შპს "ნიკანი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/12/1299 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინა იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: შპს „ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „...ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,...“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1299) მიმართა შპს „ნიკანმა“. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2018 წლის 19 მარტს. №1299 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №1299 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები და 39-ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი განსაზღვრავს პირის დაზარალებულად ცნობას, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებსა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წესებს. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილი არეგულირებს საკუთარი ინიციატივით ან პირის განცხადების საფუძველზე პროკურორის მიერ აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთან, განსაზღვრავს, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებაზე პროკურორის უარი საჩივრდება მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან, უარი არ საჩივრდება სასამართლო წესით, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, პროკურორის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლო წესით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. №1299 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2017 წელს შპს „ნიკანმა“ განცხადებით მიმართა პოლიციას, მიუთითა ყოფილი დირექტორის მიერ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის ნიშნებზე და მოითხოვა გამოძიების დაწყება. მოსარჩელის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც შეიტყო მოკვლეული მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ, 2018 წლის დასაწყისში, პროკურატურას მიმართა საქმეში დაზარალებულად ჩართვის შესახებ შუამდგომლობით, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული უარის გასაჩივრების თაობაზე ზემდგომმა პროკურორმა დაადასტურა საწყისი უარის კანონიერება და მიზანშეწონილობა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის გასაჩივრებული სიტყვებით განსაზღვრული წესი მისი უფლების დაცვის და საქმეში დაზარალებულად ჩართვის სხვა სამართლებრივ ბერკეტს არ ტოვებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქმეში დაზარალებულად ჩართვის მნიშვნელობასა და იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს გამოძიების წარმართვას სათანადო პირისთვის დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლების არარსებობა პროკურორს საშუალებას აძლევს, ძალაუფლება გამოიყენოს თვითნებურად, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სადავო ნორმით რეგულირებულ საკითხზე მისი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებზე და ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „...ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,...“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს.“ კონსტიტუციურობას. აღნიშნული სიტყვები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმ წინადადების დაბოლოებას, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით, ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს, თუკი მისი განცხადება პროკურორმა არ დააკმაყოფილა 48 საათში. შესაბამისად, 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის ტექსტის აღნიშნული ნაწილი აღმჭურველი ხასიათის არის და არ უკავშირდება დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების საკითხს. აღნიშნულის საპირისპიროდ, როგორც სარჩელის დასაბუთებიდან ირკვევა, მოსარჩელეს სამართლებრივ პრობლემას უქმნის სწორედ ხსენებული ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „...ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1299 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად
4. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №1299 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1299 („შპს „ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,...“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1299 („შპს „ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების კონსტიტუციურობას „...ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს.“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. №1229, №1242, №1247 და №1299 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე