საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1229 |
ავტორ(ებ)ი | ხვიჩა ყირმიზაშვილი |
თარიღი | 30 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლებს განსაზღვრავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი უნდა შეესაბამებოდეს ამავე კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია მითითებული მუხლით დადგენილი ფორმის დაცვით და თან ერთვის კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ამასთან არგუმენტაცია, რომელიც ჩვენი აზრით ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, (დასაბუთებულობა, როგორც სადავო ნორმების უფლების შემზღუდავი ბუნების ისე იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ უფლებებთან მათი მიმართების თაობაზე) წარმოდგენილია კონსტიტუციური სარჩელის შესაბამის ველში - მოთხოვნის არსი და დასაბუთება.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის მიერ). კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კო მპეტენციის ფარგლებში. მოსარჩელე წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელსაც სადაო ნორმიდან გამომდინარე ეზრუდება სასამართლოსთვის მიმართვა და მართლმსაჯულებით სარგებლობის უფლება. კონსტიტუციური სარჩელი, აგრეთვე აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მიეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხებს, ამასთან ამგვარ სასარჩელო მოთხოვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია. აგრეთვე, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხები გადაწყვეტილია, მოწესრიგებულია საქართველოს კონსტიტუციით და, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ შეეხება, კანონქვემდებარე აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას სუბსიდიარობის პრობლემა არ დგას. ასევე სადაო საპროცესო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. კონსტიტუციური სარჩელი, არ მოდის წინააღმდეგობაში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში შეტანილ სარჩელებზე კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული რაიმე ვადა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტა, რომ მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. კონსტიტუციის მე-14 მუხლით ფაქტობრივად დაზარალებული პირისთვის დაზარალებულის იურიდიული სტატუსის მოპოვება არ არის დისკრიმინაციის ნიშნად პირდაპირ მითითებული, მაგრამ მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში, ამრიგად, ცხადია, რომ მე-14 მუხლი კრძალავს დაზარალებულად ჯერ არცნობილი პირის დისკრიმინაციას დანაშაულის სიმძიმის გამო მისთვის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სუბიექტების თვალსაზრისით, სადავო ნორმის სიტყვები დიფერენცირებულ მოპყრობას აფიქსირს, ერთი მხრივ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით და მერე მხრივ, მძინე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო დაზარალებულ პირთა შორის. კერძოდ, თუკი პროკურორმა პირის განცხადება დაზარალებულად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“ ამგვარად, გამოვყოფთ ერთ ნიშანს, რომელიც საფუძვლად უდევს ნორმის სადავო სიტყვებით სხვადასხვა კატეგორიის მქონე პირებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას. ეს არის ფაქტობრივად შესაძლო დაზარალებული პირის დიფერენცირება მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გამო მისთვის ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების ჩამორთმევით. შოთა ბერიძის საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადა, რომ განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმებს, არ წარმოადგენს აკრძალულ დისკრიმინაციას. სადავო ნორმის შინაარსით დადგენილი დიფერენციაციის შემთხვევაში პირისთვის რჩება ცხოვრების ისეთი სფერო, რომელშიც იგი თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად ვერ განახორციელებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯების ყველა ეტაპს მისთვის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ჩამორთმევის გამო. ეს გარემოება წარმოადგენს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენციაციის არაგონივრულობისა და არაობიექტურობის მანიშნებელ მნიშვნელოვან გარემოებას, ვინაიდან აღნიშნული დიფერენცირების კრიტერიუმი შეუძლებელია გახდეს პირისთვის გონივრული საფუძველი, რომ დარღვეული უფლების აღდგენა დაუკავშირდეს მის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის სიმძიმეს, მაშინ, როდესაც მე-14 მუხლის ტელეოლოგიური შინაარსი ითვალისწინებს ყველა პირის თანასწორობას კანონის წინაშე, ხოლო ამ მუხლით დისკრიმინაციის აკრძალვის კრიტერიუმები არ უნდა იქნას განხილული ვიწრო ჭრილში. როგორც ვხედვათ, საჭირო გახდა ზუსტად დავადგინოთ, არსებობს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ საფუძველზე პირის წინააღმდეგნ განოხრიცელებული მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამო მის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის უფლების აბსოლუტური შეზღუდვის ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც უფრო მეტად ან ნაკლებად შეიძლება მიჩნეული იქნენ დიფერენცირებული მოპყრობის გონივრულ და ობიექტურ საფუძვლად. ცნობილია, რომ სსსკ 3.22 მუხლის მიხედვით, დაზარალებული არის სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. სსსკ 57-ე მუხლი აფუძნებს დაზარალებულის მთელ რიგ უფლებებს, რომლებიც მისი დარღვეული უფლებისთვის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებებს მოიცავს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2016 წელს დაზარალებულის უფლებრივ მდგომარეობაზე, ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქმეზე სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, ამიტომ სასამართლოში გასაჩივრება სასჯელის სიმძიმეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ვინაიდან საქმის მიმდინარეობისას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს დანაშაული კვალიფიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულს არ წაერთვას უფლება, მოსამართლესთან სამართალი თვითონ ეძიოს. [1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ,,კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“. მოცემულ საქმეზე ხვიჩა ყირმიზაშვილს პროკურორორმა უარი უთხრა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობაზე, ხოლო როდესაც მოხდა პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრება, სასამართლომ განმარტა, რომ მსჯავრდებულ ხვიჩა ყირმიზასვილის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ იმპერატიულ დანაწესს, რის გამოც სასამართლოს მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს იგი.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არსებითად თანასწორი პირების კანონის მიერ უთანასწოროდ მოპყრობასთან, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ პირის წინააღმდეგ ჩადენილია მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაული, ეს არ ნიშნავს, რომ იგი შეიძლება ან დანაშაულის შედეგად გამოწვეულ ზიანს ნაკლებ განიცდიდეს, ვიდრე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის არსებობისას, ამასთანავე, განცდის ხარისხის მიუხედავად, საკონონმდებლო ბაზა არ უნდა უშვებდეს დარღვეულ უფლებებს შორის ხარისხობრივი სხვაობის გამო უთანასწორო მოპყრობის დაფუძნებას. ამრიგად, თავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალების ცნების არსებობის წინაპირობად პირისთვის მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი ელემენტის არსებობა, უკვე ადასტურებს, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ პირისთვის გამოიწვია ნეგატიური შედეგები. აქედან გამომდინარე, ხვიჩა ყირმიზაშვილის შემთხვევაში, საქმე გვაქვს აკრძალულ დისკრიმინაციასთან, ვინაიდან განსხვავებული მოპყრობა არ ეფუძნება გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმებს. კანონმდებლის ნება არ არის საგნობრივად გამართლებული, არათვითნებური და თანაზომიერი.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული გარანტიის სუბიექტია ყველა პირი. საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი პრაქტიკის ანალიზის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს ამ მუხლით დადგენილ სუბიექტს და აძლევს უფლების სასამართლოს წინაშე დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება, II.პ.1-ს მიხედვით, „უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა. „რაც უფრო მნიშვნელოვანია ინტერესი, რომლის დაცვა პირს სასამართლოს მეშვეობით სურს, მით უფრო მკაცრი იქნება კრიტერიუმები, რომლებიც სასამართლოსადმი მიმართვის შეზღუდვის კონსტიტუციურობის შესაფასებლად გამოიყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/1/403,427 გადაწყვეტილება, II.პ.2; სსსკ 56.5 მუხლის მიხედვით ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. აქედან გამომდინარე, თუკი საქმე არ გვაქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, პირს დაზარალებულად ცნობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ესპობა შესაძლებლობა ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილებით (II.პ.14) განიმარტა, რომ თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული). ამასთან ერთად, კუმულაციურად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის #1/3/393,397 გადაწყვეტილება, II.პ.4-ით საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში მოახდინა მისი პრაქტიკის კომპილაცია და მიუთითა, რომ კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს გასაჩივრების უფლებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხება როგორც სასამართლოსადმი მიმართვის, ისე გასაჩივრების უფლებასაც, შესაბამისად სსსკ 56.5 მუხლის ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით შესაძლოა იყოს არაკონსტიტუციური. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის #2/6/264 გადაწყვეტილება, II.პ.1 ადგენს, რომ კანონმდებელი ვალდებულია დაადგინოს გასაჩივრების ისეთი მექანიზმი და შესაძლებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის პრინციპთან. ევროპული სასამართლომ 1985 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, საქმეზე „აშინგდეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, განსაზღვრა უფლების შეზღუდვის ზოგადი ფარგლები, კერძოდ, თუ ა) შეზღუდვა ემსახურება კანონიერ მიზანს, დაცულია გონივრული თანაბარზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის. ამ პირობათა დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვა არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს. დაზარალებულის ცნობის მისაღებად ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მოსპობა პირისთვის, ნიშნავს, რომ ირღვევა ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის #1/466 გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.3-ის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს სახელმწიფოს ორ ვალდებულებას : 1) ცნოს და 2) დაიცვას ადამიანის უფლებები. თავად უფლებების არსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მათი ცნობა, პირველ რიგში, გულისხმობს, მათი, როგორც ყოველი ადამიანის თანმდევი სიკეთის აღიარების ვალდებულებას. დაცვა კი გულისხმობს ამ უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის უზრუნველმყოფელი ყველა საჭირო ბერკეტის გარანტირებას, მათ შორის, ამ უფლებების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის ჩათვლით.“ შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლება, დემოკრატიულ საზოგადოებაში იმდენად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ ის არ შეიძლება მსხვერპლად შეეწიროს მიზანშეწონილობას. [1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლოს პროცესში. 2016წელი. გვ. 10. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა