საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N820 |
ავტორ(ებ)ი | პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი |
თარიღი | 9 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 301-ე მუხლის სიტყვების: „[...]სასამართლო განაჩენს საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილული იყო სასამართლო სხდომაზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენით გოგიტა მჭედლიშვილი, – დაბადებული 1975 წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. მჭედლიშვილს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან. 2. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად. 3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი. 4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად. 6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, ხოლო 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით – უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გოგიტა მჭედლიშვილს მოსახდელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 8 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილს, შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. 8. 2016 წლის 25 იანვარს მსჯავრდებულმა გოგიტა მჭედლიშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ გამოტანილია უსაფუძვლოდ; განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ირიბი მოწმის ჩვენებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა მიჩნეული; ასევე შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს იმაზე, რომ მას არ მიეცა უფლება, გაესაჩივრებინა განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში; მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა; გარდა ამისა, მისი საქმე განიხილა სასამართლოს არაუფლებამოსილმა შემადგენლობამ სახალხო მსაჯულების მონაწილეობით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია. 9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გოგიტა მჭედლიშვილის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. 10. კასატორი – მსჯავრდებული გოგიტა მჭედლიშვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს სხვა საფუძვლებთან ერთად იმ მოტივითაც, რომ სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ გოგიტა მჭედლიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულია 1960 წლის 30 დეკემბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 2009 წლის 9 ოქტომბრის კანონის – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები ირიბი ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, რაც უსაფუძვლოა და არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს. 11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული გოგიტა მჭედლიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
სამართლებრივი გარემოებები:1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. 3. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 4. მთავარი არგუმენტი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, მითითებულია ხსენებული გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით: „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“ 5. აღსანიშნავია, რომ 1960 წლის რედაქციის საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებდა ირიბი ჩვენების ცნებას და უფრო მეტიც, ამ კოდექსის არც ერთი მუხლი არ მიუთითებს მოწმის ჩვენების (და ზოგადად, ჩვენების) დიფერენციაციაზე მოცემული ნიშნით. აღსანიშნავია, რომ კანონი არც პირდაპირი მტკიცებულების ცნებას განსაზღვრავს და ყველა სახის ჩვენებას ერთ ნიშნულზე მოიაზრებს. 6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 1960 წლის რედაქციის საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არც ირიბი ჩვენების არსებობის/გამოყენების აკრძალვას შეიცავს. 7. შესაბამისად, კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ 1960 წლის რედაქციის საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ უშვებს მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც. 8. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 301-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული; სასამართლო განაჩენს საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილული იყო სასამართლო სხდომაზე. აღნიშნული ნორმა საკმარისად განჭვრეტადი არ არის მოცემული ტიპის ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით და მათი უტყუარობის კონტექსტში შეფასებას მხოლოდ მოსამართლეთა დისკრეციის სფეროში მოიაზრებდა. ცალსახა კრიტერიუმების (წესის) არარსებობის პირობებში კი შეფასება „თვითნებობის“, „ბუნდოვანი სამართლის“ დამკვიდრების, სასამართლოსადმი ნდობის დაქვეითების საფრთხეს ქმნის, რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება წარმოადგენდეს კანონმდებლის ნებას.
დასკვნა:ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გონივრული ვარაუდი და საკმარისი საფუძველი, რომ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი) 301-ე მუხლის სიტყვების: „[...სასამართლო განაჩენს საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც განხილული იყო სასამართლო სხდომაზე]“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ჩვენების, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ანუ „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა