საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/3/1459,1491 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 6 ივლისი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ივლისი 2020 20:03 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ვასილ როინიშვილის შუამდგომლობა №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2020 წლის 6 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ვასილ როინიშვილმა მომართა შუამდგომლობით №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. №1459 და №1491 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის დებულებები, რომლებიც ადგენენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.
3. შუამდგომლობის თანახმად, სადავოდ გამხდარი წესის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 18 სექტემბრის №1/202გადაწყვეტილებით დაიწყო და წარიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა.მოსამართლე ვასილ როინიშვილის მითითებით,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 6 დეკემბრის კენჭისყრის შედეგად, ის შეირჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატად.
4. მოსამართლე ვასილ როინიშვილის განმარტებით, მართალია, მან უარი განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე და, შესაბამისად, აღნიშნული პროცედურის მიმართ არ გააჩნია სუბიექტური დაინტერესება, თუმცა ის მხედველობაში იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ საქმის განხილვაში მისმა მონაწილეობამ შესაძლოა, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩინოს ეჭვები მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ.
5. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს მისი №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია - საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.თავად მოსამართლის მიერ საქმიდან თვითგანრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.
2. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იმ გარემოებამ, რომ თავად მონაწილეობდა სადავოდ გამხდარი წესის საფუძველზე წარმართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში, შესაძლოა,ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდეს ეჭვებს მისი მიკერძოებულობის შესახებ, რაც, ბუნებრივია, ზიანს მიაყენებს საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების სანდოობას.
3. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა შეამოწმოს, რამდენად წარმოადგენს შუამდგომლობაში მითითებული ფაქტი იმგვარ გარემოებას, „რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის„აუცილებელია იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელიც ობიექტური ადამიანისთვის იქნებოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).„მოსამართლე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის საჯარო პროცედურაში ამ პროცესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, შესაძლოა, ობიექტური პირის მიერ აღქმული იყოს მიკერძოებულად. საზოგადოებაში შესაძლოა, გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას მხარს დაუჭერს იმ შედეგს, რომელიც თანხვედრაში მოვა მისი, როგორც პროცესის მონაწილე პირის ინტერესებთან. ამდენად, კანდიდატის სახით პროცესში უშუალოდ მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შესაძლოა, ხსენებული დავის გადაწყვეტისას საზოგადების მიერ აღქმულ იქნეს მიკერძოებულად და არა ობიექტურ მსაჯულად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
5. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, შუამდგომლობის ავტორმა №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელების განხილვისას ვერ ისარგებლოს საზოგადოების სათანადო ნდობით, ამასთან, მისი მიკერძოებულობის ან დამოუკიდებლობის შესახებ იარსებებს ობიექტური ეჭვები. ბუნებრივია, ამგვარი აღქმა, იმავდროულად, შეარყევს და შეასუსტებს საზოგადოების რწმენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობის მიმართ.
6. „საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ, ასევე, ასეთად აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვების გაქარწყლება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ვასილ როინიშვილის შუამდგომლობა №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ვასილ როინიშვილის შუამდგომლობა №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი