ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/1673 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 28 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 თებერვალი 2022 17:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების და 281 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1673) მომართა ლონდა თოლორაიამ. №1673 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 28 თებერვალს.
2. №1673 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანამდევ შედეგებს. კერძოდ, 2022 წლის პირველი მარტიდან უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. ამასთანავე, სადავო ნორმებით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობებზე დანიშვნის წესი, წესრიგდება სამსახურთან დადებული გარიგებების საკითხი და კანონში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების თარიღები. გარდა ამისა, დადგენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების დაწყების პირობები და აღნიშნული სამსახურის ქონებით აღჭურვის საკითხი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას და საჯარო თანამდებობის განხორციელების პირობებს.
5. №1673 კონსტიტუციური სარჩელში მოსარჩელეა სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით თანამდებობაზე დაინიშნა 2025 წლის 3 ივლისამდე. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად მისი ლეგიტიმური მოლოდინისა, რომ თანამდებობას განახორციელებდა კანონით განსაზღვრული ვადით, სადავო ნორმების საფუძველზე, მას ვადაზე ადრე, 2022 წლის პირველ მარტს უწყდება უფლებამოსილება. მოსარჩელისთვის პრობლემურია არა ზოგადად რეფორმის შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ სამსახურად გაყოფა, არამედ აღნიშნული რეფორმის 2025 წლის 3 ივლისამდე, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, განხორციელება.
6. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი არსისა და ფუნქციის გათვალისწინებით, წარმოადგენს საჯარო თანამდებობას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არ არის კონსტიტუციური ორგანო, სამსახურის ფუნქციამ განაპირობა მისი მთელი რიგი გარანტიების საფუძველზე შექმნის აუცილებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის ხელშეუხებლობისთვის დადგენილია ზუსტად იგივე გარანტიები, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა სხვა არჩევითი თანამდებობის პირებისთვის. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მითითებით, სახელმწიფო ინსპექტორი ახორციელებს სამ მნიშვნელოვან ფუნქციას: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიებას; პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების; ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს. ადამიანის ღირსების, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვის, ასევე პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური ჩარევის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. აღნიშნული ფუნქციების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის დაკისრება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვისა, ასევე გვერდითი ეფექტის სახით გავლენას ახდენს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ არასათანადო მოპყრობის აკრძალვასა და კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების უფლებაზე.
7. იმისათვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა კი, გავლენას ახდენს ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების 2025 წლის 3 ივლისამდე შესრულება უზრუნველყოფს სამსახურის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიებისა და ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვის პროცესში.
8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახური სარგებლობენ იმავე უფლებამოსილებით, რაც, მოცემულ სფეროში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გააჩნდა. შესაბამისად, არ ხდება ისეთი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ იცვლება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოსარჩელე სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებულია ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს ‒ სახელმწიფო ინსპექტორს, თანამდებობრივი უფლებამოსილება უწყდება უპირობოდ.
9. მოსარჩელე მხარის მითითებით, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანი ‒ განსახორციელებელ კომპეტენციათა შორის ინტერესთა კონფლიქტის გადაწყვეტა წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ მსჯელობას და არ ეფუძნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტს შეეძლო, ერთი მხრივ, ინტერესთა კონფლიქტის თეორიული საფრთხე დაეზღვია გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებით, ხოლო, მეორე მხრივ, ინსპექტორს მისცემოდა ერთ-ერთი ან ტოლფასი თანამდებობის დაკავების უფლება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული თანამდებობიდან გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისათვის ჰქონდა არა მხოლოდ 2025 წლის 3 ივლისამდე თანამდებობის შენარჩუნების, არამედ შესაბამისი უფლებამოსილების სრული მოცულობით განხორციელების მოლოდინი. შესაბამისად, ნორმები, რომლებიც აწესრიგებს ინსპექტორის სამსახურის ფუნქციურ გაყოფასა და მის თანამდევ შედეგებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გადანაწილებას ახლადშექმნილ დაწესებულებებში, ახალი ხელმძღვანელების დანიშვნას, ისევე, როგორც ახლადშექმნილი დაწესებულებების ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას და მათთვის ფუნქციების მინიჭებას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევას, ვინაიდან აფერხებს მოსარჩელის მიერ საჯარო სამსახურში უფლებამოსილების განხორციელებას.
11. №1673 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მას უფლებამოსილება უწყდება 2022 წლის პირველ მარტს. აღნიშნული დროისათვის დასრულებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ნაწილად ‒ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურად და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურად გაყოფის პროცესი, არჩეული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მოსარჩელე ვერ აღდგება ინსპექტორის თანამდებობაზე. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ არსებობს მესამე პირის უფლებების დაცვის საჭიროება, რაც ნორმების შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1673 კონსტიტუციურ სარჩელით მოსარჩელე, მათ შორის, სადავოდ ხდის „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმებით დადგენილია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის ამოქმედების ვადები, რომელთა მიხედვითაც, ერთი ნაწილი ცვლილებებისა უკვე ამოქმედდა, ხოლო მე-2 ნაწილი კი ამოქმედდება 2022 წლის პირველი მარტიდან.
3. №1673 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, სადავო ნორმათა საფუძველზე, იზღუდება სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების განხორციელების ვადები და, იმავდროულად, ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციის სხვა სამსახურებისათვის მინიჭებით, ირღვევა მისი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საჯარო თანამდებობის განხორციელების უფლება.
4. როგორ უკვე აღინიშნა, სადავო ნორმები განსაზღვრავს კანონში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების თარიღს. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს უწყდება უფლებამოსილება და ეზღუდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისათვის დადგენილი კომპეტენციები, რაც მიემართება იმ სადავო ნორმებს, რომლებიც ადგენს კონკრეტულად აღნიშნულ შეზღუდვებს და არა მათი ძალაში შესვლის, ამოქმედების თარიღებს. ზოგადად, კანონმდებლობით მოწესრიგებულია ამა თუ იმ აქტის ძალაში შესვლის ვადები, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში კანონმდებელი განსაზღვრავს რეგულირების ამოქმედების განსხვავებულ, დაუყოვნებლივ ან უფრო გვიანდელ თარიღს. კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე საერთოდ არ ასაბუთებს, რა შეზღუდვას შეიძლება იწვევდეს მისთვის პრობლემური წესის დაუყოვნებლივ ან კონკრეტული თარიღით განსაზღვრული ძალაში შესვლის მარეგულირებელი ნორმა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიჩნევს, რომ საქართველოა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ესა თუ ის ნორმატიული აქტი, მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს სწორედ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელის აზრით არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტის ამოქმედების გადავადების განმსაზღვრელი აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს პრობლემას უქმნის არა კონკრეტული ვადები, არამედ ასამოქმედებელი ან მოქმედი აქტით განსაზღვრული ნორმატიული წესი (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები: ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
5. კონსტიტუციური სარჩელით, ასევე სადავოდ არის გამხდარი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა. სადავო ნორმები ადგენს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას, 2022 წლის პირველ აპრილამდე უზრუნველყოს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების სათანადო ქონებით აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, მისი ქონების, თანამშრომლებისა და კომპეტენციების ახალი სამსახურებისათვის გადანაწილების წესი.
6. სადავოდ გამხდარი ნორმების მიზანი და მოწესრიგების სფერო შემოიფარგლება საქართველოს მთავრობისათვის დავალდებულების დადგენით, უზრუნველყოს შესაბამისი სამსახურების სათანადო ქონებით აღჭურვა. შესაბამისად, სადავო ნორმებს არ გააჩნიათ მზღუდავი, მით უფრო მოსარჩელის კომპეტენციებსა და უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პირობებზე გავლენის მომხდენი ხასიათი. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორი აღქმით.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1673 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. №1673 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების და 281 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა მას უზღუდავს უკვე დაკავებული საქმიანობის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლებას.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
10. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს წვდომა საჯარო თანამდებობაზე. დასახელებული კონსტიტუციური დებულება იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს ‒ არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი ამავე ნორმის მე-2 წინადადება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13).
11. სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და მისი კომპეტენციების, ბიუჯეტის ფორმირების თანამშრომლების ახლად შექმნილ სამსახურებს შორის გადანაწილების პირობებს. ამდენად, გასაჩივრებული ნორმების ანალიზის შედეგად, ნათელია, რომ მათ მიმართება აქვთ არა საჯარო თანამდებობის დაკავების, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებთან.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების და 281 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, №1673 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. №1673 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
14. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
15. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მას პირველ მარტს შეუწყდება უფლებამოსილება და, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს თანამდებობაზე საკუთარი უფლებამოსილებებითა და კომპეტენციით აღდგენას.
16. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის გარდაუვალი საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
19. ამრიგად, განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელეს, სადავო ნორმათა მოქმედების პირობებში, რამდენად ადგება გამოუსწორებელი ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მას მართლაც მიადგება ზიანი. კერძოდ, შეუწყდება უფლებამოსილება და ვეღარ შეძლებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას. თუმცა, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს თავისი პრაქტიკით დადგენილი, მოსარჩელის ინტერესებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, განყენებულად, არ წარმოშობს სადავო ნორმების შეჩერების საფუძველს. ამგვარად, ცალკე მსჯელობის საგანია, გამოსწორებადი იქნება თუ არა აღნიშნული ზიანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად.
20. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული დანაწესი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა ... ადამიანი მოკლებული იქნებოდა კონსტიტუციურსამართლებრივი დაცვის საშუალებებს ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ II-5). იმავდროულად, სწორედ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის არდაშვება და უფლებების დაცვის/აღდგენის საკმარისი, ეფექტური გარანტიების, მექანიზმების უზრუნველყოფა არის სამართლებრივი უსაფრთხოების ფუნდამენტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
21. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ არქიტექტურაში, არაკონსტიტუციური ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადებით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და, შესაბამისად, ნეგატიური კანონმდებლის ექსკლუზიური კომპეტენციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა აღჭურვილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, განმარტოს კონსტიტუცია და კონსტიტუციასთან შეუსაბამო კანონმდებლობის გაუქმების გზით დაიცვას მისი (კონსტიტუციის) უზენაესობა, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და მოაქციოს ხელისუფლების საქმიანობა კონსტიტუციით დადგენილ ჩარჩოებში. საკონსტიტუციო სასამართლო არ წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის განმარტებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება კონსტიტუციის შინაარსის ობიექტური და მიუკერძოებელი დადგენა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-111).
22. ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებით საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს მისთვის დაკისრებული კონსტიტუციური ფუნქციის ქმედითობას. იმავდროულად, აქტები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და ძალადაკარგულად აცხადებს, არაკონსტიტუციურია მათი მოქმედების სრულ პერიოდში და ამა თუ იმ უფლების დარღვევას იწვევენ მისი მოქმედების, სამართლებრივი შედეგის დადგომის მომენტიდან. აღნიშნულისაგან საპირისპირო მსჯელობის არსებობის პირობებში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანობა, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებით ხელისუფლების ბოჭვის ვალდებულება. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები არაკონსტიტუციურია, ისინი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას შეზღუდავენ იმ მომენტიდან, როდესაც ფაქტობრივ და სამართლებრივ შედეგებს დააყენებენ, კონკრეტულად კი პირველი მარტიდან. შესაბამისად, მოსარჩელისთვის სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის შეწყვეტა არაკონსტიტუციური იქნება ნორმების ძალაში შესვლის მომენტიდან.
23. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის შინაარსისა და მოწესრიგების სფეროს გათვალისწინებით, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის პირობებში, მოსარჩელეს არ ეზღუდება უფლება, მოითხოვოს არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედებით დამდგარი შედეგის აღმოფხვრა. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა პირის საჯარო თანამდებობის განხორციელების უფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს პირის ძირითადი უფლებების აღდგენა-გამოსწორება. მოცემულ შემთხვევაშიც, არ არსებობს გარემოება, რომელიც, სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის პირობებში, სახელმწიფოს გაათავისუფლებდა უფლებაში მოსარჩელის ეფექტიანად აღდგენის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს ზიანი, რომელზეც მიუთითებს მოსარჩელე, „გამოუსწორებლად“ სამართლებრივი თვალსაზრისით.
24. მართალია, სადავო ნორმების ძალაში შესვლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მოსარჩელეს შეუწყდება უფლებამოსილება, თუმცა, უფლების ამგვარი შეზღუდვა, როგორც ცალკე აღებული ფაქტი, ვერ იქნება გათანაბრებული გამოუსწორებელი შედეგის დადგომასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში, თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების სავარაუდო შეზღუდვა, ჩვეულებრივ, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ ყოველთვის სახეზეა სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. საზოგადოდ, სასამართლო არ უარყოფს, რომ ყოველთვის მართლაც არ არის შესაძლებელი უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგის მოსალოდნელობა, რა დროსაც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს მხოლოდ ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“ II-16).
25. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის ნათლად ნაჩვენები, თუ რატომ არის, თეორიულ-სამართლებრივი თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, შეუძლებელი, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში, მოსარჩელის იმ უფლებებში აღდგენა, რომელიც ახლა მას დარღვეულად აქვს ნაგულები, ან/და რატომ დარჩება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღუსრულებელი. გამოუსწორებელი ზიანის დადგომის პერსპექტივას მოსარჩელე უკავშირებს იმ გარემოებას, რომ 2022 წლის პირველი მარტიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების თანამდებობაზე განმწესებული ორი პირი. მოსარჩელის აზრით, ეს შეუძლებელს გახდის მისი სამსახურის აღდგენას და მის დაბრუნებას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე. თუმცა მოსარჩელეს ჯეროვნად და დამაჯერებლად არ აუხსნია, რატომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, უკვე შეუდგნენ თუ არა მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების თანამდებობაზე განმწესებული პირები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას; რატომ იქნება ამ ორი პირის მხრიდან უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების გზით მისი უფლების აღდგენა სრულიად უპრობლემო, ხოლო უფლებამოსილების განხორციელების დაწყების შემდეგ ‒ შეუძლებელი და აზრსმოკლებული. გაუქმებული სამსახურის ბაზაზე შექმნილი ორი ახალი სამსახურის უფროსების თანამდებობებზე პირთა განწესება, ყველა შემთხვევაში, ანგარიშგასაწევი და მხედველობაში მისაღები გარემოება იქნება სასამართლოსთვის, იმის მიუხედავად, შეჩერებული სადავო ნორმების პირობებში იმსჯელებს იგი არსებითად მათ კონსტიტუციურობაზე, თუ შეუჩერებლობის შემთხვევაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მხოლოდ სადავო ნორმების შეჩერების პირობებში იქნება შესაძლებელი მოსარჩელის დარღვეულად ნაგულები უფლებების აღდგენა, ხოლო შეუჩერებლობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი გახდება.
26. სადავო ნორმის შეჩერების აუცილებლობაზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარე, ასევე აპელირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერზე მიღებულს საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო სადავო ნორმების შეჩერების გადაწყვეტილება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შედეგად, შესაძლებელი იყო დარღვეულიყო „იმ პირთა უფლება, რომლებიც არჩეული იყვნენ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებად, იღებდნენ (ან მომავალში მიიღებდნენ) მონაწილეობას კონკურსში სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად“. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, კონკურსში მონაწილეობა მათ აღნიშნული თანამდებობის დაკავების გარკვეულ მოლოდინს უქმნიდა, მაგრამ ასეთი მოლოდინი ვერ გახდებოდა ისეთი სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი, რომლის მოქმედებას შეეძლო მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგი გამოეწვია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). თუმცა საქმეც ისაა, რომ ამ საქმის გარემოებები განსხვავდება წინამდებარე საქმის გარემოებებისაგან. დასახელებულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მომენტისათვის საქართველოს პარლამენტს ჯერ არ ჰყავდა არჩეული (სამეთვალყურეო საბჭოს) 7 ახალი წევრი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). წინამდებარე საქმეში კი საქმე გვაქვს ვითარებასთან, სადაც სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მომენტისათვის, საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილი სათანადო პროცედურის მეშვეობით, უკვე გამწესებულია შესაბამისი პირები ორივე ახალი სამსახურის (პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის) უფროსების თანამდებობებზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პირები არ არიან შესაბამისი თანამდებობების დაკავების მხოლოდ ლეგიტიმური მოლოდინის მდგომარეობაში; ისინი უკვე განმწესებული არიან ამ თანამდებობებზე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, რაც იმას მიუთითებს, რომ მათი უფლებრივი საკითხები, სხვა რელევანტურ გარემოებებთან ერთად, ასევე უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული ნორმის მოქმედების შეჩერების გონივრულობის შეფასებისას.
27. საკონსტიტუციო სასამართლო პრინციპულად იზიარებს და ადასტურებს თავის მიდგომას, რომ „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ცხადია, ეს სრულიადაც არ გულისხმობს იმას, თითქოს, საკონსტიტუციო სასამართლო, წინმსწრებად, უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ თანამდებობებზე განმწესებული ამ ორი პირის უფლებას, შეინარჩუნონ თანამდებობა, ვიდრე მოსარჩელის ანალოგიურ უფლებას. ზემოაღნიშნული ორი პირის უფლებებზე მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ მიზანს ისახავს, ნათელი გახადოს, რომ მათი უფლებრივი საკითხები გამორიცხული ვერ იქნება ღირებულებათა შექმნილი კონფლიქტის შეფასებიდან ყველა დაპირისპირებულ ღირებულებასა და ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსის განსაზღვრისას, და რომ ამ პირების თანამდებობაზე განმწესების ფაქტორი სადავო ნორმების როგორც შეჩერების, ისე შეუჩერებლობის შემთხვევაში, არის და იქნება მხედველობაში მისაღები, რაც თავის როლს შეასრულებს ინტერსთა დაბალანსების დროს. სასწორის შესაბამის პინაზე ამ ფაქტორს ორივე შემთხვევაში ექნება თავისი ადგილი. სხვა საქმეა, არსებითი განხილვის დროს კიდევ რა ლეგიტიმური ინტერესები გამოიკვეთება ორივე მხარეს და საით გადაიხრება სასწორი.
28. საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე მნიშვნელოვნად ესახება ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე: დაპირისპირებულ ინტერესთა სამართლიანი ბალანსის ჭრილში განხილვა სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის დროსაც არის რელევანტური, თუმცა ასეთ დროს, საკონსტიტუციო სასამართლო prima facie მოცემულობებსა და დასკვნებს ეყრდნობა. მათ შორის, მნიშვნელოვანია იმ ლეგიტიმური მიზნების რაობა, რის მიღწევასაც სადავო ნორმის ავტორი ესწრაფვის და რასაც უფლების შეზღუდვა ემსახურება. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციური დაყოფა ორ სამსახურად, კომპეტენციათა კონფლიქტის თავიდან აცილებას ემსახურება და რომ ეს მართლაც შესაძლოა წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს, რის საფუძველზეც შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებისაგან დაცვის უფლება. თუმცა, მოსარჩელის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის საფრთხე სინამდვილეში მხოლოდ თეორიულია და პრაქტიკაში ეს საკითხი არ დგას.
29. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის მართებულად გადაწყვეტის მიზნებისათვის და საქმეზე გამწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, სასამართლო არ დგას იმის აუცილებლობის წინაშე, საფუძვლიანად გამოიკვლიოს, სადავო ნორმების საფუძველზე ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის წარმოშობა მხოლოდ ჰიპოთეტურია თუ რეალური, რომელ/როგორ შემთხვევებს შეიძლება იგი უკავშირდებოდეს, რამდენად ხშირად შეიძლება ამგვარი საფრთხე წარმოიშვას და პრაქტიკაში რეალიზდეს. საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვის ამ ეტაპზე შემოიფარგლება მხოლოდ იმის შეფასებით, შეიცავს თუ არა სადავო ნორმები prima facie ამგვარი კონფლიქტის წარმოშობის პოტენციალს.
30. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი, ცალკეულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორისათვის მინიჭებული ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ შესრულება იმას გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გამოიძიოს გარკვეული დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინაც, როდესაც დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან საკუთრივ გამომძიებელთა მხრიდან. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადგილი აქვს ინსპექტორის სამსახურის მიერ, ერთი მხრივ, გამოძიებისა და, მეორე მხრივ, გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების ერთმანეთში აღრევას, რაც იწვევს ინტერესთა კონფლიქტს შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწევს საკუთრივ გამომძიებელთა მიერ ჩადენილი დარღვევების გამოძიება. შესაბამისად, განმარტებითი ბარათის მიხედვით, სწორედ ორივე ამ ფუნქციის ჯეროვნად შესრულების მიზნით გამიჯნა საქართველოს პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და დაუქვემდებარა იგი ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ორგანოს.
31. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლაც, მითითებულ კონკრეტულ შემთხვევაში prima facie გამორიცხული არ არის ინტერესთა იმგვარი კონფლიქტის წარმოშობა, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას როგორც არსებითად, ისე მათი საჩინარობის თვალსაზრისით, რაც ასე მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესისა და მისი პრინციპებისადმი ხალხის ნდობის შესანარჩუნებლად. ამგვარად, სასამართლო ვერ უარყოფს იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმები ინტერესთა კონფლიქტის პოტენციას შეიცავს, რომლის უკანაც დგას დამოუკიდებელი გამოძიების ინტერესი და კონკრეტულ პირთა უფლებები.
32. ამის გათვალისწინებით და ღირებულებათა კონფლიქტის ჭრილში, სადავო ნორმების შეჩერების აუცილებლობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე პერიოდში, რომელი ნორმის მოქმედებაში დატოვება უფრო მეტი საფრთხის შემცველია ‒ ნორმისა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ უფლებას ზღუდავს, თუ იმ ნორმისა, რომელიც უშვებს ინტერესთა იმგვარი კონფლიქტის შემცველი ინსტიტუციის საქმიანობას, რომელიც გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ინტერესებს, და, მასთან ერთად, სხვა პირთა უფლებების დაცულობას აყენებს ეჭვის ქვეშ. საკონსტიტუციო სასამართლო იმ აზრისაა, რომ „გამოუსწორებელი ზიანის“ არარსებობის გათვალისწინებით, prima facie არ იკვეთება საფრთხის ქვეშ მყოფი ინდივიდუალური უფლების დამაჯერებელი პრიორიტეტი ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის საჯარო ინტერესზე, რაც, კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის პირობებში, ცალსახად გაამართლებდა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ‒ შესაძლებლობას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იშვიათ, გამონაკლის შემთხვევებში იყენებს.
33. ამასთან, ზემოთქმული არ გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლო მხრიდან დასახელებულ ინტერესთაგან რომელიმე მათგანისათვის წინასწარი უპირატესობის მინიჭებას. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის შედეგად შეძლებს გააკეთოს საბოლოო დასკვნა იმის თაობაზე, იყო თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეთავსებადი, სადავო ნორმების საფუძველზე, განხორციელებული სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრისა და გამოძიების დამოუკიდებლობის prima facie ლეგიტიმური მიზნებით, მათ შორის, უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შემოწმების გზით, სწორედ დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან, ისევე, როგორც კონფლიქტში ჩართულ და თანაბრად ლეგიტიმურ - სხვა ინტერესებთან მიმართებითაც, როგორიც არის სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტების შეუფერხებელი ფუნქციონირების საჯარო ინტერესი.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მექანიზმის გამოყენებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1673 კონსტიტუციური სარჩელი („ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების და 281 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1673 კონსტიტუციური სარჩელი („ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 281 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტების და 281 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების შეჩერების მოთხოვნის არდაკმაყოფილებას.
2. მივიჩნევ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას უნდა შეეჩერებინა სადავო ნორმების მოქმედება.
I. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მიზანი და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი ცალკეული სტანდარტები
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციურ არსენალში შემავალი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბერკეტია, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე "ა(ა)იპ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-31).
4. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების კომპეტენციის ამგვარი შინაარსობრივი დატვირთვის მიუხედავად, მისი გამოყენება მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, გაწერილი საკანონმდებლო და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტებით დაიშვება. სწორედ აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფენ გონივრულ, სამართლიან და რეალურ ბალანსს, ერთი მხრივ, მოსარჩელისადმი სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მიყენებულ ზიანსა და, მეორე მხრივ, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების პოტენციურ შედეგებს შორის.
5. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, „კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე "ა(ა)იპ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-34).
6. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების რამდენიმე წინაპირობა ჩამოყალიბდა, რომელთა არსებობა/არარსებობის საფუძველზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს რამდენად არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საჭიროება/შესაძლებლობა.
7. აღნიშნულ კრიტერიუმებს შორის უპირველესია სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის არსებობა. „საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-20). აქვე, უნდა განიმარტოს, რომ „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
8. გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამგვარი საფრთხე უნდა იყოს რეალური და მყისიერი. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მოსარჩელეს უდგენს ვალდებულებას, „დაასაბუთოს, ნორმის მოქმედების პირობებში, განჭვრეტად მომავალში, მისი უფლებების შეუქცევადად დარღვევის რეალური საფრთხის არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის №2/3/868 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37).
9. განხილულ კრიტერიუმებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობის პასუხად არაერთხელ მიუთითა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების კრიტერიუმზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, იმდენად, რამდენადაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის გამოყენება იმთავითვე წარმოშობს, ერთი მხრივ, მოსარჩელის, ხოლო, მეორე მხრივ, მესამე პირების ან/და საჯარო ინტერესების შეპირისპირების მოცემულობას, დღის წესრიგში დგება დაპირისპირებულ ინტერესთა შორის ადეკვატური ბალანსის მიღწევის აუცილებლობა.
11. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს რამდენად შეიცავს სადავო ნორმების მოქმედება მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს, რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული საფრთხე რეალურობისა და მყისიერების კრიტერიუმს, ასევე შესაძლებელია თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც.
II. სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების შესაბამისობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან
გამოუსწორებელი შედეგი და ამგვარი შედეგის აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობის არარსებობა
12. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის შეუჩერებლობის შემთხვევაში, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორს ვადაზე ადრე შეუწყდება უფლებამოსილება, ხოლო, მეორე მხრივ, ახალშექმნილი სამსახურები შეითავსებენ მის ფუნქციებს და არჩეული იქნებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსები. შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე განიცდის შეუქცევად ზიანს, რამდენადაც ვეღარ შეძლებს თანამდებობაზე აღდგენას, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის სრული მოცულობით განხორციელებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება 2022 წლის პირველი მარტიდან. ამ პერიოდიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად ფორმირებული სამსახურების ახალი უფროსები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, თანამდებობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, რომლის აღდგენის შესაძლებლობაც მოსარჩელეს არ გააჩნია, მიიჩნევა მხარისათვის მიყენებულ გამოუსწორებელ ზიანად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ" II- 40, 41, 42). განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების და მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის პირობებშიც კი, მოსარჩელეს არ გააჩნია სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მისი კონსტიტუციური უფლების აღდგენას, სადავო ნორმით მოსარჩელის უფლებაში ჩარევის შედეგად გამოწვეული შედეგის გამოსწორებას, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, მისი თანამდებობა უკვე დაკავებული, ფუნქციები კი სხვა სამსახურებისთვის გადანდობილი იქნება.
14. აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, №1/1/1673 საოქმო ჩანაწერში სადავო ნორმის შეუჩერებლობის ძირითად არგუმენტად მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ნორმა კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და, შესაბამისად, მოსარჩელეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით ძირითად უფლებაში აღდგენის შესაძლებლობა ექნება.
15. აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობრივია თავად კანონმდებლობით დადგენილ იმ წესრიგთან, რომელიც განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტს მის გამოქვეყნებამდე არსებულ ურთიერთობებზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს ამ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგები შემოფარგლება ნორმისთვის იურიდიული ძალის გამოცლით, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტთან ან უშუალოდ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სხვა, გვიანდელ ვადასთან. ნიშანდობლივია ისიც, რომ მსგავს შინაარსს იმეორებს საერთო სასამართლოთა პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არსებულ ურთიერთობასთან მიმართებით, რიგ შემთხვევებში, დასაშვებია არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის გამოყენება. თავად საკონსტიტუციო სასამართლოც განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რაც ქმნის საფრთხეს, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე "ა(ა)იპ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II -32). საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტის შესახებ აღნიშნული განმარტება სწორედ ნორმის შეჩერების კონტექსტში, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის წარმოსაჩენადაა გაკეთებული.
16. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების გათვალისწინებით, სრულიად გაურკვეველია რა სამართლებრივ მოცემულობას, არგუმენტაციას ეფუძნება მოსამართლეთა მსჯელობა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ეტაპზე განხილვაში მყოფი №678 და №719 სარჩელების (ე.წ. „ეფექტის“ საქმე) ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი და, შესაბამისად, შეჩერების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები თავად განიხილავენ საკითხს იმის შესახებ თუ, როგორია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტი და კონსტიტუციასთან თავსებადია თუ არა არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება/ის ნორმები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტს ადგენს.
17. გარდა ამისა, ბუნდოვანია საოქმო ჩანაწერის ძირითად აზრში განვითარებული მსჯელობა პირის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეს სადავო ნორმის შეჩერებაზე უარს ეუბნება იმ საფუძვლით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე დარღვეულ უფლებაში აღდგება, იგი, როგორც წესი, უთითებს იმ საკანონმდებლო შესაძლებლობასა თუ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს მის უფლებაში აღდგენის შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო არ უთითებს, და მოცემული კანონმდებლობის გათვალისწინებით ვერც მიუთითებს, თუ რა მექანიზმი უზრუნველყოფს პირის იმ თანამდებობაზე განწესებას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროისთვის საერთოდ აღარ იარსებებს. იმავდროულად, თუ დავუშვებთ, რომ პირველი კოლეგიის მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოსარჩელის უფლებაში აღდგენის ეფექტის კონტექსტში გასაზიარებელია, ერთი მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხანგრძლივ ვადებთანაა დაკავშირებული, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელის თანამდებობა კონკრეტული ვადითაა შემოსაზღვრული, გაუგებარია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციიდან იკვეთება, თუ როგორ, რა პირობებში და ვადით უნდა მოხდეს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა მისი უფლებამოსილების კანონისმიერი ვადის ხანგრძლივობის დაურღვევლად.
18. შესაბამისად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის არსებითად განხილვის შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ სადავო ნორმებს, სასამართლოს გადაწყვეტილება, a priori, ვერ გამოიწვევს ვერც მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციას და, მით უფრო, ვერც თავდაპირველი status quo-ს აღდგენას.
19. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში დეკლარაციულად დაადგენს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციური ნორმების საფუძველზე მოხდა, თუმცა უშუალოდ აღნიშნული გადაწყვეტილების კონკრეტული აღსრულება, მისი ფორმა, შინაარსი, მასშტაბი, მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის შემდგომ მოქმედებებზე, რომელიც, არსებული წესრიგის გათვალისწინებით შებოჭილი არ არის ვალდებულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი გაავრცელოს უკუძალით. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ ავალდებულებს საქართველოს პარლამენტს თანამდებობაზე აღადგინოს პირი, რომელსაც არაკონსტიტუციური ნორმების საფუძველზე შეუწყდა კონკრეტული უფლებამოსილება, ილუზორული იქნება მსჯელობა და მოლოდინი პარლამენტზე, რომელიც, რამდენადაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს პოლიტიკურსავე გადაწყვეტილებებს, უარყოფს საკუთარ პოლიტიკურ რეფორმას და თავს შეიბოჭავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სულისკვეთებით.
20. შესაბამისად, მივიჩნევ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელეს ადგება შეუქცევადი ზიანი და იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითი განხილვის შედეგად სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად ცნობს, მოსარჩელისათვის დამდგარი გამოუსწორებელი შედეგის კომპენსირება მთლიანად იქნება დამოკიდებული საკანონმდებლო ხელისუფლების პოლიტიკური მიხედულების ფარგლებზე. ამდენად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას განსახილველ შემთხვევაში არ გააჩნია მოსარჩელის უფლებაში აღდგენის ხელშესახები რესურსი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არშეჩერებით მოსარჩელის უფლებების დარღვევაზე ქმედით, შედეგიან რეაგირებას მთლიანად პოლიტიკურ პროცესს და პოლიტიკური უმრავლესობის ნებას უქვემდებარებს, რითიც, თავის მხრივ, ზიანი ადგება ეფექტიანი საკონსტიტუციო მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ზოგად ინტერესსაც.
გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალურობა და სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით ამგვარი შედეგის დადგომის აღმოფხვრის შესაძლებლობა
21. განსახილველ შემთხვევაში ძალაში შესული სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება 2022 წლის პირველი მარტიდან, რის შემდგომაც უფლებამოსილების ფაქტობრივ განხორციელებას შეუდგება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად ფორმირებული ორი ახალი სამსახური და მათი ახალარჩეული უფროსები. შესაბამისად, უდავოა, რომ მოსარჩელისადმი დამდგარი გამოუსწორებელი შედეგი და მისი უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხე რეალური და მყისიერია.
22. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება უზრუნველყოფდა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ უფლებამოსილების უწყვეტ განხორციელებას, შესაბამისი საჯარო ფუნქციების შესრულებას და ახალარჩეული სამსახურების ფორმირების, მათი უფროსების საქმიანობის განხორციელების შეჩერებას. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს მოსარჩელის არსებული თანამდებობრივი მდგომარეობა. ამდენად, განსახილველ საქმეში სადავო ნორმის შეჩერება ქმედითად უზრუნველყოფდა მოსარჩელისათვის რეალური გამოუსწორებელი შედეგის დადგომის პრევენციას.
სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით მესამე პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხე
23. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების აღნიშნულ ეტაპზე, სასამართლო დგას, ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესების, ხოლო, მეორე მხრივ, მესამე პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაბალანსების საჭიროების წინაშე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ცალ-ცალკე შეფასდეს მოცემულ საქმეზე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით ადგება თუ არა მესამე პირების უფლებებს ან/და საჯარო ინტერესებს რაიმე ზიანი და გადაწონის თუ არა ეს ზიანი მოსარჩელისას.
24. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას იმ მოცემულობას, რომ განსახილველ შემთხვევაში მესამე პირების უფლებებისათვის საფრთხის შექმნის შინაარსში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად ფორმირებული ახალი სამსახურების უფროსების უფლებებისათვის საფრთხის მიყენების მოაზრება იმთავითვე უსაფუძვლოა. ამ მხრივ საყურადღებოა ის მოცემულობა, რომ ხსენებული სამსახურის უფროსები, მართალია არჩეულ იქნენ თანამდებობაზე, თუმცა უშუალოდ მათი უფლებამოსილების განხორციელების დაწყება დაკავშირებულია კონკრეტულ თარიღთან - 2022 წლის პირველ მარტთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ცხადად მიუთითებს, იმაზე, რომ ზოგადად თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობა ადამიანებს აღნიშნული თანამდებობის დაკავების გარკვეულ მოლოდინს უქმნის, თუმცა ასეთი მოლოდინი ვერ გახდება ისეთი სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი, რომლის მოქმედებამ შესაძლოა მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგი გამოიწვიოს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ", II-42).
25. აღნიშნულის მიღმაც, მოსარჩელისა და ახალშექმნილი სამსახურების უფროსების ინტერესების შეპირისპირებაც ცხადად მეტყველებს მათი ინტერესების შელახვის განსხვავებულ მასშტაბებზე. მოსარჩელე წარმოადგენს თანამდებობის პირს, რომელიც 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ თანამდებობაზე არჩეულ იქნა 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით. ამასთან, სადავო ნორმების მიღების პერიოდისთვის მოსარჩელე ახორციელებდა მის კომპეტენციას და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იყო მისი უფლებამოსილების ვადის ნახევარზე მეტი. ცხადია, ასეთ პირობებში არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი უფლებამოსილების ბოლომდე განხორციელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც, ზოგადად, მომდინარეობს ვადიანი თანამდებობის უწყვეტობისა და სტაბილურობის მახასიათებლიდან. ამის საპირისპიროდ კი, გვაქვს იმ პირთა ინტერსები, რომლებიც მართალია შესაბამისი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე არჩეულ იქნენ, თუმცა უფლებამოსილების ფაქტობრივი განხორციელება ჯერ არ დაუწყიათ. ამასთან, ჯერ კიდევ იმ პერიოდისთვის, ვიდრე მათ თანამდებობაზე აირჩევდნენ, თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსისა და შემდგომი საპარლამენტო პროცედურების პარალელურად მათთვის ცნობილი იყო/უნდა ყოფილიყო ფაქტი იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგში იდგა იმ ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხი, რომლებიც მათი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებას 2022 წლის პირველი მარტიდან ითვალისწინებდნენ.
26. აღნიშნული მსჯელობის საპირისპიროდ, საოქმო ჩანაწერის თანახმად, სასამართლო მოსარჩელის ინტერესს უპირისპირებს ახალშექმნილი სამსახურების მომავალი უფროსების ინტერესს და მიუთითებს, რომ ისინი უკვე განწესებულნი არიან ამ თანამდებობებზე უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, რაც სხვა რელევანტურ გარემოებებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შეჩერების გონივრულობის შეფასებისას.
27. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა 2022 წლის 28 იანვარს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსები საქართველოს პარლამენტმა აირჩია 2022 წლის 15 თებერვალს. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნდა, რომ სადავო ნორმის შეჩერების დამაბრკოლებელი გარემოება, მათ შორის, გახდებოდა ახალი სამსახურის უფროსების თანამდებობაზე განწესება, მას შეჩერების საკითხი უნდა შეეფასებინა იქამდე, ვიდრე ფაქტობრივი მოცემულობა შეიცვლებოდა, ვიდრე საქართველოს პარლამენტი ამ თანამდებობისთვის შეარჩევდა კონკრეტულ პირებს. ამასთან, სასამართლო საოქმო ჩანაწერით, ერთ მხრივ, მოსარჩელეს უთითებს, რომ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად, მას შეეძლება საკუთარ უფლებებში აღდგენა, თუმცა, იმავდროულად, მხედველობის მიღმა ტოვებს ახალშექმნილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების მდგომარეობას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
28. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ №1/1/1673 საოქმო ჩანაწერით სასამართლო ასაბუთებს, თუ რა გარემოებები განასხვავებს წინამდებარე საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერისგან, რითიც უარყოფს მოსარჩელის მოლოდინს წინარე პრაქტიკის გაზიარებასა და განსახილველ შემთხვევაშიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ უგულებელყო აღნიშნული ორი საქმის მსგავსება და საკუთარი არგუმენტაცია დააფუძნა ფაქტობრივად უმნიშვნელო გარემოებებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მითითებით, საქმეებს შორის განსხვავებას განაპირობებს ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსები უკვე არჩეული არიან და ელოდებიან უფლებამოსილების ვადის დაწყებას, ხოლო №569 საქმეში საქართველოს პარლამენტს ჯერ არ ჰყავდა არჩეული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 ახალი წევრი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). მართალია, არჩეული იყო სამეურვეო საბჭოს რამდენიმე და არა 7-ვე წევრი, თუმცა მათი სამართლებრივი მდგომარეობა იდენტურია ახალშექმნილი სამსახურების უფროსების მდგომარეობისა. თუ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე, განსახილველ შემთხვევაში სამსახურის უფროსების უფლებამოსილების დაწყება დაკავშირებულია კონკრეტულ თარიღთან-ა.წ. პირველ მარტთან. შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს წევრები (უკვე არჩეული), პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების მსგავსად, არჩეული იყვნენ პარლამენტის მიერ და როგორც ერთი, ისე მეორე თანამდებობის პირების უფლებამოსილების დაწყება დამოკიდებული იყო კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე.
29. გარდა ამისა, ფაქტობრივად მცდარია კოლეგიის ის მსჯელობა, რომლის თანახმადაც №1/1/569 საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმის შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ იმ გარემოებას დააფუძნა, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მომენტისთვის საქართველოს პარლამენტს ჯერ არ ჰყავდა არჩეული სამეურვეო საბჭოს 7 ახალი წევრი. აღნიშნულის საპირისპიროდ, როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს, რომ ის პირები ვინც უკვე შერჩეულნი იყვნენ, ჯერ არ სარგებლობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის უფლებამოსილებით, მაგრამ მათი თანამდებობის დაკავების მოლოდინი ვერ გახდებოდა იმ სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმის საფუძველი, რომლის მოქმედებასაც შესაძლოა მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი შედეგი გამოეწვია.
30. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოელოდა წინარე პრაქტიკის გათვალისწინებით ნორმის შეჩერებას და არა მის მცდარ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, მივიჩნევ, რომ აღნიშნული ორი საქმის ფაქტობრივი გარემოებები მსგავსია და იმავდროულად, ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს წინარე მსჯელობას/პრაქტიკას.
31. გარდა ამისა, №1/1/1673 საოქმო ჩანაწერში სასამართლო მსჯელობს სადავო ნორმის მიღების ლეგიტიმური მიზნისა და მოსარჩელის ინტერესის ურთიერთშეპირისპირების საკითხზეც. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის შეჩერების საკითხის შეფასებისას სასამართლო არ დგას იმის აუცილებლობის წინაშე, საფუძვლიანად გამოიკვლიოს სადავო ნორმების საფუძველზე ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის წარმოშობა ჰიპოთეტურია თუ რეალური, რომელ/როგორ შემთხვევებს შეიძლება იგი უკავშირდებოდეს, ან/და რამდენად ხშირად შეიძლება ამგვარი საფრთხე წარმოიშვას და რეალიზდეს. საქმის განხილვის ამ ეტაპზე სასამართლო შემოიფარგლება იმის შეფასებით, შეიცავს თუ არა სადავო ნორმები, prima facie, ამგვარი კონფლიქტის წარმოშობის პოტენციალს. საბოლოოდ კი, სასამართლო მიდის იმ პოზიციამდე, რომ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე შეუძლებელია არსებულ ინტერესთა შორის დამაჯერებელი პრიორიტეტიზაციის მოხდენა და მოსარჩელის ინტერესის უპირატესობის გამოკვეთა.
32. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო აფასებს მოსარჩელისა და სხვა პირთა შორის ინტერესთა კონფლიქტს და წყვეტს არა ზოგადად რომელიმე მათგანის უპირატესობას, არამედ საქმის შეჩერების მიზნებისთვის რომელი ერთი სიკეთე გადაწონის მეორეს. ასეთია საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკა და აღნიშნულის საპირისპირო მსჯელობა ნიშნავს პრაქტიკის შეცვლას ან მის უარყოფას. იმავდროულად, სადავო ნორმის შეჩერებისას საპირწონე ინტერესის მხოლოდ ჰიპოთეტურ რისკებზე დაფუძნება, რომლებიც შეიძლება სრულებითაც არ იყოს ლოგიკური, არ შეესაბამებოდეს რეალობას და მეტიც, არც კი დასტურდებოდეს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეჩერების მექანიზმის ქმედითობას, მისი მეშვეობით ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. თუ სასამართლო არ იმსჯელებს ინტერესის რეალურობაზე, მას ფაქტობრივად ყველა ჯერზე შეეძლება ამ მოტივით უარი თქვას პირის გამოუსწორებელი ზიანისგან დაცვაზე და მოსარჩელეები პრევენციული დაცვის მექანიზმის გარეშე დატოვოს.
33. გარდა ამისა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოპერირების გამოცდილებიდან გამომდინარე, რა დროსაც ფუნქციების რეალიზებას ადგილი ჰქონდა დღეის მდგომარეობით არსებული ფორმით, სტრუქტურითა და კომპეტენციებით, საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპისთვის გამოკვეთილი არ ყოფილა მისი საქმიანობის ფარგლებში საჯარო ინტერესებისთვის ზიანის მიყენების, ინტერესთა კონფლიქტის კონკრეტული, ხელშესახები ფაქტები. შესაბამისად, გაუგებარი და ბუნდოვანია თუ რა გადაუდებელი და დაუძლეველი საჯარო ინტერესი არსებობს, რომელსაც, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებული სახით ოპერირების შენარჩუნებით, მნიშვნელოვანი და იმაზე წონადი და შეუქცევადი ზიანი ადგება, ვიდრე ამას ადგილი აქვს მოსარჩელის მიმართ, რომელსაც ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, რომელიც „მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ", II -1)
34. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმები ადგენს ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, როგორიც სახელმწიფო ინსპექტორია, ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული საკითხის საქართველოს კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისი წესებით გადაწყვეტა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის გამორიცხვა უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც თავად მოსარჩელისთვის, ასევე, მისი ფუნქციების გათვალისწინებით, ყველა იმ პირისთვის, რომელთა ინტერესებსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იცავს.
35. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელისადმი დგება გამოუსწორებელი შედეგი, რომელიც ატარებს რეალურ და მყისიერ ხასიათს. გარდა ამისა, ერთი მხრივ, არ არსებობს ხსენებული გამოუსწორებელი შედეგის აღმოფხვრის სხვა ქმედითი, ხილული სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ნორმების შეჩერება, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარი შედეგის დადგომის პრევენციას, არ არღვევს მესამე პირების უფლებებს ან/და საჯარო ინტერესებს.
36. ზემოხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სადავო ნორმების მოქმედება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე:
გიორგი კვერენჩხილაძე