საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: ,,გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N793 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე |
თარიღი | 13 ივლისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით რესან ჩოგაძე, - დაბადებული 1957 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ (დაუსწრებლად) საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4.000 ლარი.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. 2015 წლის 11 მაისს მსჯავრდებულ რესან ჩოგაძის ადვოკატმა ირაკლი შავაძემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის განაჩენის (რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით) საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ და ,,ზ“ პუნქტებით გადასინჯვის თაობაზე იმ გარემოებებზე მითითებით, რომ 2006 წლის „ალტ–ექსპერტის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 14 ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ნანული კონცელიძეს. ადვოკატმა შუამდგომლობას დაურთო ასევე რუსუდან მიქელაძის, ქეთევან უნგიაძისა და ნანული კონცელიძის 2015 წლის 5 მაისის გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: ეთერ ჯორთმენაძის მიერ აჭარის უმაღლეს სასამართლოში შეტანილი სამოქალაქო სარჩელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, 2005 წლის 3 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2004 წლის 7 მაისს და 2005 წლის 31 იანვარს გაცემული ცნობები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეთერ ჯორთმენაძის სახელზე არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული შპს „ჩაო“ და სპს „მიქელაძე და კომპანია“. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1997–1998 წლებში და არც მას შემდეგ ოქროს ნივთები არ ყოფილა მის გამგებლობაში და შუამდგომლობის ავტორის მითითებით, განაჩენი დაფუძნებულია ე.წ. დაზარალებულ ეთერ ჯორთმენაძის ურთიერთსაწინააღმდეგო და არსებითად განსხვავებულ, არადამაჯერებელ ჩვენებებზე, რომლებიც გამყარებულია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ირიბი მტკიცებულებებით და რომლებიც ასევე ეწინააღმდეგება დაზარალებულ ეთერ ჯორთმენაძის ჩვენებებს. ამდენად, რესან ჩოგაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც გახდა კიდეც უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებად მიუთითებდა „ალტ-ექსპერტის“ 2006 წლის 3 ოქტომბრის №36/გრ დასკვნასა (რომლის თანახმად, 14 ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ნანული კონცელიძეს) და ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ირიბ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ რესან ჩოგაძის ადვოკატის - ირაკლი შავაძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულის ადვოკატმა ირაკლი შავაძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის უკანონო განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ და ,,ზ“ პუნქტებით შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რესან ჩოგაძის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ირაკლი შავაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ნაწილობრივ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება და საქმე დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ პუნქტით მსჯავრდებულ რესან ჩოგაძის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ირაკლი შავაძის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტით განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რესან ჩოგაძის ადვოკატის - ირაკლი შავაძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. მსჯავრდებულ რესან ჩოგაძის ადვოკატი ხათუნა ქუქალია საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, მისი შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას იმ საფუძვლით (სხვა საფუძვლებთან ერთად), რომ განაჩენი რესან ჩოგაძის მიმართ გამოტანილია დაზარალებულ ეთერ ჯორთმენაძის მიერ მიცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო, არსებითად განსხვავებული, არადამაჯერებელი ჩვენებისა და მოწმეთა ირიბი ჩვენებების საფუძველზე. ადვოკატი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
3. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
4. მთავარი არგუმენტი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, მითითებულია ხსენებული გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით: „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“
5. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ირიბი ჩვენების ცნებას და უფრო მეტიც, ამ კოდექსის არც ერთი მუხლი არ მიუთითებს მოწმის ჩვენების (და ზოგადად, ჩვენების) დიფერენციაციაზე მოცემული ნიშნით. აღსანიშნავია, რომ კანონი არც პირდაპირი მტკიცებულების ცნებას განსაზღვრავს და ყველა სახის ჩვენებას ერთ ნიშნულზე მოიაზრებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი ჩანაწერები სხვადასხვა მუხლში, კერძოდ: „მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე“ (მ. 117(1)); „დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ“ (მ. 116); „ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ“ (მ. 115(1)); „ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ“ (მ. 114(1)). ნიშანდობლივია ისიც, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩვენების სხვაგვარ დეფინიციას არ შეიცავს, უფრო მეტიც, იგი განსასჯელის ჩვენების დეფინიციასაც არ გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მას მტკიცებულებათა სახეების ჩამონათვალში ცალკე კატეგორიად განიხილავს.
6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არც ირიბი ჩვენების არსებობის/გამოყენების აკრძალვას შეიცავს და თუ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე განხილულ საქმეებს გადავხედავთ, კერძოდ კი ამ საქმეებზე გამოყენებულ მოწმეთა ჩვენებებს - ცალსახაა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ირიბი ჩვენების იდენტობა ზემოხსენებულ საქმეებში მითითებულ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც თავის მხრივ, სწორედ სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იყენებენ საკუთარი ჩვენებების წყაროდ.
7. შესაბამისად, კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ უშვებს მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც, თუ იგი გადალახავს მტკიცებულებათა დასაშვებობის სტადიას.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმა საკმარისად განჭვრეტადი არ არის მოცემული ტიპის ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით და მათი უტყუარობის კონტექსტში შეფასებას მხოლოდ მოსამართლეთა დისკრეციის სფეროში მოიაზრებს. ცალსახა კრიტერიუმების (წესის) არარსებობის პირობებში კი შეფასება „თვითნებობის“, „ბუნდოვანი სამართლის“ დამკვიდრების, სასამართლოსადმი ნდობის დაქვეითების საფრთხეს ქმნის, რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება წარმოადგენდეს კანონმდებლის ნებას.
დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ვარაუდი და საკმარისი საფუძველი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ჩვენების, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ანუ „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა