საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/1459 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 13:50 |
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
განსახილველი საკითხი: საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1459) მოსარჩელე მხარის - საქართველოს სახალხო დამცველის შუამდგომლობა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის აცილების შესახებ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2020 წლის 15 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელე მხარემ - საქართველოს სახალხო დამცველმა და მოითხოვა №1459 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხვიჩა კიკილაშვილის აცილება.
2. №1459 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის დებულებები, რომლებიც ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.
3. შუამდგომლობის თანახმად, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნა მოხდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ, რომელსაც ესწრებოდა 18 წევრი. მათგან 14 წევრი თანამდებობაზე განწესებულია №1459 კონსტიტუციური სარჩელის სადავოდ გამხდარი წესით, ხოლო, 3 წევრი მონაწილეობას იღებდა ან იღებს აღნიშნული წესის საფუძველზე მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში. შესაბამისად, პირები, რომლებმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განაწესეს ხვიჩა კიკილაშვილი, პირდაპირ დაინტერესებული არიან საკითხის გადაწყვეტით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი საზოგადოების მიერ აღქმული ვერ იქნება №1459 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმების მიუკერძოებელ მსაჯულად.
4. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში განწესება მოხდა 2020 წლის 3 აპრილს. იმ მოსამართლეთა ერთი ნაწილი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის დანიშვნას, სადავო დებულებების საფუძველზე, თანამდებობაზე არჩეულია 2019 წლის 12 დეკემბერს, ხოლო მეორე ნაწილი, მონაწილეობს ან მონაწილეობდა სადავო ნორმის საფუძველზე მიმდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში.შესაბამისად, აღნიშნული დროის მცირე ინტერვალი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსამართლის სუბიექტური მიკერძოების დასადასტურებლად. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა საგანგებო მდგომაროების პირობებში მიზნად ისახავდეს №1459 სარჩელის განხილვაზე გავლენის მოხდენას. ამასთან, მოსარჩელე მხარის მითითებით, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის სუბიექტური მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვს აჩენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შერჩევის პროცესის მცირე დრო, კანდიდატის შესახებ წინასწარი ინფორმაციის არგამოქვეყნება, მისი პოზიციების, ხედვების გაუცხადებლობა და შერჩევის პროცესში პლენუმის წევრთა მიერ კითხვების არდასმა.
5. 2020 წლის 17 აპრილს მოსარჩელე მხარემ განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.განცხადების თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა 2020 წლის 17 მარტის№1/27 განკარგულების საფუძველზე დაწყებულისაქართველოს უზენაესისასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოსპარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა ორი განსხვავებული სია. თავდაპირველ სიაში განმცხადებელთა შორის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შერჩევაში. მოსარჩელე მხარის მითითებით, ის გარემოება, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებული სია შეიცვალა და განმცხადებელთა შორის აღარ არის აღნიშნული პიროვნება, არ ცვლის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის მიკერძოების შესახებ ზემოთ მითითებულ ეჭვებს.
6. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი პირდაპირ და არაპირდაპირ დაინტერესებულია №1459 საქმის შედეგით და არსებობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც ეჭვს იწვევენ მის მიუკერძოებლობაში. ამდენად, სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმის განხილვაში მონაწილეობიდან აცილების საფუძველი.
7. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის აცილების საკითხთან დაკავშრებით, მოპასუხემხარის პოზიციის გამორკვევის მიზნით, 2020 წლის 23 აპრილს საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით მიმართა საქართველოსპარლამენტს.საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 28 აპრილს წარმოდგენილი№3893/1-8-2/20წერილობითი პოზიციის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ხვიჩა კიკილაშვილის აცილების ობიექტური საფუძველი. მოპასუხის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომლებიც თანამდებობაზე განწესდნენ სადავო ნორმათა საფუძველზე და, იმავდროულად, მხარი დაუჭირეს ხვიჩა კიკილაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას, არ აქვთ და არც მომავალში ექნებათ ინტერესისადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხის არგუმენტაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები თანამდებობაზე განწესდნენ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა სრული დაცვით და, ამასთან, სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ გახდება მათი უფლებამოსილების ვადის შემცირების საფუძველი. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ ვერ დადგება იმის მიხედვით, თუ ვის მიერ არის მოსამართლე დანიშნული.
8. ამასთან, მოპასუხე მხარის მითითებით, აცილების შესახებ შუამდგომლობით არ არის დასაბუთებული, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ობიექტურად შესაძლოა რაიმე სარგებელი ან უპირატესობა მიიღოს განსახილველი საქმის შედეგით, ან რომ იგი იმყოფება ისეთი სახის სოციალური ურთიერთობაში, რომელიც ობიექტურ პირს ეჭვს გაუჩენდა საქმის შედეგით მის დაინტერესებაში. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხვიჩა კიკილაშვილის აცილების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია - საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.
2. შუამდგომლობათა ავტორების განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დანიშნულია სადავო ნორმის საფუძველზე არჩეული საქართველო უზენაესი სასამართლოს წევრების და მოსამართლეობის კანდიდატების მიერ, რომლებიც პირდაპირ არიან დაინტერესებულნი საკითხის გადაწყვეტით, იწვევს ეჭვს მის მიუკერძოებლობაში.
3. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა შეამოწმოს, რამდენად წარმოადგენს შუამდგომლობაში მითითებული ფაქტი იმგვარ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს ზემოთ ხსენებული საფუძვლით მოსამართლის აცილების წინაპირობა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის „აუცილებელია იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელიც ობიექტური ადამიანისთვის იქნებოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/5/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს სამი სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური ხელისუფლების განმახორციელებელი სუბიექტი. იმავდროულად, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ორგანოს მიერაა მოსამართლე დანიშნული, ის ვალდებულია, კონსტიტუციური მართლმსაჯულება განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად და მათი ერთგულებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, უმეტესწილად, სასამართლო ამოწმებს იმ ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას, რომელმაც ესა თუ ის მოსამართლე დანიშნა. ამასთან, სასამართლოს წევრის დამნიშნავი ორგანოს/პირების მიერ სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხის მიმართ დაინტერესება სასამართლოს საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ამოწმებენ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციურობას, პრეზიდენტის ან/და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს თავისთავად აღჭურავს მანდატით, განიხილოს საქმეები, რომლებზეც შესაძლოა, მათ დამნიშნავ სუბიექტებს პირდაპირი დაინტერესება ჰქონდეთ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარტოოდენ დამნიშნავი ორგანოს/თანამდებობის პირის პირდაპირი დაინტერესება ვერ იქნება საკმარისი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმიდან ასაცილებლად.
5. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის საგანგებო მდგომარეობის დროს დანიშვნა და ის ფაქტობრივი გარემოებები (არჩევისას კითხვის დაუსმელობა, ხედვების გაუცხადებლობა, შერჩევის მცირე დრო), რომლებიც თან ახლდა არჩევის პროცესს, ასევე აჩენს მისი მიკერძოებულობის ეჭვს.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ვადის ამოწურვის შემდგომ, მათი დროული ჩანაცვლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასამართლოს ინსტიტუციურ ფუნქციონირებაში. ამავდროულად, ცალკეულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნის დაყოვნებით, შესაძლოა საფრთხე შეექმნას სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიან რეალიზებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77-78).შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ, როდესაც არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის ობიექტურად შემაფერხებელი გარემოებები, სათანადო ორგანოებმა უნდა განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში აირჩიონ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. 2020 წლის 3 აპრილს არჩეულმა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ჩაანაცვლა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი - მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2019 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს არათუ მოსამართლის სწრაფ რეჟიმში არჩევას, არამედ მისი დანიშვნის კანონით განსაზღვრული ვადის მნიშვნელოვნად დარღვევას. ამავე დროს, N№1459 კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოში დარეგისტრირდა 11 ნოემბერს. შესაბამისად, სარჩელის რეგისტრაციის დროს, ისევე როგორც მისი განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი იყო, დაენიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა მის განხილვაში. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელის არგუმენტი სასამართლოს ახალი წევრის ნაჩქარევად დანიშვნის შესახებ, არ მიემართება სასამართლოს ახალი წევრის განსახილველ საქმეში მონაწილეობის საკითხს.
7. გარდა ამისა, მოსამართლის საქმის განხილვიდან აცილების საფუძვლად ვერ გამოდგება ის გარემოებები, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრებმა კანდიდატს არ დაუსვეს კითხვები და არ მოხდა მისი პოზიციების მოსმენა, განხილვა. ბუნებრივია, შესაძლებელია არსებობდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შერჩევის პროცედურის გაუმჯობესების შესაძლებლობა, თუმცა უაღრესად ბუნდოვანია შერჩევის პროცედურასა და კონკრეტული საქმისადმი მოსამართლის დაინტერესებას (ან საზოგადოების მიერ მის ასეთად აღქმას) შორის კავშირის არსებობა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ხვიჩა კიკილაშვილის აცილების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხვიჩა კიკილაშვილის აცილების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობასაქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1459) მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის აცილების შესახებ.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
მერაბ ტურავა
თამაზ ცაბუტაშვილი