საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768, 769 საოქმო ჩანაწერზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/4/768,769 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 17 ივნისი 2016 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის N3/4/768,769 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 17 ივნისის №768, 769საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით იმ ნაწილში, რომელიც შეეხება რამდენიმე სადავო ნორმის შეჩერების მოთხოვნის არდაკმაყოფილებას.
2. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
5. სხვა ნორმებთან ერთად, მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“, ასევე ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“ მოქმედების შეჩერება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“, „თ“–„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტით და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. შესაბამისად, მოცემული სადავო ნორმით განსაზღვრულია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და არა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის უფლებამოსილებას.
6. კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისა და პლენუმის განსჯად საკითხებს. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.
7. სადავო ნორმიდან გამომდინარე, კოლეგიას არ აქვს უფლებამოსილება, საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებული საქმეების განხილვისას გამოიყენოს უფლების დაცვის ისეთი პრევენციული მექანიზმი, როგორიც არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საჭიროების შემთხვევაში კოლეგიამ უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
9. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას უზღუდავს შესაძლებლობას, თავადვე შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება, თუკი მის განსჯადობას მიკუთვნებული საქმის განხილვისას დაინახავს, რომ არსებობს მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების აშკარა საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, კანონის თანახმად, აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა ბუნებრივად მოითხოვს დამატებით დროს, რადგან საკითხი უნდა იქნეს შესწავლილი პლენუმის იმ წევრების მიერ, რომლებიც არ არიან იმავე კოლეგიის წევრები. ამავე დროს, გასათვალისწინებელია თავად სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების ბუნება. როგორც აღინიშნა, ეს ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც სხვაგვარად შეუძლებელია გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება და არსებობს მოსარჩელის უფლების დარღვევის შეუქცევადი რისკები. ასეთ ვითარებაში დამატებითი პროცედურული ბარიერის შექმნამ, საქმის პლენუმისათვის გადაცემის, პლენუმის მიერ შესწავლისა და გადაწყვეტის სახით, შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს ის ინტერესები, რომელთაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ემსახურება. ამასთან, ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს სწორედ დრო, რომლის გაცდენის შემთხვევაში არა მხოლოდ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, არამედ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასაც არ ექნება აზრი, რაც ამ პრევენციული მექანიზმის ეფექტურობას და, შესაბამისად, მის საჭიროებასაც კი, კითხვის ქვეშ დააყენებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გაზრდილი კვორუმის პირობებში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების განსხვავებული დღის წესრიგისა და მოსამართლეთა სხვა სამსახურებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელიც, მათ შორის, დროდადრო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებასაც ითვალისწინებს, პლენუმის მიერ სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობის დროულად, ეფექტურ ვადაში განხილვა/გადაწყვეტა, შესაძლოა, რეალური საფრთხის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ ალბათობას, რომ განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოიშვას ისეთი შემთხვევა, რომ კოლეგიის მიერ საქმის შესწავლის შემდეგ დადგინდეს უკიდურესად კრიტიკული, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს საქმის პლენუმის მიერ შესწავლისა და გადაწყვეტის შემდეგ.
10. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც, დროულად გადაწყვიტოს სადავო ნორმის შეჩერების საკითხი, რათა მოსარჩელეს თავიდან აარიდოს გამოუსწორებელი შედეგის პირისპირ დადგომა, მაგრამ სწორედ ის დრო, რაც, თუნდაც ობიექტურად დასჭირდება როგორც პროცედურებს, ისე პლენუმის მიერ საკითხის შესწავლას და, შესაბამისად, პლენუმის წევრების ჩამოყალიბებას საკითხის გადასაწყვეტად, შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში გახდეს უფლების შეუქცევადად დარღვევის მიზეზი. ვეთანხმებით ჩვენს კოლეგებს, რომ საოქმო ჩანაწერში მითითებულ საქმეზე - „ საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმე კოლეგიის მიერ გადაეცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში განიხილა და შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება. მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო ნორმის შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ესოდენ მოკლე დროში (ერთ სამუშაო დღეში) წარმოადგენს გამონაკლისს, რომელიც სადავო წესის გონივრულობის დამადასტურებელ მაგალითად ვერ გამოდგება. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ კოლეგიამ თავად მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს სადავო ნორმის შეჩერების მოთხოვნით, რაც გულისხმობს, რომ კოლეგიას ან თავად არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო გადაწყვეტილება ან საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა, სწორი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, საქმე გადაეცა პლენუმისთვის, რასაც მოწმობს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებაში N2-3/2/682 მოყვანილი არგუმენტაცია: „განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ცოცხალი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პროცესში პოტენციურ დონორთა წრის შეზღუდვის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სიცოცხლის უფლებასთან. .... კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დაკავშირებულია არა მხოლოდ კონკრეტული პირის სიცოცხლის უფლებასთან, არამედ, იმავდროულად, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხესთან. ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს განუსაზღვრელ პირთა წრისთვის ჯანმრთელობისა და, რიგ შემთხვევებში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს. ... შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დგას სწორი, დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, რათა, ერთი მხრივ, გაუმართლებლად არ შეექმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ მოხდეს ისეთი დანაშაულისთვის გარკვეულწილად არეალის გაფართოება, როგორიც არის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. ... სამსჯელო საკითხის სირთულიდან, ისევე როგორც მისი საზოგადო მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქმეს განსახილველად გადასცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს“.
11. ისეთ პირობებში, როდესაც კოლეგია თავად მიიჩნევს, რომ სწორი, დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუწყობს საკითხის სასამართლოს სრული შემადგენლობით განხილვა, ასეთ შემთხვევებში, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღება არის ერთადერთი გამოსავალი საკითხის გადასაჭრელად. ხოლო მაშინ, როდესაც ასეთი მიზეზი არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი პროცედურული სირთულეებით იმ საკითხის დატვირთვა, რომლის გადაწყვეტის მიზნობრიობა სწორედ დროულად, მყისიერად გადაწყვეტილების მიღებაზე არის დამოკიდებული, შესაძლოა, გახდეს ხელოვნური მიზეზი უფლების დარღვევისთვის.
12. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას და საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ საქმეებზე განმწესრიგებელი სხდომა ჩაატარა და საკითხი განიხილა სარჩელის დარეგისტრირებიდან საკმაოდ დიდი დროის შემდეგ (ანუ საკითხი არ გადაწყვიტა მყისიერად, მჭიდრო ვადებში), მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში სასამართლომ არ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება. როდესაც კოლეგიას ეწერება კონსტიტუციური სარჩელი, მოსამართლეები ამზადებენ საქმეებს შესაბამისი ეტაპისთვის, ამ პროცესში მათ უყალიბდებათ წარმოდგენა, მოსაზრებები როგორც სარჩელის მიღების, ისე სადავო ნორმის შეჩერების (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) აუცილებლობის თაობაზე. შესაბამისად, მაშინ, როდესაც აშკარაა სადავო ნორმის შეჩერების მოთხოვნის უსაფუძვლობა, არ არსებობს აუცილებლობაც საკითხის მყისიერად გადაწყვეტისთვის. მაშასადამე, კოლეგიის მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობის გვიან განხილვა/გადაწყვეტა ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ დროის თვალსაზრისით არ არის სხვაობა, საკითხს კოლეგია განიხილავს თუ პლენუმს გადასცემს განსახილველად. ობიექტური მიზეზი საკითხის მყისიერად არგადაწყვეტისთვის თანაბრად შეიძლება ჰქონდეს კოლეგიასაც და პლენუმსაც, მაგრამ სადავო ნორმის პრობლემატურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის, ობიექტურ საფუძვლებს, ხელოვნურ ბარიერებსაც ამატებს, რამაც პრობლემა შეიძლება შექმნას სწორედ ნორმის მყისიერად შეჩერების უკიდურესი აუცილებლობის არსებობისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე.
13. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისას საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით გამოწვეულ სხვათა უფლებების დარღვევის ან სხვა ინტერესების დაზიანების საფრთხეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებით, რომელიც გამორიცხავს კოლეგიის უფლებამოსილებას, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებზე, არ უკავშირდება არანაირ საფრთხეს. თუ კოლეგიის მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტით, პლენუმის მიერ იგივე საკითხის გადაწყვეტისგან განსხვავებით, შესაძლოა საფრთხე შეექმნას რაიმე ლეგიტიმურ ინტერესს, მაშინ ეს საფრთხე მით უფრო სერიოზულია, როდესაც კოლეგიას კანონის კონსტიტუციურობის გადაწყვეტის საკითხს ვანდობთ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“ იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებზე ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას, ასევე ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“ მოქმედება.
15. იმავდროულად, ვერ გავიზიარებთ საოქმო ჩანაწერში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების ფარგლებში თავადვე ადგენს ამა თუ იმ უფლებამოსილების განხორციელების წესს. სადავო ნორმა გულისხმობს რა, რომ აღნიშნული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს მხოლოდ პლენუმმა, ის იმავდროულად შეიცავს ამკრძალავ დებულებას - ეს უფლებამოსილება არ განახორციელოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ. ნორმა წინამდებარე საოქმო ჩანაწერით სწორედ ასეთი ნორმატიული შინაარსის გამო არის მიღებული არსებითად განსახილველად. შესაბამისად, თუ ეს წესი იწვევს მხარისთვის გამოუსწორებელ შედეგს, სწორედ ის უნდა შეჩერდეს. ამასთან, გაუგებარია წინამდებარე საქმეზე პლენუმის ასეთი მიდგომა იმ პირობებში, როდესაც ამ თვალსაზრისით არსებობს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი ასეთია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერით N3/6/668 სადავო ნორმის შეჩერების საკითხიც.
16. განსახილველ საქმეზე ასევე მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ მოქმედების შეჩერება.
17. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განსხვავებული აზრით, უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე, რომელიც გამორიცხავს კოლეგიის მიერ საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას, ამ შემთხევევაში შევაფასებთ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ შეჩერების საკითხს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმის მოქმედების შეჩერების კონტექსტში.
18. როგორც აღინიშნა, ნორმის მოქმედების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შეუქცევადი ზიანის დადგომის პრევენციის მიზნით და წარმოადგენს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ეფექტურობის უზრუნველმყოფელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს. ზემოთ დასახელებული სადავო ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ აღნიშნული მექანიზმის გამოყენების წესი. უკვე აღვნიშნეთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურად და ოპერატიულად მიღებას და რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესში გაუმართლებელ დაყოვნებას. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღების აუცილებლობას. რაც ნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე 7 ან 6 მოსამართლიდან 5-მა უნდა დაუჭიროს მხარი სადავო ნორმის შეჩერებას იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვალოს. მაშასადამე, იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლების შეუქცევადად დარღვევის რისკის აღმოსაფხვრელად და, შესაბამისად, უფლების დაცვის სასარგებლოდ უფრო მეტი მოსამართლის ხმა არსებობს, ვიდრე ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების (როდესაც ნორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარს უჭრს 4 მოსამართლე 3-ის ან 2-ის წინააღმდეგ), გადაწყვეტილება მაინც მიიღება უფლების შეუქცევადად დარღვევის რისკის დაშვებით, მოსამართლეთა უმცირესობის მიერ. ამდენად, არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური ალბათობა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმა შეჩერდება იმ ნორმატიული შინაარსით, რომ შესაძლებელი იყოს სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პლენუმის დამსწრეთა უმრავლესობით, არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მესამე პირების უფლებების ან რაიმე სხვა ინტერესის დაზიანების საფრთხე.
19. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად არ ვეთანხმებით საოქმო ჩანაწერში გამოთქმულ შემდეგ პოზიციას: „სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა ქმნის სამართლებრივ ბარიერს კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ნორმებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გამოსწორებისათვის... კანონმდებლობა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პოზიციის გადახედვის შესაძლებლობას შეცვლილი გარემოებების შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა კი - სწორედ ასეთ გარემოებად ჩაითვლება“ (პ.61). მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობა მიიჩნევს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ აღნიშნული სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, მისი გამოყენებით მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგების გამოსწორების გზა არის ამავე საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების თავიდან მიღება. პირველ რიგში, აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობრივი და ალოგიკურია. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობაც კი ვერ გამოასწორებს პირის უფლებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, ვერც ახალი გადაწყვეტილების მიღება გახდება გამოუსწორებელი შედეგის გამოსწორების საშუალება. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის, მეტიც, თავად სასამართლოს არსის, დანიშნულების პრინციპულად არასწორი აღქმა. წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო უშვებდეს შესაძლებლობას, ერთსა და იმავე საკითხზე დროის მცირე მონაკვეთში - პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით მიიღოს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლს აქვს სრულიად სპეციფიკური დატვირთვა და ის საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა აქციოს მოტივაციად საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვისთვის, დაძლევისთვის, შეცვლისთვის. საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, თავად არის შებოჭილი საკუთარი გადაწყვეტილებებით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც საბოლოოა და გადასინჯვას არ ექვემდებარება. ასეთია საქართველოს კონსტიტუციის გადაწყვეტა და ის სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუცვლელობის გზით უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტულ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ცვლა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გაუგებარს გახდის ამ ინსტიტუტის დანიშნულებას, მის მნიშვნელობას, თავისთავად დაამცრობს მის სანდოობას, ეჭვის ქვეშ დააყენებს მის ავტორიტეტს, ამასთან, შექმნის პრობლემებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობის თვალსაზრისით. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ძალზე იშვიათ შემთხვევაში და მხოლოდ ფუნდამენტური უფლებების უკეთესი პერსპექტივით დაცვის შესაძლებლობის რეალურად გაჩენისას. მაგრამ მაშინ, როდესაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელთ არის კონსტიტუციური უფლების დარღვევის გამორიცხვით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება იმართლოს მან თავი იმით, რომ, თუკი ის (საკონსტიტუციო სასამართლო) გამოიწვევს უფლების დარღვევას, ეს არ იქნება შეუქცევადი, რადგან თავადვე შეცვლის მისსავე გადაწყვეტილებას, რომელიც გახდა მიზეზი უფლების დარღვევისა. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს პოზიცია სწორიც რომ იყოს (თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის პრინციპულად მცდარი მიდგომა), უკვე დამდგარ გამოუსწორებელ შედეგს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება იმავე საკითხზე ვერ გამოასწორებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დამსწრეთა უმრავლესობით.
21. განსახილველ საქმეზე ასევე მოთხოვნილია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედების შეჩერება.
22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ კანონის მე-15 მუხლით და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.
23. მაშასადამე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, საგამონაკლისო რეგულაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ესაჭიროება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრის მხარდაჭერა.
24. ჩვენ გამოვხატავთ განსხვავებულ აზრს ამ ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ან კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნის მიღებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრის მხარდაჭერის აუცილებლობას.
25. მოცემულ შემთხვევაში გაზრდილი კვორუმი მნიშვნელოვნად ართულებს მოსარჩელის მიერ საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის დამტკიცების ალბათობას. ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესია, თუმცა ის ვერ სარგებლობს უპირატესობით კანონით ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თავიდან აცილების კონსტიტუციურ ვალდებულებასთან შედარებით. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის (9-დან 5 მოსამართლის) და ხშირად დამაჯერებელი უმრავლესობის (8 ან 7 მოსამართლიდან 5 მოსამართლის) ეჭვები კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი და დადასტურებულია, სადავო ნორმის თანახმად, სამი ან ორი მოსამართლის გადაწყვეტილებით კანონი ინარჩუნებს ძალას ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკით. საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური ვალდებულებაა არა კანონის კონსტიტუციურობის მტკიცება და მისი იურიდიული ძალის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, არამედ ფუნდამენტური უფლებების ეფექტურად დაცვა და ყოველ ჯერზე კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს რეალური რისკი, თუნდაც ერთი ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევისა.
26. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მას შესაძლოა მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება არაერთ საქმეზე, რომელშიც გასაჩივრებულია ორგანული კანონი, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია არაერთი წარდგინება, რომელიც დროულად გადაწყვეტას მოითხოვს. იმ პირობებში, როდესაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საქმეთა გადაწყვეტისთვის გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, როდესაც მაღალია რისკი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის (უფლების დამრღვევი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის) სასარგებლოდ მიცემულმა მოსამართლეთა მეტმა ხმამ ვერ აჯობოს საწინააღმდეგოდ მიცემულ ნაკლებ ხმებს, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავად, მხარეთა მოთხოვნის გარეშეც, თავს უნდა იკავებდეს ასეთი გაზრდილი კვორუმის გამოყენებისგან. ცხადია, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმის არსებითი განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ გამოსაყენებლი კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას, იგი ვალდებული იქნება ამ კანონის გვერდის ავლით (ან მის საპირისპიროდ) მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პლენუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურად კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისად იქნება მიღებული. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აღნიშნული სადავო ნორმის შეჩერების გზით აქვს შესაძლებლობა, თავიდან აირიდოს ამგვარი კონფლიქტი, არაგონივრულია ამ საკანონმდებლო კოლიზიის გამომწვევი ნორმის შეჩერებაზე უარის თქმა. ბუნებრივია, ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ იმ საკითხს, რომ თითოეული მოსამართლე ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ასევე ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ ყოველ ჯერზე იმ მოსამართლეთა პოზიციის შინაგან რწმენაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებას, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას. მაგრამ, ვინაიდან თავად კონსტიტუციის არსებობის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე საქმის განმხილველ მოსამართლეთა უმრავლესობა მიუთითებს, უფლების დაცვის ინტერესი თავისთავად პრევალირებს კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის შენარჩუნებასთან, დაცვასთან შედარებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, მიგვაჩნია, რომ დასახელებული სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
27. შესაბამისად, მიგვაჩნია, უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ან კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნის მიღებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრის მხარდაჭერის აუცილებლობას.
28. იმავდროულად, კატეგორიულად ვერ გავიზიარებთ საოქმო ჩანაწერში განვითარებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების მიღების კვორუმთან დაკავშირებით სადავო ნორმების შეჩერების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერ მიიღებს ან თავად მოუწევს კონკრეტული წესის დადგენა, რაც მას პოზიტიურ კანონმდებლად გადააქცევს და ასეთი წესით მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას საეჭვოს გახდის, ამასთან, ახალი კვორუმის სასამართლოს მიერ შემოღებული წესი თავად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, რაც დამატებით მიუთითებს ასეთი წესით მიღებული გადაწყვეტილების არალეგიტიმურობაზე.
29. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი აზრით, გადაწყვეტილების მიღების მაღალი კვორუმის დამდგენი ნორმის მოქმედებამ შეიძლება მხარისთვის გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. შესაბამისად, ამ გარემოების უგულებელყოფით, მასზე თვალის დახუჭვით სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმა, ნებისმიერი მოტივით, გულისხმობს ფუნდამენტური უფლების დარღვევის დაშვებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირი, უშუალო ვალდებულებაა ფუნდამენური უფლებების განუხრელად დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება ფუნდამენტური უფლებების დარღვევის აბსოლუტურად გამორიცხვით. შესაბამისად, საკუთარი გადაწყვეტილებით უფლების დარღვევის რისკის არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციაზე, მის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით და ფუნდამენტური უფლებებით ბოჭვის პირობებში.
30. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების წინა პირობა არსებობს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება, თუ თავად მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე არ შუამდგომლობს ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
31. N769 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. ამავე მუხლის პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას. ასეთ შემთხვევაში საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველად მიღებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
32. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთი წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის შესაძლებლობას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთი წევრი საქმეს გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, როდესაც უკვე დასრულებულია საქმის არსებითი განხილვა, სასამართლო სათათბირო ოთახშია, გადაწყვეტილება მიღებულია და ემზადება გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში არსებობს შესაძლებლობა, რომ კოლეგია, რომელიც კანონის თანახმად უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს კონკრეტული საქმე, ვერ გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ კოლეგიის ერთი წევრი საქმის განხილვის დამამთავრებელ ეტაპზე მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. ასეთ შემთხვევაში დგება საჭიროება, რომ საქმე შესწავლილ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხვა წევრების მიერ, რაც ობიექტურად მოითხოვს გარკვეულ დროს. ამდენად, სადავო ნორმა უდავოდ შეიცავს რისკებს, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდეს.
33. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ნებისმიერ საქმეს, არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედებამ გამოიწვიოს მოსარჩელისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება. ამავე დროს, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე. ასეთი კომპეტენცია არ არის კანონით დადგენილი განმწესრიგებელი სხდომის შემდგომ და ამ ეტაპის შემდგომ გამოვლენილი გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მიღებით. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურების გამო, შესაძლოა მოსარჩელეები აღმოჩნდნენ აუცდენელი ზიანის დადგომის პირისპირ. ამდენად, სახეზეა შეუქცევადი და გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე. ამავე დროს, არ არსებობს სადავო ნორმის შეჩერებით მესამე პირებისთვის ზიანის მიყენების რისკი, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკითხს, როგორც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ყველა სხვა შემთხვევაში, განიხილავს და წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
34. ამდენად, მიგვაჩნია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება.
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი