ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-3/1524 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, , , |
თარიღი | 29 ივლისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 აგვისტო 2020 16:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1524) მომართა ბაჩანა შენგელიამ.
2. №1524 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების სადავო მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. დასახელებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული ქმედებისთვის შესაძლებელია, სანქციის სახედ განისაზღვროს ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეჩერება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადით სანოტარო მოქმედებათა შესრულების აკრძალვას გულისხმობს. სადავო ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით კი განისაზღვრება უფლებამოსილების შეჩერების ვადები და მისი განსაზღვრისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი განამტკიცებს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ბაჩანა შენგელია არის ნოტარიუსი, რომლის მიმართ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე აღიძრა დისციპლინარული საქმისწარმოება, მის მიერ სოციალური ქსელში საჯაროდ გაკეთებული განცხადებით, ნოტარიუსის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის გამო. ამგვარად, სადავო ნორმებით, რომლებიც ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულებას ადგენენ, ბაჩანა შენგელიას მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება და შესაძლოა, დაირღვევს მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული გამოხატვის თავისუფლება, ისევე, როგორც ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
6. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების გავრცელების მასშტაბი საჯარო თანამდებობის პირების მიმართ განსხვავებულია, თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნეს პირის უფლებამოსილებები, გამოხატვის შინაარსი, კონტექსტი და დაწესებული სანქციის პროპორციულობა. სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს სანოტარო მომსახურების მიღების მსურველი პირის უფლებების დაცვა, თუმცა დადგენილი შეზღუდვა, მოსარჩელის აზრით, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რადგან არ ითვალისწინებს, თუ რამდენად აქვს კავშირი ნოტარიუსის მიერ გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის მოსაზრებას იმ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებასთან, რომელსაც იგი ახორციელებს. კერძოდ, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის ყველა შესაძლო შემთხვევაზე, მათ შორის, როდესაც პირი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს როგორც მოქალაქე და არა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტი. მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, მოქალაქის უფლება - ისარგებლოს აპოლიტიკური სანოტარო მომსახურებით, ვერ გახდება ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, როცა ნოტარიუსი აზრს გამოთქვამს/ინფორმაციას ავრცელებს რიგითი მოქალაქის სტატუსით. ამავდროულად, სადავო ნორმები ითვალისწინებს ნოტარიუსის მიერ არა მხოლოდ უკიდურესად პოლიტიკურად მიკერძოებული გამონათქვამის შეზღუდვას, არამედ, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ პოლიტიკოსის მიმართ დადებითი ან უარყოფითი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობის აკრძალვასაც, რაც ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს.
7. მოსარჩელე, სადავო ნორმებით დადგენილ სანქციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ, მართალია, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა წარმოშობს ამ ქმედების დასჯის საფუძველს, თუმცა პირველივე ამგვარი ქმედების განხორციელებისას პასუხისმგებლობის ზომად უფლებამოსილების შეჩერების განსაზღვრა მიჩნეულ უნდა იქნეს არაპროპორციულ ღონისძიებად. მოსარჩელის არგუმენტაციით, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით იზღუდება პოლიტიკური გამოხატვა, რაც ყველაზე უფრო დაცულ სიკეთეს წარმოადგენს და სანქციის ზომა უნდა იყოს პროპორციული. რაც შეეხება ვითარებას, როდესაც ნოტარიუსი არ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, მათ შორის, გაფრთხილების დაწესება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევისათვის არ უნდა ჩაითვალოს პროპორციულ ღონისძიებად.
8. მოსარჩელე ასევე შუამდგომლობს სადავო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილების საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ” დამძლევ ნორმად მიჩნევის და განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით მითითებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, დადგენილია იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, სადავო ნორმა შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იწვევს იდენტურ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელის მიმართ. კერძოდ, სადავო ნორმები გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და ადგენს, მათ შორის, ინტერნეტში ნოტარიუსის მიერ პოლიტიკურ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმის ან ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დისციპლინური სამართალდარღვევის შემადგენლობას, რაც გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ შეზღუდვას წარმოადგენს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამგვარი შინაარსობრივი შეზღუდვის დადგენა ან პარლამენტის მიერ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შინაარსობრივი შეზღუდვის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/7/1275 გადაწყვეტილებით არის დადგენილი. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც ამ საკითხის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას წარმოშობდა.
9. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული.
10. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
11. კონსტიტუციური სარჩელის, საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ განსახილველმა საქმემ, თავისი შინაარსით, შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. კერძოდ, განსახილველი საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლო დგას ნოტარიუსის, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-5) მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კონსტიტუციით დაშვებული შეზღუდვის მასშტაბის დადგენის წინაშე. თავმჯდომარის წინადადებაში აღნიშნულია, რომ, ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუკეთებია განმარტება დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით და არ უმსჯელია იმ კონსტიტუციური სტანდარტების შესახებ, რომლებიც მოქმედებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებისას მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პროფესიულ თანამდებობის პირს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიზნებისთვის. ამასთან, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონით, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა ადამიანის ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ ჰქონია შესაძლებლობა, ემსჯელა დასახელებული კონსტიტუციური უფლების შინაარსზე, მისით დაცული სფეროს არსსა თუ ფარგლებზე. განსახილველი საქმის ფარგლებში სასამართლო დგას სწორედ დასახელებული ორი ძირითადი უფლებით დაცული სფეროების გამიჯვნის, ინტერნეტზე წვდომის უფლებით დაცული სფეროს მოქმედების არეალის პირველად დადგენის საჭიროების წინაშე.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №1524 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 ივლისს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლო დგას გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კონსტიტუციით დაშვებული შეზღუდვის მასშტაბის დადგენის წინაშე, მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პროფესიულ თანამდებობის პირს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიზნებისთვის. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ ჰქონია შესაძლებლობა, ემსჯელა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლების შინაარსზე, დაცული სფეროს არსსა თუ ფარგლებზე. ამდენად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“.
2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია, №1524 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 212 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს №1524 კონსტიტუციური სარჩელი („ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, თეიმურაზ ტუღუშის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი.
4. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 ივლისის №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 ივლისის საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.
2. №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადება საქმის პლენუმზე განხილვის თაობაზე. კერძოდ, პლენუმმა მიიჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადება კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმისთვის გადაცემის თაობაზე იყო დასაბუთებული და კონსტიტუციური სარჩელი №1524 თავისი შინაარსით წარმოშობდა კონსტიტუციის განმარტების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიუთითებდა, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოითხოვს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით დაცული ფარგლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით დაცული ინტერნეტზე წვდომის უფლების შინაარსის განმარტებას. დასაბუთებული წინადადების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული უფლებრივი კომპონენტების შინაარსის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად უწევს მსჯელობა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც კოლეგიას პირველად განუმარტავს კონსტიტუციის დებულება ან/და მისი რომელიმე უფლებრივი კომპონენტი. სასამართლოს პრაქტიკაში სულ რამოდენიმეჯერ მოხდა, როდესაც უფლების რომელიმე ასპექტის ან/და კონსტიტუციურ სტანდარტის პირველად განმარტება გარკვეულწილად, დაედო საფუძვლად საქმის პლენუმისათვის გადაცემას. უმრავლეს შემთხვევებში, უფლების სხვადასხვა ასპექტების პირველად განმარტებას სწორედ კოლეგიები ახდენდნენ. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში იყო პერიოდი, როდესაც პლენუმს, დროის მნიშვნელოვან ინტერვალში (მაგალითად 2005-2009 წლებში), გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღია. თუმცა, ამ პერიოდში უფლებების კომპონენტების პირველადად განმარტება და პრაქტიკის განვითარება ხდებოდა კოლეგიების მიერ.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ ის გარემოება, რომ შესაბამისი კონსტიტუციური დებულებების შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე აქტებში არ არის განმარტებული. კერძოდ, კონკრეტულ სამართლებრივ პრობლემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში პასუხებისა თუ განმარტებების არარსებობა არ უნდა გახდეს საქმის პლენუმზე გადაცემის საფუძველი. კოლეგია ისევეა მნიშვნელოვან განმარტებებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაზე უფლებამოსილი, - როგორც პლენუმი, ხოლო ამ უკანასკნელს მხოლოდ ერთეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გადაეცეს საქმე განსახილველად, როდესაც საკითხი მომეტებული სამართლებრივი სირთულით ხასიათდება. საკითხის ამგვარი განმარტება გამომდინარეობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლიდან, რომელიც მიუთითებს, რომ შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. სხვაგვარად, საქმის პლენუმის მიერ განსახილველად მიღებისთვის აუცილებელია არსებობდეს შინაარსობრივი სირთულის განმაპირობებელი ფაქტორი, ხოლო შესაბამის სამართლებრივ პრობლემაზე პირველად მსჯელობის საჭიროება თუ აუცილებლობა, ამ თვალსაზრისით, ვერ იქნება ორგანული კანონის დასახელებული ნორმის გამოყენების თვითკმარი საფუძველი.
6. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აქვს პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც არ გაიზიარა საკითხის პირველადად გადაწყვეტის გამო საქმის განსაკუთრებული სირთულის არგუმენტი. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 2017 წლის 17 მაისის №3/1/850 განჩინებით, საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მიუთითა, რომ გარემოება, როცა „კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს ამ კომპეტენციის ფარგლებში მსჯელობა, თავისთავად, არ გულისხმობს კონსტიტუციის გამოყენებისა თუ განმარტების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობას. ამგვარი პრობლემა უნდა მომდინარეობდეს კონკრეტული საქმის შინაარსიდან, ინდივიდუალური გარემოებებიდან. N850 კონსტიტუციური სარჩელი კონსტიტუციის განმარტების თუ გამოყენების სირთულის თვალსაზრისით, მინიმუმ, უნდა განსხვავდებოდეს ამ კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში უკვე ან პოტენციურად სამომავლოდ წარდგენილი სარჩელებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/1/850 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ“, II-4).
7. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 15 ივლისის წინადადება, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერი, ემყარება კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული სამართლებრივი პრობლემის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არარსებობას, რაც ვერ იქნება საქმის პლენუმზე გადაცემის თვითკმარი საფუძველი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გამოწვევის პოტენციალი ვერ დადგინდება კონკრეტულ სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არსებული პასუხების რაოდენობით. შესაძლებელია, რომ იმგვარი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტა, რომლისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს ადრეულ გადაწყვეტილებებში პასუხი არ გაუცია, მინიმალურ სამართლებრივ სირთულესაც კი არ წარმოშობდეს, და პირიქით.
8. აღსანიშნავია, რომ №1524 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში განსახილველი საკითხი შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად და ხშირად განმარტებულ უფლებას წარმოადგენს. იმავდროულად, №1524 კონსტიტუციური სარჩელიდან, საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპზე, არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემის ან სხვაგვარი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებდა, რომ საქმის გადაწყვეტა შესაძლოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული.
9. ამდენად, წინამდებარე განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №1524 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი