საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/3/ 685, 686, 687, 688, 689, 736, 737, 758, 793, 794, 820 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 29 სექტემბერი 2016 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: 1) №685 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
2) №686 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
3) №687 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
4) №688 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
5) №689 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
6) №736 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
7) №737 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
8) №758 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
9) №793 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
10) №794 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით;
11) №820 კონსტიტუციურ წარდგინებაზე - საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 301-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბერს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №685, №686, N687, N688, №689) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - გიორგი შავლიაშვილი, ზაზა მეიშვილი, პაატა სილაგაძე, მაია ოშხერელი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 15 და 16 მარტს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის№736, №737) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე, მაია ოშხერელი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 მაისს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის№758) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 და 18 ივლისს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის№793, №794) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის№820) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე). №685, №686, №687, №688, №689, №736, №737, №758, №793, №794 და №820 კონსტიტუციური წარდგინებების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 სექტემბერს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 301-ე მუხლის თანახმად, „სასამართლო განაჩენს საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილული იყო სასამართლო სხდომაზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“.
5. №685 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმისწარმოება მსჯავრდებულ თენგიზ ჩაჩანიძის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით, თენგიზ ჩაჩანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ. 2015 წლის 25 მარტს მსჯავრდებულმა თენგიზ ჩაჩანიძემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რაც 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ მსჯავრდებული თენგიზ ჩაჩანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მის უდანაშაულოდ ცნობას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი თენგიზ ჩაჩანიძის მიმართ გამოტანილია მხოლოდ ირიბი და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე. თავისი არგუმენტების გასამყარებლად მსჯავრდებული მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
8. №686 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმისწარმოება მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას მიმართ და წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 ივლისის განაჩენითდამტკიცდა 2005 წლის 20 ივლისის საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ მამუკა ქარდავასთან.
9. 2015 წლის 21 მაისს მსჯავრდებულმა მამუკა ქარდავამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვა ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე. კერძოდ, მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 27 ივლისის განაჩენი მის მიმართ ემყარება მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარებით და ირიბ ჩვენებებს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ახლად გამოვლენილ გარემოებად მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მამუკა ქარდავას შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო, რაც მსჯავრდებულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
10. №687 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ნიკა ჩემია დამნაშვედ იქნა ცნობილი. 2015 წლის 2 ივლისს მსჯავრდებულმა ნიკა ჩემიამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი. მსჯავრდებულმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
11. №688 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 5 ნოემბერს შეაჩერა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ბადრი ბეჟანიძის მიმართ და წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
12. კონსტიტუციურ წარდგინებაში ნათქვამია, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენით ბადრი ბეჟანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ. მსჯავრდებულმა მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. 2015 წლის 6 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა განჩინებით დაუშვებლად ცნო, რაც მსჯავრდებულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
13. №689 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 6 ნოემბერს შეაჩერა საქმისწარმოება მსჯავრდებულ გიორგი გვიჩიანის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
14. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით გიორგი გვიჩიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი. 2015 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას გიორგი გვიჩიანმა შუამდგომლობით მიმართა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. მსჯავრდებულის მოსაზრებით, მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ირიბ ჩვენებას და სავარაუდო მოსაზრებებს. 2015 წლის 15 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის განჩინებით გიორგი გვიჩიანის შუამდგომლობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც მსჯავრდებულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
15. №736 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის განაჩენით გივი წიგნაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ. 2015 წლის 17 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა მსჯავრდებულმა გივი წიგნაძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით. გივი წიგნაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ მის მიმართ განაჩენი სხვა საფუძვლებთან ერთად ირიბი ჩვენების საფუძველზეცაა გამოტანილი.
16. №737 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 27 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დავით ზურაბიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ. 2015 წლის 31 აგვისტოს მსჯავრდებულმა დავით ზურაბიანმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც გასაჩივრდა საკასაციო წესით. მსჯავრდებული ახალ გარემოებად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას.
17. №758 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი კობა კობალავა. 2015 წლის 9 ოქტომბერს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. მსჯავრდებულმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.
18. №793 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით რესან ჩოგაძე დამნაშვედ იქნა ცნობილი. 2015 წლის 11 მაისს მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც მსჯავრდებულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ნაწილობრივ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს რესან ჩოგაძის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელი.
19. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რესან ჩოგაძის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
20. №794 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის განაჩენით ასლან ბოლქვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ. 2015 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა. აღნიშნული შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ასლან ბოლქვაძემ.
21. №820 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენითგოგიტა მჭედლიშვილს მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან. 2016 წლის 25 იანვარს მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვა ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე. კერძოდ, მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენი ემყარება ირიბ ჩვენებებს, რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს. ახლად გამოვლენილ გარემოებად მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც მსჯავრდებულმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
22. წარდგინებებში მითითებულია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ისევე როგორც საქართველოს რესპუბლიკის 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, არ ითვალისწინებს ირიბი და პირდაპირი ჩვენების ცნებებს. ამასთან, ხსენებული კოდექსები ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ უშვებს მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც, თუ იგი გადალახავს მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპს.
23. წარდგინებებში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. წარდგინების ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნორმა საკმარისად განჭვრეტადი არ არის და ცალსახა კრიტერიუმების არარსებობის პირობებში კი შეფასება „თვითნებობის“, „ბუნდოვანი სამართლის“ დამკვიდრების საფრთხეს ქმნის.
24. წარდგინებებში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ და საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 301-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტთან მიმართებით.
25. წარდგინების ავტორი თავის არგუმენტაციას აფუძნებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს". აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საერთო სასამართლო უფლებამოსილია, მოითხოვოს მხოლოდ იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის გამოყენებაც მას სჭირდება საქმის გადაწყვეტისას.
2. №685, №686, №687, №688, №689, №736, №737, №758, №793, №794 კონსტიტუციურ წარდგინებებში მითითებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმისწარმოების განახლებაზე. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ მათი მსჯავრდება მოხდა ირიბ ჩვენებაზე დაყრდნობით, რომლის გამოყენებაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს საკითხი, უნდა გადასინჯოს თუ არა კანონიერ ძალაში შესული განაჩენები ახლად გამოვლენილი გარემოების (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება) არსებობის გამო. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმა (1998 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი) უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის ფარგლებში გამოსაყენებელ კანონს.
3. წარდგინების დასაბუთებაში მითითებულია, რომ საქართველოს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებდა ირიბი ჩვენების გამოყენებას გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისას. წარდგინების ავტორის მითითებით „1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ უშვებს მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც“. სწორედ საქართველოს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებას ეძღვნება წარდგინების წარმოდგენილი არგუმენტაცია. თუმცა წარდგინების ავტორი საერთოდ არ მიუთითებს იმას, თუ რატომ წარმოადგენს ხსენებული ნორმა კანონს „რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას“.
4. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადახედვის წესებს არეგულირებს 2009 წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ კი მისი XXVII თავი. საქართველოს 2009 წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს“, შესაბამისად, ამ კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ სწორედ მისი ნორმები გამოიყენება საპროცესო მოქმედებების განსახორციელებლად, მათ შორის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას. ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, „ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“. თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა 2009 წლის 9 ნოემბრის კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებასთან, არამედ კანონიერი განაჩენის გადახედვასთან, რომელიც ახალი საპროცესო კოდექსის ფარგლებში ხორციელდება.
5. აღნიშნული მიდგომა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკასთან. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ №685, №686, №687, №688, №689, №736, №737, №758, №793, №794 კონსტიტუციურ წარდგინებებზე უზენაესი სასამართლო იხილავს სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე წარდგენილ საჩივრებს. რაც თავისთავად მოწმობს 2009 წლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე საქმის გადაწყვეტას, ვინაიდან 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 594-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 597-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებების ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადახედვის მოთხოვნით, საჩივარი შეიტანებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვა 2009 წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დამკვიდრდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის №83აგ-14 განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის გადასინჯვის საკითხზე. განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების როგორც დასაშვებობის შემოწმების, ასევე მისი არსებითი განხილვის მარეგულირებელ წესად უზენაესმა სასამართლომ გამოიყენა 2009 წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კერძოდ, განაჩენის პირველ აბზაცში უზენაესმა სასამართლომ მიუთითა: „საკასაციო პალატა უწინარესად აღნიშნავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინების კანონიერების თაობაზე, რომლითაც დასაშვებად იქნა მიჩნეული გ. გ-ისა და ნ. ჩ-ას შუამდგომლობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რადგან მისი გასაჩივრების პროცედურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის შუამდგომლობათა დასაშვებობის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივ მოცემულობას (მიუხედავად საკასაციო პალატის დამოკიდებულებისა აღნიშნული საკითხისადმი) და იგი პალატას ავალდებულებს, საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დასაშვებობის შეუმოწმებლად იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენის კანონიერებაზე“. აღნიშნული მითითებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ განცხადების დასაშვებობის საკითხის შეფასებისას გამოსაყენებელ სამართლად უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია 2009 წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. ამავე დროს, განაჩენის 24-ე აბზაცში მითითებულია: „საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათი გამოკვლევა კანონის არსებითი დარღვევით მოხდა; ხოლო ახალი მტკიცებულების წარდგენა და გამოკვლევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და მისი წარმოდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში ობიექტურად შეუძლებელი იყო“. აღნიშნული აშკარად მიუთითებს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო არსებითი განხილვა 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისად ტარდება.
7. იმავე გადაწყვეტილების 25-ე აბზაცში საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ „ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვისას განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებში, ახალი მოცემულობისა და საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებების ურთიერთქმედების კონტექსტში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რა სახის გავლენა მოახდინა დ. კ-ას მიმართ 2008 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელმა განაჩენმა წინა განმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ანუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ნაწილის მხედველობაში მიუღებლად (ვინაიდან განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები სწორედ იმ საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ დასაშვებად, რომ ნაწილობრივ გაყალბდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) შეეფასებინა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ახალი მტკიცებულებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაშვებულიყო და გამოკვლეულიყო მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოების კონტექსტში“.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სრულად განსაზღვრავს როგორც განცხადების დასაშვებობის, ისე მისი არსებითი განხილვის წესებს და ამავე დროს ადგენს იმ სტანდარტს, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს განაჩენის გადახედვისას. ანუ 2009 წლის საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლო ატარებს განხილვას, მათ შორის ახლად აღმოჩენილი გარემოების კონტექსტში იკვლევს ახალ მტკიცებულებებს და, შედეგად, აფასებს, თუ რა სახის გავლენა მოახდინა ახლად აღმოჩენილმა გარემოებამ მიღებულ განაჩენზე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით (მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ირიბი ჩვენებების ამორიცხვით) იქნებოდა თუ არა იგივე გადაწყვეტილება მიღებული, კვლავ იარსებებდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის მიღების საფუძველი. შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის წარმოების ფარგლებში სასამართლო საერთოდ არ იყენებს 1998 წლის საპროცესო კოდექსის ნორმებს. აშკარაა, რომ შეჩერებულ საქმეებზე უზენაესი სასამართლო არ დგას 1998 წლის კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის, ან გამამტყუნებელი განაჩენის მიღების, ან სხვა საპროცესო მოქმედების განხორციელების საჭიროების წინაშე.
9. 2009 წლის 9 ნოემბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, წარდგინებებში სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს არა გამოსაყენებელ კანონს, არამედ მათი არაკონსტიტუციურად ცნობა წარმოადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ხდება განაჩენის გადახედვის წარმოების დაწყების საფუძველი. ხოლო ამ წარმოების ფარგლებში გამოსაყენებელ სამართლებრივ წესრიგს სრულად ქმნის 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მოცემული წარდგინებებით, უზენაესი სასამართლო ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნას ფაქტობრივი საფუძვლები საქმისწარმოების განახლებისათვის და არა იმ მარეგულირებელი წესების არაკონსტიტუციურად ცნობისათვის, რომელიც საქმის წარმოების განახლებას ზღუდავს.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს კონკრეტული საქმის გადასაწყვეტად რომელი სამართლებრივი ნორმის გამოყენება სჭირდება მას. თუმცა, ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს მისი კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლები. მოცემულ შემთხვევაში წარდგინების ავტორი არ მიუთითებს, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს ისეთ კანონს, რომლის გამოყენებაც უზენაეს სასამართლოს საქმის გადაწყვეტისას სჭირდება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოსაყენებელი კანონის არასწორად იდენტიფიცირება, არამედ წარდგინების ავტორის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონით განსაზღვრული ფარგლების არასწორი აღქმა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს საშუალებას, საერთო სასამართლოების წარდგინების საფუძველზე იმსჯელოს არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ იმ კანონის შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას.
11. იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ განაჩენი, რომლის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადახედვაც მოთხოვნილია მხარის მიერ, შეიძლება იყოს კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით მიღებული და მისი გადახედვის საშუალებას მას კანონი არ აძლევს, მაშინ მან იმ ნორმების კონსტიტუციურობა უნდა დააყენოს ეჭვქვეშ, რომელიც ასეთ შესაძლებლობას ზღუდავს, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით მიღებული განაჩენების საბოლოობას განაპირობებს მათი გადახედვის საკმარისი მექანიზმების დადგენის გარეშე. თუ უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე მას უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე დავის შესაძლებლობა, მას ასევე შეუძლია, იდავოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობაზე. თუმცა მანამ, სანამ ეს ნორმა მოქმედია, იგი სავალდებულოა შესასრულებლად, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წარდგენილი კონსტიტუციური წარდგინებების ფარგლებში იმსჯელოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
12. ზემოთ ხსენებული არგუმენტაცია ასევე რელევანტურია №820 კონსტიტუციურ წარდგინებაში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 301-ე მუხლის არაკოსნტიტუციურად ცნობის თაობაზე. აშნიშნულიდან გამომდიანრე, არსებობს №820 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის საფუძველიც.
13. ზემოთ ხსენებული მსჯელობა, რა თქმა უნდა, არ ეხება პირების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოში ამა თუ იმ ნორმის გასაჩივრების საკითხებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ვერ შეზღუდავს პირის შესაძლებლობას, იდავოს იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომელმაც მას უფლება დაურღვია ან პოტენციურად შეიძლება დაურღვიოს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 5, მე-7, მე-8 , მე-10და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5პუნქტის და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №685, №686, №687, №688, №689, №736, №737, №758, №793, №794 და №820 კონსტიტუციური წარდგინებები არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი