საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N758 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე |
თარიღი | 19 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით კობა კობალავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ნოემბრიდან; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. 2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. 3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კობა კობალავას ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 5. 2015 წლის 9 ოქტომბერს მსჯავრდებულ კობა კობალავას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რევაზ ჩხაიძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კობა კობალავას მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ეს განაჩენი ემყარება ორ ირიბ ჩვენებას. 6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. 7. მსჯავრდებულ კობა კობალავას ინტერესების დამცველი ადვოკატები – რევაზ ჩხაიძე და კახაბერ ჩუბინიძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას და განხილვას. ადვოკატები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
3. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
4. მთავარი არგუმენტი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, მითითებულია ხსენებული გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით: „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“
5. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ირიბი ჩვენების ცნებას და უფრო მეტიც, ამ კოდექსის არც ერთი მუხლი არ მიუთითებს მოწმის ჩვენების (და ზოგადად, ჩვენების) დიფერენციაციაზე მოცემული ნიშნით. აღსანიშნავია, რომ კანონი არც პირდაპირი მტკიცებულების ცნებას განსაზღვრავს და ყველა სახის ჩვენებას ერთ ნიშნულზე მოიაზრებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი ჩანაწერები სხვადასხვა მუხლში, კერძოდ: „მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე“ (მ. 117(1)); „დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ“ (მ. 116); „ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ“ (მ. 115(1)); „ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ“ (მ. 114(1)). ნიშანდობლივია ისიც, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩვენების სხვაგვარ დეფინიციას არ შეიცავს, უფრო მეტიც, იგი განსასჯელის ჩვენების დეფინიციასაც არ გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მას მტკიცებულებათა სახეების ჩამონათვალში ცალკე კატეგორიად განიხილავს.
6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არც ირიბი ჩვენების არსებობის/გამოყენების აკრძალვას შეიცავს და თუ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე განხილულ საქმეებს გადავხედავთ, კერძოდ კი ამ საქმეებზე გამოყენებულ მოწმეთა ჩვენებებს - ცალსახაა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ირიბი ჩვენების იდენტობა ზემოხსენებულ საქმეებში მითითებულ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც, თავის მხრივ, სწორედ სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იყენებენ საკუთარი ჩვენებების წყაროდ.
7. შესაბამისად, კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ უშვებს მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც, თუ იგი გადალახავს მტკიცებულებათა დასაშვებობის სტადიას.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმა საკმარისად განჭვრეტადი არ არის მოცემული ტიპის ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით და მათი უტყუარობის კონტექსტში შეფასებას მხოლოდ მოსამართლეთა დისკრეციის სფეროში მოიაზრებს. ცალსახა კრიტერიუმების (წესის) არარსებობის პირობებში კი შეფასება „თვითნებობის“, „ბუნდოვანი სამართლის“ დამკვიდრების, სასამართლოსადმი ნდობის დაქვეითების საფრთხეს ქმნის, რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება წარმოადგენდეს კანონმდებლის ნებას.
დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ვარაუდი და საკმარისი საფუძველი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ჩვენების, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ანუ „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლბა: არა