საქართველოს მოქალაქე გია ფაცურია საქართველოს პარლმენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1242 |
ავტორ(ებ)ი | გია ფაცურია |
თარიღი | 4 ივლისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე... მოგეხსენებათ, 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები. 2016 წლის 19 აგვისტოს #2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფის მიერ შეტანილ იქნა მხარდამჭერთა სიები საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩემი მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით. 2016 წლის 20 აგვისტოს შედგა მხარდამჭერთა სიების შემოწმების ე.წ. „აქტი“. აღნიშნული „აქტის“ თანახმად გაბათილდა 241 ხელმოწერა და გაბათილების ერთადერთ საფუძვლად დაედო მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არარსებობა ბლანკზე. 2016 წლის 22 აგვისტოს #2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა მხარდამჭერთა ხელმოწერების დამატებითი სიები (217 ხელმოწერა). 2016 წლის 24 აგვისტოს შედგა მხარდამჭერთა სიების შემოწმების მეორე ე.წ. „აქტი“. აღნიშნული „აქტის“ თანახმად გაბათილდა 181 ხელმოწერა პირადობის მოწმობის სერიისა და ნომრის შეუტანლობის მიზეზით. 2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის #2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა განკარგულება (#013/2016), რითაც უარი მეთქვა რეგისტრაციაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის #2 მაჟორიტარულ ოლქში. აღნიშნული გავასაჩივრე ცესკოში. ცესკომ ძალაში დატოვა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება. საარჩევნო ადმინისტრაციის ორივე დონის კომისიის ქმედება იმდენად აბსურდული იყო, რომ გავასაჩივრე თბილისის საქალაქო სასამართლოში და 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასამართლომ დაავალა სიებში ხელმოწერების თავიდან გადათვლა, კანონის სრული დაცვით, რის შედეგადაც, საოლქო კომისია იძულებული გახდა გავეტარებინე რეგისტრაციაში 2016 წლის 1 სექტემბერს. ამის შემდეგ დაიწყო უკანონო ქმედებების მეორე სერია, რის შესახებაც მივმართე გენერალურ პროკურორს 7 და 16 სექტემბერს და მოვითხოვე ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. (ორივე განცხადება, თანდართული მასალებით თან ერთვის) თამარ ჟვანიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებების გამო: კრიტიკულად მნიშვნელოვან წინასაარჩევნო პერიოდში (20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში) ამომრჩევლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბოლოოდ მოხსნილი ვარ არჩევნებიდან ჩემი და არა ცესკოს არამართლზომიერი ქმედებების გამო; სხვა კანდიდატებთან ერთად ერთად ვერ მოვხვდი სოციოლოგიურ გამოკითხვებში; ჩამეშალა წინასაარჩევნო ფონდის შეგროვების პროცესი ვინაიდან სპონსორებთან ურთიერთობა, მოგეხსენებათ მეტად სენსიტიური თემაა; დაგვიანდა ფლაერების და პლაკატების ბეჭდვა, ჩემი საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო შტაბი გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა, პროგრამისტმა სხვაგან დაიწყო მუშაობა და მრავალმა სხვა წვრილმანმა პრობლემამაც იჩინა თავი რაც ცხადია ენთუზიაზმს არ მატებდა ჩემს მხარდამჭერებს არ მიმიწვიეს შესაბამის წინასარჩევნო სატელევიზიო გადაცემებში; რამდენიმე ონლაინ გამოცემაში, მაგალითად „ნეტგაზეთში“ განთავსდა ინტერაქტიური რუქები კანდიდატების მონაცემებით, ფოტომასალით, სადაც მე ვერ მოვხვდი; შეფერხდა წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობა; ჩაიშალა ამომრჩევლებთან დაგეგმილი შეხვედრები საქმე ეხებოდა დოკუმენტურად დადასტურებულ, პირადად ცესკოს თავმჯდომარის ქმედებებს, ამიტომაც პირადად გენერალურ პროკურორს მივმართე რათა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის თანაბარი იერარქიული დონის გამო, არ შეფერხებულიყო ჩემი დარღვეული უფლებების უსწრაფესი აღდგენა და ამომრჩევლებამდე მისულიყო მესიჯი, რომ საკუთარი უფლებების დაცვა შემიძლია, შესაბამისად მათ უფლებებსაც მოურიდებლად და ოპერატიულად დავიცავ. ამგვარად: 2016 წლის 7 და 19 სექტემბერს განცხადებებით მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურორს, ი.შოთაძეს (ასლები თან ერთვის) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი, სსკ-ის ექვსი მუხლით - 162-ე, 381-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე, 342-ე, გათვალისწინებული დანაშაულების თაობაზე, მოვითხოვე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და ჩემი დაზარალებულად ცნობა. ჩემი განცხადებები გენპროკურორმა გადააწერა მოადგილეს, მოადგილემ თბილისის პროკურორს, თბილისის პროკურატურამ ვაკე-საბურთალოს პროკურატურას (ასლი თან ერთვის), ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ - შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მეშვიდე განყოფილებას (ასლი თან ერთვის), ეს უკანასკნელი ქმედება, თავის მხრივ წარმოადგენს საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის #34-ე ბრძანების იგნორირებას. ზემოაღნიშნულ პოლიციის განყოფილებაში გამომიძახეს, სადაც დეტექტივ-გამომძიებელს კიდევ ერთხელ განვუმარტე ჩემი მოთხოვნის არსი. მივიღე პასუხი, რომ ვაკე-საბურთალოს პროკურორთან გაივლიდა დამატებით კონსულტაციას. გარკვეული პერიოდის შემდეგ შემატყობინეს, რომ ჩემი განცხადებები გადაეწერა დიღმის პოლიციის განყოფილებას. სხვა არავითარი ოფიციალური ინფორმაცია არ მიმიღია. სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 381-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე, 342-ე მუხლები არ წარმოადგენენ „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ აღმწერი ქმედებების დეფინიციას. შესაბამისად მოკლებული ვარ შესაძლებლობას მივმართო სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად რაც ცხადია არათანაბარ პირობებში მაყენებს საქართველოს იმ მოქალაქეებთან შედარებით, რომლებიც „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ მსხვერპლი გახდნენ. ზემდგომ პროკურორსაც ვერ მივმართავ, ვინაიდან თავიდანვე მივმართე გენერალურ პროკურორს. ამგვარად აშკარაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის 5-ე პუნქტი აშკარად ზღუდავს ჩემს მიმართ კონსტიტუციის 14-ე მუხლით გარანტირებულ, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს, ხოლო იგივე სსსკ-ს 56-ე მუხლის 6-ე პუნქტმა შეიძლება ჩემი კონსტიტუციური უფლება მომავალში უშუალოდ შელახოს. შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნულ მუხლებში ჩანაწერები „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.“ - თანასწორობის შემზღუდველი ანუ არაკონსტიტუციურია.
2. სადავო მუხლების ანტიკონსტიტუციურობა კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით: კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 პუნქტში დეკლარირებულია „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. იგივე გარანტიებს გვაძლევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6-ე მუხლი - „სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის 6-ე მუხლის 2-ე პუნქტის მიხედვით კი - „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას,... აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“ შესაბამისად ნებისმიერი კანონი, ნორმატიული აქტი თუ ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, აშკარად არაკონსტიტუციურია და ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებს. ამგვარად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე და 6-ე მუხლებში არსებული ჩანაწერები: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.“ აშკარად არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის 14-ე და 42-ე მუხლებთან მიმართებაში, ეწინააღმდეგება ევროკონვენციის 6-ე მუხლს და უნდა გაუქმდეს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა