ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/1524 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მარტი 2025 17:43 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – ბაჩანა შენგელია; მოსარჩელის, ბაჩანა შენგელიას წარმომადგენლები – გიორგი გოცირიძე და ვასილ ჟიჟიაშვილი; მოპასუხის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელი – ნინო მინდიაშვილი; საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები – სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი, ნოტარიუსი მარინე სიხარულიძე და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურის სპეციალისტი ჯაბა ჯამაგიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1524) მომართა ბაჩანა შენგელიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, 2020 წლის 15 ივლისს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მომართა წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2020 წლის 29 ივლისის №3/1-3/1524 საოქმო ჩანაწერით №1524 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1524 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. დასახელებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აღნიშნული ქმედებისთვის, შესაძლებელია, სანქციის სახედ განისაზღვროს ნოტარიუსისთვის უფლებამოსილების შეჩერება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განსაზღვრული ვადით სანოტარო მოქმედებათა შესრულების აკრძალვას გულისხმობს. თავის მხრივ, სადავო დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრება უფლებამოსილების შეჩერების ვადები და მისი განსაზღვრისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
4. აღსანიშნავია, რომ №1524 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ იგი აღარ ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში მიიღებს, რომ №1524 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს „„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, მე-2 პუნქტი ადგენს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების კონსტიტუციურ გარანტიას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია ხსენებული უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ბაჩანა შენგელია არის ნოტარიუსი, რომლის მიმართ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე აღიძრა დისციპლინური საქმისწარმოება, მის მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გაკეთებული განცხადებით, ნოტარიუსის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევის გამო. მოსარჩელე მხარე როგორც ფორმალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, სადავოდ ხდის ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას მაშინ, როდესაც ნოტარიუსი არ ასრულებს სანოტარო მოქმედებას. იმავდროულად, მოსარჩელისათვის პრობლემურია სანოტარო მოქმედების განხორციელებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევისათვის ისეთი მძიმე სანქციის დაწესება, როგორიცაა უფლებამოსილების შეჩერება.
7. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების გავრცელების მასშტაბი საჯარო თანამდებობის პირების მიმართ განსხვავებულია, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნეს პირის უფლებამოსილებები, გამოხატვის შინაარსი, კონტექსტი და დაწესებული სანქციის პროპორციულობა. სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს, შესაძლოა, წარმოადგენდეს სანოტარო მომსახურების მიღების მსურველი პირის უფლებების დაცვა, თუმცა დადგენილი შეზღუდვა, მოსარჩელის აზრით, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, რადგან არ ითვალისწინებს იმას, თუ რამდენად აქვს კავშირი ნოტარიუსის მიერ გამოთქმულ პოლიტიკური ხასიათის მოსაზრებას იმ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებასთან, რომელსაც იგი ახორციელებს. კერძოდ, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის ყველა შესაძლო შემთხვევაზე, მათ შორის, როდესაც პირი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს როგორც მოქალაქე და არა საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტი. მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, მოქალაქის უფლება - ისარგებლოს აპოლიტიკური სანოტარო მომსახურებით, ვერ გახდება ნოტარიუსის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, როცა ნოტარიუსი აზრს გამოთქვამს/ინფორმაციას ავრცელებს რიგითი მოქალაქის სტატუსით. ამავდროულად, სადავო ნორმები ითვალისწინებს ნოტარიუსის მიერ არა მხოლოდ უკიდურესად პოლიტიკურად მიკერძოებული გამონათქვამის შეზღუდვას, არამედ, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ პოლიტიკოსის მიმართ დადებითი ან უარყოფითი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობის აკრძალვასაც, რაც ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს.
8. მოსარჩელე, სადავო ნორმებით დადგენილ სანქციასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ, მართალია, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა წარმოშობს ამ ქმედების დასჯის საფუძველს, თუმცა, პირველივე ამგვარი ქმედების განხორციელებისას პასუხისმგებლობის ზომად უფლებამოსილების შეჩერების განსაზღვრა მიჩნეული უნდა იქნეს არაპროპორციულ ღონისძიებად. მოსარჩელის არგუმენტაციით, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით იზღუდება პოლიტიკური გამოხატვა, რაც ყველაზე უფრო დაცულ სიკეთეს წარმოადგენს და სანქციის ზომა უნდა იყოს პროპორციული. რაც შეეხება ვითარებას, როდესაც ნოტარიუსი არ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, მათ შორის, გაფრთხილების დაწესება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევისათვის არ უნდა ჩაითვალოს პროპორციულ ღონისძიებად.
9. მოსარჩელე მხარე, ასევე, შუამდგომლობს სადავო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილების (საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) დამძლევ ნორმად მიჩნევის და განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით მითითებული გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, დადგენილია იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, სადავო ნორმა შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იწვევს იდენტურ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელის მიმართ. კერძოდ, სადავო ნორმები გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და ადგენს, მათ შორის, ინტერნეტში ნოტარიუსის მიერ პოლიტიკურ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმის ან ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დისციპლინური სამართალდარღვევის შემადგენლობას, რაც გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ შეზღუდვას წარმოადგენს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამგვარი შინაარსობრივი შეზღუდვის დადგენა ან პარლამენტის მიერ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შინაარსობრივი შეზღუდვის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე, მოსარჩელის პოზიციით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებით არის დადგენილი. ამასთან, მოსარჩელის არგუმენტაციით, არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც ამ საკითხის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას წარმოშობდა. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება იმდენად, რომ ერთ შემთხვევაში დასაშვები იყოს კანონის გვერდის ავლით გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, მეორე შემთხვევაში კი - არა.
10. დამატებით, მოსარჩელე მხარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობდა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუმცა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნული შუამდგომლობა მოხსნა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, უფლებამოსილების შეჩერების ვალდებულების არსებობის მიუხედავად, მოსარჩელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განუსაზღვრა საყვედური. მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაასაბუთა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსირების აუცილებლობით. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საყვედური ასევე წარმოადგენს რეპრესიულ ღონისძიებას.
14. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დასადგენად თვითკმარია გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება. კერძოდ, სადავო ნორმების ფორმალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირებისას, მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმგვარ გარემოებებს, როგორებიცაა ის, თუ რომელ სფეროს მიემართა აღნიშნული რეგულირება, ვინ წარმოადგენენ რეგულირების სუბიექტებს, შინაარსობრივ რეგულირებას ადგილი აქვს პროფესიულ წრეებში თუ საჯარო სექტორში. ამ კონტექსტში, მოსარჩელე აპელირებს, ერთი მხრივ, იმ გარემოებაზე, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მიუკერძოებლობასთან შედარებით, წარმოადგენს ფართო შინაარსის ტერმინს, მეორე მხრივ კი, მისი დაცვის ვალდებულება, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნისგან განსხვავებით, არ მიემართება მხოლოდ სანოტარო საქმიანობის განხორციელების პერიოდს, არამედ მოიაზრებს მის მიღმა პერიოდსაც.
15. მოსარჩელე მხარის მითითებით, ნოტარიატთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ნეიტრალიტეტის ცნება განმარტებული არ არის. შესაბამისად, მინისტრს გააჩნია უფლებამოსილება, ნებისმიერი გამოთქმული აზრი დააკვალიფიციროს, როგორც პოლიტიკურად არანეიტრალური და გამოიყენოს მძიმე სანქცია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარმა მოწესრიგებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მსუსხავი ეფექტი ნოტარიუსების მიერ ამა თუ იმ საკითხის თაობაზე პოზიციის დაფიქსირების მიმართ. შესაბამისად, იგი ზიანს აყენებს ნოტარიუსთა სისტემას.
16. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით არ ხდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება. კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ნოტარიუსის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნას, ხოლო პოლიტიკური მიუკერძოებლობა წარმოადგენს მიუკერძოებლობის ზოგადი მოთხოვნის არსებით შემადგენელ ნაწილს. ამასთან, მოპასუხის არგუმენტაციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებაში შეფასებულ და განსახილველ შემთხვევას განასხვავებს პირთა წრის ასპექტიც, რამდენადაც, მოცემული საქმის ფარგლებში, ბენეფიციარებს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სანდო ნოტარიატსა და მიუკერძოებელი იურიდიული კონსულტაციის გამცემ ნოტარიუსებს.
17. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარ დებულებას გააჩნია საიმპლემენტაციო ხასიათი, რათა შესრულდეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნა და არსებობდეს საზოგადოებრივი ნდობა ნოტარიატის სისტემის მიმართ. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ რეგულირდება არა გამოხატვის თავისუფლების შინაარსი, არამედ მაკონტროლებელი ხასიათი, რომლის აღსრულების უფლება საქართველოს პარლამენტმა მიანიჭა იუსტიციის მინისტრს და რომელიც სრულდება ნოტარიუსთა პალატასთან ერთად.
18. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტები არ მიუთითებენ ნოტარიუსთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მუდმივ ვალდებულებაზე. მოპასუხის პოზიციით, ნოტარიუსებმა ამგვარი ვალდებულებით თვითბოჭვა განახორციელეს ეთიკის კოდექსის მეშვეობით. ამასთან, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მიუკერძოებლობის დაცვის მოთხოვნის ფარგლებთან მიმართებით მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი გულისხმობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას ნოტარიუსის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას. ხოლო სანოტარო ბიუროს მიღმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოთხოვნის დარღვევასთან მიმართებით მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ უნდა იკვეთებოდეს სანოტარო მოქმედების განხორციელების დროს ნოტარიუსის მიუკერძოებლობაზე გავლენის მომხდენი პოლიტიკური აქტიურობა.
19. „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მიღების პროცესთან მიმართებით მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამუშაო პროცესს, რომელშიც მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს აპარატი. ამასთან, აუცილებელია, მინისტრი, რომელიც ხელს აწერს დებულებას, ეთანხმებოდეს მის ტექსტს. იმავდროულად, რამდენადაც ხსენებული დებულება მტკიცდება ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით, საჭიროა, მინისტრსა და პალატას შორის ურთიერთშეთანხმების მიღწევა. დამატებით, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი განმარტებულია „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევების ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილების მე-6 მუხლში. აღნიშნული დადგენილება, მართალია, მიემართება საჯარო მოხელეს, თუმცა, ანალოგიის სახით, ეხება საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
21. საჯარო დაწესებულების, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების პოზიციით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლისა და სადავო დებულების მე-2 მუხლის რეგულირების გათვალისწინებით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება მიემართება სანოტარო მოქმედების განხორციელების პერიოდს. იმავდროულად, წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნულს მიღმა, ნოტარიუსის ქმედება პირდაპირ ზიანს არ უნდა აყენებდეს/ხელს არ უნდა უშლიდეს მისი მოვალეობის შესრულებას.
22. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების მითითებით, იმ სამართლებრივი აქტის შემუშავება, რომელიც ექვემდებარება იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებას, მიმდინარეობს ურთიერთშეთანხმებით, მათ შორის, ხდება პროექტის შინაარსობრივ მხარეზე მინისტრთან შეთანხმება, სამუშაო პროცესის ფარგლებში, შესაძლებელია, გაიცვალოს მოსაზრებები, სამართლებრივი აქტის პროექტი წინასწარ გაიგზავნოს და დაბრუნდეს. წარმომადგენლების აღნიშვნით, თუ სამინისტროს გააჩნია პოზიცია ნორმების სხვაგვარად ფორმულირების თაობაზე, იგი აისახება ბრძანებაში.
23. №1524 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილია გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, რაც გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გამოხატვის შეზღუდვას მისი პოლიტიკური შინაარსის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს. იმავდროულად, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ნოტარიუსს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით, უკრძალავს პოლიტიკური შინაარსის აზრის გამოხატვას, ამ აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში კი, სანქციის სახედ განსაზღვრავს ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების შეჩერებას. საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება იმაზე მეტი მოცულობით ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის არის აუცილებელი, რაც, თავის მხრივ, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მატერიალურ საფუძველს ქმნის.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებით, საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღდეგ“, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების მსგავსი შინაარსი. ხსენებულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის აქტით სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. აღნიშნული მექანიზმი ემსახურება სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპების უზრუნველყოფას და საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე, აუცილებელია, არსებობდეს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავდეს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
3. შესაბამისად, უპირველესად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იმეორებს №1524 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. ამასთან, არსებითი მსგავსების პირობებშიც კი, აუცილებელია გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასება არსებითი განხილვის ფორმატში.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებაში საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით შეაფასა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის ნორმების კონსტიტუციურობა. სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ინტერნეტდომენის გამცემს უდგენდა ვალდებულებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაებლოკა ინტერნეტგვერდი, ხოლო, მეორე მხრივ, მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებდა, მიეღო შესაბამისი ზომები ქსელიდან დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრის მიზნით, ისევე, როგორც გამოეყენებინა ყველა შესაძლო საშუალება, რათა არ მომხდარიყო მისი ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები პირს ართმევდა შესაძლებლობას, მისთვის სასურველი საშუალებით მიეღო ან/და გაევრცელებინა ინფორმაცია, რომელიც თავსდებოდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ, დაუშვებელი პროდუქციის კატეგორიებში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიმოიხილა გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობის ფუნქციური დატვირთვა და მიუთითა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, სადავო ნორმების საფუძველზე, განსაზღვრავდა იმას, თუ რა ტიპის ინფორმაციის გავრცელება იყო დაუშვებელი. კერძოდ, სადავო რეგულირების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაუშვებლად იქნა მიჩნეული და აიკრძალა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის გავრცელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი იყო გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, რაც გულისხმობდა აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გამო (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-36).
6. საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებაში, აგრეთვე, იმსჯელა დემოკრატიულ სახელმწიფოში თავისუფალი საზოგადოებისა და თავისუფალი ინფორმაციული სივრცის მნიშვნელობაზე, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება იმ მნიშვნელობის საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ის, რომ გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის დადგენა, ამ უფლებით სარგებლობა და მისი დაცვის პერსპექტივები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ან/და საქართველოს პარლამენტის გარდა ნებისმიერი სხვა ორგანოს მიხედულების ფარგლებზე ყოფილიყო დამოკიდებული (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-36, 39). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიემართებოდა რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველ, პირადი ცხოვრების შემლახველ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევ ან უზუსტო პროდუქციას.
7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლი. სადავო ნორმები ადგენს ნოტარიუსის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას, როგორც მძიმე დისციპლინურ გადაცდომას და მისი დარღვევისათვის ითვალისწინებს დისციპლინურ სანქციას უფლებამოსილების შეჩერების სახით.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირების ბუნებისა და მისი მოქმედების ფარგლების იდენტიფიცირებას. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმატიული წესრიგი. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. იმავდროულად, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია ის, რომ ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს თვითმმართველობის პრინციპით აგებულ ნოტარიუსების გაერთიანებას, რომელიც ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. მართალია, სადავო დებულება ნორმატიულ, შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცების შემდეგ, თუმცა მისი შექმნის პროცესში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაწილეობა წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რის გამოც სადავო კანონქვემდებარე აქტი, გარკვეულ ხარისხში, წარმოადგენს ნოტარიუსთა კორპუსის თვითრეგულირების გამოხატულებას. ხსენებულ პროცესში ნოტარიუსთა პალატას გააჩნია ნორმატიული შესაძლებლობა, პროფესიული ქცევის წესისა და შეზღუდვების ირგვლივ ნოტარიუსთა კორპუსის კონსენსუსის საფუძველზე, თავად ჩამოაყალიბოს თვითშეზღუდვის ოპტიმალური ფარგლები - დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების, დისციპლინური სახდელებისა და დისციპლინური წარმოების ნორმატიული ჩარჩოს განმსაზღვრელი წესები და წარუდგინოს მინისტრს დასამტკიცებლად. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარისა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის შესაბამისადაც, დისციპლინური დებულების მიღების პროცესში საქართველოს იუსტიციის მინისტრის როლი არ შემოიფარგლება მარტოოდენ დებულების დამტკიცებით, არამედ, ფაქტობრივი თვალსაზრისით, იგი მონაწილეობს, მათ შორის, დებულების შემუშავების სამუშაო პროცესში. ამ მხრივ, საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებადია, რომ დებულების შემუშავების პროცესში იუსტიციის მინისტრის ფაქტობრივი მონაწილეობის ხარისხის მიუხედავად, სადავო დებულება არ წარმოადგენს მისი ერთპიროვნული სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს. მინისტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, ნოტარიუსთა პალატის წარდგინების გარეშე, ჩამოაყალიბოს და ნორმატიული ძალა მიანიჭოს სადავოდ გამხდარ დებულებასა თუ მასში ასახულ რომელიმე შეზღუდვას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველყოფა ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დებულების შემუშავების პროცესში აუცილებელს ხდის თვითმმართველობის პრინციპზე აგებული ნოტარიუსთა ერთობისა და იუსტიციის მინისტრის კონსენსუსს დისციპლინური დებულების ნორმატიული ჩარჩოს ირგვლივ, რაც, მათ შორის, წარმოადგენს ხსენებულ პროცესში იუსტიციის მინისტრის როლის მბოჭავ ინსტრუმენტს.
9. სადავო რეგულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ადრესატთა წრის თვალსაზრისით, მისი გავრცელება შემოიფარგლება პირთა სპეციფიკური ჯგუფით - ნოტარიუსთა პროფესიული კორპუსით. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ნოტარიატს საჯარო სამართლებრივ ინსტიტუტად განსაზღვრავს, რომლის ამოცანასაც სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება წარმოადგენს. ხსენებული ამოცანის პრაქტიკულ აღსრულებას ნოტარიუსთა კორპუსი უზრუნველყოფს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვის მატარებელია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი მნიშვნელოვანი საჯარო დატვირთვის მატარებელი სუბიექტია, რომელსაც სახელმწიფო მიზნების შესასრულებლად აკისრია კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი ფუნქციები და მოვალეობები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/2/1546,1595 გადაწყვეტილება საქმეზე „მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
10. იმავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ნოტარიუსის მნიშვნელოვანი საჯაროსამართლებრივი დატვირთვის მიუხედავად, იგი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს. ნოტარიატის ეროვნული სისტემა განამტკიცებს ნოტარიუსის, როგორც თავისუფალი პროფესიის პირის სამართლებრივ სტატუსს. კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ნოტარიუსის პროფესია თავისუფალი პროფესიის ფორმით ხორციელდება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2000 წლის 25 იანვრის №1/1/107 გადაწყვეტილება საქმეზე „ლელა ინწკირველი და ეკატერინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, VI). შესაბამისად, ნათელია, რომ ნოტარიატის მოწყობის ეროვნულ სისტემაში, ნოტარიუსი, ერთი მხრივ, სარგებლობს სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელების საჯაროსამართლებრივი მანდატით, მეორე მხრივ კი, წარმოადგენს თავისუფალი პროფესიის პირს, რაც მის ბუნებას სპეციფიკურ, დუალისტურ შინაარსს სძენს.
11. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებაში შეფასებული სადავო ნორმები, რომელთან მიმართებითაც ჩამოყალიბდა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული სტანდარტები, პირთა ფართო, განუსაზღვრელ წრეს ართმევდა შესაძლებლობას, ინტერნეტის საშუალებით მიეღო ან გაევრცელებინა ინფორმაცია, რომელიც თავსდებოდა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო ინფორმაციის კატეგორიაში. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმის განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი გაუთანაბრა პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის დაყენებას“. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეფასებული სადავო რეგულირება, მისი ეფექტით, ფაქტობრივად, დაკავშირებული იყო დემოკრატიული სახელმწიფოსათვის იმანენტური თავისუფალი ინფორმაციული სივრცის შეზღუდვასთან, რომლის ფარგლებშიც ადამიანები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის, თავისუფალი დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის შესაძლებლობით. აღნიშნულის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დემოკრატიული სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ადამიანთა თვითრეალიზაციისათვის თავისუფალი ინფორმაციული სივრცის არსებით მნიშვნელობაზე მსჯელობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-20, 35, 36).
12. №1524 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარი რეგულირება კი, როგორც აღინიშნა, მიემართება პირთა კონკრეტულ, პროფესიულ ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს როგორც თავისუფალ პროფესიას, ისე სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ სუბიექტთა ერთობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებაში შეაფასა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ერთპიროვნულად, რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის გარეშე შემუშავებული და დამტკიცებული რეგლამენტის ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ვალდებულებებს უდგენდა როგორც ინტერნეტდომენის გამცემს, ისე მომსახურების მიმწოდებელს და, როგორც აღინიშნა, მისი მოქმედების ეფექტით, პირთა ფართო, განუსაზღვრელ წრეს ართმევდა შესაძლებლობას, სასურველი საშუალებით მიეღო ან/და გაევრცელებინა კონკრეტული კატეგორიის ინფორმაცია. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი დებულება მტკიცდება შეზღუდვას დაქვემდებარებული სუბიექტის - თვითმმართველობის პრინციპზე აგებული ნოტარიუსთა პალატის წარდგინების საფუძველზე და, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიანიშნებს ნოტარიუსთა კორპუსის კონსენსუსსა და ნებელობაზე - დაექვემდებაროს დებულებით ჩამოყალიბებულ წესრიგსა და მასში ასახულ შეზღუდვებს.
13. მაშასადამე, სხვაობა სადავო და არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს შორის ვლინდება, როგორც დადგენილი შეზღუდვის ფარგლებისა და მასშტაბის, ასევე გასაჩივრებული კანონქვემდებარე აქტის მიღების ფორმისა და რეგულირების ადრესატების თვალსაზრისით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, სადავო შეზღუდვის დადგენა თავად შეზღუდვას დაქვემდებარებული სუბიექტების უშუალო მონაწილეობით, მეორე მხრივ კი, მისი გავრცელება კონკრეტულ პირთა წრეზე - ნოტარიუსთა პროფესიულ კორპუსზე, რომელიც, თავისი ბუნებით, აერთიანებს თავისუფალი პროფესიისა და ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელების ელემენტებს, სადავო შეზღუდვას სპეციფიკურ შინაარსს ანიჭებს, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი განსახილველ საქმემდე არ ყოფილა.
14. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე შესაფასებელი საკითხი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილებაში შეფასებული მოცემულობისგან, რის გამოც შეუძლებელია, განმწესრიგებელი განხილვის ფორმატში დადგინდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის საკითხი. ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
15. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
16. №1524 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს განსაზღვრული ვადით სანოტარო მოქმედებათა შესრულების აკრძალვას“, ხოლო ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს უფლებამოსილების შეჩერების ვადებსა და მისი განსაზღვრისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის ირგვლივ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია სრულად მიემართება დაწესებული სახდელის არაპროპორციულობის დასაბუთებას. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა მსუბუქი ალტერნატივის გარეშე ითვალისწინებს ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების შეჩერებას. აღნიშნულს მიღმა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია უფლებამოსილების შეჩერების, როგორც სახდელის შინაარსის ან/და უფლებამოსილების შეჩერების ვადებისა და მისი განსაზღვრისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად.
17. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1524 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1524 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად №1524 კონსტიტუციური სარჩელი („ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1524 კონსტიტუციური სარჩელი („ბაჩანა შენგელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში