საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | 3/1/1459 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ნოემბერი 2019 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ზაზა თავაძისა და მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობები №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა ზაზა თავაძემ და მაია კოპალეიშვილმა მომართეს შუამდგომლობებით №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. №1459 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის დებულებები, რომლებიც ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.
3. შუამდგომლობების თანახმად, სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 10 მაისის №1/43 გადაწყვეტილებით, დაიწყო და წარიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა. მოსამართლეების, ზაზა თავაძისა და მაია კოპალეიშვილის მითითებით, ისინი აღნიშნულ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატები.
4. მოსამართლე ზაზა თავაძის განმარტებით, ის გარემოება, რომ, როგორც კანდიდატი, უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ პროცედურაში, შესაძლოა, მიჩნეული იქნეს იმ ლეგიტიმურ საფუძვლად, რომელიც, გონივრული შეფასების პირობებში, შექმნის ეჭვებს ან აღქმას, რომ მოსამართლე, კონკრეტული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში, ვერ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
5. მოსამართლე მაია კოპალეიშვილის მითითებით, გონივრული დამკვირვებლის მხრიდან №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა, გაჩნდეს კითხვის ნიშნები ან/და ეჭვები. რამდენადაც მოსამართლე თავად იყო იმ პროცესის უშალო მონაწილე, რომლის სამართლებრივი საფუძვლის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვაც დგას დღის წესრიგში. მოსამართლე მაია კოპალეიშვილის განმარტებით, ნებისმიერი ობიექტური გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს საზოგადოების თვალში მოსამართლის მიერ საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის საკითხი, მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას.
6. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობათა ავტორები მიიჩნევენ, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს მათი №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია - საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.თავად მოსამართლის მიერ საქმიდან თვითგანრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
2. შუამდგომლობათა ავტორების განმარტებით, იმ გარემოებამ, რომ თავად მონაწილეობდნენ სადავოდ გამხდარი ნორმების საფუძველზე წარმართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში, შესაძლოა, საზოგადოებას გაუჩინოს ეჭვები სასამართლოს მიუკერძოებლობისა და არაობიექტურობის შესახებ.
3. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა შეამოწმოს, რამდენად წარმოადგენს შუამდგომლობებში მითითებული ფაქტი იმგვარ გარემოებას, „რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის„აუცილებელია იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელიც ობიექტური ადამიანისთვის იქნებოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).მოსამართლე, რომელიც უშუალოდ მონაწილებს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის საჯარო პროცედურაში ამ პროცესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, შესაძლოა ობიექტური პირის მიერ აღქმული იყოს მიკერძოებულად. საზოგადოებაში შესაძლოა გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას მხარს დაუჭერს იმ შედეგს, რომელიც თანხვედრაში მოვა მისი, როგორც კანდიდატის ინტერესებთან. ამდენად, კანდიდატის სახით პროცესში უშუალოდ მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შესაძლოა, ხსენებული დავის გადაწყვეტისას საზოგადების მიერ აღქმულ იქნეს მიკერძოებულად და არა ობიექტურ მსაჯულად.
5. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოსამართლეებმა №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას ვერ ისარგებლონ საზოგადოების სათანადო ნდობით, ამასთან, მათი მიკერძოებულობის ან დამოუკიდებლობის შესახებ იარსებებს ობიექტური ეჭვები. ბუნებრივია, ამგვარი აღქმა, იმავდროულად, შეარყევს და შეასუსტებს საზოგადოების რწმენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობის მიმართ.
6. საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ ასევე ასეთად აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვების გაქარწყლება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების, ზაზა თავაძისა და მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობები №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ზაზა თავაძისა და მაია კოპალეიშვილის შუამდგომლობები №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი