საქართველოს მოქალაქე გვანცა გაგნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/1247 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გვანცა გაგნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1247) მიმართა საქართველოს მოქალაქე გვანცა გაგნიაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 28 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. №1247 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლი განსაზღვრავს პირის დაზარალებულად ცნობას, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებსა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი არეგულირებს საკუთარი ინიციატივით ან პირის განცხადების საფუძველზე პროკურორის მიერ აღნიშნული პირის დაზარალებულად ცნობას, ამასთან, განსაზღვრავს, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადებაზე პროკურორის უარი საჩივრდება მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან, უარი არ გასაჩივრდება სასამართლო წესით, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, პროკურორის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლო წესით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 31 იანვარს მოსარჩელის ინტერესების დამცველს, სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორისგან ეცნობა, რომ დაწყებულია გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფ, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით. 2017 წლის 3 მაისს მოსარჩელის ადვოკატმა განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობა და საქმის მასალების გადაცემა, რაზეც მან უარი მიიღო. აღნიშნული უარი ადვოკატმა ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის დაზარალებულად ცნობა, თუმცა მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც არ დაკმაყოფილდა.
6. მოსარჩელის განმარტებით, მას პრობლემურად მიაჩნია ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის საქმეებზე პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით ზემდგომი პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრების შეუძლებლობა. მისი პოზიციით, ამგვარი აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს არაერთი საპროცესო უფლებამოსილებით აღჭურავს, რაც ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევს, დანაშაულის შედეგად დარღვეული უფლება გამომძიებლის და პროკურორის კონტროლის გზით დაიცვას. გარდა ამისა, სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულის სტატუსი და ამ სტატუსით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის მასალების წვდომასთან დაკავშირებით, პირს ეხმარება ზიანის მიმყენებლის იდენტიფიცირებაში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ პირის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებები შეიძლება შეილახოს არა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე, არამედ ასევე მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულების შედეგად და, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულად აღიარება პირადი ცხოვრების უფლების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა, ის თვლის, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება.
9. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს თანაზომიერების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას და ზემდგომი პროკურორის უარის სასამართლოში გასაჩივრების უფლება დაზარებულად ცნობასთან დაკავშირებით ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულების ჩადენის შემთხვევებზეც უნდა ვრცელდებოდეს.
10. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომელიც ადგენს რამდენიმე საპროცესო წესს პირის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პროკურორის მიერ დადგენილების გამოტანის უფლებამოსილებას, დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის 48 საათიან ვადას და ა.შ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან მას არ ეძლევა დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. მოსარჩელე არ მიუთითებს პირის დაზარალებულად ცნობის მომწესრიგებელი წესის სხვა რომელიმე ასპექტის არაკონსტიტუციურობაზე.
3. პირის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას ზღუდავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადება („ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“) და, შესაბამისად, სასარჩელო არგუმენტაციაც მხოლოდ ამ წინადადებას მიემართება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით №1247 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
4. №1247 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1247 („საქართველოს მოქალაქე გვანცა გაგნიაშვიალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1247 („საქართველოს მოქალაქე გვანცა გაგნიაშვიალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. №1229, №1242 და №1247 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე