საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/2/1473 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თამაზ ცაბუტაშვილი |
თარიღი | 25 სექტემბერი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ოქტომბერი 2020 18:43 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებაში გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით. დასახელებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, რასაც არ ვეთანხმებით.
2. განსხვავებული აზრის ავტორები არსებითად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის პირველ, მე-2 და მე-3 თავში განვითარებულ მსჯელობას. აღნიშნულის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მე-4 თავში არასწორად არის შეფასებული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი (კონსტიტუციის მიზნებისთვის). დასახელებულ საკითხზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არასწორად განმარტა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გამოყენებული ტერმინი „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი“, ასევე თავად ამ კონსტიტუციური დებულების მიზანმიმართულება და დანიშნულება კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა სადავო დადგენილების კონსტიტუციურად მიჩნევის შესახებ ეფუძნება როგორც საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებების, ისე თავად კონსტიტუციის სისტემის და მისი ძირითადი პრინციპების არათანმიმდევრულ და არასწორ განმარტებას. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კი საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობასა და მისი უფლებების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას, არამედ თავად იმ ღირებულებას - პარლამენტის საქმიანობის ეფექტურობასა და მისდამი საზოგადოების ნდობას, რომლის დაცვაც ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას.
3. ჩვენმა კოლეგებმა მართებულად მიუთითეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს ავტონომიური შინაარსი გააჩნიათ და მათი მნიშვნელობა დამოკიდებული არ არის კანონმდებლობაში არსებული, მათ შორის ტექსტობრივად იდენტური ტერმინების შინაარსზე. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს ძირითადი უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმების სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით, კონსტიტუციის სისტემური წაკითხვით და სხვ. ამასთანავე, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმის შინაარსის განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, როგორც კონსტიტუციის პრინციპებთან, ისე სხვა ნორმებთან კავშირში, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი უფლებების დამდგენი და ინსტიტუციური გარანტიების განმსაზღვრელი კონსტიტუციური დებულებების საერთო სულისკვეთების აღქმა (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).
4. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენმა კოლეგებმა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლში გამოყენებული ტერმინის - „კანონიერ ძალაში შესული განაჩენის“ განმარტებისათვის არასწორად განსაზღვრეს კონსტიტუციის ხსენებული დებულების მიზანი და უგულებელყვეს კონსტიტუციის სისტემური ანალიზის შედეგად „სასამართლოს განაჩენისა“ და „სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის“ შინაარსის გამიჯვნის აუცილებლობა. რამდენადაც არ ვიზიარებთ დასახელებულ საკითხთან მიმართებით ჩვენი კოლეგების მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას, განსხვავებულ აზრში სისტემურად განვმარტავთ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზანსა და დანიშნულებას, ისევე როგორც დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პარლამენტის წევრის უფლებათა დაცვის მნიშვნელობასა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სტანდარტს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას.
1. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზანი, პარლამენტის წევრის სტატუსი და მისი სამართლებრივი დაცვის აუცილებლობა
5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წესთან მიმართებით კონსტიტუციური სტანდარტების დადგენა შეუძლებელია თავად პარლამენტის წევრის კონსტიტუციური სტატუსის, მისი უფლებათა დაცვის გარანტიებისა და მნიშვნელობის შეფასების გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკაა, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირის დაცვის გარანტიები მჭიდროდაა დაკავშირებული მის კონსტიტუციურ სტატუსთან, ფუნქციურ დატვირთვასთან და ლეგიტიმაციის წყაროსთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტი არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის წევრებიც აირჩევა საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. ამასთანავე, თავად კონსტიტუცია ჩამოთვლის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის არსებით სფეროებს - საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების განხორციელებას და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრას.
6. საქართველოს კონსტიტუციის ანალიზი მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი უკავია ქვეყნის მმართველობითი სისტემის არქიტექტურაში და მნიშვნელოვნად განაპირობებს დემოკრატიული პროცესების ინიცირება/განვითარებას. ამასთანავე, პარლამენტის ინსტიტუციური სიძლიერე პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხზე, რამდენად შეუძლია მას საკუთარი მანდატის შეუფერხებლად განხორციელება და საქმიანობის წარმართვა.
7. პარლამენტის წევრის საქმიანობა დაკავშირებულია უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ფუნქციების შესრულებასთან, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელი ხდება დემოკრატიული და სამართლებრივი საფუძვლის მქონე სახელმწიფოს თეორიული არსებობაც კი. საქართველოს პარლამენტის წევრი მონაწილეობს საკანონმდებლო საქმიანობაში - პოლიტიკური, სოციალური, ეკონიმიკური, კულტურული თუ სამართლებრივი სფეროს ყველა ასპექტთან მიმართებით შეიმუშავებს ქცევის სავალდებულო წესებს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების თითოეული წევრის ყოველდღიურობაზე. სწორედ საქართველოს პარლამენტის წევრები განსაზღვრავენ ქვეყნის განვითარების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს როგორც საგარეო, აგრეთვე საშინაო დონეზე და ზედამხედველობას უწევენ მათ აღსრულებას. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი, ერთი მხრივ, აკომპლექტებს საქართველოს მთავრობას და ირჩევს რიგი კონსტიტუციური თანამდებობის პირებს, ხოლო, მეორე მხრივ, კონტროლს უწევს მათ საქმიანობას როგორც კონსტიტუციურობის/კანონიერების, ისე რიგ შემთხვევებში, ეფექტურობის კუთხით. საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება ლიბერალური დემოკრატიის უპირობო მოთხოვნა და მისი უშუალო გამოვლინებაა. პარლამენტის წევრებს ხშირ შემთხვევაში უწევთ იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც შესაძლებელია, მიუღებელი იყოს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, ისე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის და, შესაბამისად, პარლამენტის წევრის მიერ განსახორციელებელი ფუნქციების კონსტიტუციურსამართლებრივი დატვირთვა და მნიშვნელობა ცალსახად მიუთითებს ამ თანამდებობის პირთა დამოუკიდებლობის ძალიან მყარი გარანტიებისა და უფლებათა დაცვის მომეტებული საჭიროების არსებობაზე.
8. გარდა პარლამენტის ფუნქციების და საქმიანობის მნიშვნელობისა, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს პარლამენტის წევრის ლეგიტიმაციის წყაროს. როგორც უკვე აღინიშნა, პარლამენტის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების შედეგად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განუმარტავს, რომ არჩევნები დემოკრატიის განუყოფელი მოთხოვნაა და ამ გზით თანამდებობის დაკავება - უშუალოდ ხალხისგან მანდატის მიღება, ამგვარი თანამდებობის პირების უფლებათა დაცვისა და რეალიზაციის განსაკუთრებულ პირობებს ქმნის. „არჩევნები, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმახორციელებელი მექანიზმი, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების განსაკუთრებულ და ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას. არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში (ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). „არჩევნები არის ის მექანიზმი, რომელიც სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის საყრდენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
9. არჩევნების შედეგი ვერ იქნება მხოლოდ კონკრეტულ პირთა თანამდებობაზე არჩევა, მას განგრძობადი ხასიათი გააჩნია და მოითხოვს არჩევნების შედეგად გადაცემული მანდატების დაცვას მისი მოქმედების პერიოდში, რათა თვითნებურად არ მოხდეს ხალხის მიერ გამოვლენილი ნების დაძლევა. „დემოკრატიის პრინციპის შესაბამისად მოქმედი სახელმწიფო ეფუძნება კანონშემოქმედებისა და კანონის აღსრულების შეუქცევად პროცესს. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ერთი მხრივ, გულისხმობს ხალხის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების პირველადი წყაროს ნების განუხრელ გამოვლენას, ხოლო, მეორე მხრივ, ხალხის ნების მიუკერძოებლად აღსრულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7,8).
10. პარლამენტის წევრის განსაკუთრებულ კონსტიტუციურ სტატუსსა და მისი უფლებების მომეტებული დაცვის საჭიროებაზე მიუთითებს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის, საქმიანობისა და მანდატის თავისუფლად განხორციელების საფუძველს. ანალოგიური მიზანი აქვს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ სხვა გარანტიებსაც - პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობა, იმუნიტეტი, პირადი უსაფრთხოების დაცვა და სხვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრის განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსის, მისი კომპეტენციების და ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ხელს უშლის მისი მანდატის სრულყოფილად განხორციელებას და, შესაბამისად, დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების რეალიზაციას, თვისობრივად განსხვავებულ შეფასებას და სიფრთხილეს მოითხოვს, ვინაიდან პარლამენტის კონკრეტული წევრის ინტერესის პარალელურად, მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ამომრჩეველთა ინტერესებისა და მათ მიერ დელეგირებული ხელისუფლების უსაფუძვლო, თვითნებური და გადამეტებული შეზღუდვისგან დაცვა.
11. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის ის დებულება, რომელიც ქმნის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, უნდა განიმარტოს სწორედ ზემოთ ნახსენები პრინციპების შუქზე, რათა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლის შინაარსი თანხვედრაში იყოს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან და არ დაშორდეს მის ღირებულებებს.
2. კონსტიტუციური ტერმინების სისტემური ანალიზი
12. საქართველოს კონსტიტუცია ტერმინ „განაჩენს“ იყენებს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებაში. რიგ შემთხვევებში, ამა თუ იმ სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს განაჩენის „კანონიერ ძალას“, ზოგჯერ კი არ მიუთითებს მის კანონიერ ძალაში შესვლის საჭიროებაზე. აღნიშნული არაორაზროვნად მიუთითებს, რომ კონსტიტუცია იცნობს განაჩენს, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში შესული, თუმცა მის საფუძველზე შესაძლოა, დადგეს მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, ასევე, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.
13. ამდენად, კონსტიტუცია ცხადად მიუთითებს, რომ ზოგიერთი განაჩენი, რომელიც ამა თუ იმ სამართლებრივი შედეგის დადგომას იწვევს, შესაძლოა კანონიერ ძალაში არ იყოს შესული. ამ ფონზე, კონსტიტუციის მიზნებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის თავისთავად კანონიერ ძალაში შესულად მიჩნევა კონსტიტუციის სისტემურ განმარტებასთან დაკავშირებული უხეში შეცდომაა. თუ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განაჩენი ავტომატურად კანონიერ ძალაშია, მაშინ, უბრალოდ, გაუგებარი ხდება, რას მოიაზრებს საქართველოს კონსტიტუცია 24-ე და 37-ე მუხლებში მითითებულ ტერმინ „განაჩენის“ ქვეშ. ბუნებრივია, ყოველგვარ გონივრულ ლოგიკას მოკლებულია იმ ხედვის გაზიარება, რომ კონსტიტუცია სხვადასხვა მუხლებში განაჩენის სხვადასხვა სტატუსზე მიუთითებს, თუმცა მათ რეალურად ერთსა და იმავე მნიშვნელობას ანიჭებს. ამდენად, ჩვენი კოლეგების მიერ განვითარებული მსჯელობის მცდარობა თავისთავად ცხადია და დამატებითი არგუმენტაციის წარმოდგენასაც კი არ საჭიროებს.
14. სადავო საკითხის სწორი გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს, რატომ მიჯნავს საქართველოს კონსტიტუცია „განაჩენს“ და „კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს“, თავისი არსით რა განასხვავებს ამ ორ ინსტიტუტს. ზოგადად, საქართველოს კონსტიტუცია სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ რეპრესიულ ღონისძიებებს უკავშირებს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ხელშეშლის აღკვეთას (უზრუნველყოფის ღონისძიებები) და პირის დასჯას (სადამსჯელო ღონისძიებები). ამავე დროს, პირის დამნაშავეობის შესახებ განსხვავებული ხარისხის ეჭვის არსებობა განსხვავებული ღონისძიებების გამოყენების ლეგიტიმაციას ქმნის. მაგალითად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პირის მიმართ პატიმრობა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს არა უმეტეს 9 თვის ვადით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/654 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). საქმის განხილვის ამ ეტაპზე პირის დამნაშავეობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებული არ არის სასამართლოს მიერ, შესაბამისად, დასაშვები შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების ინტენსივობაც შედარებით დაბალია.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით პირის დამნაშავედ ცნობის შემდეგ კონსტიტუცია პატიმრობის ვადის შეზღუდვას აღარ ადგენს, თუმცა, ამავე დროს, პირს არც დამნაშავედ მიიჩნევს.[1] შესაბამისად, საქმის განხილვის ამ ეტაპზე კონსტიტუცია უშვებს დამატებითი რეპრესიული ღონისძიებების გამოყენებას, თუმცა არა იმ ღონისძიებების, რომელიც ექსკლუზიურად დამნაშავის მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეცდომების დაშვების ალბათობას, რომელიც შესაძლოა გასწორდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
16. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული რეპრესიული ღონისძიებები, ზოგადად, მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება. ხოლო, პირი დამნაშავის სტატუსს იღებს და მის მიმართ დასჯის მიზნის მქონე მექანიზმები გამოიყენება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი გადაწყვეტით, საქართველოს კონსტიტუცია ახდენს პირისათვის გამოუსწორებელი შედეგის მიყენების შესაძლებლობის მინიმალიზებას. სათანადო აუცილებლობის გარეშე არ უშვებს ისეთი რეპრესიული ღონისძიებების გამოყენებას, რომელიც პირის მიმართ გამოუსწორებელ შედეგს გამოიწვევს. სასამართლოს საქმისწარმოების პროცესში გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება/მინიმუმამდე შემცირება, ზოგადად, საქმის სამართლიანი განხილვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ეფექტური და სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, რიგი რეპრესიული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას კონსტიტუცია უშვებს მხოლოდ იმ ეტაპზე, როდესაც მინიმალურია დაშვებული შეცდომების შედეგად სასამართლოს განაჩენის გაუქმების/შეცვლის შესაძლებლობა.
17. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა არასწორად შეფასების, შეცდომის დაშვების და არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკები მუდმივად არსებობს, ამგვარი საფრთხის გამორიცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ამგვარი რისკის მინიმალიზაციისა და პირთა უფლებების დასაცავად, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. შეცდომის დაშვების რისკი და მისგან მომდინარე უარყოფითი შედეგები განსაკუთრებულად თვალსაჩინოა საქართველოს პარლამენტის წევრის, როგორც პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის თვალსაზრისით. ასეთი პირისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზემდგომ ინსტანციაში შეიცვალოს გადაწყვეტილება და პირი გამართლდეს, დამატებით წარმოშობს არა მხოლოდ ამ პირის უფლებების დარღვევის, არამედ ამომრჩეველთა ინტერესების შელახვისა და საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების შეფერხების ხელშესახებ საფრთხეს.
18. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებით ჩვენმა კოლეგებმა მართებულად მიუთითეს, კონსტიტუციის მიზნებისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა წარმოადგენს ისეთ ღონისძიებას, რომლის შედეგების შეცვლა შეუძლებელია თავად უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის გარეშე. შესაბამისად, თავისი არსით, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ღონისძიება გამოუსწორებელი შედეგის მატარებელია იმ შემთხვევაში, თუ მას ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უდანაშაულოდ ცნობს. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას უკავშირებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას ანუ იმ მდგომარეობას, როდესაც ამოწურულია პირდაპირი გასაჩივრების მექანიზმები და განაჩენის შეცვლის ალბათობა მინიმალურია. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც საჩივრდება, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება კანონიერ ძალაში შესულად.
19. ტერმინი „კანონიერ ძალაში შესული განაჩენი“, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გარდა, საქართველოს კონსტიტუციაში გამოყენებულია მხოლოდ ერთხელ, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია, ერთი მხრივ, პირის უფლებების დაცვა მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესში და მისი დამნაშავედ ცნობა ჯეროვანი სასამართლო პროცესის შედეგად, ხოლო, მეორე მხრივ, პირის რეპუტაციის დაცვა მას შემდეგ, რაც სამართალწარმოება მის სასარგებლოდ დასრულდება, რათა საზოგადოების სხვა წევრების მიერ ის არ იქნეს აღქმული დამნაშავედ, როდესაც დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/7/636 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის № 3/1/633, 634 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-31; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან მკაფიოდ იდენტიფიცირდება, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის კონტექსტში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობას და, შესაბამისად, ამ კონსტიტუციური უფლების მოქმედება არ ამოიწურება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. არაბრალეულობის პრეზუმფციასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიები ვრცელდება სისხლის სამართლის მთლიან პროცესზე, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო განხილვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ტერმინი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გულისხმობს გადაწყვეტილებას, რომელთან მიმართებითაც ამოწურულია პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით პირდაპირი გასაჩივრების შესაძლებლობა და, ამ თვალსაზრისით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო.
20. სხვადასხვა კონსტიტუციურ დებულებაში ერთი და იმავე ტერმინების გამოყენება ავტომატურად, ამ დებულებათა მიზანმიმართულებისა და არსის გათვალისწინების გარეშე, მათი შინაარსის იგივეობაზე შესაძლოა თავისთავად არ მიუთითებდეს. თუმცა, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიუთითებს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე და მას არსებითად სხვა დატვირთვას ანიჭებს, ვიდრე საჯაროდ გამოცხადებული ან/და აღსასრულებლად მიქცეული სასამართლოს აქტია.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, ტერმინი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ვერ იქნება იდენტური შინაარსის მატარებელი უდანაშაულობის პრეზუმფციასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან მიმართებით, რამდენადაც უდანაშაულობის პრეზუმფცია ადგენს ძირითად უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური დაცვის გარანტიას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28).
22. ჩვენი კოლეგების ზემოთ ხსენებული მსჯელობა არსებითად მცდარია და კონსტიტუციის სისტემის არასწორად გააზრების შედეგია. ადამიანის ძირითადი უფლებების ძალიან ვიწრო და ფორმალისტური გაგება იქნებოდა იმაზე მითითება, რომ, რადგანაც ესა თუ ის კონსტიტუციური დებულება მოთავსებული არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში („ადამიანის ძირითადი უფლებები“), იგი არ შეიძლება მიმართული იყოს, მათ შორის, პირის კონსტიტუციური უფლებების დაცვისა და რეალიზაციისკენ. უფრო მეტიც, კონსტიტუციის ზოგადი პრინციპები, ისევე როგორც ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს ფორმირების წესი, მათ შორის, ძალაუფლების დანაწილებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმები მოთავსებული არაა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში, თუმცა ალოგიკურია იმის თქმა, რომ ხელისუფლების დანაწილება თვითმიზანია და არ ემსახურება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას გადამეტებული ძალაუფლებისა და ხელისუფლების უზურპაციისაგან. კონსტიტუციის ძირითადი ღირებულება, მისი სარგებლიანობის მასშტაბი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ თითოეული კონსტიტუციური გადაწყვეტა, პირდაპირ თუ ირიბად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას ისახავს მიზნად. ამა თუ იმ ინსტიტუტის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრის დაცვის გარანტიები სწორედ ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა და არა მისგან დამოუკიდებელი მოცემულობა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისთავად დაცვას საჭიროებს.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებაში საკმაოდ შთამბეჭდავადაა მიმოხილული საქართველოს პარლამენტის როლი და დატვირთა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც პარლამენტის წევრის უფლებათა დაცვის საჭიროება, თუმცა ამ თეორიულ მსჯელობას ერთადერთი პრაქტიკული დასკვნა ემყარება - რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ექსკლუზიურად და ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობაც იწვევს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას და ამ საფუძველთა გაფართოება ქვემდგომი კანონმდებლობით დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7,8). რასაკვირველია, განსხვავებული აზრის ავტორები ეჭვქვეშ არ ვაყენებთ ამ დასკვნას და ვიზიარებთ მას, თუმცა ალოგიკურად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრის კონსტიტუციური სტატუსი, მისი ფუნქციური დატვირთვა, ხალხის მიერ მინიჭებული უმაღლესი ლეგიტიმაცია და მისი უფლებათა დაცვის მრავალი კონსტიტუციური გარანტია გავლენას ახდენს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველთა ჩამონათვალის ამომწურავ ხასიათზე და არა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლის - კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის კონსტიტუციურ მნიშვნელობაზე. დასახელებულ ასპექტთან მიმართებით, ჩვენმა კოლეგებმა სათანადოდ არ იმსჯელეს როგორც პარლამენტის წევრის კერძო ინტერესის, ასევე ამომრჩეველთა მოლოდინის დაცვის საჭიროებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კონსტიტუციური არსის განმარტებას, ეფუძნება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ფუნქციური დატვირთვისა თუ ინსტიტუციური გაძლიერების ინსტრუმენტების შეფასებას, თუმცა ეს მსჯელობა წარმართულია პარლამენტის წევრთაგან დამოუკიდებლად, მათგან განყენებულად და, უფრო მეტიც, მათი უფლებების დაცვის საპირწონედ, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური დაცვა სწორედ მისი წევრების დამოუკიდებლობის გარანტირებაზე გადის.
24. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციური არსის განმარტება შეუძლებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაგების ჭრილში, პარლამენტის წევრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საჭიროებისგან განცალკევებით. იმის გააზრება, თუ რა მასშტაბით იცავს საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრს, წარმოუდგენელია მისი კონსტიტუციური სტატუსის, უფლებამოსილებათა მნიშვნელობისა და ლეგიტიმაციის წყაროს მხედველობაში მიღების გარეშე. პარლამენტის წევრის, ისევე როგორც მისთვის ლეგიტიმაციის მიმნიჭებელ პირთა ინტერესების დაცვის გარანტიები არ გამომდინარებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლიდან (საარჩევნო უფლება). ამავე საკითხს შეეხება საქართველოს კონსტიტუციის ყველა ის დებულება, რომელიც მიმართულია საქართველოს პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გარანტიის შექმნისაკენ, მათ შორის კი, თავისთავად, მოიაზრება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი.
25. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის საქმიანობაში ჩარევის ყველაზე უფრო უხეში ფორმაა. დემოკრატიული მმართველობის პირობებში თანამდებობის პირდაპირი არჩევნების გზით დაკავება გულისხმობს საქმიანობის განხორციელების მაღალი ლეგიტიმაციის ქონას. ამგვარი ლეგიტიმაციის მქონე პირის საქმიანობის განხორციელებაში ჩარევა კი ყოველთვის უნდა მოხდეს ზედმიწევნით ფრთხილი მიდგომითა და კონსტიტუციის მოთხოვნათა სრული დაცვით. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას შეცდომის დაშვებას შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს - იგნორირდეს ამომრჩეველთა ნება და შეილახოს პარლამენტის წევრის უფლებები. ხსენებული, საბოლოო ჯამში, უარყოფით გავლენას ახდენს პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.
26. უდანაშაულობის პრეზუმფციის მოქმედების ფარგლების გავრცელება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იცავს პირს, მათ შორის, სასჯელის იმგვარად დაკისრებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი ზიანი. ანალოგიური დატვირთვა აქვს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გამოყენებულ ტერმინს „კანონიერ ძალაში შესული განაჩენი“ და გამორიცხავს პარლამენტის წევრის უფლების ვადამდე შეწყვეტას მანამ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ არ იქნება საბოლოო (ანუ ამოწურულია გადაწყვეტილების პირდაპირი გასაჩივრების მექანიზმები). ამდენად, ორივე ხსენებული დებულების მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა. ორივე მათგანის ამოცანაა, დაიცვას პირი გამოუსწორებელი შედეგის დადგომისაგან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების შემთხვევაში. შესაბამისად, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტად ორივე კონსტიტუციური დებულება სისხლის სამართლის განხილვის ერთსა და იმავე ეტაპს მოიაზრებს.
27. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის ავტორები არ უარვყოფთ იმ საფრთხეს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებაშია დასახელებული, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანუ ვითარება, როდესაც პარლამენტის წევრის სტატუსის დაკარგვას პერმანენტული/გრძელვადიანი ხასიათი აქვს და შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუქმების გარეშე კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის მისი აღდგენის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს მხოლოდ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. სწორედ ამას გულისხმობს კონსტიტუციური ტერმინი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის საჯაროდ გამოცხადებას, როგორადაც ეს განმარტებულია ქვემდგომ კანონმდებლობაში.
28. საქართველოს პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების ყველა კონსტიტუციური გარანტია აზრს დაკარგავს, თუ მის უფლებებში ყველაზე მაღალი ინტენსივობით ჩარევა - უფლებამოსილების შეწყვეტა, დამოკიდებული იქნება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის კანონიერებაც მოწმდება ზემდგომ სასამართლოებში. პარლამენტის წევრის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ საბოლოო განაჩენის მიღება, გარკვეულწილად, აზღვევს ყველა ზემოთ დასახელებულ საფრთხეს და უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა სასამართლოს იმგვარი განაჩენით, რომელიც ექვემდებარება გადასინჯვასა და შეცვლას და, შესაბამისად, ატარებს შეცდომის დაშვების უფრო მაღალ რისკს, ვიდრე საქმეზე ბოლო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
29. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი კრძალავს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, აქვს შესაძლებლობა, შეიმუშაოს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი წესები, რომლებიც, თავისი არსით, არ ადგენს/არ უთანაბრდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და გულისხმობს უფლებამოსილების დროებით შეჩერებას. ამგვარი წესის არსებობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელი იქნებოდა იმ რისკის თავიდან აცილება, რაც ჩვენს კოლეგებს აშფოთებთ, ანუ საკანონმდებლო საქმიანობის არგანხორციელება იმ პირთა მიერ, რომლებიც პირველი ინსტანციის მიერ დამნაშავედ არიან ცნობილი პარლამენტის წევრის საქმიანობასთან შეუთავსებელი დანაშაულის ჩადენაში. ბუნებრივია, პარლამენტის წევრის საქმიანობის სათანადოდ განხორციელების შეზღუდვისკენ მიმართული ნებისმიერი ღონისძიების კონსტიტუციურობა, მათ შორის, უფლებამოსილების დროებითი შეჩერება არ დარჩება კონსტიტუციური კონტროლის მიღმა და შეფასებადი იქნება პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებისა და შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ უფლებასთან.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა სრულად ეფუძნება ვარაუდს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი ამავე სტატუსს შეინარჩუნებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც, ხოლო ამ პერიოდში მისი ჩართულობა საკანონმდებლო საქმიანობაში დიდ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს საქართველოს პარლამენტს. ამის საპირისპიროდ, შეიძლება არსებობდეს სიტუაცია, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი გამართლდეს ზემდგომ ინსტანციებში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მას თავიდანვე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა, იგი მოკლებულია პარლამენტის წევრის სტატუსის აღდგენის ყოველგვარ შესაძლებლობას. ამ პირობებში, უდანაშაულოდ ცნობილი პირისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეუქცევადად დარღვევა უფრო მეტად აზიანებს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ რეპუტაციას და ამცირებს მისდამი საზოგადოების სანდოობას.
3. მართლმსაჯულების აღსრულებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას შორის კავშირის არარსებობა
31. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გვსურს ყურადღების გამახვილება, შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებაში წარმართულ მსჯელობას განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლასა და მის აღსრულებადობას შორის უპირობო კავშირის არსებობის შესახებ. დასახელებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მის კანონიერ ძალაში შესვლასა და აღსასრულებლად მიქცევას, ეს ორი ცნება ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენი კოლეგების მოსაზრებით, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაითვლება კონსტიტუციის მიზნებისათვის კანონიერ ძალაში შესულად, ვერც მისი აღსრულება მოხდება (პირობითად, თუ პარლამენტის წევრს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, შესაძლოა ვერ მოხდეს ამ სასჯელის დაკისრება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) და ხელი შეეშლება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.
32. როგორც უკვე აღინიშნა, სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში მართლმსაჯულების ხელშეშლის აღსაკვეთად კონსტიტუცია უშვებს უზრუნველყოფის და არა სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას. ხსენებული ღონისძიებები გამოიყენება პირისათვის დამნაშავის სტატუსის მინიჭების გარეშე და იმ ფარგლებში, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებისთვის არის აუცილებელი. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებასა და მართლმსაჯულების ხელშეშლის აღკვეთას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები არსებობს, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდეც. შესაბამისად, მსგავსი ლოგიკით, ჩვენს კოლეგებს შესაძლოა, განაჩენის მიღებამდეც დასაშვებად მიეჩნიათ მისი წინასწარ აღსრულების შესაძლებლობა.
33. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს სასჯელს. იგი არ არის სასამართლოს მიერ დადგენილი დანაშაულის ჩადენის პირდაპირი შედეგი. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება უწყდება არა დასჯის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ კონსტიტუცია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დამნაშავედ ცნობილ პირს პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებლად მიიჩნევს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა დამნაშავედ ცნობის გვერდითი ეფექტია. შესაბამისად, არ არსებობს კავშირი მართლმსაჯულების აღსრულებასა და სადავო ღონისძიებას შორის.
34. ამდენად, აშკარაა, რომ ჩვენი კოლეგების მიერ განვითარებულ ლოგიკას დასაყრდენი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციაში და ეფუძნება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის ანუ ქვემდგომი კანონმდებლობის ანალიზს. შესაბამისად, ცხადია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არასწორად დაუკავშირა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულების საკითხი საქმეზე მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებას.
4. შეჯამება
35. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენი პოზიციით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის (რომელიც გასაჩივრებულია) კანონიერ ძალაში შესულად მიჩნევა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან, მათ შორის, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან. ამასთანავე, ამგვარი განმარტება ყურადღების მიღმა ტოვებს საქართველოს პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო უფლებამოსილებით აღჭურვილი კონსტიტუციური ორგანოს წევრის სტატუსსა და მისთვის ლეგიტიმაციის მიმნიჭებელ პირთა ინტერესებს.
36. განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზნებისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა მოითხოვს საქმეზე პირის დამნაშავეობის შესახებ პირდაპირი გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვას. განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, თუ გავიდა მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა ან გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო ინსტანციის სასამართლოს მიერ. განაჩენის გასაჩივრება არ გულისხმობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლებას ან საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას, მასში მოიაზრება მხოლოდ პირდაპირი გასაჩივრების საშუალებები, როდესაც პირი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, ითხოვს მიღებული განაჩენის შეცვლას. ამგვარ პირდაპირ მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება. საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის, მისი ფუნქციებისა და საქმიანობის ლეგიტიმაციის წყაროს გათვალისწინებით, სწორედ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის პირდაპირი გასაჩივრების მექანიზმების ამოწურვის შემდეგ უნდა მოხდეს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის და მანდატის თავისუფლად განხორციელების კონსტიტუციური ინტერესი.
37. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას სადავო დადგენილების კონსტიტუციურობასთან მიმართებით და მივიჩნევთ, რომ „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც ნიკანორ მელიას უფლებამოსილება შეუწყდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ამოწურული არ ჰქონდა განაჩენის გასაჩივრების მექანიზმი და ეს განაჩენი საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის არ ითვლებოდა კანონიერ ძალაში შესულად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
თამაზ ცაბუტაშვილი
[1] საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.