საქართველოს მოქალაქე გია ფაცურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/1242 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინა იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გია ფაცურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1242) მიმართა საქართველოს მოქალაქე გია ფაცურიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 7 ივლისს. №1242 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №1242 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი განსაზღვრავს პირის დაზარალებულად ცნობას, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებსა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წესებს. ხსენებული ნორმის მე-5 ნაწილი არეგულირებს საკუთარი ინიციატივით ან პირის განცხადების საფუძველზე პროკურორის მიერ აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობას, ამასთან, განსაზღვრავს, რომ გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, პირის დაზარალებულად ცნობის განცხადებაზე ზემდგომი პროკურორის უარი არ საჩივრდება სასამართლო წესით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილი აწესრიგებს პროკურორის მიერ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმებას უსაფუძვლობის გამო და პირს ანიჭებს მისი გასაჩივრების უფლებას მე-5 ნაწილის იდენტური წესით, კერძოდ, ყველა კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში ერთჯერად გასაჩივრებას ზემდგომ პროკურორთან, ხოლო სასამართლო წესით გასაჩივრებას მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
5. №1242 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო მაჟორიტარ კანდიდატად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელდა მთელი რიგი უკანონო ქმედებები, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას არ მიუღია არანაირი ინფორმაცია მისი განცხადების თაობაზე და, რამდენადაც, სისხლისსამართლებრივი ქმედებები, რომლებზეც იგი განცხადებაში მიუთითებს, არ განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მას არ აქვს საშუალება, მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად. აღნიშნული კი, მოსარჩელის მტკიცებით, მას აყენებს არათანასწორ მდგომარეობაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულით შესაძლოდ დაზარალებულ პირებთან მიმართებით. ამასთან, მისი პოზიციით, დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შეუძლებლობა არღვევს მის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
7. მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აღნიშნულმა, ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი რეგულაციის იდენტურმა წესმა, შესაძლოა მისი უფლებების განხორციელებას საფრთხე შეუქმნას მომავალში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობას. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს რამდენიმე საპროცესო წესს პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პროკურორის მიერ დადგენილების მიღების უფლებამოსილებას, დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის 48 საათიან ვადას და ა.შ. თავის მხრივ, ამავე მუხლის მე-6 ნაწილი არეგულირებს პირის დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმებასთან დაკავშირებულ წესებს.
3. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან მას არ ეძლევა დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის ან/და დაზარალებულის სტატუსის გაუქმების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. მოსარჩელე არ მიუთითებს პირის დაზარალებულად ცნობისა და დაზარალებულის სტატუსის გაუქმების მომწესრიგებელი წესის სხვა რომელიმე ასპექტის არაკონსტიტუციურობაზე.
4. პირის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას ზღუდავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადება („ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“). ხოლო დაზარალებულის სტატუსის გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება იზღუდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მე-3 წინადადებით. შესაბამისად, №1242 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი სასარჩელო არგუმენტაციაც მხოლოდ ამ წინადადებებს მიემართება.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით №1242 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. №1242 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1242 („საქართველოს მოქალაქე გია ფაცურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1242 („საქართველოს მოქალაქე გია ფაცურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. №1229 და №1242 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე