საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 აპრილის №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/1-1/1459 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 აპრილის №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 აპრილის №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით. ხსენებული საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება, რასაც არ ვეთანხმებით და მივიჩნევთ, რომ სახეზე იყო კანონმდებლობითა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი ყველა წინაპირობა სადავო ნორმების მოქმედების შესაჩერებლად.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. „სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ უფლებადაცვით მექანიზმს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
5. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეთანხმებით კოლეგების პოზიციას, რომლის თანახმადაც, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების აუცილებლობა და საჭიროება. კერძოდ, უნდა დაედგინა, შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და შესაძლებელია თუ არა, მისი მოქმედების შეჩერების გზით, გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც. აღნიშნულის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო ნორმების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე და არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევიან არაკონსტიტუციური პროცედურით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეძლევა საშუალება, თანამდებობაზე თვითმიზნურად, დასაბუთების გარეშე წარადგინოს ისეთი კანდიდატები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კონსტიტუციის მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმათა მოქმედებით, იმ პირებს, რომლებიც სხვებზე მეტად აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, თუმცა მაინც არ იქნებიან წარდგენილი უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე, შეუქცევადად ერღვევათ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.
8. №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმა უმთავრესად დაეფუძნა არგუმენტს, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიები სამომავლოდაც იქნება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირებს, რომელთა უფლების დარღვევაზეც მიუთითებს სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც მიეცემათ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც მათ მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომას გამორიცხავს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უმრავლესობამ უგულებელყო, თუ რამდენად ცვლის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიების შემცირება ხსენებული თანამდებობის დაკავების რეალურ შესაძლებლობას კვალიფიციური კანდიდატებისათვის.
9. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე. დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დანიშნულია უვადოდ, ხოლო 7 მოსამართლე - 10-წლიანი ვადით, რომელთა უფლებამოსილება სხვადასხვა დროს იწურება. ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 6 დეკემბრის და 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებებით, 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები უკვე წარედგინა პარლამენტს და მათი განწესება პარლამენტის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
10. უზენაესი სასამართლოს 10-წლიანი ვადით დანიშნული 7 წევრიდან 2 წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2020 წლის ივნისში, 2-ს - 2021 წლის იანვარ-თებერვალში, დანარჩენ 3 წევრს კი, შესაბამისად, 2024 და 2025 წლებში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის შერჩევის პროცედურა იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედარებით ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე მიმდინარე კონკურსში და ეცადონ, თანამდებობა დაიკავონ აპოლიტიკური, მათ კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერების შეფასებაზე დაფუძნებული კონკურსის მეშვეობით.
11. ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შეჩერებაზე მსჯელობს მისი კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე. თუმცა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, მათ შორის დასაბუთებულობის მოთხოვნას, ანუ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამდენად, საქმის გადაწყვეტის ამ ეტაპზე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისას, სასამართლო მოქმედებს დაშვებით, რომ კონსტიტუციური სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, ანუ სასამართლომ გაიზიაროს მოსარჩელის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმები კონსტიტუციის დარღვევით უშვებს კონსტიტუციის მოთხოვნების შეუსაბამო კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მქონე პირთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენას, სხვა მათზე კვალიფიციური კანდიდატების სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 17 მარტს 2 ვაკანსიაზე გამოცხადებული შერჩევის პროცედურის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პირები წარდგენილი იქნენ კონსტიტუციასთან შეუსაბამო პროცედურით. ასეთ შემთხვევაში, ახლო მომავალში, არსებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის 4 ვაკანსიის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, დაკავების შესაძლებლობა შემცირდება 2 ვაკანსიამდე. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, 4 შესაძლო ვაკანტური თანამდებობის 2-მდე შემცირება რამდენად იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს კვალიფიციური კანდიდატებისათვის.
12. ამდენად, სადავო ნორმების შეუჩერებლობის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზებაზე გავლენის შესაფასებლად, უნდა შედარდეს სიტუაცია, როდესაც პირები კონკურსში მონაწილეობენ 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, სიტუაციასთან, როდესაც იგივე პირები იმავე კონკურსში მონაწილეობენ 2 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით შეფასების შემთხვევაში შეირჩევა 4 პირი, რომლებიც სხვაზე მეტად აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და, შესაბამისად, ოთხივე მათგანი იქნება წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. ვაკანსიების 2-მდე შემცირების შემთხვევაში, 4 ყველაზე კვალიფიციური პირიდან თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილი იქნება მხოლოდ ორი. ამდენად, 4 ვაკანსიის 2-მდე შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს კვალიფიციური კანდიდატების მიერ ხსენებული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას, კანდიდატთა ნახევრისათვის კი, ფაქტობრივად, გამორიცხავს მას.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობა და მათ საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არასათანადო კანდიდატების წარდგენა, შედეგად გამოიწვევს საქართველოს ორი მოქალაქისათვის (რომლებიც შერჩევის პროცედურის კონსტიტუციის შესაბამისად წარმართვის შემთხვევაში წარდგენილი იქნებოდნენ პარლამენტისათვის) თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის, ფაქტობრივად, დაკარგვას, მათი უფლების რეალიზების სამომავლოდ ვაკანსიის წარმოშობის მოლოდინზე დამოკიდებულებას.
14. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ №1459 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელეა სახალხო დამცველი, რომელიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე დაობს არა კონკრეტული პირის, არამედ ყველა იმ საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომისათვის საკმარისია დასაბუთდეს, რომ მსგავსი ზიანი შეიძლება მიადგეს რომელიმე პირის და არა კონკრეტული მოსარჩელის უფლებას. ამდენად, ის ფაქტი, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად შესაძლოა კვალიფიციური კანდიდატებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდეს თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, ხოლო ორი კვალიფიციური კანდიდატისათვის კი სრულად გამოირიცხოს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილი უფლების შეუქცევადი დარღვევის რისკებს ქმნის.
15. ამავე დროს, ხსენებულ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისაგან განსხავებით, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, ხსენებული გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობა რეალურია.
16. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება გამართლებულია მარტოოდენ ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ ინსტრუმენტის გამოყენების გზით, ახდენს გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების შეჩერება გამორიცხავს აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევის პროცედურის გაგრძელებას და ვაკანსიათა შევსებას. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება იქნება გამოუსწორებელი შედეგის დადგომის პრევენციის ეფექტიანი საშუალება.
17. იმავდროულად, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს მის გავლენას საჯარო და კერძო პირების ინტერესებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „ნორმატიული აქტებით დადგენილი ქცევის ზოგადსავალდებულო წესები ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამისი სფეროების მოწესრიგებას და კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. რიგ შემთხვევებში სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია შეზღუდოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები და დააზიანოს ის ღირებულება, რის დასაცავადაც არის მიღებული ეს აქტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
18. სადავო ნორმები ადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის პროცედურულ რეგულირებას, როგორიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევაა. აღნიშნული საკითხის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი წესებით გადაწყვეტა, დაუსაბუთებელი, თვითნებური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის გამორიცხვა უპირობოდ მნიშვნელოვანია როგორც შერჩევაში მონაწილე ყველა პირისათვის, ასევე, საჯარო ინტერესებისათვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურის ფარგლებში დაკავება შერჩევის პროცესის თითოეული კვალიფიციური მონაწილის ინტერესებშია. ამავე დროს, იმ პირის მიერ თანამდებობის დაკავება, რომელიც არ აკმაყოფილებს კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, კონსტიტუციურად ღირებულ კერძო ინტერესს არ წარმოადგენს. ამდენად, ვერ გავიზიარებთ მოპასუხე მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, ნორმის შეჩერება შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს პროცესში მონაწილე კანდიდატთა უფლებებზე. ზემოთ განხილული უფლების დარღვევის გამოუსწორებელი ზიანის რისკის წინაშე ერთნაირად დგას პროცესის მონაწილე ნებისმიერი კეთილსინდისიერი პირი. შესაბამისად, მათთან მიმართებით, სადავო ნორმების შეჩერება წარმოადგენს არა შესაძლებლობათა შეზღუდვას, არამედ უფლების შეუქცევადი დარღვევის დაცვის ეფექტიან მექანიზმს.
19. აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება დროებით შეაფერხებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია სასამართლოს სრულყოფილად ფუნქციონირებისა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. თუმცა, დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დიდწილად დაკომპლექტებულია, 14 წევრი დანიშნულია უვადოდ, 5 წევრს კი უფლებამოსილების ვადა ეწურება 2020 წლის შემდეგ. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 7 კანდიდატი ასარჩევად უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ამავე დროს, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ორი ახალი წევრის დაუყოვნებლად დანიშვნა კრიტიკულად აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისათვის. ამდენად, არ იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერებით და, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორი წევრის დანიშვნის დაყოვნებით, უზენაესი სასამართლოს საქმიანობის შეფერხების შედეგად შელახული საჯარო ინტერესი გადაწონის შერჩევის პროცედურაში მონაწილე კვალიფიციურ კანდიდატთა უფლების შეუქცევადი დარღვევის თავიდან აცილების ინტერესს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ სახეზეა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების სამივე წინაპირობა, მათი მოქმედება ქმნის უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხეს, ნორმების მოქმედების შეჩერებით შესაძლებელია, გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება და, ამავე დროს, შეჩერების შედეგად შელახული კერძო და საჯარო ინტერესები თავისი მნიშვნელობით ვერ გადაწონის სადავო ნორმის მოქმედების შეუჩერებლობით დამდგარ ზიანს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სადავო ნორმების მოქმედება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე