• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 25.09.2020
      • N3/2/1473
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 25 სექტემბრის №3/2/1473 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
      • 25.09.2020
      • do3/2/1473
      • განსხვავებული აზრი
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს სახალხო დამცველი
      • 13.02.2020
      • ac1473
      • amicus curiae
    • ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.01.2020
      • N3/1/1473
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის N3/1/1473 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
      • 27.01.2020
      • co3/1/1473
      • თანმხვედრი აზრი
    • ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 23.12.2019
      • N1473
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 13 იანვრის №3/1-1/1473 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N3/1-1/1473
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, , ,
თარიღი 13 იანვარი 2020
გამოქვეყნების თარიღი 23 იანვარი 2020 16:08

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;

მანანა კობახიძე - წევრი;

მერაბ ტურავა - წევრი;

თეიმურაზ ტუღუში - წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1473) მომართა ნიკანორ მელიამ.

2. №1473 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.

3. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილებით, მოსარჩელე ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა 2019 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის (საქმე #1/2644-13) საფუძველზე. ხსენებული განაჩენის შესაბამისად, მოსარჩელე ნიკანორ მელია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნიკანორ მელიას დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ნიკანორ მელიას დანიშნული დამატებითი სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა შეუმცირდა ერთი მეოთხედით. საბოლოოდ, ნიკანორ მელიას სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

5. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. ხოლო კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი ... კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ“.

6. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულებიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი. აღნიშნულის მიუხედავად, მას საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომელიც კონსტიტუციის მიზნებისათვის არ იყო შესული კანონიერ ძალაში და ექვემდებარებოდა ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას. მოსარჩელის აღნიშვნით, მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე“, თუმცა კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური შინაარსი და მათი მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული კანონში ამ ტერმინების განმარტებაზე. მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციის 39-ე მუხლს მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კანონიერ ძალაში განაჩენის შესვლა უკავშირდება საბოლოო სასამართლო განაჩენს, როდესაც ამოწურულია მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევით.

7. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებაზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დანაწესი მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებრივ კომპონენტებს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას. მოსარჩელის მითითებით, იმ განაჩენის საფუძველზე პირის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესული კანონიერ ძალაში, არღვევს პარლამენტის წევრის უფლებას, არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, პარლამენტის წევრისათვის, როგორც ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლისათვის, უფლებამოსილების ვადამდე დაუსაბუთებლად შეწყვეტა არა მხოლოდ ზღუდავს ამ პირის უფლებას, ეკავოს საჯარო თანამდებობა, არამედ ლახავს იმ ამომრჩეველთა ნებასაც, რომელთა ხმების საფუძველზეც მას მიეკუთვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი.

8. მოსარჩელის პოზიციით, პარლამენტის მიერ მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით, ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოსარჩელის განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება იცავს, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არ არსებობს მისთვის უფლებამოსილების აღდგენის კანონით დადგენილი საფუძველი ან წესი. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო გააუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და მოსარჩელე ნიკანორ მელიას უდანაშაულოდ ცნობს, მას ვერ აღუდგება პარლამენტის წევრის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზრი ეკარგება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რის გამოც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ეს უფლებრივი კომპონენტიც.

9. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

10. კონსტიტუციური სარჩელის, საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ განსახილველმა საქმემ, თავისი შინაარსით, შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადებაში მითითებულია, რომ განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საქართველოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციური სტანდარტები. კერძოდ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, განიმარტოს, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, რას გულისხმობს ამავე პუნქტში მითითებული სიტყვები „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი“, რომელიც შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციით, მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობის გარანტიების გათვალისწინებით დადგინდეს, რა სახის განაჩენი შეიძლება დაედოს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას და რა მომენტს უკავშირდება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, 2019 წლის 30 დეკემბერს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის წინადადებით.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, №1473 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 13 იანვარს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, იმ საკითხის გამორკვევა, კონსტიტუციურია თუ არა პარლამენტის გადაწყვეტილება მოსარჩელე ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის განმარტებას. კერძოდ, მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობის გარანტიების გათვალისწინებით დადგინდეს, რა სახის განაჩენი შეიძლება დაედოს საფუძვლად პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას და რა მომენტს უკავშირდება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აქამდე არ ყოფილა მსჯელობა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის დასახელებული საფუძვლის თაობაზე. შესაბამისად, განსახილველმა საქმემ „თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა“.

2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმი მიიჩნევს, რომ მართებულია №1473 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 212 და მე-40 მუხლების, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს №1473 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.

2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

მერაბ ტურავა

თეიმურაზ ტუღუში

თამაზ ცაბუტაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ