რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/459 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 5 ნოემბერი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე
ვახტანგ გვარამია – წევრი
ქეთევან ერემაძე – წევრი
ბესარიონ ზოიძე – მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
1. 2008 წლის 24 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №459) მიმართა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანიამ. კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების, ასევე მისი №428-ე, №447-ე კონსტიტუციურ სარჩელებთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა 2008 წლის 4 აგვისტოს. ამავე წლის 28 ოქტომბერს გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 1992 წლის 10 ივნისს მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში სოსო თოდუას ოჯახზე მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში თანამონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო 2004 წლის 29 მარტს. 2007 წლის 17 სექტემბერს საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა მარტვილის რაიონულ სასამართლოს.
4. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებას. კერძოდ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2000 წლის 5 მაისის საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნა სიტყვები „ან სხვაგვარად აუარესებს დამნაშავის მდგომარეობას“. ამ მუხლის მოქმედი რედაქცია (სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი) არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სასამართლომ მოსარჩელის მიმართ გამოიყენოს დანაშაულის ჩადენის დროს არსებული ხანდაზმულობის ვადები და გაათავისუფლოს ის პასუხისმგებლობისაგან, რაც მოსარჩელის მტკიცებით, გააუარესებს მის მდგომარეობას.
II
1. 459-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველს მისცემდა.
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი შედგება ორი წინადადებისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულ ურთიერთობებს აწესრიგებენ. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტები მიუთითებენ სადავო ნორმის მიმართებაზე მხოლოდ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1/3/428 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა სახალხო დამცველის 428-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის №1/2/447 საოქმო ჩანაწერით, ასევე, არსებითად განსახილველად მიღებული და 428-ე კონსტიტუციურ სარჩელთან გაერთიანებული იქნა 447-ე ნომრით რეგისტრირებული მოქალაქე ელგუჯა საბაურის კონსტიტუციური სარჩელი. ზვიად მანიას კონსტიტუციურ სარჩელშიც დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით. №428-ე, №447-ე სარჩელებთან №459-ე სარჩელის არსებითი მსგავსების გამო, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივად განხილვის მიზნით, ეს საქმეები უნდა გაერთიანდეს.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 22-ე მუხლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღებულ იქნეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ზვიად მანიას 459-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. ერთ საქმედ გაერთიანდეს №428 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), №447 (საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და №459 (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) კონსტიტუციური სარჩელები მათი ერთობლივად არსებითი განხილვის მიზნით.
3. საქმეს „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კ. ვარძელაშვილი
ვ. გვარამია
ქ. ერემაძე
ბ. ზოიძე