საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - თამაზ ცაბუტაშვილის შუამდგომლობა N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/1242 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:06 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
განსახილველი საკითხი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - თამაზ ცაბუტაშვილის შუამდგომლობა N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2018 წლის 25 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა თამაზ ცაბუტაშვილმა მიმართა შუამდგომლობით N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. შუამდგომლობის მიხედვით, 2018 წლის 28 მაისს, N1242 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე გია ფაცურიასა და მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს შორის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი და მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს.
3. მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი მიუთითებს, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მას და მოსარჩელე ფაცურიას შორის არსებობს უარყოფითი, ერთგვარად, არასასიამოვნო, კონფლიქტური ურთიერთობა. მოსამართლის პოზიციით, შესაძლოა, აღნიშნულმა გარემოებამ საფრთხე შეუქმნას, მისი მხრიდან, N1242 კონსტიტუციური სარჩელის სრულიად ობიექტურად განხილვას და გადაწყვეტას. ამასთან, დასახელებული კონფლიქტის პირობებში, მოცემული საქმის განხილვაში მისმა მონაწილეობამ შესაძლოა, გამოიწვიოს საზოგადოების უნდობლობა აღნიშნულ საქმეზე მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. აღნიშნული კი უარყოფითად აისახება, საზოგადოების მხრიდან, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ სანდოობაზე.
4. მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს მისი N1242 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან განრიდების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ამასთან, მოსამართლე ცაბუტაშვილი მიუთითებს, რომ N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელები არსებითად ერთსა და იმავე საკითხს უკავშირდება და თითქმის იდენტურია აღნიშნულ სარჩელებზე დავის საგანი. შესაბამისად, N1242 კონსტიტუციურ სარჩელზე განრიდების საფუძვლის არსებობა ასევე გულისხმობს, რომ ასეთი საფუძველი არსებობს N1247, N1299 და N1229 კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებითაც.
5. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძველი, რის გამოც, მიმართავს სასამართლოს მისი №1242 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის პროცესისგან თვითგანრიდების შესახებ. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი შუამდგომლობს N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მოსამართლის აცილების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. თავად მოსამართლის მიერ საქმიდან განრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
2. მოცემულ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, თამაზ ცაბუტაშვილის მიუკერძოებლობაში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლის საქმის განხილვიდან აცილების საკითხის გადაწყვეტისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად მოსამართლის აღქმას, მის დამოკიდებულებას საქმისა თუ რომელიმე მხარის მიმართ. გააჩნია თუ არა ამ უკანასკნელს იმგვარი სუბიექტური გრძნობები, რომელთა დათრგუნვა და უარყოფაც, მისი ადამიანური ბუნების გათვალისწინებით, არ შეუძლია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
4. შუამდგომლობაში მოსამართლე თავად მიუთითებს, რომ მას და მოსარჩელე გია ფაცურიას შორის მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, შესაძლოა, მას გაუჭირდეს, იყოს განსახილველი საქმის განხილვისას სრულიად ობიექტური და მიუკერძოებელი. ამასთან, მოსამართლის მითითებით, მის მიერ №1242 კონსტიტუციური სარჩელის განხილვაში მონაწილეობის მიღებამ შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს ამ საქმეზე საზოგადოების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობა და შემცირდეს მის მიმართ სანდოობა.
5. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმის განხილვიდან განრიდების საკითხის გადაწყვეტისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად სასამართლოს წევრის სუბიექტურ დამოკიდებულებას. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილსა და მოსარჩელე გია ფაცურიას შორის მომხდარი არასასიამოვნო ინციდენტი შესაძლოა, ხელს უშლიდეს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილს, საქმის გადაწყვეტისას იყოს სათანადოდ ობიექტური და მიუკერძოებელი. ამასთანავე, აღნიშნული ინციდენტის გათვალისწინებით, ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საზოგადოების მხრიდან ამ საქმეზე მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფრთხე. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის საქმის განხილვიდან განრიდების საფუძველი.
6. ამასთანავე, მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილი შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელები არსებითად ერთსა და იმავე საკითხს უკავშირდება. თითქმის იდენტურია აღნიშნულ სარჩელებზე დავის საგანი. შესაბამისად, N1242 კონსტიტუციურ სარჩელზე განრიდების საფუძვლის არსებობა ასევე გულისხმობს, რომ ასეთი საფუძველი არსებობს N1247, N1299 და N1229 კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებითაც.
7. N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი იდენტური სამართლებრივი პრობლემა - მოსარჩელეებისათვის პრობლემურია პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების დაუშვებლობა, ასევე მსგავსია უშუალოდ დავის საგანი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ N1242 კონსტიტუციურ სარჩელზე განრიდების საფუძვლის არსებობა ასევე გულისხმობს, რომ ასეთი საფუძველი არსებობს N1247, N1299 და N1229 კონსტიტუციურ სარჩელებთან დაკავშირებითაც.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, თამაზ ცაბუტაშვილის შუამდგომლობა N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თამაზ ცაბუტაშვილის შუამდგომლობა N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი