საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/1229 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 15:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინა იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1229) მიმართა საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 6 ივნისს. №1229 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №1229 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი განსაზღვრავს პირის დაზარალებულად ცნობას, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებსა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წესებს. ხსენებული ნორმის მე-5 ნაწილი არეგულირებს საკუთარი ინიციატივით ან პირის განცხადების საფუძველზე პროკურორის მიერ აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობას, ამასთან, განსაზღვრავს, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებაზე პროკურორის უარი საჩივრდება მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან, უარი არ გასაჩივრდება სასამართლო წესით, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, პროკურორის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლო წესით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. №1229 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს როგორც ქვემდგომი, ასევე ზემდგომი პროკურორის მიერ უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე. აღსანიშნავია, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით იმ საქმის წარმოების პროცესში განხორციელებულ სავარაუდო სამსახურებრივ სიყალბესთან დაკავშირებით, რომელზეც მოსარჩელე ბრალდებულია. მოსარჩელის მიერ დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო ნორმით, გაითვალისწინა სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნაკლებად მძიმე ხასიათი და ხვიჩა ყირმიზაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სადავო სიტყვები ახდენს დიფერენცირებას, ერთი მხრივ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ პირთა და, მეორე მხრივ, სხვა დანაშაულების შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ პირებს შორის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული დიფერენცირება არ არის გამართლებული და არსებულ სიტუაციაში ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შედეგად შესაძლოდ დაზარალებულ პირებს ერთმევათ შეზღუდული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც დანაშაულის სიმძიმე პირდაპირპროპორციულად არ განსაზღვრავს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, გასათვალისწინებელია გამოძიების პროცესში დანაშაულისათვის კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობაც.
7. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, კერძოდ, რეგულაცია, რომელიც პირს არ აძლევს საშუალებას, სასამართლოში გაასაჩივროს პროკურორის უარი მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე, ლახავს დარღვეული უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში“ არაკონსტიტუციურად ცნობას. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვას. პროკურორის გადაწყვეტილების სასამარლოში გასაჩივრებას კრძალავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადება („ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“). თუმცა მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვებს „ამ შემთხვევაში“.
3. სადავოდ გამხდარი სიტყვები „ამ შემთხვევაში“ არც დამოუკიდებლად ადგენს პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვას და არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადებით დადგენილი წესის ნაწილს წარმოადგენს. ისინი უკავშირდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევას, როდესაც პირს კანონი საშუალებას აძლევს, ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლო წესით. შესაბამისად, ხსენებული სიტყვები აღმჭურველი წესის შემადგენელი ნაწილია და არ უკავშირდება მოსარჩელის მიერ სარჩელში იდენტიფიცირებულ პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების შეზღუდვას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, №1229 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ამ შემთხვევაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. №1229 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1229 („საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1229 („საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების „ამ შემთხვევაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე