საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/7/792 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 23 ივლისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივლისი 2016 17:54 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“ და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 82-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეოთხე წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№792) მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (სულ 38-მა დეპუტატმა). №792 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2016 წლის 13 ივლისს.
2. №792 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 23 ივლისს.
3. №792 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით“. „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი, მოცემული კანონი, გარდა იმავე კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდება 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
5. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები. კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეოთხე წინადადების მიხედვით კი, „საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს“.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილებას, არაკონსტიტუციურია, ვინაიდან პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციით ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნია. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. კონსტიტუციის 73-ე მუხლი კი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა იმპერატიულ ჩამონათვალს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც სცილდება კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებს, არაკონსტიტუციურია. ამასთან, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასახელების უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით, რომელიც იერარქიულად არის საქართველოს კონსტიტუციის ქვემდგომი აქტი, ეს კი მისი არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი კიდევ ერთი გარემოებაა.
7. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 88-ემუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს“. მოსარჩელეთა განმარტებით, მართალია, კონსტიტუციის დასახელებული ნორმა არ მიუთითებს თავმჯდომარის არჩევის კონკრეტულ წესზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს სასამართლოს მიერ თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობიდან. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ავიწროებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ კომპეტენციას, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, თავმჯდომარედ აირჩიოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც მას საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
8. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს სადავოდ ხდის ასევე საქართველოს კონსტიტუციის 82-ემუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები“. მოსარჩელეთა განმარტებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფო ორგანოთა მიერ თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა გამოიხატება მისი დაკომპლექტების წესში, რომელიც უნდა იყოს სწორი, სამართლიანი და კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ხელისუფლების შტოებს შორის საჭირო გაწონასწორებისა და დაბალანსების პრინციპი. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ვინაიდან ხელისუფლების სხვა ორგანოები და შტოები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში ერევიან იმაზე მეტად, ვიდრე ეს დასაშვებია კონსტიტუციურ ორგანოთა უფლებამოსილებების გაწონასწორებისა და დაბალანსებისათვის.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა არჩევა ხდება ხელისუფლების სამივე შტოს თანაბარი მონაწილეობით,თუმცა არჩეულ წევრთა შორის თავმჯდომარის დასახელების კომპეტენცია არსებითად არღვევს ამ ბალანსს, მეტისმეტად იჭრება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ფარგლებში და საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას. ამგვარად, მოსარჩელეთა აზრით, ხელისუფლების ორგანოს სხვა კონსტიტუციური ორგანოს უფლებამოსილებაში ჩარევა შეუძლია მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს. ნებისმიერი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც არღვევს ამ მოთხოვნას, თავისთავად, ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.
10. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობებს „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისმე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას, ვინაიდან სწორედ ამ ნორმების საფუძველზე ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადება და შესაბამისად, არაკონსტიტუციური წესის მოქმედების გაგრძელება.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ძველი წესი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით. იმავდროულად, 2016 წლის 1 ოქტომბრამდე ძალას ინარჩუნებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ერთი კვირისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.“ მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 30 სექტემბერს ეწურება, ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით კი, ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება ისევ ძველი, არაკონსტიტუციური წესით. შესაბამისად, აუცილებელია სადავო ნორმები შეჩერდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი თავმჯდომარის არაკონსტიტუციური წესით არჩევა, რისი შეცვლაც, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. ამრიგად, მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობა გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს და საფრთხეს შეუქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №792 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. №792 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452, 453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარემ სასამართლოს არ წარუდგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაადასტურებდა გამოუსწორებელი შედეგის დადგომის გარდაუვალი საფრთხის არსებობას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობაა სადავო ნორმის მოქმედების შესაჩერებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №792 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
2. არ დაკმაყოფილდეს №792 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. N768, N769, N790 და N792 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი