საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 დეკემბრის N3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილებაზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/5/768,769,790,792 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
საქმის განმხილველი კოლეგიის წევრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის საქმის გადაცემის წესის კონსტიტუციურად ცნობის ნაწილში
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 დეკემბრის N3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა N769 და N790 კონსტიტუციური სარჩელების მოთხოვნა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი აღჭურვილია უფლებამოსილებით, დააყენოს დასაბუთებული მოთხოვნა საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე, თუ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან თუ განსახილველი საქმე, თავისი შინაარსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. ამავე დროს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოცემულ საქმეზე შეფასდა სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს კოლეგიის წევრისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭებას საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, წინამდებარე განსხვავებულ აზრში მსჯელობა განვითარებულია ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მოსამართლის შუამდგომლობის განხილვის კონტექსტში.
3. ვეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომ სადავო ნორმა იწვევს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის გაჭიანურებას, რაც ართულებს უფლების დაცვას სასამართლოში, აღნიშნული კი წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამასთან, შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში (და არა ყოველთვის) სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ემსახურებოდეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისა და არსებული პრაქტიკის განვითარების ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა არ ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის თანაზომიერების შეფასებას და მივიჩნევ, რომ ნორმა არაპროპორციულად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
4. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილების დასაბუთება საქმის განმხილველი კოლეგიის წევრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის საქმის გადაცემის წესის კონსტიტუციურად ცნობის ნაწილში არის ზედაპირული. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რას ნიშნავს დასაბუთებული მოთხოვნა და როდის წარმოშობს „განსახილველი საქმე თავისი შინაარსით საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას“. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნორმა ტოვებს საკმაოდ ფართო მიხედულების ფარგლებს და კოლეგიის წევრს ანიჭებს შეუზღუდავ უფლებამოსილებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს საქმე პლენუმს, რაც იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების არათანაზომიერ შეზღუდვას. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში აღნიშნულზე სტანდარტის არდადგენამ, თავის მხრივ, წარმოშვა იმის რისკი, რომ სასამართლოს პლენუმმა ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტირების გარეშე ნებისმიერი საქმე თავისი შინაარსით მიიჩნიოს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემად ან/და სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის მხრიდან გამოყენებულ იქნეს კონსტიტუციის მიზნების საწინააღმდეგოდ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა სადავო ნორმით გათვალისწინებული ყველა აქტიორის კონსტიტუციით ბოჭვის სტანდარტი.
5. გარდა აღნიშნულისა, ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმა (და არც სასამართლოს გადაწყვეტილება) არ განსაზღვრავს დასაბუთების იმ კრიტერიუმებს/ხელშესახებ პრინციპებს (გარდა ნორმაში აღნიშნული ბლანკეტური მითითებისა), რომლითაც უნდა იყოს შებოჭილი კოლეგიის ინდივიდუალური წევრი საქმის პლენუმზე გადაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი და პლენუმის შემადგენლობა უნდა შეიბოჭოს კონსტიტუციის უზენაესობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებით, რათა ბოროტად არ გამოიყენონ სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლებამოსილება. მოსამართლე ვალდებულია, საქმე გადასცეს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტაციით და უნდა გამოირიცხოს მოსამართლის და პლენუმის წევრთა მხრიდან მიკერძოებულობის, საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინების ყოველგვარი რისკი და ეჭვი. დაუშვებელია, ორგანული კანონით გათვალისწინებული ეს მექანიზმი გამოყენებულ იქნეს მოსამართლის ან პლენუმის წევრთა წარმოდგენაში ან საზოგადოების წევრების თუ პოლიტიკოსების აღქმაში ე.წ. პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებად შერაცხულ სასამართლო დავებზე კოლეგიის წევრის პასუხისმგებლობის შემსუბუქების, კოლეგიის მოსამართლის საშუალებით სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის მხრიდან კოლეგიის დისკრეციას მიკუთვნებული საქმეების, ზემოთ დასახელებული სხვადასხვა არასამართლებრივი მოტივაციით/მოსაზრებით, „მისაკუთრების“ საფუძვლად.
6. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც კოლეგიის წევრი შუამდგომლობს საქმის განხილვის ეტაპის დასრულების შემდეგ, ანუ, როდესაც კოლეგია გადის ან გასულია სათათბირო ოთახში (საქმის გადაწყვეტის ეტაპი) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად (მათ შორის, როდესაც სათათბიროდ გასულ კოლეგიას უკვე მომზადებული აქვს გადაწყვეტილების პროექტი და ემზადება გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად), სადავო ნორმა არ ითვალისწინებს იმის დასაბუთების მოთხოვნას, რომ კოლეგიის წევრს ასეთი პოზიცია/შეხედულება წარმოეშვა სწორედ საქმის გადაწყვეტის ეტაპზე და ობიექტურად შეუძლებელი იყო მსგავსი მოთხოვნის დაყენება საქმის გადაწყვეტის წინარე ეტაპებზე. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, არ არის გამორიცხული, რომ საქმის განმხილველი კოლეგიის წევრს სწორედ სათათბირო ოთახში ყოფნისას ჩამოუყალიბდეს პოზიცია, რომელიც განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან სწორედ სათათბირო ოთახში ყოფნისას მიიჩნიოს, რომ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. თუმცა ნორმის მოქმედება არ შემოიფარგლება ასეთ შემთხვევებზე და კოლეგიის წევრს არ ევალება დაასაბუთოს, რომ მისი ასეთი პოზიცია/შეხედულება ობიექტურად ვერ წარმოიშობოდა სათათბირო ოთახში გასვლამდე. შესაბამისად, ნორმა სცდება ობიექტურად აუცილებელ ფარგლებს, არაგონივრულად აყოვნებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს და არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
7. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ არსებითი განხილვის შედეგად საფუძვლიანად გამოიკვლია საქმე, იმყოფება სათათბირო ოთახში და ასრულებს გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობას, სადავო ნორმა კოლეგიის ინდივიდუალურ წევრს აღჭურავს საქმის პლენუმზე გადაცემისა და ხელახლა განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლებამოსილებით. ამავე დროს, ამ შუამდგომლობის დაყენება ფაქტობრივად შეუზღუდავია, არ არის განსაზღვრული მისი დაყენების ობიექტური კრიტერიუმები, ასევე არ არის შემოფარგლული მხოლოდ ისეთი საკითხებით, რომლებიც ობიექტურად ვერ წარმოიშობოდა საქმეზე არსებითი განხილვის დასრულებამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით ნორმა აჩენს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის გაჭიანურების, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებისა და ძალაში შესვლის არაგონივრული, გაუმართლებელი შეყოვნების საფრთხეს, ეჭვქვეშ აყენებს საკონსტიტუციო საასმართლოსთვის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. ამასთან, პლენუმის მიერ მოსამართლის შუამდგომლობის განსახილველად მიღების პროცედურის განმარტებისას სასამართლოს გადაწყვეტილება იყენებს ისეთ სიტყვათა წყობას/ტერმინს, როგორიცაა „სისტემური მნიშვნელობის კონსტიტუციური პრობლემა“ (იხ. გადაწყვეტილების 178-179-ე პარაგრაფები). იგივე სიტყვები გამოყენებულია გადაწყვეტილების სხვა პარაგრაფებშიც (იხ. გადაწყვეტილების 116-ე, 125-ე, 162-163-ე, 178-179-ე პარაგრაფები). სასამართლო აღნიშნულ სიტყვათა წყობას/ტერმინს ფაქტობრივად ანიჭებს სტანდარტის ფუნქციას. შესაბამისად, საჭირო იყო აღნიშნული სიტყვათა წყობის/ტერმინის შინაარსის გადაწყვეტილებაში განმარტება და მკაფიოდ ჩამოყალიბება, რადგან გადაწყვეტილებაში შემოთავაზებული სახით მითითებული სიტყვათა წყობა ობიექტურ დამკვირვებელში აჩენს ბუნდოვანების განცდას.
პლენუმის წევრი:
მაია კოპალეიშვილი