საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 ივლისის №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/1-3/1524 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თამაზ ცაბუტაშვილი |
თარიღი | 29 ივლისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 აგვისტო 2020 16:12 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 ივლისის №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 ივლისის საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.
2. №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადება საქმის პლენუმზე განხილვის თაობაზე. კერძოდ, პლენუმმა მიიჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადება კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმისთვის გადაცემის თაობაზე იყო დასაბუთებული და კონსტიტუციური სარჩელი №1524 თავისი შინაარსით წარმოშობდა კონსტიტუციის განმარტების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მიუთითებდა, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოითხოვს საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის მიერ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით დაცული ფარგლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით დაცული ინტერნეტზე წვდომის უფლების შინაარსის განმარტებას. დასაბუთებული წინადადების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული უფლებრივი კომპონენტების შინაარსის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად უწევს მსჯელობა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც კოლეგიას პირველად განუმარტავს კონსტიტუციის დებულება ან/და მისი რომელიმე უფლებრივი კომპონენტი. სასამართლოს პრაქტიკაში სულ რამოდენიმეჯერ მოხდა, როდესაც უფლების რომელიმე ასპექტის ან/და კონსტიტუციურ სტანდარტის პირველად განმარტება გარკვეულწილად, დაედო საფუძვლად საქმის პლენუმისათვის გადაცემას. უმრავლეს შემთხვევებში, უფლების სხვადასხვა ასპექტების პირველად განმარტებას სწორედ კოლეგიები ახდენდნენ. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში იყო პერიოდი, როდესაც პლენუმს, დროის მნიშვნელოვან ინტერვალში (მაგალითად 2005-2009 წლებში), გადაწყვეტილება საერთოდ არ მიუღია. თუმცა, ამ პერიოდში უფლებების კომპონენტების პირველადად განმარტება და პრაქტიკის განვითარება ხდებოდა კოლეგიების მიერ.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ ის გარემოება, რომ შესაბამისი კონსტიტუციური დებულებების შინაარსი საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე აქტებში არ არის განმარტებული. კერძოდ, კონკრეტულ სამართლებრივ პრობლემაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში პასუხებისა თუ განმარტებების არარსებობა არ უნდა გახდეს საქმის პლენუმზე გადაცემის საფუძველი. კოლეგია ისევეა მნიშვნელოვან განმარტებებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაზე უფლებამოსილი, - როგორც პლენუმი, ხოლო ამ უკანასკნელს მხოლოდ ერთეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გადაეცეს საქმე განსახილველად, როდესაც საკითხი მომეტებული სამართლებრივი სირთულით ხასიათდება. საკითხის ამგვარი განმარტება გამომდინარეობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლიდან, რომელიც მიუთითებს, რომ შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. სხვაგვარად, საქმის პლენუმის მიერ განსახილველად მიღებისთვის აუცილებელია არსებობდეს შინაარსობრივი სირთულის განმაპირობებელი ფაქტორი, ხოლო შესაბამის სამართლებრივ პრობლემაზე პირველად მსჯელობის საჭიროება თუ აუცილებლობა, ამ თვალსაზრისით, ვერ იქნება ორგანული კანონის დასახელებული ნორმის გამოყენების თვითკმარი საფუძველი.
6. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აქვს პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც არ გაიზიარა საკითხის პირველადად გადაწყვეტის გამო საქმის განსაკუთრებული სირთულის არგუმენტი. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 2017 წლის 17 მაისის №3/1/850 განჩინებით, საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მიუთითა, რომ გარემოება, როცა „კონსტიტუციური სარჩელი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უწევს ამ კომპეტენციის ფარგლებში მსჯელობა, თავისთავად, არ გულისხმობს კონსტიტუციის გამოყენებისა თუ განმარტების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობას. ამგვარი პრობლემა უნდა მომდინარეობდეს კონკრეტული საქმის შინაარსიდან, ინდივიდუალური გარემოებებიდან. N850 კონსტიტუციური სარჩელი კონსტიტუციის განმარტების თუ გამოყენების სირთულის თვალსაზრისით, მინიმუმ, უნდა განსხვავდებოდეს ამ კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოში უკვე ან პოტენციურად სამომავლოდ წარდგენილი სარჩელებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/1/850 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 33 დეპუტატი) ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ“, II-4).
7. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 15 ივლისის წინადადება, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერი, ემყარება კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული სამართლებრივი პრობლემის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არარსებობას, რაც ვერ იქნება საქმის პლენუმზე გადაცემის თვითკმარი საფუძველი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის გამოწვევის პოტენციალი ვერ დადგინდება კონკრეტულ სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არსებული პასუხების რაოდენობით. შესაძლებელია, რომ იმგვარი სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტა, რომლისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს ადრეულ გადაწყვეტილებებში პასუხი არ გაუცია, მინიმალურ სამართლებრივ სირთულესაც კი არ წარმოშობდეს, და პირიქით.
8. აღსანიშნავია, რომ №1524 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში განსახილველი საკითხი შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად და ხშირად განმარტებულ უფლებას წარმოადგენს. იმავდროულად, №1524 კონსტიტუციური სარჩელიდან, საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპზე, არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემის ან სხვაგვარი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებდა, რომ საქმის გადაწყვეტა შესაძლოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემასთან იყოს დაკავშირებული.
9. ამდენად, წინამდებარე განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №1524 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა მიეღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი