა. მოსარჩელის აზრით, ხსენებული დიფერენციაციის ნიშანს წარმოადგენს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის დრო.
11. მოსარჩელის აღნიშვნით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის რეგულირებისას კანონმდებელი არ ითვალისწინებს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის დროისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ნამსახურობის ვადას. ნამსახურობის ვადის არარელევანტურობა კი ზრდის დიფერენციაციის გაუმართლებლობის ხარისხს.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შეუსაბამო დიფერენცირებას ადგენს ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლად განსაზღვრავს მხოლოდ უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ან საპენსიო ასაკის მიღწევას და აღნიშნული სოციალური გარანტიის გარეშე ტოვებს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის დიფერენცირება ხდება პირადი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების შეწყვეტის ნიშნით.
13. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, გაუმართლებელი დიფერენცირება ასევე ხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შორის, რამდენადაც მათი სამართლებრივი სტატუსი და სოციალური გარანტიები ყველა სხვა შემთხვევაში თანაბარია. მოსარჩელის აღნიშვნით, მართალია, საერთო სასამართლოების საქმიანობას მთლიანად არეგულირებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიები განსხვავებულია ქვედა ინსტანციების მოსამართლეთა გარანტიებისაგან და საკუთარი შინაარსით უთანაბრდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიებს.
14. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმებით დაწესებული დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ და ობიექტურ საფუძველს, შესაბამისად, არ არსებობს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომელიც გაამართლებდა მსგავს დიფერენცირებას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, სადავო ნორმები უნდა შეფასდეს ე.წ. „მკაცრი შეფასების ტესტის“ საფუძველზე, რადგან აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე დადგენილი დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა.
15. მოსარჩელე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო სამართლის შესაბამის აქტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №642 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №642 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობა, №642 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №642 („საქართველოს მოქალაქე - ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი