საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვახტანგ გვარამიას განსხვავებული აზრი გადაწყვეტილების მოტივაციასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილებაზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do1/1/428,447,459 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ვახტანგ გვარამია |
თარიღი | 13 მაისი 2009 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვახტანგ გვარამიას განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
გამოვხატავ ჩემი კოლეგებისადმი _ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას და, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილების 25-ე პუნქტში გამოთქმულ მოსაზრებებზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილების 25-ე პუნქტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ, „როცა კანონმდებელი ისე ზრდის ხანდაზმულობის ვადებს, როდესაც ჯერ არ ამოწურულა ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობა, ეს შემთხვევა არ შეიძლება მივიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად, უკუძალის კონსტიტუციურ პრინციპთან დაპირისპირებად ...“.
როგორც საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს, მიმაჩნია, რომ პირის საზიანოდ ხანდაზმულობის ვადების მომწესრიგებელი კანონისათვის უკუძალის მიცემა დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც, როცა ჯერ კიდევ არ ამოწურულა ძველი კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. საკმარისია დავუშვათ ახალი ვადის რეტროაქტიული მოქმედება, რომ დაზიანდება არა მარტო კონკრეტული პირის უფლებები, არამედ სამართლებრივი უსაფრთხოებაც. კერძოდ, ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს პირის სისხლის სამართლებრივი „დევნის უკვდავება“. თუკი მოვახდენდით მართლმსაჯულების ინტერესების იდეალიზაციას, კანონმდებელს მაშინაც ექნებოდა უფლება, კანონისათვის მიეცა უკუძალა, როცა გასულია ძველი კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. განსხვავება ხანდაზმულობის გამოვლინების აღნიშნულ შემთხვევას შორის მხოლოდ ის არის, რომ ერთ შემთხევაში პირს უკვე მოპოვებული აქვს მატერიალური უფლება და, ამდენად, საქმე ეხება უკვე არსებულ უფლებას. მეორე შემთხვევაში კი, ამ უფლების მოპოვების გარანტიას ძველი კანონი იძლევა და, ამდენად, სახეზეა სამომავლო უფლება. კანონმდებელი ვალდებულია, გარანტირებული გახადოს არა მარტო ამჟამინდელი, არამედ სამომავლო უფლებებიც. არ შეიძლება განსხვავებულად მივუდგეთ უფლების არსებობისა და გამოვლინების ამ შემთხვევებს. შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კანონმდებელს ბოჭავდეს გარკვეული ინტერესები და იგივე ინტერესებით არ იბოჭებოდეს იგი მეორე შემთხვევაში. ყველა სამართლადამრღვევის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის ის ვადა, რომელიც მისი ჩადენის დროს მოქმედებდა. გაზრდილი ხანდაზმულობის ვადისათვის რეტროაქტიული უკუძალის დაშვება, როცა ჯერ არ გასულა ხანდაზმულობის ძველი ვადა, ამძიმებს პირის მდგომარეობას. თუკი მის მიმართ იმოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს არსებული ხანდაზმულობის ვადა, მაშინ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი, ვიდრე ამას ითვალისწინებს ხანდაზმულობის ახალი ვადა. ამით ახალი კანონი, ძველი ხანდაზმულობის ვადაში გაუქმებად ქმედებას, ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებით, კვლავ დასჯადად აცხადებს. ეს მდგომარეობა კი სადავო ნორმის ფართო და სისტემური განმარტებით, დაუშვებელია, ვინაიდან ხანდაზმულობა მატერიალურ სამართლებრივ ინსტიტუტს წარმოადგენს და მისი რეტროაქტიულად გამოყენება არღვევს კანონიერების პრინციპს.
კანონის რეტროაქტიულობა არ შეიძლება გამართლდეს სისხლის სამართლებრივი დევნის ინტერესებით, კერძოდ იმით, რომ დანაშაული, მისი ჩადენის დროის მიუხედავად, საამისოდ მოითხოვს ერთიან ვადებს. ასეთი მიდგომის შემთხვევაში აზრს დაკარგავდა სისხლის სამართლის საგარანტიო ფუნქცია და საერთოდ უსაფუძვლო აღმოჩნდებოდა რეტროაქტიულობის აკრძალვის ყველა შემთხვევა, ვინაიდან მათ უარსაყოფად კანონმდებელს შეიძლება დაესახელებინა გარკვეული ინტერესები.
როცა გამართლებულია უკუძალის აკრძალვის გარანტიის საფუძველზე ერთი კატეგორიის დანაშაულთა შემთხვევაში მათი ჩადენის დროის გათვალისწინებით სხვადასხვა პირებისათვის დადგეს განსხვავებული შედეგები და ეს არ მოდის წინააღმდეგობაში ობიექტური მართლმსაჯულების ინტერესებთან, მაშინ რატომ უნდა იყოს ამ ინტერესებთან გაუცხოებული კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპი სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში. კანონმდებლის მცდელობა, ყველა დამნაშავე ჩააყენოს სისხლისსამართლებრივი დევნის ერთიანი დროის ზემოქმედების ქვეშ, მაინც მიუღწევადი იქნება, ვინაიდან ობიექტურად შეუძლებელია იგი გავრცელდეს ყველა შემთხვევაზე. კანონმდებელი დროით შებოჭილია და მას ეს დრო ავალდებულებს, როცა საქმე ეხება პირის სასარგებლოდ კანონის გამოყენებას. არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი კანონი გარკვეული დროის პროდუქტია და შესაბამისად, ამის გათვალისწინებით მოქმედებს მისი აუცილებლობისა და სავალდებულობის პრეზუმფცია. როცა კანონმდებელი ამბობს, რომ გარკვეული ვადის შემდეგ იგი შეწყვეტს სისხლის სამართლებრივ დევნას, ამით იგი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების უფლებას ადგენს ამ კონკრეტული ვადის ფარგლებში. შეუძლებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგი იყოს დაცვაუნარიანი სიკეთე, წარმოადგენდეს იგი პირის უფლებას და თავად ვადა აბსოლუტურად გამორიცხული იყოს მისი სამართლებრივად ანგარიშგასაწევი ინტერესების სფეროდან. აღნიშნულის სასარგებლოდ მეტყველებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტიც, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის დაუშვებლობასა და მისი გაგრძელების შესაძლებლობას ბრალდებულის ნების საფუძველზე. განაჩენის ხასიათის მიუხედავად, პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. ეს ფაქტიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ უფლების არსებობა ვადის თვისებაა. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში, პირი არ უნდა თავისუფლდებოდეს პასუხისმგებლობისაგან. ხანდაზმულობის ვადის რეტროაქტიულად გამოყენებით, შეიძლება გზა გაეხსნას სისხლის სამართლებრივი დევნის უზომოდ გახანგრძლივებას. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის რეტროაქტიულობის აკრძალვას ადასტურებენ მოპასუხის წარმომადგენლებიც. მათი აზრით, სადავო ნორმის გონივრული წაკითხვისას, კერძოდ, სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპების, კონსტიტუციაში მოცემული დებულების გათვალისწინებით განმარტებისას მე-3-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს უკუძალის აკრძალვის ყველა დანარჩენ შემთხვევებს, რაც ამ ნორმის სიტყვასიტყვითი წაკითხვიდან არ ჩანს. მოპასუხის წარმომადგენელთა აზრით, სადავო ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია, მსგავსი წაკითხვის, განმარტების პირობებში არ განსხვავდება მისი ადრე მოქმედი რედაქციისაგან.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ვახტანგ გვარამია