საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის N3/1/1473 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | თანმხვედრი აზრი |
ნომერი | co3/1/1473 |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 27 იანვარი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 თებერვალი 2020 13:23 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის №3/1/1473 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ თანმხვედრ აზრს 2020 წლის 27 იანვრის №3/1/1473 საოქმო ჩანაწერთან (შემდგომში: „საოქმო ჩანაწერი“) დაკავშირებით.
2. ვეთანხმები საოქმო ჩანაწერის ძირითად აზრში გამოხატულ პოზიციას №1473 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე, თუმცა მივიჩნევ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად მოახდინა საქმეზე დავის საგნის იდენტიფიცირება. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დავის საგნად არ უნდა განეხილა „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა კონსტიტუციის ცალკეულ დებულებებთან - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან - მიმართებით. საოქმო ჩანაწერში დავის საგნად განხილული უნდა ყოფილიყო „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა ზოგადად, რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ დებულებაზე მითითების გარეშე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დავის საგნის იდენტიფიცირება მჭიდროდ არის დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებთან და კონსტიტუციური სარჩელის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, კონსტიტუციურ სარჩელში დაასახელოს საქართველოს კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებსაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება სადავოდ გამხდარი აქტი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო დავის საგნად განიხილავს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო აქტის კონსტიტუციურობას მის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ შესაბამისი კონსტიტუციური დებულების მიუთითებლობა ან არასწორად მითითება მიიჩნევა კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებული მოთხოვნის დარღვევად და იწვევს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმას (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის/მისი ნაწილის არსებითად განსახილველად არმიღება ემსახურება დაუსაბუთებელი სარჩელებით გადატვირთვისგან სასამართლოს დაცვას და მოსარჩელისათვის იმის მითითებას, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სასარჩელო მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობს დაშვებით, რომ დაუსაბუთებლობის გამო სარჩელის/მისი ნაწილის არსებითად განსახილველად არმიღების შემთხვევაში, მოსარჩელე არ კარგავს უფლების დაცვის შესაძლებლობას, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, იმავე საკითხთან დაკავშირებით თავიდან მიმართოს სასამართლოს სათანადოდ დასაბუთებული სარჩელით. შესაბამისად, მოთხოვნის არასწორად/კონსტიტუციის არასწორ დებულებასთან მიმართებით დაყენება არ იწვევს უფლების დაცვის შესაძლებლობის დაკარგვას.
5. სამწუხაროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერში მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ №1473 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული კომპეტენციის ფარგლებში და მისი შესატყვისი პროცედურით განხილვას საჭიროებს. მოსარჩელემ კონსტიტუციური სარჩელი შემოიტანა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მოითხოვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხის შემოწმება განსხვავდება ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების სამართალწარმოებისაგან.
6. კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხის შემოწმებისას სასამართლო აფასებს არა ზოგადად ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში კონსტიტუციური დებულებების გამოყენების სისწორეს. შესაბამისად, მსგავსი დავებისას ცხადად იდენტიფიცირებადია, რა ფორმითა და შინაარსით მოხდა მოსარჩელის მიმართ სამართლის გამოყენება და რის კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს იგი. მსგავსი დავების ფარგლებში კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების ზოგადი სტანდარტის გამოყენება მიზანშეუწონელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, არ არსებობს დიდი რაოდენობით დაუსაბუთებელი სარჩელების წარდგენის საფრთხე, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტები იძლევა მოსარჩელის პრობლემის იმგვარად იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რომ, როგორც წესი, ნაკლებია მის მიერ უფლების შეზღუდვის ფორმისა და ხასიათის წარმოჩენის საჭიროება. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, გადაწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა ზოგადად და არა იზოლირებულად, რომელიმე კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.
7. ამავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან. შესაბამისად, ხსენებული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის წარმდგენ სუბიექტს დაუსაბუთებლობის მოტივით კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიუღებლობის შემთხვევაში არ ექნება შესაძლებლობა, თავიდან მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამრიგად, ამ სამართალწარმოების ფარგლებში კონსტიტუციის დებულებაზე სწორად მითითების მოთხოვნამ შესაძლებელია, პირს სრულად წაართვას საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გამოყენება. ამდენად, შესაძლოა, ხსენებული კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციურ სარჩელში უფლების დამდგენი რომელიმე კონსტიტუციური დებულების მიუთითებლობამ მოსარჩელეს სამუდამოდ წაართვას დარღვეული უფლების აღდგენაზე დავის შესაძლებლობა. აღნიშნული, ბუნებრივია, არ არის კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის მიზანი.
8. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს მოსარჩელის მიერ საქმის არსებითი განხილვისას კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების დარღვევაზე დამატებით მითითების შესაძლებლობა. შესაბამისად, ასეთ საქმეებზე დავის საგანი უნდა იყოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა კონსტიტუციის დებულებების სახელდებით მითითების გარეშე. დავის საგნის ამგვარად ჩამოყალიბება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, სრულყოფილად შეაფასოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხი მისი სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
9. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში დავის საგნად, №3/1/1473 საოქმო ჩანაწერის მსგავსად, მიეთითება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა ცალკეულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის №1/2/378 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დავის საგანია „ვალერი გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 31 მარტის დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. ანალოგიურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის №2/2/394 განჩინებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბადრი ნანეტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დავის საგანია „ბადრი ნანეტაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. მივიჩნევ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აღნიშნული პრაქტიკა უნდა შეეცვალა და დავის საგნად განეხილა დადგენილების კონსტიტუციურობა ცალკეულ კონსტიტუციურ დებულებებზე მითითების გარეშე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში