საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-1/1459 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 14:08 |
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2 და მე-10 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებებისა და მე-13 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1459) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1459 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2019 წლის 12 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გამწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 4 და 5 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2019 წლის 20 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. კერძოდ, ადგენს კანდიდატთა შერჩევის თითოეულ ეტაპზე კენჭისყრის პირობებს, შესარჩევ კანდიდატთა ოდენობას და თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობის მინიჭების წესს.
3. №1459 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატთა შერჩევა ხორციელდებოდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 10 მაისის №1/43 და 2019 წლის 18 სექტემბრის №1/202 გადაწყვეტილებებით დაწყებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი, სადავო რეგულაციების არაკონსტიტუციური ბუნების გამო, ქმნიდა კანდიდატთა იმ ნაწილის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების გამოუსწორებლად დარღვევის საფრთხეს, რომლებიც არ წარედგინენ პარლამენტს, ვინაიდან, ვეღარ მოხდებოდა მათი ამ პოზიციაზე განწესება კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის, სადავო ნორმებით დადგენილი შესაბამისი პროცედურების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე შერჩეული იყვნენ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. იმავდროულად, არ მიმდინარეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სხვა პროცედურა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა სადავო ნორმების გამოყენება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერება ვერ იქნებოდა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ქმედითი მექანიზმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26, 27). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მომავალში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურის გამოცხადების შემთხვევაში, მას ექნებოდა გონივრული შესაძლებლობა და საკმარისი დრო, რომ ემსჯელა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 17 მარტის №1/27 განკარგულების საფუძველზე, დაიწყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა. აღნიშნულ პროცესში ორ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეირჩევიან №1459 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი წესით.
6. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშრებით, მოპასუხე მხარის პოზიციის გამორკვევის მიზნით, 2020 წლის 19 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტს. ამავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2020 წლის 20 მარტს მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ნორმათა შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მხარე კვლავაც მიუთითებს, რომ გამოცხადებულ ვაკანსიებზე შერჩევის პროცესის წარმართვა სადავო ნორმების საფუძველზე, იწვევს იმ კანდიდატისათვის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შეუქცევად დარღვევას, რომელსაც უსამართლოდ ეთქვა უარი საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა სიაში მოხვედრაზე.
7. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 25 მარტს წარმოდგენილი №3532/1-8-2/20 წერილობითი პოზიციის თანახმად, არ არსებობს სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერების წინაპირობები. კერძოდ, მონაწილე კანდიდატები არ დგანან გამოუსწორებელი ზიანის საფრთხის წინაშე, რადგანაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და დღეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილთა ფაქტობრივი რაოდენობა არ ართმევს ამ პირებს მომავალში შერჩევის პროცესში მონაწილეობის ხელახლა მიღების შესაძლებლობას. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კვოტა შესაძლოა კანონის ფარგლებში გაიზარდოს ან ვაკანსია წარმოიშვას მოსამართლეთა ნაწილის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან სხვა მიზეზით მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის მიერ მისთვის წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების მხოლოდ ნაწილის ან არც ერთი მათგანისთვის მხარდაჭერისას. იმავდროულად, სადავო ნორმის შეჩერებით არ აღმოიფხვრება მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლების შელახვის საფრთხე, არამედ პირიქით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით აღნიშნული უფლების რეალიზებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, საერთოდ შეჩერდება. საქართველოს პარლამენტი ასევე მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია იმ პირთა უფლებები და ინტერესები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატის შერჩევის პროცესში და სურთ, ისარგებლონ საჯარო თანამდებობის დაკავების პროცედურით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. „სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ უფლებადაცვით მექანიზმს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-34).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ნორმის მოქმედების პირობებში არსებობს კუმულატიურად შემდეგი გარემოებები: 1. მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, რომლის აღმოფხვრა ვერ მოხდება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, 2. აღნიშნული საფრთხე რეალური, გარდაუვალი, კონკრეტული და არა აბსტრაქტული/ჰიპოთეტური ხასიათის მატარებელია, 3. ნორმის მოქმედების შეჩერება არ გამოიწვევს მესამე პირების ან/და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისი №3/2/717 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
4. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების აუცილებლობა და საჭიროება. კერძოდ, თავდაპირველად უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს.
5. №1459 კონსტიტუციური სარჩელით სადავო ნორმები ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევიან არაკონსტიტუციური პროცედურით. შესაბამისად, სადავო ნორმათა მოქმედებით, იმ პირებს, რომლებიც განსაზღვრული პროცედურის გავლის შედეგად ვერ მოხვდებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში, ექმნებათ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების გამოუსწორებლად დარღვევის საფრთხე, ვინაიდან გამოირიცხება მათი ამ პოზიციაზე განწესება კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად.
6. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის მინიმალურ რაოდენობას. კერძოდ, განსაზღვრულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. ამავდროულად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე. დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაშია 22 მოსამართლე, რომელთაგან 14 უვადოდაა განწესებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 სექტემბრის №1/202 გადაწყვეტილებების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია 1 კანდიდატი, 2019 წლის 26 დეკემბერს კენჭისყრის შედეგად - 6. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს 2 ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც 10 წლის ვადით განწესებულ მოსამართლეთა ვადის ამოწურვის შედეგად წარმოიშვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობა, როგორც წესი, დაკავშირებულია მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან. გარკვეულ შემთხვევაში, აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობა შესაძლებელია განპირობებული იყოს საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არ/ვერ არჩევით. მაშასადამე, არსებული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიმდინარე პროცედურების შედეგად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, სრულად მოხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობების შევსება, მომავალში კვლავაც იარსებებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიები, რამდენადაც მოსამართლეებს, რომლებიც 10-წლიანი უფლებამოსილების ვადით (ან 65 წლის ასაკის მიღწევამდე) არიან განწესებულნი, უფლებამოსილების ვადა ეწურებათ განსხვავებულ დროს, 2021-დან 2025 წლის ჩათვლით პერიოდში.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, თუკი სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, პირებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებაში, მომავალში კვლავაც ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ შერჩევის პროცედურაში და დაიკავონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა. შესაბამისად, სადავო ნორმები, შესაძლოა ამცირებს მათ პერსპექტივას აწმყოში, მაგრამ არ აღუკვეთს ამ შესაძლებლობას სამუდამოდ და, მაშასადამე, არ არსებობს გამოუსწორებელი, შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე,
9. ამასთან, მართალია, სადავო ნორმის საფუძველზე დაწყებული პროცედურები შეამცირებს პირთა შესაძლებლობას, დაიკავონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, თუმცა, შესაძლებლობების ამგვარი შეზღუდვა, როგორც ცალკე აღებული ფაქტი, ვერ იქნება გათანაბრებული გამოუსწორებელი შედეგის დადგომასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში, თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“ II-16). შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე და ამდენად, არ არსებობს შეჩერების მექანიზმის გამოყენების საჭიროება.
10. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არაა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-5, და მე-6 პუნქტების, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-8, მე-11, მე-12, 121, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ შეჩერდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2 და მე-10 წინადადებების, ამავე მუხლის მე-12 პუნქტის პირველი და მე-3 წინადადებებისა და მე-13 პუნქტის მე-2 წინადადების მოქმედება.
2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
4. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 აპრილის №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 აპრილის №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით. ხსენებული საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება, რასაც არ ვეთანხმებით და მივიჩნევთ, რომ სახეზე იყო კანონმდებლობითა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი ყველა წინაპირობა სადავო ნორმების მოქმედების შესაჩერებლად.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. „სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ უფლებადაცვით მექანიზმს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35).
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
5. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
6. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეთანხმებით კოლეგების პოზიციას, რომლის თანახმადაც, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რამდენად არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების აუცილებლობა და საჭიროება. კერძოდ, უნდა დაედგინა, შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და შესაძლებელია თუ არა, მისი მოქმედების შეჩერების გზით, გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც. აღნიშნულის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო ნორმების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე და არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები შეირჩევიან არაკონსტიტუციური პროცედურით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეძლევა საშუალება, თანამდებობაზე თვითმიზნურად, დასაბუთების გარეშე წარადგინოს ისეთი კანდიდატები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კონსტიტუციის მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმათა მოქმედებით, იმ პირებს, რომლებიც სხვებზე მეტად აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, თუმცა მაინც არ იქნებიან წარდგენილი უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე, შეუქცევადად ერღვევათ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.
8. №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებაზე უარის თქმა უმთავრესად დაეფუძნა არგუმენტს, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიები სამომავლოდაც იქნება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირებს, რომელთა უფლების დარღვევაზეც მიუთითებს სახალხო დამცველი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც მიეცემათ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც მათ მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომას გამორიცხავს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უმრავლესობამ უგულებელყო, თუ რამდენად ცვლის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიების შემცირება ხსენებული თანამდებობის დაკავების რეალურ შესაძლებლობას კვალიფიციური კანდიდატებისათვის.
9. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე. დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დანიშნულია უვადოდ, ხოლო 7 მოსამართლე - 10-წლიანი ვადით, რომელთა უფლებამოსილება სხვადასხვა დროს იწურება. ამავე დროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 6 დეკემბრის და 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებებით, 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატები უკვე წარედგინა პარლამენტს და მათი განწესება პარლამენტის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
10. უზენაესი სასამართლოს 10-წლიანი ვადით დანიშნული 7 წევრიდან 2 წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2020 წლის ივნისში, 2-ს - 2021 წლის იანვარ-თებერვალში, დანარჩენ 3 წევრს კი, შესაბამისად, 2024 და 2025 წლებში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის შერჩევის პროცედურა იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედარებით ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე მიმდინარე კონკურსში და ეცადონ, თანამდებობა დაიკავონ აპოლიტიკური, მათ კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერების შეფასებაზე დაფუძნებული კონკურსის მეშვეობით.
11. ასევე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შეჩერებაზე მსჯელობს მისი კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე. თუმცა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, მათ შორის დასაბუთებულობის მოთხოვნას, ანუ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ასაბუთებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამდენად, საქმის გადაწყვეტის ამ ეტაპზე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისას, სასამართლო მოქმედებს დაშვებით, რომ კონსტიტუციური სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, ანუ სასამართლომ გაიზიაროს მოსარჩელის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმები კონსტიტუციის დარღვევით უშვებს კონსტიტუციის მოთხოვნების შეუსაბამო კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მქონე პირთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენას, სხვა მათზე კვალიფიციური კანდიდატების სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 17 მარტს 2 ვაკანსიაზე გამოცხადებული შერჩევის პროცედურის ფარგლებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პირები წარდგენილი იქნენ კონსტიტუციასთან შეუსაბამო პროცედურით. ასეთ შემთხვევაში, ახლო მომავალში, არსებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის 4 ვაკანსიის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, დაკავების შესაძლებლობა შემცირდება 2 ვაკანსიამდე. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, 4 შესაძლო ვაკანტური თანამდებობის 2-მდე შემცირება რამდენად იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს კვალიფიციური კანდიდატებისათვის.
12. ამდენად, სადავო ნორმების შეუჩერებლობის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზებაზე გავლენის შესაფასებლად, უნდა შედარდეს სიტუაცია, როდესაც პირები კონკურსში მონაწილეობენ 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, სიტუაციასთან, როდესაც იგივე პირები იმავე კონკურსში მონაწილეობენ 2 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობებით შეფასების შემთხვევაში შეირჩევა 4 პირი, რომლებიც სხვაზე მეტად აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და, შესაბამისად, ოთხივე მათგანი იქნება წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. ვაკანსიების 2-მდე შემცირების შემთხვევაში, 4 ყველაზე კვალიფიციური პირიდან თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილი იქნება მხოლოდ ორი. ამდენად, 4 ვაკანსიის 2-მდე შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს კვალიფიციური კანდიდატების მიერ ხსენებული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას, კანდიდატთა ნახევრისათვის კი, ფაქტობრივად, გამორიცხავს მას.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობა და მათ საფუძველზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არასათანადო კანდიდატების წარდგენა, შედეგად გამოიწვევს საქართველოს ორი მოქალაქისათვის (რომლებიც შერჩევის პროცედურის კონსტიტუციის შესაბამისად წარმართვის შემთხვევაში წარდგენილი იქნებოდნენ პარლამენტისათვის) თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის, ფაქტობრივად, დაკარგვას, მათი უფლების რეალიზების სამომავლოდ ვაკანსიის წარმოშობის მოლოდინზე დამოკიდებულებას.
14. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ №1459 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელეა სახალხო დამცველი, რომელიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე დაობს არა კონკრეტული პირის, არამედ ყველა იმ საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომისათვის საკმარისია დასაბუთდეს, რომ მსგავსი ზიანი შეიძლება მიადგეს რომელიმე პირის და არა კონკრეტული მოსარჩელის უფლებას. ამდენად, ის ფაქტი, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად შესაძლოა კვალიფიციური კანდიდატებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდეს თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, ხოლო ორი კვალიფიციური კანდიდატისათვის კი სრულად გამოირიცხოს, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილი უფლების შეუქცევადი დარღვევის რისკებს ქმნის.
15. ამავე დროს, ხსენებულ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისაგან განსხავებით, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, ხსენებული გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობა რეალურია.
16. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება გამართლებულია მარტოოდენ ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ ინსტრუმენტის გამოყენების გზით, ახდენს გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილებას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების შეჩერება გამორიცხავს აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევის პროცედურის გაგრძელებას და ვაკანსიათა შევსებას. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება იქნება გამოუსწორებელი შედეგის დადგომის პრევენციის ეფექტიანი საშუალება.
17. იმავდროულად, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს მის გავლენას საჯარო და კერძო პირების ინტერესებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „ნორმატიული აქტებით დადგენილი ქცევის ზოგადსავალდებულო წესები ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამისი სფეროების მოწესრიგებას და კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. რიგ შემთხვევებში სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია შეზღუდოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები და დააზიანოს ის ღირებულება, რის დასაცავადაც არის მიღებული ეს აქტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
18. სადავო ნორმები ადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის პროცედურულ რეგულირებას, როგორიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევაა. აღნიშნული საკითხის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი წესებით გადაწყვეტა, დაუსაბუთებელი, თვითნებური და მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის გამორიცხვა უპირობოდ მნიშვნელოვანია როგორც შერჩევაში მონაწილე ყველა პირისათვის, ასევე, საჯარო ინტერესებისათვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურის ფარგლებში დაკავება შერჩევის პროცესის თითოეული კვალიფიციური მონაწილის ინტერესებშია. ამავე დროს, იმ პირის მიერ თანამდებობის დაკავება, რომელიც არ აკმაყოფილებს კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, კონსტიტუციურად ღირებულ კერძო ინტერესს არ წარმოადგენს. ამდენად, ვერ გავიზიარებთ მოპასუხე მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, ნორმის შეჩერება შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს პროცესში მონაწილე კანდიდატთა უფლებებზე. ზემოთ განხილული უფლების დარღვევის გამოუსწორებელი ზიანის რისკის წინაშე ერთნაირად დგას პროცესის მონაწილე ნებისმიერი კეთილსინდისიერი პირი. შესაბამისად, მათთან მიმართებით, სადავო ნორმების შეჩერება წარმოადგენს არა შესაძლებლობათა შეზღუდვას, არამედ უფლების შეუქცევადი დარღვევის დაცვის ეფექტიან მექანიზმს.
19. აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება დროებით შეაფერხებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია სასამართლოს სრულყოფილად ფუნქციონირებისა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. თუმცა, დღესდღეობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დიდწილად დაკომპლექტებულია, 14 წევრი დანიშნულია უვადოდ, 5 წევრს კი უფლებამოსილების ვადა ეწურება 2020 წლის შემდეგ. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 7 კანდიდატი ასარჩევად უკვე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ამავე დროს, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ორი ახალი წევრის დაუყოვნებლად დანიშვნა კრიტიკულად აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისათვის. ამდენად, არ იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების შეჩერებით და, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორი წევრის დანიშვნის დაყოვნებით, უზენაესი სასამართლოს საქმიანობის შეფერხების შედეგად შელახული საჯარო ინტერესი გადაწონის შერჩევის პროცედურაში მონაწილე კვალიფიციურ კანდიდატთა უფლების შეუქცევადი დარღვევის თავიდან აცილების ინტერესს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ სახეზეა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების სამივე წინაპირობა, მათი მოქმედება ქმნის უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხეს, ნორმების მოქმედების შეჩერებით შესაძლებელია, გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება და, ამავე დროს, შეჩერების შედეგად შელახული კერძო და საჯარო ინტერესები თავისი მნიშვნელობით ვერ გადაწონის სადავო ნორმის მოქმედების შეუჩერებლობით დამდგარ ზიანს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სადავო ნორმების მოქმედება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე