ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1/1473 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 27 იანვარი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 თებერვალი 2020 13:13 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1473) მომართა ნიკანორ მელიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2019 წლის 30 დეკემბერს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 212 მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით, მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2020 წლის 13 იანვრის №3/1-1/1473 საოქმო ჩანაწერით №1473 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 27 იანვარს.
3. №1473 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.
4. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილებით, მოსარჩელე ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა 2019 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის (საქმე #1/2644-13) საფუძველზე. ხსენებული განაჩენის თანახმად, ნიკანორ მელია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნიკანორ მელიას დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ნიკანორ მელიას დანიშნული დამატებითი სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა შეუმცირდა ერთი მეოთხედით. საბოლოოდ, ნიკანორ მელიას სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
6. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. ხოლო კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.
7. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ხსენებული დებულებიდან გამომდინარე, პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი. აღნიშნულის მიუხედავად, მას საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომელიც კონსტიტუციის მიზნებისათვის არ იყო შესული კანონიერ ძალაში და ექვემდებარებოდა ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას.
8. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე“, თუმცა კონსტიტუციურ ტერმინებს ავტონომიური შინაარსი აქვს და მათი მნიშვნელობა არ არის დამოკიდებული საკანონმდებლო დეფინიციებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გულისხმობს საბოლოო სასამართლო განაჩენს, როდესაც ამოწურულია მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევით.
9. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას. მოსარჩელის მითითებით, იმ განაჩენის საფუძველზე პირის სამსახურიდან გათავისუფლება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესული კანონიერ ძალაში, არღვევს პარლამენტის წევრის უფლებას, არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, პარლამენტის წევრისათვის, როგორც ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლისათვის, უფლებამოსილების ვადამდე დაუსაბუთებლად შეწყვეტა არა მხოლოდ ზღუდავს ამ პირის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას, არამედ ლახავს მის ამომრჩეველთა ნებასაც.
10. მოსარჩელის პოზიციით, პარლამენტის მიერ მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მისი განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება იცავს, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არ არსებობს მისთვის უფლებამოსილების აღდგენის კანონით დადგენილი საფუძველი ან წესი. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო გააუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და მოსარჩელე ნიკანორ მელიას უდანაშაულოდ ცნობს, მას ვერ აღუდგება პარლამენტის წევრის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზრი ეკარგება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რის გამოც ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ეს უფლებრივი კომპონენტიც.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1473 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო დადგენილებით, ნიკანორ მელიას ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, რასაც საფუძვლად დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტამ აზრი დაუკარგა განაჩენის გასაჩივრებას, რადგან იმ შემთხვევაშიც, თუ სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო ნიკანორ მელიას უდანაშაულოდ ცნობს, მას ვერ აღუდგება პარლამენტის წევრის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების გასაჩივრების უფლებრივი კომპონენტი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
5. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობას. განსახილველ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი გამოყენებულ იქნა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად, თუმცა უშუალოდ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა არა სასამართლოს განაჩენით, არამედ პარლამენტის დადგენილებით. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ იდავებს, რომ სადავო დადგენილების მიღება განაჩენის გასაჩივრების წესის არასათანადოდ მოწესრიგების შედეგია. სადავო დადგენილების მიღების საკითხის მომწესრიგებელი ნორმები შეეხება პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და არა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის აღსრულებას. მათი მიზანი არ არის სისხლის სამართლის განაჩენის მიღებასთან და გასაჩივრებასთან დაკავშირებული საპროცესო წესრიგის შექმნა. ამდენად, სადავო დადგენილება არ უკავშირდება მოსარჩელის მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენის გასაჩივრების ან/და გასაჩივრების შემთხვევაში მოსარჩელის უფლებაში აღდგენის საპროცესო მექანიზმებს. შესაბამისად, არ იკვეთება, სადავო აქტით რაში ვლინდება მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის დასაბუთებული, ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო დადგენილებასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას შორის.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1473 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1473 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 212 მუხლის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, მე-40 მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1473 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1473 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის №3/1/1473 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ თანმხვედრ აზრს 2020 წლის 27 იანვრის №3/1/1473 საოქმო ჩანაწერთან (შემდგომში: „საოქმო ჩანაწერი“) დაკავშირებით.
2. ვეთანხმები საოქმო ჩანაწერის ძირითად აზრში გამოხატულ პოზიციას №1473 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე, თუმცა მივიჩნევ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად მოახდინა საქმეზე დავის საგნის იდენტიფიცირება. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დავის საგნად არ უნდა განეხილა „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა კონსტიტუციის ცალკეულ დებულებებთან - საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან - მიმართებით. საოქმო ჩანაწერში დავის საგნად განხილული უნდა ყოფილიყო „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა ზოგადად, რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ დებულებაზე მითითების გარეშე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დავის საგნის იდენტიფიცირება მჭიდროდ არის დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებთან და კონსტიტუციური სარჩელის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, კონსტიტუციურ სარჩელში დაასახელოს საქართველოს კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებსაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება სადავოდ გამხდარი აქტი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო დავის საგნად განიხილავს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო აქტის კონსტიტუციურობას მის მიერ მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ შესაბამისი კონსტიტუციური დებულების მიუთითებლობა ან არასწორად მითითება მიიჩნევა კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებული მოთხოვნის დარღვევად და იწვევს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმას (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის/მისი ნაწილის არსებითად განსახილველად არმიღება ემსახურება დაუსაბუთებელი სარჩელებით გადატვირთვისგან სასამართლოს დაცვას და მოსარჩელისათვის იმის მითითებას, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სასარჩელო მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობს დაშვებით, რომ დაუსაბუთებლობის გამო სარჩელის/მისი ნაწილის არსებითად განსახილველად არმიღების შემთხვევაში, მოსარჩელე არ კარგავს უფლების დაცვის შესაძლებლობას, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, იმავე საკითხთან დაკავშირებით თავიდან მიმართოს სასამართლოს სათანადოდ დასაბუთებული სარჩელით. შესაბამისად, მოთხოვნის არასწორად/კონსტიტუციის არასწორ დებულებასთან მიმართებით დაყენება არ იწვევს უფლების დაცვის შესაძლებლობის დაკარგვას.
5. სამწუხაროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერში მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ №1473 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებული კომპეტენციის ფარგლებში და მისი შესატყვისი პროცედურით განხილვას საჭიროებს. მოსარჩელემ კონსტიტუციური სარჩელი შემოიტანა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მოითხოვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხის შემოწმება განსხვავდება ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების სამართალწარმოებისაგან.
6. კერძოდ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხის შემოწმებისას სასამართლო აფასებს არა ზოგადად ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში კონსტიტუციური დებულებების გამოყენების სისწორეს. შესაბამისად, მსგავსი დავებისას ცხადად იდენტიფიცირებადია, რა ფორმითა და შინაარსით მოხდა მოსარჩელის მიმართ სამართლის გამოყენება და რის კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს იგი. მსგავსი დავების ფარგლებში კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების ზოგადი სტანდარტის გამოყენება მიზანშეუწონელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, არ არსებობს დიდი რაოდენობით დაუსაბუთებელი სარჩელების წარდგენის საფრთხე, ხოლო, მეორე მხრივ, ფაქტები იძლევა მოსარჩელის პრობლემის იმგვარად იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რომ, როგორც წესი, ნაკლებია მის მიერ უფლების შეზღუდვის ფორმისა და ხასიათის წარმოჩენის საჭიროება. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, გადაწყვიტოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა ზოგადად და არა იზოლირებულად, რომელიმე კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.
7. ამავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან. შესაბამისად, ხსენებული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის წარმდგენ სუბიექტს დაუსაბუთებლობის მოტივით კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიუღებლობის შემთხვევაში არ ექნება შესაძლებლობა, თავიდან მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამრიგად, ამ სამართალწარმოების ფარგლებში კონსტიტუციის დებულებაზე სწორად მითითების მოთხოვნამ შესაძლებელია, პირს სრულად წაართვას საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გამოყენება. ამდენად, შესაძლოა, ხსენებული კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციურ სარჩელში უფლების დამდგენი რომელიმე კონსტიტუციური დებულების მიუთითებლობამ მოსარჩელეს სამუდამოდ წაართვას დარღვეული უფლების აღდგენაზე დავის შესაძლებლობა. აღნიშნული, ბუნებრივია, არ არის კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის მიზანი.
8. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ უნდა შეზღუდოს მოსარჩელის მიერ საქმის არსებითი განხილვისას კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების დარღვევაზე დამატებით მითითების შესაძლებლობა. შესაბამისად, ასეთ საქმეებზე დავის საგანი უნდა იყოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა კონსტიტუციის დებულებების სახელდებით მითითების გარეშე. დავის საგნის ამგვარად ჩამოყალიბება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, სრულყოფილად შეაფასოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხი მისი სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
9. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში დავის საგნად, №3/1/1473 საოქმო ჩანაწერის მსგავსად, მიეთითება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა ცალკეულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის №1/2/378 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დავის საგანია „ვალერი გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 31 მარტის დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. ანალოგიურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 მარტის №2/2/394 განჩინებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბადრი ნანეტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დავის საგანია „ბადრი ნანეტაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 21 ივნისის დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. მივიჩნევ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აღნიშნული პრაქტიკა უნდა შეეცვალა და დავის საგნად განეხილა დადგენილების კონსტიტუციურობა ცალკეულ კონსტიტუციურ დებულებებზე მითითების გარეშე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში