საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამიდბეგიშვილი და სხვები საართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/5/790 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 23 ივლისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივლისი 2016 17:45 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“, „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის სრული შემადგენლობის“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N790) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა: ნინო კოტიშაძემ, ანი დოლიძემ, ელენე სამადბეგიშვილმა, უჩა ჩახვაძემ, ლევან კირცხალიამ, ეკა მამრიკიშვილმა, ელენე გარდავამ, დემეტრე ქარდავამ, ლადო ბატიაშვილმა, ელენე ჩხეიძემ, მაკა ფსუტურმა, ნინო აშაძემ, სოფიკო გუმბარიძემ, სოლომონ ბაღაშვილმა, ნინო დარახველიძემ და ანა ჯაბაურმა.
2. N790 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2016 წლის 11 ივლისს.
3. N790 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 23 ივლისს.
4. N790 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
5. №790 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებით შესაძლოა შეიზღუდოს წინამდებარე სარჩელის ავტორთაგან ნებისმიერის კონსტიტუციური უფლება სამართლიან სასამართლოზე, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით. მოსარჩელეთა განმარტებით, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოში არც ერთი მათგანის საქმის განხილვა არ მიმდინარეობს, მაგრამ სადავო ნორმების მოქმედება, მომავალში, წაართმევს მოსარჩელეებს უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლოში იდაონ კონკრეტული ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე და, ამავდროულად, სრულყოფილად ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი შეიზღუდება კონკრეტული მოსარჩელის კონსტიტუციური უფლება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს იმგვარი პროცედურების გავლა, რომლებიც პირდაპირ იწვევს სასამართლოს ეფექტიანობის ხარისხის შემცირებას, საქმის გონივრულ ვადაში განხილვას და ამავე უფლების სხვა ასპექტების გაუმართლებელ შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმები იწვევს უშუალოდ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
6. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. N790 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების წესები. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია, განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
8. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს კვორუმისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო უმრავლესობის კონსტიტუციურობა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ამ კანონის მე-15 მუხლით და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ კანონის მე-15 მუხლით და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.
9. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მოწესრიგებულია შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, რათა საქმე განიხილოს პლენუმმა. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რის შესახებაც, იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ასეთ შემთხვევაში საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველად მიღებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
10. N790 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ აყენებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“, „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოცემული ნორმები ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ექსკლუზიურ კომპეტენციას, შეაჩეროს სადავო ნორმები საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას. ნორმის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გზით უფლების დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს და მისი ეფექტურობა აუცილებელია უფლების სრულყოფილად დასაცავად. რიგ შემთხვევებში ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების უმოკლეს დროში მიღება, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს მოსარჩელეებისათვის. სადავო ნორმების მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ შეჩერება საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას და სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ნორმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება უფრო ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეს კოლეგიაშია. აღნიშნული კი განპირობებულია იმით, რომ პლენუმის სხვა წევრებს დასჭირდებათ მეტი დრო საქმის გარემოებების შესასწავლად.
12. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იგივე ძალა აქვს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გახდა საჭირო ნორმის შეჩერების უფლებამოსილების მთლიანად პლენუმის კომპეტენციაში გადასვლა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი კოლეგიას ანდობს არათუ ნორმის დროებით შეჩერებას, არამედ - ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
13. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღება განმწესრიგებელ სხდომაზე, პროცედურას არაეფექტურს ხდის, ვინაიდან სადავო ნორმატიული აქტის შედეგად, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი დადგეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
14. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებისა და სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტის არსის გათვალისწინებით, შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სწრაფი, მოქნილი და ეფექტური პროცედურების მეშვეობით. სადავო ნორმატიული აქტის შეუჩერებლობამ, შესაძლოა, მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, თავის მხრივ, აღნიშნული კომპეტენციის მხოლოდ პლენუმისთვის მინიჭება მნიშვნელოვნად აჭიანურებს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას და საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეფექტურად განხორციელებას.
15. ზემოხსენებული დასაბუთებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
16. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
17. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრის უფლებამოსილება, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე, ხოლო პლენუმმა საქმე უნდა მიიღოს განსახილველად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მისი სრული შემადგენლობის უმრავლესობა უარს იტყვის მის განხილვაზე.
18. N790 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულმა ნორმამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების ერთ-ერთი კომპონენტის, საქმის გონივრულ ვადაში განხილვის შეზღუდვა, ვინაიდან სადავო ნორმებით საქმეთა განხილვის პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს და შენელდეს სამართალწარმოება.
19. N790 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ერთი მოსამართლის მიერ საქმის პლენუმზე გადაცემის შესახებ შუამდგომლობა თავისთავად არ არის არაკონსტიტუციური, თუმცა პრობლემურია პლენუმის წევრთა რაოდენობა და წესი, რომელიც საჭიროა აღნიშნული შუამდგომლობის გაზიარების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე დროს, საქმის გადაცემა ერთი მოსამართლის მიერ შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. აღნიშნული კი, მაღალი კვორუმისა და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, შესაძლოა იწვევდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას. დასახელებული პრობლემების ერთობლიობა კი ქმნის არაეფექტური კონსტიტუციური სამართალწარმოების განხორციელების წინა პირობას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
20. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე გასაჩივრებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის სრული შემადგენლობის“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით.
21. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, როდესაც სადავოდ ხდება ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს და გადაწყვეტილების მისაღებად აწესებს უფრო მაღალ დასწრებისა და გადაწყვეტილების მიღების კვორუმს. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროა 9 მოსამართლიდან სულ მცირე 7 წევრის დასწრება (7/9 – 77%), ხოლო სარჩელი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს 9 მოსამართლიდან არანაკლებ 6 მოსამართლე. ახალი რედაქციის მიხედვით, იმ შემთხვევაში როდესაც პლენუმი შეკრებილია მხოლოდ 7 მოსამართლით, გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 6 მოსამართლის მხარდაჭერა (6/7 – 85%). ასეთი მაღალი კვორუმის მოთხოვნამ, მოსამართლეთა ობიექტური ან სუბიექტური მიზეზის გამო სხდომაზე არგამოცხადების შემთხვევაში, კვორუმის არქონის გამო, შესაძლოა ხელი შეუშალოს სხდომის ჩატარებას და ამდენად, შეაფერხოს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. აღნიშნული რეგულირება ასევე არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
22. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პლენუმი უფლებამოსილია, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან მოსარჩელეებს ართმევს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვან კონსტიტუციური უფლებები იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლებების დარღვევა მომდინარეობს ორგანული კანონიდან.
23. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ეფექტიანი სასამართლო თავისთავში გულისხმობს პირის მიერ დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ეფექტიანი გზების უზრუნველყოფას. მეორე მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლების ეს კომპონენტი მოიცავს ქმედითი სასამართლოს არსებობას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება საკუთარ თავში გულისხმობს ნებისმიერი ტიპის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას. კონსტიტუციის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რა მოქმედებითა თუ საკანონმდებლო აქტით მოხდა უფლების დარღვევა.
24. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზნებისათვის გასაჩივრებული ნორმის იერარქია არ წარმოადგენს არსებით საკითხს და სასამართლოსათვის მნიშნველოვანია კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების დარღვევის ფაქტის დადგენა. ორგანულმა კანონმა ისევე შეიძლება შეზღუდოს პირის უფლებები და თავისუფლებები, როგორც ნებისმიერმა სხვა კანონმა და, აქედან გამომდინარე, მის მიმართ არ შეიძლება ვრცელდებოდეს სხვაგვარი რეგულირება. კანონმდებლობის მხრიდან ორგანული კანონის შემთხვევაში პლენუმისათვის უფრო მაღალი დასწრებისა და გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწესება ზღუდავს სასამართლოს ქმედითობასა და ეფექტიანობას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს ორგანული კანონის შედეგად დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას და კონსტიტუციის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია არა კანონის იერარქიული სიძლიერე ან მისი მიღების წესი, არამედ თავად უფლების დარღვევის ფაქტი და მისი, სასამართლოს მეშვეობით, გასაჩივრების შესაძლებლობა.
25. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, როდესაც პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია შვიდი წევრის დასწრება, მარტივი ხდება ხელისუფლების რომელიმე შტოს მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმეების დაბლოკვა. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ხელისუფლების რომელიმე შტოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არ/ვერ არჩევა.
26. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არ აქვს უფლებაში ჩარევის გამამართლებელი ლეგიტიმური მიზანი. იმ შემთხვევაში კი, როდესაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ხდება ჩარევა ლეგიტიმური მიზნის გარეშე, აღარ არის საჭირო ჩარევის პროპორციულობის ტესტის მიხედვით შემოწმება, რადგან ლეგიტიმური მიზნის გარეშე კონსტიტუციით დაცულ უფლებაში ჩარევა წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას.
27. გარდა ზემოხსენებულისა, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების მაღალი კვორუმი ეწინააღმდეგება დემოკრატიულობის პრინციპსაც, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს. იმ დროს, როდესაც საერთო სასამართლოებისა და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება დემოკრატიულობის პრინციპიდან გამომდინარე, უმრავლესობის გადაწყვეტილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიძლება მივიღოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც დარღვეული იქნება დემოკრატიულობის პრინციპი და გადაწყვეტილების მიმღები იქნება უმცირესობა.
28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, სადავო ნორმებით სახელმწიფოს მხრიდან ხდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების დარღვევა.
29. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები იშველიებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია უკავშირდება იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ უნდა წარმოადგენდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ექსკლუზიურ კომპეტენციას და შესაბამის საქმეებზე ასეთი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიასაც უნდა გააჩნდეს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის ზემოთ მოყვანილი სიტყვები არ შეიცავს წესს, რომელიც ითვალისწინებს სადავო ნორმის შეჩერების უფლებამოსილებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ. ამ სიტყვებით განსაზღვრულია პროცედურა საქმის განხილვის იმ ეტაპის შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას. ამდენად, მოსარჩელის წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებულ დებულებებს.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
4. სხვა მხრივ, კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების კანონით დადგენილი საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №790 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“, „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის სრული შემადგენლობის“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №790 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. N768, N769 და N790 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი