საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/428 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 10 ივლისი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვახტანგ გვარამია - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
ბესარიონ ზოიძე - მომხსენებელი მოსამართლე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები _ გიორგი მშვენიერაძე და თამარ ჭარბაძე.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ¹428) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 6 ივნისს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2007 წლის 8 ოქტომბერს.
2.სარჩელის შემოტანის საფუძველად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და «სახალხო დამცველის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის «ი“ ქვეპუნქტი.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს უკუძალა არა აქვს”. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის ამგვარი ფორმულირება სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს საშუალებას აძლევს, კანონის უკუძალა განმარტონ კონსტიტუციის დებულების საწინააღმდეგოდ. კერძოდ, კონსტიტუციის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, კანონისათვის უკუძალის მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ის ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით, უკუძალა აკრძალულია, თუ კანონი აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს. ეს კი მოსარჩელის აზრით, იმას ნიშნავს, რომ, თუ სისხლის სამართლის კანონი არ აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან არ ამკაცრებს სასჯელს, შესაძლებელია უკუძალის მატარებელი იყოს. სადავო აქტში საუბარია არა პასუხისმგებლობისაგან, არამედ სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, რაც მნიშვნელოვნად ავიწროებს კონსტიტუციური დებულების შინაარსს და იმაზე მეტად ზღუდავს პირის უფლებებს, ვიდრე ეს კონსტიტუციით Aარის დასაშვები.
მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკით, კანონს, თუ ის არ შეეხება უშუალოდ სასჯელს ან ქმედების დანაშაულებრიობას, ყველა შემთხვევაში, ენიჭება უკუძალა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან.
4.ერთ-ერთ ასეთ მაგალითად სარჩელში დასახელებულია მოგელი ტყებუჩავას სისხლის სამართლის საქმე. მოქალაქე მოგელი ტყებუჩავა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. მან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა 2000 წლის 5 მაისს. იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, Mმის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ხოლო ხანდაზმულობის ვადად დადგენილი იყო 5 წელი. მოგელი ტყებუჩავას ჩადენილი ქმედებისათვის ბრალი წაუყენეს 2006 წლის 20 იანვარს, ანუ დანაშაულის ჩადენიდან 5 წლის, 7 თვისა და 15 დღის შემდეგ. ამ დროისათვის კი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი იგივე დანაშაულისთვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 3 წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადად განსაზღვრული იყო 6 წელი. მოგელი ტყებუჩავამ სადავო ნორმით მისი კონსტიტუციური უფლების დარღვევის გამო მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს.
428-ე კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტებით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის ¹428) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
3.საქმის არსებითი განხილვა დაიწყება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე