საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/447 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 24 აპრილი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ბესარიონ ზოიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N447) მიმართა მოქალაქე ელგუჯა საბაურმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების, ასევე მისი N428 რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანების საკითხისN გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა 2008 წლის 14 მარტს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა ამავე წლის 22 აპრილს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართლაწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2006 წლის 19 ივნისს ყაზბეგის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით მოსარჩელეს და კიდევ ორ განსასჯელს 2004 წლის 19 სექტემბერს მომხდარი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელად დაენიშნათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელეს დანიშნული სასჯელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით სასჯელად და მიეცა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა. მოსარჩელის განცხადებით, 2006 წლის 18 ივლისს სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ გაასაჩივრა განაჩენი და მოითხოვა სასჯელის დამძიმება, კერძოდ, მისი რეალურად დანიშვნა.
2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა დაეთანხმა ბრალდების სააპელაციო საჩივარს. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის მიმართ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 63-64-ე მუხლების ის რედაქცია, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდეგ იქნა მიღებული. მოსარჩელის მოსაზრებით, ამით სასამართლომ აღნიშნულ ნორმებს მიანიჭა უკუძალა, რისი საფუძველიც მისცა სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ამჟამად მოქმედმა რედაქციამ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს სადაო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
II
1. 447-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი შედგება ორი წინადადებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ურთიერთობებს აწესრიგებენ. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტები მიუთითებენ სადაო ნორმის მიმართებაზე მხოლოდ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან. შესაბამისად, სსკ-ს მე-3 მუხლის პირველი ნაწილი უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 29 ოქტომბრის N1/3/428 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა სახალხო დამცველის 428-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. დასახელებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული სარჩელისა და 447-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელის არსებითი მსგავსების გამო, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ დასახელებული სარჩელები უნდა გაერთიანდეს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივად განხილვის მიზნით.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაურის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N447) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველის ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;
2. გაერთიანდეს ერთ საქმედ N447 და N428 ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები მათი ერთობლივად არსებითი განხილვის მიზნით;
3. საქმეს “საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კ. ვარძელაშვილი
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე