საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1491 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 3 აპრილი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებების კონსტიტუციურობა; |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება - „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-25 მუხლის პირველი პუნქტით; მე-31 მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
შესავალი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2019 წლის 1 მაისს შეტანილი ცვლილებების შემდგომ 341 მუხლი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს, რომლის მიხედვითაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. აღნიშნული ნორმა სრულად და ამომწურავად განსაზღვრავს იმ შერჩევის წესს რომელიც ექსკლუზიურად უზენაესი სასამართლოს კანდიდატებისათვის შერჩევის პროცედურაზე ვრცელდება.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით კი, უზრუნველყოფილია ნებისმიერი პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამობა, ჩვენი აზრით, გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს შერჩევის სამართლიანი პროცედურით იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მათ გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული, თუ სხვა პიროვნული უპირატესობების შესაბამისად იქნენ შერჩეულნი საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსადგენად.
ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი არა მხოლოდ არ გამორიცხავს საბჭოს შესაბამისი უფლებამოსილების არასამართლიანად გამოყენებისა და თვითნებობის საფრთხეს, არამედ, გარკვეულწილად, ახალისებს კიდევაც მას, ვინაიდან გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის იმ წინაპირობებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისმა კანდიდატმა იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროს შერჩევის პროცედურა. ამგვარი, ბუნდოვანება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს.
ამგვარი პროცესი კი არ გამორიცხავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაქვემდებარებას არა კანონიერი, არამედ, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული პირობებისადმი, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, ვინაიდან, შესაბამის პირს ართმევს შესაძლებლობას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას ისარგებლოს მხოლოდ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით შერჩეული მოსამართლეებისგან შემდგარი, კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი.
ფაქტების აღწერა
როგორც ცნობილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თავის 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის 1459-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. 1459-ე კონსტიტუციური სარჩელში სადაოდ გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის შესაბამისი ნორმები აწესრიგებენ პროცედურებს, რომლებიც მოიცავენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის გამოცხადებისა და კანდიდატთა რეგისტრაციის, ასევე მათი შეფასებისა და საქართველოს პარლამენტში კანდიდატების წარდგენის წესებს. თუმცა, ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის გასაჩივრებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი კანდიდატის ვერ არჩევის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის ხელახლა წარდგენის წესებს.
ვინაიდან მიგვაჩნია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტიც შეიცავს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატის კვლავ წარდგენის არაკონსტიტუციურ წესებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ნორმის გასაჩივრებაც.
დასაბუთება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, „თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, არსებული ვაკანსიის შესავსებად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო 2 კვირის განმავლობაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ფარულად უყრის კენჭს იმავე პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ სიაში მითითებულ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა დარჩენილი. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება. წარდგენილად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმებს მიიღებს.“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერის შესაბამისად, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენილი კანდიდატის პარლამენტის მიერ არჩევაზე უარის თქმის შემდგომ პროცედურებს აწესრიგებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტი, რომლის პირველი წინადადების თანახმადაც, „თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, არსებული ვაკანსიის შესავსებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2 კვირის განმავლობაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, ფარულად უყრის კენჭს იმავე პუნქტით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ სიაში მითითებულ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების დარჩენილი ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით“.[1]
№1459 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა, მათ შორის, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ... თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით ატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე“, მე-2[2] და მე-10[3] წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
1459-ე კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურობა, როგორც უკვე ითქვა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ მიერ განსაზღვრული წესი არა მხოლოდ არ გამორიცხავს საბჭოს შესაბამისი უფლებამოსილების არასამართლიანად გამოყენებისა და თვითნებობის საფრთხეს, არამედ, გარკვეულწილად, ახალისებს კიდევაც მას, ვინაიდან გაუგებარს და ბუნდოვანს ხდის იმ წინაპირობებს, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისმა კანდიდატმა იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროს შერჩევის პროცედურა. ამგვარი, ბუნდოვანება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს. ამგვარი პროცესი კი არ გამორიცხავს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დაქვემდებარებას არა კანონიერი, არამედ, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული პირობებისადმი.
ვინაიდან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენილი კანდიდატის პარლამენტის მიერ არჩევაზე უარის თქმის შემდგომი კენჭისყრის პროცედურების გასაზღვრისას, მითითებას აკეთებს ამავე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ წესზე, ვთვლით, რომ იგი კანდიდატთა ხელმეორედ შერჩევის პროცედურას უქვემდებარებს იგივე არაკონსტიტუციურ წესს, რის გამოც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
შეიძლება ითქვას, რომ სადავო მე-15 პუნქტი, შინაარსობრივად, სრულად იმეორებს შერჩევის იმგვარ მექანიზმს, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ, 1459-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით, უკვე გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და უნდა შეფასდეს არსებითი განხილვის ფარგლებში. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისათვის ხელახალი წარდგენის დროს, კვლავ არ არის სავალდებულო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, რომლიც დაეფუძნებოდა კანდიდატთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასებისას მინიჭებულ ქულებს.
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული პროცედურა, ისევე, როგორც სახალხო დამცველის 1459-ე ნომრით რეგისტრირებული სარჩელით გასაჩივრებული წესები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს და 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. გარდა ამისა, ის დასაბუთება, რომელიც მოცემულია საქართველოს სახალხო დამცველის 1459-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში, და მიემართება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისი ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ჩვენი აზრით, არის აბსოლუტურად რელევანტური ამ სარჩელით გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისთვის.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი განიხილოს არსებითად და საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-15 პუნქტის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 წინადადებები.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერი, II, პ. 27;
[2] „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს თითოეული წევრი ბიულეტენში ფარულად შემოხაზავს არაუმეტეს იმ რაოდენობის კანდიდატს, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული.“;
[3] „კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება.“;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი