ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1473 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ნიკანორ მელია |
თარიღი | 23 დეკემბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ,:
ა) სარჩელი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ურთიერთობას არეგულირებს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი და მეორე პუნქტი. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი არ შეიცავს სპეციფიკურ მოთხოვნებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით წარდგენილ სარჩელზე. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი მიუთითებს სამართლებრივ აქტზე ზოგადად და არა ნორმატიულ აქტზე. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ვერ იქნება შედგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შედგენილ სპეციალურ სააპლიკაციო ფორმაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდით ირკვევა,[1] რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამტკიცებული აქვს სამი სააპლიკაციო ფორმა. პირველი ფორმაში მითითებულია, რომ აღნიშნული ფორმა გამოიყენება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელისათვის. ეს ნორმა ეხება ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებას. მეორე სასარჩელო ფორმა ეხება საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებს. ეს ნორმა ეხება საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხებს. მესამე სააპლიკაციო ფორმა უკავშირდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საერთო სასამართლოს უფლებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით.
როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ დაუმტკიცებია სააპლიკაციო ფორმა, რომლიც უკავშირდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს პარლამენტის წევრისათვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილების კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ სამივე სააპლიკაციო ფორმა უკავშირდება ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენას. ამ შემთხვევაში კი სადავოა პარლამენტის მიერ მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რაც არის ერთჯერადი ხასიათის და ითვალისწინებს ერთი კონკრეტული დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
იმის გამო, რომ დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესწავლის საკითხი გათვალისწინებულია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და არც ერთ სააპლიკაციო ფორმაში ამ მუხლზე მითითება არ ხდება, ამის გამო ამ სასარჩელო მოთხოვნას წარმოვადგენთ სპეციალური სააპლიკაციო ფორმის გარეშე.
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სარჩელს თან ერთვის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისათვის, გურამ მაჭარაშვილისთვის გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის 2019 წლის 9 დეკემბრის წერილი. ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, ერთვის 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი საქმე #1/2644-13-ზე. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია: ნიკანორ მელია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნიკანორ მელიას დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ნიკანორ მელიას დანიშნული დამატებითი სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, საბოლოოდ ნიკანორ მელიას განესაზღვროს ჯარიმა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი და 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს მიიღო სადავო დადგენილება, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ნიკანორ მელიას ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე
ამგვარად, ნიკანორ მელია, იმის გამო, რომ ვადამდე შეუწყვიტეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უფლებამოსილია იდავოს პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) დაცულია სარჩელის წარდგენის ორკვირიანი ხადაზმულობის ვადა. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელისშეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან; ეს დადგენილება ამოქმედდა მისი მიღების დღეს, 2019 წლის 12 დეკემბერს.
ვ) დავის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია კონსტიტუციის საფუძველზე და ამიტომ კონსტიტუცია არ ითხოვს ამ სამართლებრივ აქტზე ზემდგომი ნორმატიული აქტის გასაჩივრებას. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრდება თავად დეპუტატისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და არა ის კანონმდებლობა, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება. ამიტომ ამ დავის ფარგლებში შესაბამისი ნორმატიული აქტების გასაჩივრების აუცილებლობა არ არსებობს.
[1] http://constcourt.ge/ge/court/legislation/konstituciuri-sarchelis-forma.page
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო სამართლებრივი აქტი (პარლამენტის დადგენილება) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს. ამ უკანასკნელი დებულების თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; ამ სარჩელში მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები: „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი.“ აღნიშნულ შემთხვევაში, პარლამენტმა ნიკანორ მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა იმის გამო, რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ითხოვს იმას, რომ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდეს ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობის გამო. ამ დროს არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რა სანქცია დაეკისრა პარლამენტის წევრს. ამ სარჩელში სადავოდ არის ქცეული ის გარემოება, რომ პარლამენტმა ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა იმ დროს, როდესაც არსებობდა პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, პარლამენტმა ისე შეუწყვიტა დეპუტატს უფლებამოსილება, რომ ჯერ არ არსებობდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების - თბილისის სააპელაციო სასამართლოს (რომელსაც აქვს სააპელაციო საჩივრის განხილვის სავალდებულო იურისდიქცია) და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. მოსარჩელე ამტკიცებს იმას, რომ პარლამენტმა ნიკანორ მელიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა იმის მიუხედავად, რომ თბილსის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არ იყო კანონიერ ძალაში შესული საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.“ ამ ნორმის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და არა მაშინ, როცა ამოწურული იქნება ყველა ინსტანციის სასამართლო. ამის მიუხედავად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2015 წლის 15 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-5 პუნქტში განაცხადა: „კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონი შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს და არა კონსტიტუციური სტანდარტების განმსაზღვრელ ინსტრუმენტს. კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა.” ამგვარად, იმის მიუხედავად, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა პირველი ინსტანციის განაჩენის ძალაში შესვლა დაუკავშირა მის გამოცხადებას და არა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ამ განაჩენის ძალაში დატოვებას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლს მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ჩაწერილი სიტყვები „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენიც“ იმ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან. გიორგი უგულავას ზემოხსენებული საქმე გვასწავლის იმას, რომ კონსტიტუციური ტერმინები არა იმის მიხედვით უნდა განვმარტოთ, რა მნიშვნელობა აქვს მათ ქვემდგომ კანონმდებლობაში, არამედ უნდა მოვიშველიოთ კონსტიტუციის სხვა დებულებები, ასევე ამ დებულებებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა (გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ 2015 წლის 15 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-6 პუნქტი).
აქედან გამომდინარე, უნდა გავარკვიოთ, რამდენად ჯდება დეპუტატისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა არა მხოლოდ კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებში, არამედ კონსტიტუციის სხვა დებულებების მოთხოვნებშიც, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა განმსაზღვრელი კონსტიტუციური დებულებების მოთხოვნების ფარგლებში. 2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე, ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მეორე თავის მე-20 პუნქტში განაცხადა: კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციას განიხილავს ერთიან ორგანიზმს. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს.
მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, უნდა განიმარტოს „კანონიერ ძალაში შესული განაჩენის“ ცნება კონსტიტუციის სხვა დებულებების, ერთობლიობაში წაკითხვის გზით, მეორე მხრივ, სადავო სამართლებრივი აქტი ასევე უნდა შეფასდეს კონსტიტუციის ამ სხვა დებულებებთან კავშირში. კონსტიტუციის დებულება, რაც პარლამენტის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებას არეგულირებს, არის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“ საქმეზე მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების მეორე თავის მე-13 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის (ძველი რედაქცია) მიხედვით, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დანაწესი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებრივ კომპონენტებს, მათ შორის სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.“ გასაჩივრებული დადგენილება სწორედ თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ეხება და გააჩნია მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან.
სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება ეხება კონსტიტუციაში მოაზრებული საყოველთაო არჩევნების საფუძველზე არჩეული თბილისის მერის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გადაყენებას. პრინციპები, რაც ამ საქმეში ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო სასამართლომ თანაბრად მიემართება საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარებული საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. უგულავას საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის ძველი რედაქციის 29-ე მუხლის (დღეს მოქმედი 25-ე მუხლი) დარღვევა დაადგინა.
2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების მეორე თავის მე-9 პუნქტის თანახმად: „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში... საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი... ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით”. დემოკრატია, პირველ რიგში, სწორედ სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებით ვლინდება, რადგან ხალხის მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში არის დემოკრატიის ძირითადი არსი, საფუძველი და მიზანი.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-12 პუნქტის თანახმად: „საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნები, რომლის შედეგად, ერთი მხრივ, მოქალაქეები თავად შეიძლება იყვნენ არჩეული და ამ გზით უშუალოდ განახორციელონ მმართველობა, ხოლო, მეორე მხრივ, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები და გადასცენ მათ საკუთარი ხელისუფლების განხორციელების მანდატი, შედეგად, საკუთარ რჩეულთა მეშვეობით განახორციელონ ხელისუფლება, წარმოადგენს აუცილებელ გარანტიას მოქალაქეებისთვის, შექმნან და განავითარონ დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში. სწორედ არჩევნები არის ადამიანებისთვის ინსტრუმენტი ხელისუფლების განხორციელებაზე ხელმისაწვდომობისთვის. არჩევნებს “მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია”
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-14 პუნქტის თანახმად: „ხალხის მიერ არჩეული პირების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერება/შეწყვეტას ამიტომ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ მკვეთრად გამოხატული და ძალიან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებისთვის, რომელთა დაუცველობა, პირველ რიგში, თავად ამომრჩევლის ინტერესებს შეუქცევადად არღვევს, ამასთან, უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ეს არის ერთადერთი და აუცილებელი გზა, იმავდროულად, ზედმიწევნით განჭვრეტადი, გასაგები, მკაცრად რეგლამენტირებული პროცედურით, რომელიც ეფუძნება ინტერესების სამართლიან ბალანსს.” ამგვარად, ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლისათვის მანდატის ჩამორთმევა არა მხოლოდ ზღუდავს ამ მანდატის მატარებელი პირის უფლებას, საჯარო სამსახურში დაიკავოს თანამდებობა, არამედ იმ ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ეს მანდატი ამ თანამდებობის პირს გადასცა, ამის გამო უნდა არსებობდეს ჯეროვანი საპროცესო დაცვის გარანტიები. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გარანტირებულ მოსარჩელის უფლებას დაცულობის ხარისხს მატებს ის გარემოება, რომ მოსარჩელე, როგორც არჩეული თანამდებობის პირი, საკუთარ უფლებამოსილებას ამომრჩეველთა ნების საფუძველზე ახორციელებს.” (2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების მეორე თავის 22-ე პუნქტი).
ხელისუფლების შტოთა დაბალანსების, ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის(ე.წ check and balance) ქმედითობის უზრუნველყოფის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული როლი ენიჭება. „საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ზოგადად, ორ მიზანს ემსახურება – ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველყოფას (ხელშეწყობას) და ადამიანის უფლებების დაცვას ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან (უფლების დარღვევისაგან)“[1]. ის ჯეროვანი საპროცესო დაცვის გარანტია, რომელზეც 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების მეორე თავის 22-ე პუნქტი საუბრობს, აღნიშნულ შემთხვევაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის სიტყვების „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით“ ავტონომიური განმარტებაში. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული განჩინების შიგნით ნაგულისხმევი საბოლოობა არის ის საპროცესო დაცვის ჯეროვანი გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ იმ უფლებების დაცვას, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, ხოლო მეორე მხრივ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუცია გახდეს საპარლამენტო უმრავლესობის ხელთ არსებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევი საშუალება. კონსტიტუციური დებულების ამგვარი წაკითხვა კი საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს საშუალებას განახორციელოს მისი ორივე ფუნქცია - დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს ხელისუფლების კონსტიტუციურ ფარგლებში განხორციელება.
ამგვარად, ერთი მხრივ, გვაქვს ადამიანის უფლება ეკავოს თანამდებობა საჯარო სამსახურში და იმავდროულად ხალხის ნება, რომ მათი ინტერესები საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტულმა პირმა წარმოადგინოს, მეორე მხრივ, უნდა განისაზღვრება რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება როგორც ადამიანისათვის თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, ისე ამომრჩევლის ნების შეზღუდვა. უგულავას ზემოხსენებულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „,მართალია, ხალხისგან სახელისუფლებო მანდატის მიღება, ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია, უდავოდ, ზედმიწევნით ფრთხილ მიდგომას მოითხოვს და მომეტებულად ზრდის ამომრჩეველთა ნების განხორციელების პროცესში ჩარევის ლეგიტიმურობის შემოწმების აუცილებლობას, თუმცა არც ერთი თანამდებობა, მათ შორის, არც უშუალოდ ხალხის მიერ არჩევითი თანამდებობა, თავისთავად, ვერ იქნება თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ჩაურევლობის, შეუზღუდაობის აბსოლუტური გარანტია.“ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის დასახელება მოპასუხე, პარლამენტის ვალდებულებაა. თუმცა, სავარაუდოდ, ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება, თანამდებობიდან გადაყენების გზით პირის დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.
მოსარჩელე მხარე წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებებს, რამდენად არის დაცული ბალანსი, ერთი მხრივ, ნიკანორ მელიას უფლებას, არ დაკარგოს ხალხის მიერ გადაცემული მანდატი მხოლოდ ერთი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, მეორე მხრივ ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის.
ვიწრო გაგებით, პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი ხასიათის. იმ პირობებში, როცა საქართველოს პარლამენტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება მიიჩნია ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლად და ამის გამო ნიკანორ მელიას შეუწყვიტა უფლებამოსილება, მანდატის აღდგენა ვერ მოხერხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სააპელაციო ანდა უზენაესი სასამართლო გააუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და ნიკანორ მელიას უდანაშაულოდ ცნობს. სააპელაციო სასამართლოს ან უზენაესის სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების შემთხვევაში არ არსებობს ნიკანორ მელიასათვის დეპუტატის მანდატის აღდგენის კანონით დადგენილი საფუძველი ან წესი. ასეთი შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში. თუკი სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებით ნიკანორ მელიას სრულად უდანაშაულოდ სცნობს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, არ არსებობს პროცედურა, რაც ითვალისწინებს მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას და მისი უფლებამონაცვლისათვის დეპუტატის მანდატის გაუქმებას.
გიორგი უგულავას საქმეში სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დარღვევის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ არ არსებობდა ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სასამართლო განჩინების პერიოდული გადასინჯვის, ამ გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნის სამართლებრივი შესაძლებლობა (2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების მეორე თავის მე-40 პუნქტი). ამ შემთხვევაში მართალია არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში (ორი ინსტანცია) გასაჩივრების და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესაძლებლობა, თუმცა არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამამართლებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, პარლამენტი სადავო დადგენილებას გააუქმებს და ნიკანორ მელიას დეპუტატის მანდატს აღუდგენს. ამის მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამეტმა არასწორად განმარტა კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ჩაწერილი სიტყვები „კანონიერ ძალაში შესული განაჩენი“ და ნიკანორ მელიას უფლებამოსილება არასწორად შეუჩერა მაშინ, როცა არსებობდა ჯერ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ამ საკითხზე არ იყო ამოწურული გასაჩივრების შესაძლებლობა.
იმ შემთხვევაშიც, საქართველოს პარლამენტმა რომც გააუქმოს სადავო დადგენილება სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შეცვლის გამო, ნიკანორ მელიას დეპუტატის უფლებამოსილება რომც აღუდგინოს, ამის მიუხედავად, დადგენილება ვერ იქნება ვიწრო გაგებით პროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, ხომ არ ილახება კეთილსინდისიერი მესამე პირების ინტერესები (mutatis mutandis ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 43-ე პუნქტი). სცენარი რომლის მიხედვითაც, სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის განაჩენს და ამის გამო ნიკანორ მელიას აღუდგენს დეპუტატის უფლებამოსილებას, გარდაუვლად შელახავს ნიკანორ მელიას იმ უფლებამონაცვლის უფლებებს, რომელიც პარლამენტში ნიკანორ მელიას ნაცვლად შევიდა. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს პარლამენტის წევრების რაოდენობას - 150 დეპუტატით, ამ მოთხოვნის დასაცავად პარლამენტს მოუწევს უფლებამონაცვლისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა (თუმცა უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია ამ საფუძვლით არ იცნობს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას). ეს გარემოება კი დააზიანებს მესამე პირების ინტერესებს.
მეორე სცენარი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი არ ცნობს ნიკანორ მელიას უფლებამონაცვლის უფლებამოსილებას უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არ ხდის ნიკანორ მელიასთავის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ დადგენილებას პროპორციულს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ასეთ შემთხვევაში იქმნება ოპოზიციური პარტიისათვის, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ პარლამენტში ფრაქციის შენარჩუნების საფრთხე. ნიკანორ მელიას ჩათვლით „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილია 6 წევრით. ნიკანორ მელიას გამოკლებით და ახალი წევრის შემომატების შეუძლებლობით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის მეშვეობით ვერ დაიცავს საკუთარი ამომრჩევლების ინტერესებს. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მე-3 მუხლიმე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა-პრინციპი: „პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.“ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, თუკი არ მოხდება ნიკანორ მელიას პროპორციული სიით მომდევნო კანდიდატით ჩანაცვლება, პარტია მოკლებული იქნება პარლამენტის მეშვეობით ჩამოაყალიბონ და განახორციელონ მათი ამომრჩევლის პოლიტიკური ნება.
უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნიკანორ მელიას უფლებამონაცვლის უფლებამოსილების არცნობა არაპროპორციული ღონისძიება იქნება მაშინაც, „ნაციონალური მოძრაობა“ რომც არ დადგეს ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე. ნიკანორ მელია არის პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი. მოსარჩელემ დეპუტატის მანდატი მიიღო იმიტომ, რომ არჩევნებზე მისმა პარტიამ მიიღო განსაზღვრული რაოდენობის ამომრჩევლის ხმა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლებმა გადაწყვიტეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს ჯამში ჰყოლოდათ 27 დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნების იგნორირება იქნება შემთხვევა, როცა ორ ინსტანციაში საქმის განხილვამდე კონკრეტული საარჩევნო სუბიექტი, ამომრჩეველთა ნების მიუხედავად, 27 დეპუტატის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება 26 დეპუტატით. ამგვარი მიდგომა დაასუსტებდა ამომრჩევლის ხმის წონას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა სახალხო სუვერენიტეტის და პარტიების ხალხის პოლიტიკური ნების ფორმირებაში მონაწილეობის კონსტიტუციურ პრინციპებს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შესაძლოა სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ ამ საქმის განხილვა ვერ დაასრულონ მომავალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე და ამით პარტია ხალხის მიერ მიცემული ერთი მანდატის ათვისების გარეშე დარჩეს.
უფლებამონაცვლის უფლებების დაცვის და პარტიის მიერ მანდატის ათვისების პრობლემა შეიძლება არსებობდეს მაშინაც, როცა საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ამის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შედეგად, ითვლება, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატს ვადამდე უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, დაცულია. ამ შემთხვევაში არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარლამენტის დადგენილების გაუქმების საფუძველი და ამით საფრთხის წინაშე არ დგება არც უფლებამონაცვლის, არც პარტიის ინტერესები.
ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში, ბალანსი ადამიანის უფლებას - ეკავოს პარლამენტის წევრის თანამდებობა და წარმოადგინოს თავისი პარტიის ამომრჩევლების ინტერესები და მეორე მხრივ, სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და დანაშაულის პრევენციას შორის, დარღვეულია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იმით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენით მოხდა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა და პარლამენტი არ დაელოდა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებას. ამით არასწორად მოხდა პარლამენტის მიერ კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის განმარტება და დაირღვა კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნები.
გარდა ამისა, სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, სამართლიანი სასამართლოს უფლებას გააჩნია ორი ასპექტი: ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა.
2018 წლის 19 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-7 პუნქტში მითითებულია: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი (ძველი რედაქცია) იცავს საერთო სასამართლოების სიტემის თითოეულ რგოლზე წვდომის შესაძლებლობას, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.”
საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-7 პუნქტში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით (ძველი რედაქცია) განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-8 პუნქტში აღნიშნულია: „სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება.”
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 55-ე პუნქტის თანახმად: „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას.“
სადავო დადგენილების პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აზრს უკარგავს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას. იმავდროულად, სადავო დადგენილება გამორიცხავს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს ისეთი განაჩენის აღსრულების შესაძლებლობას, რომლითაც ნიკანორ მელიას ცნობენ უდანაშაულოდ. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ამგვარი განაჩენის მიღების შემთხვევაშიც ვერ მოხდება მისი აღსრულება, პარლამენტი ვერ შეუწყვეტს უფლებამოსილებას ნიკანორ მელიას უფლებამონაცვლეს და ვერ აღადგენს ნიკანორ მელიას, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, თუნდაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი აშკარად დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნიოს. ამის მიზეზი არის ის, რომ პარლამენტმა არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადება ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლად. იმისათვის რომ გასაჩივრება და ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი გამხდარიყო, საქართველოს პარლამენტი უნდა დალოდებოდა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საქმის განხილვას და უზენაესი სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ძალაში იქნებოდა დარჩენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს პარლამენტს უნდა ჩაეთვალა გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლად კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის.
პარალმენტმა სადავო დადგენილებით ასევე შინაარსი გამოაცალა საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.“ სააპელაციო და საკასაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების შემთხვევაშიც კი, პარლამენტის დადგენილებით მოკლებული გახდა შესაძლებლობას, შეცვალოს ის უარყოფითი სამართლებრივი შედეგები, რაც პირველი ინსტანციის უკანონო განაჩენმა გამოიწვია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის სახით. ეს უარყოფითი შედეგი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომით იქნა გამოწვეული, ვერ გამოსწორდება ზემდგომ ინსტანციების მიერ ამ შეცდომის აღიარების შემთხვევაშიც კი. როგორც ილია ჭანტუარაიას საქმეშია აღნიშნული, გასაჩივრების უფლების მიზანია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება, არა ერთი არამედ სულ მცირე სამი მოსამართლისაგან შემდგარი პალატების მიერ. როდესაც იმ უარყოფითი შედეგის გამოსწორება შეუძლებელია, რაც ერთი მოსამართლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია, აზრი ეკარგება გასაჩივრების უფლების გამოყენებას, რაც როგორც ილია ჭანტურაიას საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა, ემსახურება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.
დამატებით აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ პარლამენტის დადგენილების მიღება გამოიწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე იმის დადგენამ რომ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა დანაშაული. ნიკანორ მელია ისე გახდა სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების უარყოფითი სამართლებრივი შედეგის მატარებელი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ჰქონდა გადასინჯული სააპელაციო სასამართლოს, პარლამენტის მიერ აღნიშნული დადგენილების მიღების მომენტისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულში ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან სასჯელი გადაისინჯოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ეს ნორმა ადგენს მინიმუმ ორ ინსტანციის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვის შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო კი ახდენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის გადასინჯვას, თუმცა მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ აღმოფხვრას ის სამართლებრივი შედეგი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირის არასწორად მსჯავრდებას მოჰყვა, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის სახით. ამის გამო არ არის უზრუნველყოფილი ის გარანტია, რაც სისხლის სამართლის საქმის მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვასთან არის დაკავშირებული.
ამგვარად, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის გასაჩივრებული ნიკანორ მელიასათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებას, 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამიტომ ვითხოვთ გასაჩივრებული დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და ნიკანორ მელიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას.
[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-18
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა