საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/5/1491 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 14:13 |
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 3 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1491) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1491 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2020 წლის 6 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2020 წლის 27 აპრილს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა – ზაზა თავაძემ №1491 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისაგან თვითგანრიდების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 აპრილის №3/1/1491 განჩინებით.
3. №1491 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. აღნიშნული მუხლის მე-15 პუნქტი ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის ხელახლა წარდგენის წესებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევა.
5. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. №1491 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი სამართლიანი პროცედურით ვერ უზრუნველყოფს იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იქნენ შერჩეულნი საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსადგენად.
7. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმები არათუ არ გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის უფლებამოსილების არასამართლიანად გამოყენებისა და თვითნებობის საფრთხეს, არამედ, გარკვეულწილად, ახალისებს კიდევაც მას, ვინაიდან გაუგებარი და ბუნდოვანია ის წინაპირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისმა კანდიდატმა იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროს შერჩევის პროცედურა. ამგვარი, ბუნდოვანება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ვერ უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებას. შესაბამისად, სადავო ნორმათა მოქმედების შედეგად, პირს ერთმევა შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები დაიცვას კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით შერჩეული მოსამართლეებისგან შემდგარი, კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს გზით.
9. №1491 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელე განმარტავს, რომ გამოუსწორებელი ზიანი ადგებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 17 მარტის №1/27 განკარგულებით დაწყებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესის მონაწილე იმ კანდიდატებს, რომლებიც არ შეირჩევიან საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად, ვინაიდან ვეღარ მოხდება მათი ამ პოზიციაზე განწესება კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, გამოცხადებული კონკურსი მოიცავს მხოლოდ 2 ვაკანტურ პოზიციას, რაც რადიკალურად ზრდის საფრთხეს, რომ კანდიდატს, რომელსაც აღნიშნულ პროცესში შერჩევაზე ეთქმება უარი მოსამართლეთა შეზღუდული რაოდენობისა და მათი თანამდებობაზე უვადოდ განწესების გამო, დიდი ხნის განმავლობაში აღარ მიეცმა შესაძლებლობა, კვლავ მიიღოს მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურისათვის გამოცხადებულ შერჩევის პროცესში.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის ან შერჩევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ამავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს უფლების სასამართლოს გზით დროულად დაცვის შესაძლებლობას. ამდენად, კანდიდატმა არ იცის, თუ რა გახდა მისი დაწუნების საფუძველი. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში არ ზიანდება რაიმე საპირწონე ინტერესი, რომელიც გადაწონიდა კანდიდატთა კონსტიტუციური უფლების ეფექტური დაცვის ინტერესს. ამასთან, კანდიდატთა უფლებისადმი მიყენებული ზიანი ვერ გამოსწორდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, რამდენადაც ნორმის შეუჩერებლობის პირობებში შეივსება არსებული ვაკანსიები და უკვე შერჩეული მოსამართლეების კანდიდატთა მაგივრად სხვა პირების შერჩევა ვერ მოხდება.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, „შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა დარჩენილი.“
3. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების პირობებში არ გამოირიცხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა თვითმიზნურად და არასამართლიანად შერჩევა, რამდენადაც საბჭოს გადაწყვეტილება არ საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას, რაც იწვევს საქართველოს მოქალაქის უფლების - დაიკავოს საჯარო თანამდებობა - შეზღუდვას. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შეუსაბამოდ დაკომპლეტების შედეგად, ირღვევა მესამე პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
4. სადავოდ გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის პროცესში შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ოდენობას. მოცემული ნორმა არც დამოუკიდებლად და არც სხვა ნორმებთან კავშირში არ აწესრიგებს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ საკითხებს - საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად მიღებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის N3/24/1459 საოქმო ჩანაწერი საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" II-5). ამდენად, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია ზემოთ დასახელებული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1491 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1491 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები შეიცავს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალურ საფრთხეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 17 მარტის №1/27 განკარგულებით დაწყებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილე კანდიდატთა უფლებებისათვის. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევიან არაკონსტიტუციური პროცედურით, რაც იწვევს პირების საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების გამოუსწორებლად დარღვევის საფრთხეს, რამდენადაც ვეღარ მოხდება მათი ამ პოზიციაზე განწესება კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად. ამასთან, მოსარჩელე ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა ვაკანსიის შეზღუდულ რაოდენობასა და უვადოდ გამწესებაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პირთა შესაძლებლობას, მომავალში დაიკავონ აღნიშნული პოზიცია.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-31-35).
9. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
10. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო, ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას, პირველ რიგში, აფასებს ხსენებული მექანიზმის დროში მოქმედებისა და მისი ეფექტიანობის საკითხს. კერძოდ, შეჩერება მიზნის, გამოუსწორებელი ზიანის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალება უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, თავდაპირველად, უნდა შეაფასოს სადავო ნორმის შეჩერებით უფლების დარღვევის პრევენციის რეალურობა და აღნიშნულო მექანიზმის გამოყენების მიზნობრიობა წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების დროისათვის.
11. №1491 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 17 მარტის №1/27 განკარგულებით დაწყებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის შერჩევის პროცედურის ფარგლებში წარმართული პროცესის მონაწილე პირებს.
12. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლით განსაზღვრული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი რამდენიმეეტაპიან პროცედურას გულისხმობს. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 3 კვირის ვადაში იღებს და 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტებს. ამის შემდგომ, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ. ხოლო, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე. კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 და არა უგვიანეს 20 სამუშაო დღისა, საბჭო იწყებს კანდიდატების მოსმენას, რომლის დასრულების შემდგომაც იმართება ფარული კენჭისყრა კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით და სათითაოდ ეყრება კენჭი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით. აღნიშნული პროცესის შემდგომ კი, უკვე საქართველოს პარლამენტში იმართება შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, კანდიდატთა საკომიტეტო მოსმენა და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი წესებით დადგენილ კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არ მოხდება კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განწესება.
13. სადავოდ გამხდარი წესი წარმოადგენს არა კანიდატის შერჩევის პროცესის უპირობოდ გასავლელ ეტაპს, არამედ მისი გამოყენება ყოველ კონკრეტულ პროცესში დამოკიდებულია პარლამეტნის მიერ მიღებულ გადაწყვეტლებაზე. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებულ პროცესში სადავო ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ვერ შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 2 კანდიდატს.
14. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 17 მარტის განკარგულებით დაწყებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცედურა, აღნიშნულ პროცესში კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის გამოყენება ან საერთოდ არ მოხდება, ან მოხდება მნიშვნელოვანი დროის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შერჩევის პროცედურის დასრულების, საქართველოს პარლამენტის მიერ კანდიდატთა მოსმენის და უშედეგო კენჭისყრის შემთხვევაში.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი ზიანი, მას, როგორც აღინიშნა, შეუძლია საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომაც შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/3/813 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, ზემოთ განხილული პროცედურული ეტაპების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება იმის გონივრული შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ex officio (თუკი აღნიშნული დროისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევაზე უარის თქმის გამო საჭირო გახდება აღნიშნული წესის გამოყენება) გადაწყვიტოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხი. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტში, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1491 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1491 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
5. №1459 და №1491 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკალიშვილი
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თამაზ ცაბუტაშვილი