სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს სახალხო დამცველი
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1473 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 13 თებერვალი 2020 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რეგისტრაციის ნომერი N1473.
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
სასამართლო მეგობრის მოსაზრება შეეხება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ნიკანორ მელიას სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის N5544-Iს დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
სარჩელის თანახმად, დავის საგანს წარმოადგენს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს კონსტიტუციით[1] უზრუნველყოფილია, საჯარო თანამდებობის პირის, მინიმალური პროცედურული გარანტიებით დაცვა, რაც აუცილებელი და საკმარისი უნდა იყოს მისი თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების თავიდან ასაცილებლად.[2] სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა წარმოადგენს თავისი შინაარსით, ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს.[3] სწორედ ამიტომ უფლების შეზღუდვის სიმძიმე მნიშვნელოვნად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რა კატეგორიის პირებს, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა ინტენსივობით ერთმევათ საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი თანამდებობა, მათ შორის, არც უშუალოდ ხალხის მიერ გადაცემული მანდატი, თავისთავად არ წარმოადგენს თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ჩაურევლობის აბსოლუტურ გარანტიას,[4] მაგრამ საყოველთაო და პირდაპირი წესით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენების ინსტიტუციური მოწესრიგება, მთლიანობაში უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და ეფუძნებოდეს მკაცრად და დეტალურად რეგლამენტირებულ პროცედურებს.[5]
წინამდებარე სასამართლო მეგობრის მოსაზრების ავტორი, საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კუთხით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენით მოსარჩელეს არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა - დაენიშნა. მოსაზრების თანახმად, საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებაზე არსებული განსხვავებული რეჟიმი მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობის შეფასებისას.
მოსაზრებაში განხილული იქნება საქართველოს საერთო სასამართლოებში დადგენილი პრაქტიკა და შეფასდება ამ საფუძვლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობა.
ნიკანორ მელიასთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი სასჯელის სახით, მსჯავრდებულს ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლისა და 3 თვის ვადით.
2019 წლის 9 დეკემბერს აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გადაეგზავნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის N5544-Iს დადგენილებით, კონსტიტუციასა[6] და პარლამენტის რეგლამენტზე[7] დაყრდნობით, ნიკანორ მელიას ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პარლამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განაჩენის დასაბუთებული ვერსიის სრული ასლი მხოლოდ ამის შემდეგ, 2019 წლის 16 დეკემბერს მიიღო.[8]
ამასთან, ნიკანორ მელიას მიმართ დაკისრებული სასჯელის - ჯარიმის აღსრულების ნაწილში, სააღსრულებო ფურცელი ამ დრომდე არ გამოწერილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გამოიწერება საქმეზე საბოლოო ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.[9]
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ავტონომიური მნიშვნელობა
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.[10] საპროცესო კანონმდებლობით, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.[11]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,
„კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა და მათი შინაარსი არ განისაზღვრება ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული განმარტებებით. კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს მასში რეგლამენტირებული უფლების შინაარსსა და მოცულობას. კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია“.[12]
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, კონსტიტუციაში მოცემული ტერმინები არ შემოიფარგლება კანონმდებლობით გათვალისწინებული დეფინიციით.[13] მაგალითისთვის, ტერმინები „მსჯავრის დადება“ და „დანაშაული“ ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მათი ბუნებისა და პრაქტიკული შინაარსის გათვალისწინებით განიმარტა ცინცქილაძის[14]საქმეში, ხოლო „წინასწარი პატიმრობის“ ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობა განიმარტა უგულავას[15] საქმეში.
კონსტიტუციის მიზნებისთვის სამართალწარმოების საბოლოობის ფაქტის დასადგენად, საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო განმარტებების არასაკმარისობაზე მიუთითა.[16] სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების საბოლოო ეფექტს (res judicata) ავტონომიური კონსტიტუციური შინაარსი გააჩნია: გადაწყვეტილება საბოლოო გახდება მას შემდეგ, რაც მის მოქმედებას შეუქცევადი ხასიათი ექნება და არ იარსებებს გასაჩივრების კანონმდებლობით გათვალისწინებული გონივრული მექანიზმები.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართლიანი სამართლოს უფლების ერთ-ერთ საპროცესო გარანტიაზე - გასაჩივრების საკანონმდებლო მექანიზმზე, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლო განხილვისას დაშვებული შეცდომის გამოსწორების მიზანს ემსახურება. სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვის ვადებმა არ შეიძლება გაუჩინოს პირს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისადმი საბოლოობის განცდა (მოლოდინი).[17]
გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ჯერ სააპელაციო შემდგომ კი - საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს. სწორედ საკასაციო სასამართლოს განაჩენი,[18] ასევე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის განჩინება[19] და საჩივრის განუხილველად დატოვების[20] განჩინება არის საბოლოო და არ საჩივრდება.
შესაბამისად, კონსტიტუციის მიზნებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შესაძლოა არ წარმოადგენდეს კანონიერ ძალაში შესულს, რადგან განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა ან გასაჩივრების ვადა არ ამოწურულა.
არასაპატიმრო სასჯელებზე განაჩენის აღსასრულებლად მიქცევა
განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მთავარი საპროცესო შედეგი მისი აღსასრულებლად მიქცევაა. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობის დადგენა შესაძლებელია იმითაც, თუ როდის ხდება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მითითებას, კერძოდ, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, იგი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.[21] მსგავსი მითითება არ გვხვდება არასაპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით, რაც მიანიშნებს, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისგან მიჯნავს განაჩენის აღსრულების შემთხვევებს საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელებთან მიმართებით.
გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული ჯარიმის აღსასრულებლად გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი,[22] რომელიც ექვემდებარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას,[23] ხოლო თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის აღსრულება ექვემდებარება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას.[24]
თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის აღსრულებისას კანონი ადგენს რომ, თუ ძირითად სასჯელად დანიშნულია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან გამასწორებელი სამუშაო, მაშინ დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან აითვლება.[25] სხვა შემთხვევასთან მიმართებით კანონმდებლობით არ არის დადგენილი კანონიერ ძალაში განაჩენი შესვლის აუცილებლობა.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არც ჯარიმის ნაწილში მიქცეულა აღსასრულებლად (არ გამოწერილა სააღსრულებო ფურცელი) და არც თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ნაწილში მიმართულა პრობაციის ბიუროში აღსასრულებლად.[26] აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არასაპატიმრო სასჯელების აღსრულება მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ხდება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შესაძლოა არ წარმოადგენდეს კონსტიტუციის მიზნებისთვის საბოლოოს ან კანონიერ ძალაში შესულს.
საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თანაზომიერება
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ავტონომიური, კონსტიტუციის შესაბამისი მნიშვნელობის ამოკითხვისას აუცილებელია დაპირისპირებულ კონსტიტუციურ ინტერესებს შორის თანაზომიერი და სამართლიანი ბალანსის დაცვის გათვალისწინება.[27] საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დემოკრატიული წესით ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უსაფუძვლო, თვითნებური შეზღუდვისგან დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.[28]
სასამართლო უთითებს, რომ შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ „მკვეთრად გამოხატული და უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებისთვის, უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც ეს არის ერთადერთი და აუცილებელი გზა“.[29] ინტერესთა სამართლიან ბალანსზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაკი არჩეული პირის უფლებამოსილება შემოფარგლულია კონკრეტული ვადით, რაც უფრო ხანგრძლივი დროით შეეზღუდება მას უფლებამოსილების განხორციელება, მით უფრო ინტენსიური იქნება უფლებაში ჩარევა, ვინაიდან გაცდენილი ვადის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელი იქნება.[30]
გასათვალისწინებელია, რომ თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, რომელიც შემდგომ გამამართლებელი განაჩენით იქნა შეცვლილი, მას მიეცემა კომპენსაცია თავისუფლების აღკვეთის დროის შესაბამისად,[31] თუმცა მისი უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუდგება, თუ არ არის გასული შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა და პარლამენტის წევრი არ ჩანაცვლებულა ადგილმონაცვლე დეპუტატით.[32]
შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით და არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის დროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა პირდაპირ კავშირშია არჩეული დეპუტატის უფლებამოსილებაში ჩარევის საკითხთან.
საგულისხმოა, რომ საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების რეჟიმი ამ კუთხითაც განსხვავებულია. კონსტიტუციის თანახმად, სასჯელის სახედ დანიშნული თავისუფლების აღკვეთა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების გამორიცხვის საფუძველია.[33] თუმცა, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს დეპუტატის უფლებამოსილებით აღჭურვის შემზღუდველ სხვა საფუძველს არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში.
დამატებით, პარლამენტის რეგლამენტი აწესებს, რომ თუ გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეიცვალა, დეპუტატს თავისუფლების აღკვეთის ვადა ჩაეთვლება უფლებამოსილების ვადაში. რაკი სასჯელის სხვა სახე აღნიშნულ დანაწესში არ მოიაზრება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონმდებელი თანაზომიერების საკითხის გარკვევისას განსხვავებულ რეჟიმს ადგენს საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელებთან მიმართებით.
კერძოდ, თუკი სასჯელის სახედ დანიშნულია საპატიმრო სასჯელი, ამან შესაძლოა გაამართლოს ზემოხსენებული, პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების მეშვეობით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეზღუდვის ინტერესი. თუმცა, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს მხოლოდ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
აღნიშნული განმარტება ასევე შესაბამისია საერთო სასამართლოებში დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომელიც ზემოთ იქნა განხილული. სასამართლოს მიერ დანიშნული საპატიმრო სასჯელი დაუყოვნებლივ აღსრულდება, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდგომ ხდება. ამასთან, კანონმდებლობაში არ გვხვდება რაიმე მითითება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა დაეფუძნოს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ანალოგიურ რეჟიმს.
შესაბამისად, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს პირდაპირი, საყოველთაო, თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე არჩეული პარლამენტის წევრისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს არასაბოლოო განაჩენით დანიშნული არასაპატიმრო სასჯელის საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა დეპუტატის მანდატის არათანაზომიერად შეზღუდვას წარმოადგენს.
დასკვნა
განხილული კანონმდებლობებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრისთვის გამამტყუნებელი განაჩენის დანიშვნა არ უნდა წარმოადგენდეს მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ავტომატურად ჩამორთმევის საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ძალაში შესული განაჩენის ცნებას ავტონომიური შინაარსი გააჩნია, ხოლო არჩეული პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტისას თანაზომიერების პრინციპის დაცვა აუცილებელია.
საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, განაჩენი დაუყოვნებლივ აღსრულდება მაშინ, თუ დანიშნულია საპატიმრო სასჯელი, ხოლო არასაპატიმრო სასჯელები აღსრულდება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ანალიზიდან ასევე შესაძლებელია ანალოგიური განსხვავების ამოკითხვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ ყურადღებას სამართლიანად უთმობს დემოკრატიული წესით ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უფლებამოსილებაში ჩარევის დროს თანაზომიერების დაცვას. სასამართლო აშკარად უთითებს პროპორციულობის დაცვის აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც არჩეული პირის უფლებამოსილება შემოფარგლულია კონკრეტული ვადით და გაცდენილი ვადის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია.
წინამდებარე სასამართლო მეგობრის მოსაზრება სწორედ პროპორციულობის საკითხის გარკვევას ისახავდა მიზნად. საერთო სასამართლოების პრაქტიკის თანახმად, პირისთვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა იწვევს გაცილებით უფრო მყისიერ და მძიმე შედეგს, ვიდრე არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა. თუკი მოქალაქეთათვის არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ ხდება, ეს მით უფრო უნდა შეეხოს პარლამენტის წევრს, რომელიც კონკრეტული, შეზღუდული ვადის პერიოდში განსაკუთრებული ლეგიტიმაციით სარგებლობს.
შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დეპუტატს სასჯელის სახედ საპატიმრო სასჯელი დაენიშნა. იმ შემთხვევებში, როცა სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელი ინიშნება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა შეწყდეს.
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია განსახილველ საკითხებზე, ვინაიდან მოცემულ საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე, რის გამოც მოგმართავთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ვიხელმძღვანელე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214-ე მუხლის პირველი პუნქტით.
[1] 25-ე მუხლის პირველი პუნქტი.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“II-5.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-23.
[5] იქვე-52.
[6] საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
[7] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
[8] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის N1/2644-13 წერილი.
[9] იქვე.
[10] საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
[11] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ.“, II-5.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/7/636 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10.
[14] იქვე.
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ“.
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“
[17] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 293-ე, 302-ე, 295-ე, 303-ე მუხლები.
[18] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
[19] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
[20] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-7 ნაწილები.
[21] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლი.
[22] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
[23] „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი.
[24] „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
[25] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
[26] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 08 იანვრის N1/2644-13 წერილი.
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”
[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-27.
[29] იქვე, II-14.
[30] იქვე, II-38.
[31] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი.
[32] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი.
[33] საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი.