საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N687 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს უზენაესი სასამართლო |
თარიღი | 16 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ნიკა ჩემია, – დაბადებული 1973 წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ო“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), მე-17,105-ე მუხლით (1996 წლის რედაქცია) და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, სსკ–ის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, სსკ–ის მე-17,105-ე მუხლით – 9 წლით, სსკ–ის 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ო“ პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მე–3, მე–4 ნაწილების საფუძველზე, ნაწილობრივი შეკრებით, ნიკა ჩემიას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან. 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრები მოცემულ საქმეზე არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენში ნიკა ჩემიას მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: 3. ნიკა ჩემიას ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის მე-19,109–ე მუხლის „თ“, „ი“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ–ის მე-17,105–ე მუხლზე (1996 წლის რედაქცია), სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო 109-ე მუხლის „თ“ პუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე. 4. ნიკა ჩემია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)– 10 წლით, სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)– 2 წლით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით, სსკ–ის მე-17,105–ე მუხლით (1996 წლის რედაქცია) – 9 წლით, სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“, „ო“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია)– უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე ნიკა ჩემიას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი. 6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ნიკა ჩემიას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 აპრილის განაჩენი ნიკა ჩემიას მიმართ შეიცვალა: 7. ნიკა ჩემია ცნობილ იქნა დამნაშავედ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 7 წლითა და 6 თვით, სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სსკ–ის 109–ე მუხლის „ი“, „ო“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ნიკა ჩემიას საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 23 დეკემბრიდან. ამნისტიის აქტის საფუძველზე ნიკა ჩემია გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის მე-17,105–ე მუხლით (1996 წლის რედაქცია), 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან. 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ნიკა ჩემიას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად. 9. 2015 წლის 2 ივლისს მსჯავრდებულ ნიკა ჩემიას ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ნიკა ჩემიას მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო იმ მოტივით, რომ ყველა გამამტყუნებელი განაჩენი ნ. ჩემიას მიმართ გამოტანილია უსაფუძვლოდ; საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი და ირიბი სამხილები, რომლებიც გამორიცხავდა ყოველგვარ გონივრულ ეჭვსა და ვარაუდებს; ნ. ჩემიას მიმართ დადგენილი ოთხივე განაჩენი ეყრდნობა იმ ნორმებს, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, კერძოდ: 2015 წლის 22 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა: ა) საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამ კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებების ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) სსსკ-ის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდების შესაძლებლობას; ამდენად, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დასახელებული მუხლები გაუქმდა და იურიდიული ძალა დაკარგა, მაშასადამე, სახეზეა ამავე კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული გარემოების იურიდიული შესაძლებლობა და, შესაბამისად, ნიკა ჩემიას ბრალდების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. 10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ნიკა ჩემიას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. 11. კასატორი – მსჯავრდებულ ნიკა ჩემიას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. 3. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 4. მთავარი არგუმენტი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, მითითებულია ხსენებული გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით: „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“ 5. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ირიბი ჩვენების ცნებას და უფრო მეტიც, ამ კოდექსის არც ერთი მუხლი არ მიუთითებს მოწმის ჩვენების (და ზოგადად, ჩვენების) დიფერენციაციაზე მოცემული ნიშნით. აღსანიშნავია, რომ კანონი არც პირდაპირი მტკიცებულების ცნებას განსაზღვრავს და ყველა სახის ჩვენებას ერთ ნიშნულზე მოიაზრებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი ჩანაწერები სხვადასხვა მუხლში, კერძოდ: „მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე“ (მ. 117(1)); „დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ“ (მ. 116); „ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ“ (მ. 115(1)); „ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ“ (მ. 114(1)). ნიშანდობლივია ისიც, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩვენების სხვაგვარ დეფინიციას არ შეიცავს, უფრო მეტიც, იგი განსასჯელის ჩვენების დეფინიციასაც არ გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მას მტკიცებულებათა სახეების ჩამონათვალში ცალკე კატეგორიად განიხილავს. 6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არც ირიბი ჩვენების არსებობის/გამოყენების აკრძალვას შეიცავს და თუ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე განხილულ საქმეებს გადავხედავთ, კერძოდ კი ამ საქმეებზე გამოყენებულ მოწმეთა ჩვენებებს - ცალსახაა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ირიბი ჩვენების იდენტობა ზემოხსენებულ საქმეებში მითითებულ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც თავის მხრივ, სწორედ სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იყენებენ საკუთარი ჩვენებების წყაროდ. 7. შესაბამისად, კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ უშვებს მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც, თუ იგი გადალახავს მტკიცებულებათა დასაშვებობის სტადიას. 8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმა საკმარისად განჭვრეტადი არ არის მოცემული ტიპის ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით და მათი უტყუარობის კონტექსტში შეფასებას მხოლოდ მოსამართლეთა დისკრეციის სფეროში მოიაზრებს. ცალსახა კრიტერიუმების (წესის) არარსებობის პირობებში კი შეფასება „თვითნებობის“, „ბუნდოვანი სამართლის“ დამკვიდრების, სასამართლოსადმი ნდობის დაქვეითების საფრთხეს ქმნის, რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება წარმოადგენდეს კანონმდებლის ნებას.
დასკვნა: ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ვარაუდი და საკმარისი საფუძველი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ჩვენების, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ანუ „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა