საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/12/1229, 1242, 1247, 1299 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 დეკემბერი 2018 15:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
ა) №1229 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) №1242 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) №1247 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
დ) №1299 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,...“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - გია ფაცურია; მოსარჩელის, ხვიჩა ყირმიზაშვილის წარმომადგენელი - ეკა ქობესაშვილი; მოსარჩელის, გვანცა გაგნიაშვილის წარმომადგენელი - ეკა მამრიკიშვილი; მოსარჩელის, „შპს ნიკანის“ წარმომადგენელი - მარიამ სორდია; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - ქრისტინე კუპრავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1229) მიმართა საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილმა. საქართველოს მოქალაქე გია ფაცურიამ კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1242) მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1247) მიმართა საქართველოს მოქალაქე გვანცა გაგნიაშვილმა. შპს „ნიკანმა“ კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1299) მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტს.
2. 2018 წლის 27 ივლისს, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1229, №1242, №1247, №1299 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად. 2018 წლის 27 ივლისს, №2/7/1229, №2/8/1242, №2/9/1247, №2/12/1299 საოქმო ჩანაწერებით კონსტიტუციური სარჩელები არსებითად განსახილველად იქნა მიღებული, ხოლო №2/12/1299 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ და ერთობლივად იქნა არსებითად განხილული. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 20 სექტემბერს.
3. №1229 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
4. №1242 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
5. №1247 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
6. №1299 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები და 39-ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი განსაზღვრავს პირის დაზარალებულად ცნობას, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებსა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წესებს. ხსენებული ნორმის მე-5 ნაწილი არეგულირებს საკუთარი ინიციატივით ან პირის განცხადების საფუძველზე პროკურორის მიერ აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობას, ამასთან, განსაზღვრავს, რომ გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, პირის დაზარალებულად ცნობის განცხადებაზე ზემდგომი პროკურორის უარი არ საჩივრდება სასამართლო წესით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ყველა კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში ერთჯერად საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან, ხოლო სასამართლოში - მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
9. №1229 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს როგორც ქვემდგომი, ასევე ზემდგომი პროკურორის მიერ უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე. მოსარჩელის მიერ დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო ნორმით, გაითვალისწინა შესაბამისი დანაშაულის ნაკლებად მძიმე ხასიათი და მოსარჩელის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ხსენებულ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სადავო სიტყვები ახდენს დიფერენცირებას, ერთი მხრივ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ და, მეორე მხრივ, სხვა დანაშაულების შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ პირებს შორის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დიფერენცირება არ არის გამართლებული და არსებულ სიტუაციაში ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ პირებს ერთმევათ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც დანაშაულის სიმძიმე პირდაპირპროპორციულად არ განსაზღვრავს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს.
10. №1242 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო მაჟორიტარ კანდიდატად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას არ მიუღია არანაირი ინფორმაცია მისი განცხადების თაობაზე და რამდენადაც ქმედებები, რომლებზეც იგი განცხადებაში მიუთითებს, არ განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მას არ აქვს საშუალება, მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად. აღნიშნული კი, მოსარჩელის მტკიცებით, მას აყენებს არათანასწორ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულით შესაძლოდ დაზარალებულ პირებთან მიმართებით. ამასთან, მისი პოზიციით, დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შეუძლებლობა არღვევს მის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
12. №1247 სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 3 მაისს მოსარჩელის ადვოკატმა განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ პროკურატურას, მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობა და საქმის მასალების გადაცემა, რაზეც მან უარი მიიღო. აღნიშნული უარი ადვოკატმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის დაზარალებულად ცნობა, თუმცა იმის გამო, რომ საქმე არ შეეხებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც არ დაკმაყოფილდა.
13. მოსარჩელის განმარტებით, მას პრობლემურად მიაჩნია ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა. მისი პოზიციით, ამგვარი აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
14. №1299 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2017 წელს „შპს ნიკანმა“ განცხადებით მიმართა პოლიციას, მიუთითა ყოფილი დირექტორის მიერ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის ნიშნებზე და მოითხოვა გამოძიების დაწყება. მოსარჩელის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც შეიტყო მოკვლეული მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ, 2018 წლის დასაწყისში, პროკურატურას მიმართა საქმეში დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებით, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება გაასაჩივრა ზემდგომ პროკურორთან, რომელმაც მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის გასაჩივრებული სიტყვებით განსაზღვრული წესი მისი უფლების დაცვის და საქმეში დაზარალებულად ჩართვის სხვა სამართლებრივ ბერკეტს არ ტოვებს.
15. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქმეში დაზარალებულად ჩართვის მნიშვნელობასა და იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს გამოძიების წარმართვას სათანადო პირისთვის დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში. მოსარჩელე განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლების არარსებობა პროკურორს საშუალებას აძლევს, ძალაუფლება გამოიყენოს თვითნებურად, ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სადავო ნორმით რეგულირებულ საკითხზე მისი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას.
16. მოსარჩელეთა წარმომადგენლების აზრით, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ხარისხობრივად განასხვავებს დარღვეულ უფლებებს და უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ პირის ინტერესები მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში დაუცველი დარჩეს. ამასთან, მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ დაზარალებულის სტატუსის მოპოვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაზარალებული პირისთვის, რამდენადაც მას უჩნდება საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
17. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
18. მოპასუხე მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრული წესი ემსახურება დაზარალებულის უფლებების დაცვას და მისთვის ზემდგომ პროკურორთან და ცალკეულ შემთხვევაში სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. გასაჩივრების ასეთი სისტემა უზრუნველყოფს დაზარალებულის ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილებას და პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების კონტროლს. მოპასუხე მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება იმისგან დამოუკიდებლად, პირს ენიჭება თუ არა დაზარალებულის სტატუსი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული არ არის პროცესის მხარე, მისი უფლებების აღდგენა დამოკიდებული არ არის დაზარალებულად ცნობის ფაქტზე. ამგვარად, შედეგი, რომლის მიღწევის მოტივითაც პირს შესაძლოა სურდეს დაზარალებულის სტატუსის მოპოვება და პროცესში მონაწილეობა, მიიღწევა, იმისგან დამოუკიდებლად, ექნება თუ არა პირს ეს სტატუსი.
19. მოპასუხე მიუთითებს, რომ დაზარალებულად ცნობის თაობაზე უარის გასაჩივრების უფლების შეზღუდვის საპირწონე სიკეთეა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად მოპასუხეს გამართლებულად მიაჩნია სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგიერთი კომპონენტის შეზღუდვა. სადავო ნორმების მოქმედების საფუძველზე, მცირდება სასამართლოს მიერ დახარჯული რესურსი და დრო, რაც, საბოლოო ჯამში, გადატვირთვისაგან იცავს სასამართლოს. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ალტერნატიულმა სისტემამ შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პროკურორის დისკრეცია.
20. თანასწორობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარე უთითებს, რომ დანაშაულთა კატეგორიების მიხედვით დიფერენცირება განპირობებულია იმ დაშვებით, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის არსებობისას ნაკლებად მძიმე დანაშაულის შედეგად მიყენებულ შესაძლო ზიანთან შედარებით იმატებს ზიანის ხარისხი. დანაშაულთა კატეგორიის ნიშნით დიფერენცირება არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ დისკრიმინაციის კლასიკურ ნიშანს. ამასთან, შესაფასებელი დიფერენცირება არ გამოირჩევა მაღალი ინტენსივობით, რამდენადაც პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვა თავისთავად არ ნიშნავს დაზარალებულის სტატუსის მოპოვებას და პირს აქვს საშუალება, სტატუსი მოიპოვოს ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების მექანიზმის გამოყენებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირება უნდა შეაფასოს რაციონალური დიფერენცირების ტესტის მეშვეობით. მოპასუხეს გამართლებულად მიაჩნია დაზარალებულად ცნობის თაობაზე უარის გასაჩივრების უფლების დიფერენცირებულად შეზღუდვა სასამართლოს სისტემის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. წინამდებარე დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე კონსტიტუციის მითითებულ მუხლებთან მიმართებით ცალ-ცალკე იმსჯელებს.
1. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
1.1. დაცული სფერო
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანი ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ადეკვატური, ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია „მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის №1/2/440 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია უფლებაშემზღუდველი ღონისძიებების/აქტების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები ცხადყოფს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბერის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე„საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55) ამასთან, „გასაჩივრების უფლება უზრუნველყოფს პირის განცდის ჩამოყალიბებას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ. კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჩივრება პირს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციები, დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის პირის სანდოობის აღქმას სასამართლო გადაწყვეტილების შედეგისადმი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).
1.2. შეზღუდვა
6. როგორც აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათის არის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისთვის, უპირველესად, უნდა დადგინდეს, რა არის ის სიკეთე, რის დასაცავადაც პირს სურს, მიმართოს სასამართლოს.
7. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით დადგენილი წესი უკავშირდება დაზარალებულად ცნობის შესახებ ზემდგომი პროკურორის დადგენილების გასაჩივრებას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სადავო მე-3 წინადადების შესაბამისად, პროკურორის დადგენილება პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ, მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულების არსებობისას არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-3 წინადადება კი აწესრიგებს პროკურორის მიერ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმებისას პირის უფლებამოსილებას, გაასაჩივროს იგი ზემდგომ პროკურორთან, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევისა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ზღუდავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რამდენადაც მას არ აქვს შესაძლებლობა, სასამართლოს გზით გაასაჩივროს უფლებაშემზღუდველი აქტი - პროკურორის დადგენილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. აღნიშნული კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება აქვს: იცოდეს ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების არსი; მიიღოს ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საპროცესო მოქმედებების შესახებ; სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია; უფასოდ მიიღოს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების, განაჩენის, სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი; მიიღოს პროცესში მონაწილეობის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურება; დაიბრუნოს გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას საქმის საჭიროებისათვის დროებით ჩამორთმეული მისი კუთვნილი ქონება; მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას; მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს; მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება; წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს; მიმართოს ბრალდების მხარეს ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით; მიიღოს განმარტება თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ; ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით, პროკურორმა დაზარალებულს, მოთხოვნის შემთხვევაში, წინასწარ უნდა შეატყობინოს რიგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების დრო და ადგილი.
9. ამრიგად, დაზარალებულს, როგორც პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური, თუ ქონებრივი ზიანი მიადგა, კანონმდებელი აღჭურავს გარკვეული უფლებებით. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმა უზღუდავს პირს პროკურორის იმ გადაწყვეტილების (დადგენილების) სასამართლოში გასაჩივრებას, რომლითაც მას არ ენიჭება (უუქმდება) დაზარალებულის სტატუსი და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას იმის საჭიროების წინაშე, რომ შეაფასოს, რამდენად არის დაცული კონსტიტუციით დაზარალებულის ესა თუ ის უფლება ან რამდენად შეესაბამება დაზარალებულისათვის კანონით მინიჭებული უფლებები კონსტიტუციურ სტანდარტებს. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ინსტრუმენტული ხასიათის არის და იცავს ნებისმიერი სიკეთის, მათ შორის, კანონით მინიჭებული უფლებების დაცვის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში იზღუდება დაზარალებულის კანონით მინიჭებული უფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა. ამრიგად, სახეზეა ინტერესი, რომლის დასაცავადაც პირს სურს, მიმართოს სასამართლოს და ღონისძიება, რომელიც მას ართმევს ამის შესაძლებლობას.
10. მოპასუხე მხარემ მიუთითა გადაწყვეტილების ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების შესაძლებლობაზე, როგორც უფლების დაცვის ალტერნატიულ მექანიზმზე. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმისა და დაზარალებულის სტატუსის გაუქმების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების გზით, შესაძლებელია, შემცირდეს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, დაიცვას საკუთარი უფლებები ინსტიტუციურად და სისტემურად დამოუკიდებელ სასამართლო ორგანოში. ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების შესაძლებლობა და სასამართლოს წესით გასაჩივრება არ არის უფლების დაცვის იდენტური საშუალებები. შესაბამისად, ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული აკრძალვა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
1.3. შეფასების ტესტი
12. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლიანი სასამართლოს უფლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იგი არ არის აბსოლუტური და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
13. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოს ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც კანონმდებელმა მიიღო სადავო აქტი.
1.4. ლეგიტიმური მიზანი
14. მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის პოზიციით, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსის შესახებ დადგენილების სასამართლოს წესით გასაჩივრების აკრძალვის მიზანია პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა და სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის. მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის 3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69).
16. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სასამართლო სისტემის არსებობა, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ადეკვატური, დროული დაცვა. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დასახელდა ღირებული ლეგიტიმური მიზანი და დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის მიზნით.
1.5. გამოსადეგობა
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, კანონმდებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. შეზღუდვის თანაზომიერებისათვის ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილდეს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმებით სრულად იკრძალება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის და დაზარალებულის სტატუსის გაუქმების შესახებ პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ბუნებრივია, ამგვარი რეგულირება ამცირებს სასამართლოს განსახილველ საქმეთა რაოდენობას და, შედეგად, ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას. ამდენად, სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების შემზღუდველი ღონისძიება დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.
1.6. აუცილებლობა
18. გამოსადეგობასთან ერთად, უფლების შემზღუდველი ღონისძიება უნდა იყოს შეზღუდვის აუცილებელი (ყველაზე ნაკლებად მზღუდველი) საშუალება. უფრო კონკრეტულად, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30).
19. აუცილებლობის შემოწმებისას სასამართლო აფასებს ხომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება. განსახილველ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვას უზრუნველყოფს პირებისათვის გასაჩივრების უფლების აკრძალვა. ამავდროულად, არ იკვეთება სხვა, ნაკლებად მზღუდავი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა სასამართლოს განტვირთვას, როგორც ამას გარკვეული კატეგორიის დანაშაულთან მიმართებით დაზარალებულების მიერ გასაჩივრების აბსოლუტური აკრძალვა უზრუნველყოფს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიება აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნებს.
1.7. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
20. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს სადავო ნორმების პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu). თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). სადავო ნორმით დადგენილი ბალანსის სამართლიანობის შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რომელი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსება ხდება სადავო ღონისძიებით. განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირების, მისი გადატვირთვისგან დაცვის საზოგადო ინტერესი და, მეორე მხრივ, პირის ინტერესი, სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმისა და დაზარალებულის სტატუსის გაუქმების შესახებ.
21. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შეფასებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული იმ უფლებისა თუ სიკეთის მნიშვნელობა, რომლის დასაცავადაც პირს სურს, მიმართოს სასამართლოს. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რა უფლებრივ სიკეთეს მიემართება სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა და ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენად დიდია ამ ურთიერთობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების გზით დაშვებული შეცდომის პრევენციისა და გამოსწორების ინტერესი.
22. როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრების ინტერესს განაპირობებს დაზარალებულის სტატუსის მოპოვება. ამ სტატუსის არქონის შემთხვევაში პირებს ერთმევათ ისეთი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, როგორიცაა საქმის მასალების გაცნობისა და შესაბამისი საპროცესო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება, განრიდების, მედიაციის, საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში მონაწილეობის უფლება, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები. ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაზარალებულ არასრულწლოვანთა უფლებებიც. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანი დაზარალებულები დამატებით სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარებით. ასევე თუ დაზარალებული არასრულწლოვანია, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიაში საქმის კოლეგიურად განხილვისას, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას კოლეგიის/პალატის შემადგენლობაშია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ერთი მოსამართლე. ამასთან, განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლო ვალდებულია, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამრიგად, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს კანონმდებელი აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რომელთა ხელმისაწვდომობაც მხოლოდ ამ სტატუსის მოპოვებითაა შესაძლებელი.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დაზარალებულის ინტერესია, მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული იქნეს გამოძიებული, რეალური დამნაშავე იდენტიფიცირებული, დანაშაული სწორად დაკვალიფიცირებული და, საბოლოოდ, საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული დანაშულის შედეგად მიყენებული ზიანის ეფექტურ, ადეკვატურ ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, სამართლიანობის განცდის დაკმაყოფილებას იმ გაგებით, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშული არ დარჩება რეაგირების გარეშე, რომ სახელმწიფო არ არის გულგრილი და ინდიფერენტული მისი პრობლემის მიმართ და რომ სწორედ სახელმწიფო წარმოადგენს გარანტიას მისი ინტერესების დაცვისთვის და უფლებების დარღვევის პრევენციისთვის. ადამიანს არ უნდა დარჩეს დაუცველობის განცდა ან შეგრძნება, რომ სახელმწიფო არ არის მონდომებული, მოტივირებული და ეფექტური ადამიანის უფლებების დაცვისა და უფლებების დარღვევის თავიდან აცილების უმთავრესი ფუნქციის შესრულებისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10) დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს კანონი ანიჭებს უაღრესად მნიშვნელოვან უფლებებს, რომელთა მეშვეობითაც მას უჩნდება სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას გარკვეული პროცედურული გარანტიები, აქვს ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ და აღჭურვილია ბრალდების მხარის კონტროლის ბერკეტებით. დასახელებული უფლებების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია და დანაშაულისგან დაზარალებული პირი უნდა იყოს დაცული, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით, არამართლზომიერად არ შეეზღუდოს კანონით მინიჭებული უფლებები და გარანტიები.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დაზარალებულის შესაძლებლობას, ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.
25. გასაჩივრების უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოს გზით გასაჩივრების უფლება ყველა შემთხვევაში ვერ იქნება სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის ინტერესზე აღმატებული. ბუნებრივია, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო კონტროლი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენებდა მართლმსაჯულების სისტემას. ამავე დროს, „ზოგადი ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გასაჩივრების შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის №2/6/264 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „უნისერვისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). შესაბამისად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორია სასამართლოს გადატვირთვის საფრთხე და რამდენად გადაწონის იგი პირის ამა თუ იმ უფლების დაცვის ინტერესს.
26. გასაჩივრების უფლების შეზღუდვის გზით სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმეთა განხილვის სირთულე და სიმრავლე, რათა მაქსიმალურად ზუსტად განისაზღვროს, როგორია ამ კატეგორიის საქმეებით სასამართლოს გადატვირთვის საფრთხე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო ურთიერთობის სპეციფიკა და დაზარალებულის სტატუსის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების თავისებურებები.
27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, - თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. აღნიშნული კოდექსის 56-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
28. ამრიგად, პირის დაზარალებულად ცნობის საკითხის გადასაწყვეტად დგინდება დანაშაულის ფაქტისა და პირის მიმართ მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანის არსებობა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მისი მნიშვნელობის მიუხედავად, როგორც წესი, არ გამოირჩევა კომპლექსურობით და ყველა შემთხვევაში სადავო არ ხდება. შესაბამისად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ განსაკუთრებით მაღალი იქნებოდა ამ კატეგორიის საქმეების განხილვის შედეგად სასამართლოს გადატვირთვის რისკი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები, სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაანახვებდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და მისი გაუქმების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, განსაკუთრებულად გადაიტვირთებოდა სასამართლო და შეფერხდებოდა მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, დაზარალებულის სტატუსის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში შეიზღუდება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები. ამგვარი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. დაზარალებულის სტატუსის მინიჭება/გაუქმება არ არის პროკურორის თავისუფალი მიხედულების ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი. კანონით დადგენილი ობიექტური საფუძვლების, კრიტერიუმების არსებობისას პროკურორი ვალდებულია, პირი ცნოს დაზარალებულად ან არ გააუქმოს მისი დაზარალებულის სტატუსი. პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს პროკურორის გადაწყვეტილების სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების სისწორეს და არ იჭრება მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში.
29. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა შეეხება ნებისმიერ მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით, დანაშაული სამი კატეგორიისაა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული; ბ) მძიმე დანაშაული; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით. განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება საკმაოდ მრავალრიცხოვანი დანაშაულის შემადგენლობა, რომელთა დიდი ნაწილი მნიშვნელოვან მორალურ, ფიზიკურ თუ ქონებრივ ზიანს აყენებს დაზარალებულს. მიყენებული ზიანის მოცულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით ეფექტურად სარგებლობის უზრუნველყოფას.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოს გადატვირთვისა და მართლმსაჯულების შეფერხების ხელშესახები, რეალური საფრთხის შემთხვევაში გამართლებული იყოს დაზარალებულის სტატუსის შესახებ პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლების შეზღუდვა. ამავე დროს, ამ პროცესში აუცილებელია, დაზარალებულის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის მოცულობის გათვალისწინება. სასამართლოს გადატვირთვისა და მართლმსაჯულების შეფერხების ხელშესახები მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, მხოლოდ სასამართლოს გადატვირთვაზე ზოგადი მითითება ვერ გაამართლებს სადავო ნორმებით გათვალისწინებულ იმგვარ ბლანკეტურ შეზღუდვას, რომელიც არ ითვალისწინებს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს და დაზარალებულისათვის კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის მნიშვნელობას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით არ არის დადგენილი სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. შესაბამისად, სადავო ნორმები არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია.
2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
2.1. დაცული სფერო
32. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას. მისი ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
33. ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
34. ამრიგად, სახელმწიფო ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით ან პირიქით, დიფერენცირებას ახდენს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობით.
2.2. დიფერენცირება
35. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მისი მტკიცებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას, ერთი მხრივ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ პირებს და, მეორე მხრივ, სხვა დანაშაულების შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ პირებს შორის.
36. განსახილველ შემთხვევაში, იმის დასადგენად, სადავო ნორმა იწვევს თუ არა თანასწორობის უფლების შეზღუდვას, უპირველესად უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა იგი დიფერენცირებას მოსარჩელეთა მიერ დასახელებულ პირთა წრეებს შორის. სადავო ნორმით დაზარალებულის სტატუსის მინიჭების/გაუქმების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება ენიჭება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს და გამორიცხავს სხვა კატეგორიის დანაშაულით დაზარალებული პირების მიერ იგივე უფლებით სარგებლობას.
37. პროკურორის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობას განაპირობებს პირის მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა. მართალია, სადავო ნორმებით დადგენილი წესი მიემართება დანაშაულის კატეგორიას, თუმცა იგი ერთმანეთისგან ყოფს პირთა ჯგუფებს. სადავო ნორმების მიხედვით, პირთა ჯგუფი, რომელთა მიმართაც ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაული, გამოყოფილია იმ პირებისგან, რომელთა მიმართაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. სადავო ნორმა გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირებს ისეთ პირობას, რომლის შეცვლაც დამოკიდებული არ არის პირის თავისუფალ არჩევანზე. შესაბამისად, პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, რაიმე გავლენა მოახდინონ ამ დაყოფაზე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ურთიერთობის სხვადასხვაგვარი მოწესრიგება ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის მიხედვით, ფაქტობრივად, იწვევს პირთა განსაზღვრული ჯგუფების მიმართ სხვადასხვაგვარ უფლებრივ რეჟიმს და დიფერენცირებას.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა დიფერენცირებული მოპყრობა.
2.3. შესადარებელი სუბიექტების არსებითად თანასწორობა
39. დიფერენცირების დადგენის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად არიან ისინი არსებითად თანასწორი სუბიექტები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. „ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
40. განსახილველ შემთხვევაში შესადარებელი პირები არიან, ერთი მხრივ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულები და, მეორე მხრივ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებული პირები. ხსენებულ პირთა ორივე კატეგორიას აერთიანებს კანონით გათვალისწინებული ინტერესი - მიიღონ დაზარალებულის სტატუსი და ისარგებლონ ამ სტატუსის თანმდევი უფლებებით. აღნიშნული ინტერესი ორივე ჯგუფისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია და ემსახურება ეკვივალენტური სიკეთით სარგებლობას. დაზარალებულის ინტერესი, გააჩნდეს უფლების დაცვის ადეკვატური მექანიზმი, არსებითად არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი კატეგორიის დანაშაული იქნა მის წინააღმდეგ ჩადენილი.
41. დასახელებული პირების არსებითად თანასწორად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია მათი არსებითად იდენტური სამართლებრივი მდგომარეობა - როგორც განსაკუთრებით მძიმე, ასევე მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულთა საქმეებზე დაზარალებულებს დანაშაულის შედეგად ადგებათ ზიანი. ამასთან, დანაშაულთა განსხვავებული კატეგორია, თავისთავად, არ ნიშნავს პირთან მიმართებით განსხვავებული ზიანის არსებობას, სრულიად შესაძლებელია, რომ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულისას პირს ერთნაირი ზიანი მიადგეს.
42. როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულის კატეგორიზაცია ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებად ხდება სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით. თავის მხრივ, ამა თუ იმ დანაშაულისათვის სასჯელს განსაზღვრავს კანონმდებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონმდებელი განსაზღვრავს ქმედების საშიშროების ხარისხს და ადგენს შესაბამის სანქციებს. ამავე დროს, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ამა თუ იმ ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციის მოცულობა მიუთითებს მისი საზოგადოებრივი საშიშროების და გასაკიცხაობის ხარისხზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბერის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე„საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-28). შესაბამისად, დანაშაულის მიმართ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ზომა, როგორც წესი, დამოკიდებულია მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხზე. შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებული იყოს დანაშაულიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, დამნაშავის გასაკიცხაობის ხარისხი და არ განსხვავდებოდეს დაზარალებულისათვის დანაშაულით მიყენებული ფიზიკური, მორალური და ქონებრივი ზიანის მოცულობა. ამასთან, შესაძლოა, კანონმდებელმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა კატეგორიაში მოაქციოს ესა თუ ის დანაშაული და, შესაბამისად, გადაანაცვლოს დაზარალებულის სტატუსზე წვდომის შესაძლებლობები, თუმცა, ბუნებრივია, დანაშაულის კვალიფიკაციასთან ერთად, ვერ შეიცვლება პირის დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხი და დაზარალებულად ცნობის ინტერესი (იხ. Mutatis Mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება იწვევს არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული თანასწორობის უფლების შეზღუდვა.
2.4. შეფასების ტესტი
44. დიფერენცირებული მოპყრობა არ ნიშნავს a priori დისკრიმინაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
45. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით, შესაძლოა, განსხვავებული იყოს დიფერენცირებული მოპყრობის შეფასების მასშტაბი. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) რაციონალური დიფერენციაციის ტესტით. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
47. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ნიშანსა და მის ინტენსივობაზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს, თუ დიფერენცირების ნიშანი არის კლასიკური ან თუ დიფერენცირება განსაკუთრებულად მწვავე, მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. სხვა შემთხვევაში სასამართლო დიფერენცირებას რაციონალური ტესტის საფუძველზე აფასებს.
48. განსახილველ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშანია დანაშაულის კატეგორია, რომელიც, სავარაუდოდ, ჩადენილია პირის მიმართ. სწორედ დანაშაულის კატეგორია არის ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც, კანონმდებელი განსხვავებულ რეჟიმში აყენებს შესადარებელ პირებს. აღნიშნული ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ კლასიკურ ნიშანს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების პირველი წინაპირობა.
49. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
50. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენცირების ინტენსივობის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, რამდენად სცილდებიან ერთმანეთს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებული პირები. დიფერენცირებულ პირთათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ემსახურება მათ აღჭურვას ადეკვატური საპროცესო უფლებებით, შესაძლებლობებით. ამ პროცესში სასამართლოსთვის მიმართვა არის მექანიზმი, რომელიც ამცირებს კანონით მინიჭებული უფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვის რისკს, ზრდის პროკურორის მხრიდან დაშვებული შესაძლო შეცდომის გამოსწორების შანსს და პირს უჩენს სტატუსის მოპოვების/დაცვის სამართლებრივ საშუალებას. ბუნებრივია, დაზარალებულის სტატუსის მიღების/არმიღების სასამართლო წესით გასაჩივრება თავისთავად არ ნიშნავს, რომ პირები აუცილებლად მოიპოვებენ დაზარალებულის სტატუსს, თუმცა მათ სასამართლოს მიმართვით უჩნდებათ დაზარალებულის სტატუსზე (თანმდევ უფლებებზე) წვდომის უფლების დაცვის ეფექტური სამართლებრივი საშუალება. დაზარალებულის სტატუსზე წვდომის სამართლებრივი საშუალება ემსახურება პირთა იდენტური ინტერესების დაცვას. უთანასწორო მოპყრობის შედეგად, პირთა ერთი კატეგორია სრულად მოკლებულია პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.
51. როგორც აღინიშნა, უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტური სამართლებრივი ბერკეტის არარსებობის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად უფლებით სარგებლობა. შესაბამისად, მოსარჩელეების მსგავს კატეგორიაში მყოფი პირებისათვის კანონით მინიჭებული უფლებების ეფექტური დაცვის სამართლებრივი საშუალებების ჩამორთმევა შესაძლოა, ფაქტობრივად, მათთვის უფლების მინიჭებაზე უარის თქმას გაუთანაბრდეს. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ დაზარალებულის სტატუსზე წვდომის სამართლებრივი საშუალების არქონა, დაზარალებულის უფლებებისა და მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით დაცვის მექანიზმის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. შესაბამისად, ამგვარი დიფერენცირების კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე.
2.5. ლეგიტიმური მიზანი
52. საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
53. ამრიგად, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო რეგულაცია ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
54. სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებითაც სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვა დაასახელა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე იმსჯელა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დაცვას გადატვირთვისაგან და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას (იხ. სამოტივაციო ნაწილის მე-16 პარაგრაფი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ასევე დასაშვებია თანასწორობის უფლების შეზღუდვა.
2.6. გამოსადეგობა და აუცილებლობა
55. სადავოდ გამხდარი ნორმა დიფერენცირებას ახდენს პირის მიმართ შესაძლო ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის მიხედვით და გამორიცხავს პირთა გარკვეული ჯგუფის უფლებას, სასამართლოში გაასაჩივრონ პროკურორის გადაწყვეტილება დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმისა და სტატუსის გაუქმების შესახებ. ამგვარი დიფერენცირებით, ერთი მხრივ, სასამართლოში გასაჩივრებაზე ხელი მიუწვდებათ იმ პირებს, ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და, მეორე მხრივ, გამოირიცხება სხვა დანარჩენი კატეგორიის დანაშაულით შესაძლო დაზარალებული პირები. ამგვარი დიფერენცირებული მოპყრობით სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ეზღუდება პირთა გარკვეულ კატეგორიას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს სასამართლოში ნაკლები საჩივრის რაოდენობას და სასამართლოს იცავს გადატვირთვისაგან. შესაბამისად, დიფერენცირება აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნას.
56. როგორც აღინიშნა, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვა მოხდეს ყველაზე ნაკლებად მზღუდველი საშუალების გამოყენებით. i.e. დიფერენცირებული მოპყრობა ასევე უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობის კრიტერიუმს. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ არ იკვეთება სასამართლოს გადატვირთვისგან ამავე ეფექტურობით დაცვის სხვა, ნაკლებად მზღუდველი საშუალება (იხ. სამოტივაციო ნაწილის მე-19 პარაგრაფი). შესაბამისად, სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვა ასეთი ეფექტურობით ვერ მოხერხდებოდა გამოყენებული დიფერენცირების გამომწვევი ღონისძიების გარეშე. აქედან გამომდინარე, დიფერენცირებული მოპყრობა ასევე აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას.
2.7. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
57. თანაზომიერების პრინციპი ასევე მოითხოვს, რომ დაცული იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. კერძოდ, აუცილებელია, დადგენილი იყოს სამართლიანი ბალანსი და დიფერენცირებული მოპყრობით მიღწეული სიკეთე მნიშვნელობით აჭარბებდეს პირის შეზღუდული ინტერესის - თანასწორობის უფლების დაცვის ინტერესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ დარღვეულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები და სახეზეა დისკრიმინაცია.
58. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით იზღუდება პირის ინტერესი, რომ დიფერენცირებულად არ წაერთვას მის მიმართ მიღებული დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმისა და სტატუსის გაუქმების შესახებ პროკურორის დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება. ამავდროულად, მოცემული დიფერენცირებული მოპყრობა ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვას. წინამდებარე გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა, რომ სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია (იხ. სამოტივაციო ნაწილის მე-19 და 25-ე პარაგრაფები). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმოიხილა, რა მნიშვნელობა აქვს პირის უფლებას, შეიძინოს და დაუსაბუთებლად არ დაკარგოს დაზარალებულის სტატუსი (იხ. სამოტივაციო ნაწილის 23-ე პარაგრაფი). არანაკლებ მნიშვნელოვანია, თანასწორობის უფლებიდან გამომდინარე, პირი დაცული იყოს ამგვარ სფეროში დიფერენცირებისაგან და სხვა არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფების მსგავსად მიუწვდებოდეს ხელი კანონიერი უფლებების დაცვის ეფექტურ სამართლებრივ საშუალებებზე. სადავო ნორმით განსაზღვრულ საქმეთა კატეგორიის სირთულისა და სიმრავლის გათვალისწინებით, არ ყოფილა წარმოდგენილი ხელშესახები დასაბუთება, რომ მოსარჩელეთა მსგავს კატეგორიაში მყოფი პირებისათვის პროკურორის დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება გამოიწვევდა სასამართლოს გადატვირთვას და შეაფერხებდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს (იხ. სამოტივაციო ნაწილის 28-ე პარაგრაფი). ამასთან, სადავო ნორმებით გათვალისწინებული დიფერენცირება შეეხება ნებისმიერი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულით დაზარალებული პირის უფლებებს და არ იღებს მხედველობაში დაზარალებულის მიმართ დამდგარი უფლებრივი ზიანის მოცულობას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვის ინტერესი ვერც ამ შემთხვევაში გადაწონის შეზღუდულ ინტერესს და დადგენილი ბალანსი არ არის სამართლიანი.
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გამოწვეული დიფერენცირებული მოპყრობა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას და სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელები №1229, №1242, №1247 და №1299 („საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადება და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-3 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე