საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N688 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს უზენაესი სასამართლო |
თარიღი | 16 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები: 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 5 ნოემბერს შეაჩერა საქმის წარმოება მსჯავრდებულ ბადრი ბეჟანიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვაჟა ხახუტაიშვილის საკასაციო საჩივრის განხილვასთან მიმართებით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე). 2. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენით ბადრი ბეჟანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის ,ა“, ,,ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და ბადრი ბეჟანიძეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 11 იანვრიდან. 3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის განაჩენით შეიცვალა: ბადრი ბეჟანიძეს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი. გასაჩივრებული განაჩენი ბადრი ბეჟანიძის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. 4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ბადრი ბეჟანიძის ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე. გასაჩივრებული განაჩენი ბადრი ბეჟანიძის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. 5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ბადრი ბეჟანიძეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა. 6. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განჩინებით შეიცვალა: ბადრი ბეჟანიძე გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად. 7. მსჯავრდებულ ბადრი ბეჟანიძის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. 8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბადრი ბეჟანიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვაჟა ხახუტაიშვილის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. 9. მსჯავრდებულ ბადრი ბეჟანიძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით: გამამტყუნებელი განაჩენი ბადრი ბეჟანიძის მიმართ გამოტანილია ასევე ირიბი ჩვენებების საფუძველზე, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. 3. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. 4. მთავარი არგუმენტი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, მითითებულია ხსენებული გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით: „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“ 5. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ირიბი ჩვენების ცნებას და უფრო მეტიც, ამ კოდექსის არც ერთი მუხლი არ მიუთითებს მოწმის ჩვენების (და ზოგადად, ჩვენების) დიფერენციაციაზე მოცემული ნიშნით. აღსანიშნავია, რომ კანონი არც პირდაპირი მტკიცებულების ცნებას განსაზღვრავს და ყველა სახის ჩვენებას ერთ ნიშნულზე მოიაზრებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი ჩანაწერები სხვადასხვა მუხლში, კერძოდ: „მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე“ (მ. 117(1)); „დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ“ (მ. 116); „ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ“ (მ. 115(1)); „ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ“ (მ. 114(1)). ნიშანდობლივია ისიც, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩვენების სხვაგვარ დეფინიციას არ შეიცავს, უფრო მეტიც, იგი განსასჯელის ჩვენების დეფინიციასაც არ გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მას მტკიცებულებათა სახეების ჩამონათვალში ცალკე კატეგორიად განიხილავს. 6. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არც ირიბი ჩვენების არსებობის/გამოყენების აკრძალვას შეიცავს და თუ აღნიშნული კოდექსის საფუძველზე განხილულ საქმეებს გადავხედავთ, კერძოდ კი ამ საქმეებზე გამოყენებულ მოწმეთა ჩვენებებს - ცალსახაა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ირიბი ჩვენების იდენტობა ზემოხსენებულ საქმეებში მითითებულ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც, თავის მხრივ, სწორედ სხვა პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იყენებენ საკუთარი ჩვენებების წყაროდ. 7. შესაბამისად, კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ უშვებს მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც, თუ იგი გადალახავს მტკიცებულებათა დასაშვებობის სტადიას. 8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმა საკმარისად განჭვრეტადი არ არის მოცემული ტიპის ჩვენებების გამოყენებასთან მიმართებით და მათი უტყუარობის კონტექსტში შეფასებას მხოლოდ მოსამართლეთა დისკრეციის სფეროში მოიაზრებს. ცალსახა კრიტერიუმების (წესის) არარსებობის პირობებში კი შეფასება „თვითნებობის“, „ბუნდოვანი სამართლის“ დამკვიდრების, სასამართლოსადმი ნდობის დაქვეითების საფრთხეს ქმნის, რაც, ბუნებრივია, არ შეიძლება წარმოადგენდეს კანონმდებლის ნებას. 9. სწორედ ამიტომ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც, თავის მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განხილულ საქმეებზე დაადგინა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც: „სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის #440აპ-14 განაჩენი), არსებობს გონივრული ვარაუდი და საკმარისი საფუძველი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: „[...], გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ჩვენების, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ანუ „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა