საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ირინე იმერლიშვილის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 დეკემბრის N3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/5/768,769,790,792 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი |
თარიღი | 29 დეკემბერი 2016 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 დეკემბრის N3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება N768 კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნის საფუძველზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი კრძალავდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დაკავებას იმ პირის მიერ, ვისაც უკვე ეკავა იგივე თანამდებობა. არ ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე და მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების აკრძალვა სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, მოცემული სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვას გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და წარმოადგენს მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.
3. სადავოდ არ ვხდით იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობების დაკავების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით, ასევე ამ უფლების შეზღუდვისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი და ამ თანამდებობების სპეციფიკა.
4. ამავე დროს, ვერ დავეთანხმებით პლენუმს იმ მოსაზრებაში, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას. ასევე, ვერ დავეთანხმებით საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების პლენუმის მიერ შემოთავაზებულ ინტერპრეტირებას (იხ. გადაწყვეტილების 30-ე პარაგრაფი) იმის თაობაზე, რომ, თითქოს მოცემული საკონსტიტუციო ნორმები ცალსახად მიუთითებდეს ერთი და იგივე სასამართლოს წევრის ერთსა და იმავე პოზიციაზე (სასამართლოს თავმჯდომარის) ხელმეორედ არჩევის შესაძლებლობაზე, ანუ ერთსა და იმავე სასამართლოს წევრს აძლევდეს შესაძლებლობას, 10 წლის განმავლობაში დაიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია.
5. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად ერთ-ერთ არგუმენტად შემოთავაზებულია კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2, მე-3, მე-4 წინადადებების ინტერპრეტირება ისეთი სახით, რომ ის გადაწყვეტილების საერთო სულისკვეთების კონტექსტში იკითხება იმგვარად, თითქოს ამ ნორმით დაცულია სასამართლოს შემადგენლობის უფლება, სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელმეორედ თავისუფლად აირჩიონ ერთი და იგივე პირი (იხ. გადაწყვეტილების 30-ე პარაგრაფი). აქვე განვმარტავთ, რომ კონსტიტუცია იცავს ნების თავისუფალ გამოვლენას ასარჩევ თანამდებობაზე პირის არჩევისას და არა მხოლოდ ერთი და იგივე პირის ერთსა და იმავე პოზიციაზე განმეორებით არჩევისას.
6. ამასთან, სრულიად არალოგიკურად მიგვაჩნია საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოშველიება სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტების გასამყარებლად (იხ. გადაწყვეტილების 31-ე პარაგრაფი), რადგან დასახელებული ნორმა აკეთებს მითითებას, რომ ერთი და იგივე პირი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობას იკავებს მხოლოდ ერთხელ და ის ილუზორულადაც არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სასამართლოს წევრმა, რომელსაც ამოეწურა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა, დაიკავოს რომელიმე თანამდებობა სასამართლოში.
7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის ხელმეორედ დაკავების აკრძალვის მიზანია, ყველა მოსამართლეს მიეცეს შესაძლებლობა, დაიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რაც ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს ჯეროვანი ფუნქციონირება და სასამართლოში ჯანსაღი სამუშაო გარემოს არსებობა უდავოდ წარმოადგენს წონად ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობების დაკავების უფლების შეზღუდვა.
9. ამავე დროს, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ნამდვილად წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები ასრულებენ მნიშვნელოვან სამოსამართლო და ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს. სასამართლოს გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ აღნიშნული უფლებამოსილებები განხორციელდეს მიუკერძოებლად, ჯეროვნად და საკონსტიტუციო სასამართლოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
11. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული თანამდებობის ხელმეორედ დაკავების არგუმენტის გასამყარებლად ლეგიტიმურ ინტერესად იშველიებს თანამდებობის პირის სამოსამართლო ფუნქციის შეუფერხებლად განხორციელებას (იხ. გადაწყვეტილების 32-ე და 33-ე პარაგრაფები). აღნიშნული ლოგიკა არის არასწორი, რადგან ის სამოსამართლო ფუნქცია, რაც გადაწყვეტილებაში მოყვანილი ნორმებიდან ამონარიდებში იკითხება, მიბმულია კონკრეტული თანამდებობის განხორციელებასთან და, შესაბამისად, ერთჯერადად არჩევის შემთხვევაშიც სასართლოს და კოლეგიის თავმჯდომარეებს უნდა მიეცეთ თავისი სამოსამართლო თუ ადმინისტრაციული ფუნქციების ჯეროვანი განხორციელების შესაძლებლობა და აღნიშნულის შეზღუდვად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ თანამდებობის ხელმეორედ დაკავების აკრძალვა. ამასთან, გადაწყვეტილება არ განმარტავს, რატომ ივარაუდება, რომ თანამდებობის ხელმეორედ დაკავების შეზღუდვა, იმავდროულად, გამოიწვევს გადაწყვეტილებაში „დასახელებული კონსტიტუციური ინტერესის“ შეფერხებას და მითითებული სამოსამართლო და ადმინისტრაციული ფუნქციების არაჯეროვან განხორციელებას.
12. ვერ დავეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილების 39-ე პარაგრაფში განვითარებულ ლოგიკას, თითქოს სადავო ნორმის მოქმედების პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ/თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიონ ის პირი, რომელსაც სადავო ნორმის არარსებობის შემთხვევაში არ აირჩევდნენ და თითქოს ერთი და იგივე პირის თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევაშია სასამართლოს ხსნა. აღნიშნული მსჯელობა აკნინებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მაღალ სტატუსს, არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისადმი და ამკვიდრებს ერთი პირის შეუცვლელობის სტანდარტს, რაც მიუღებელია დემოკრატიული მართვის სტილისთვის.
13. ვერ დავეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილების მე-40 პარაგრაფში განვითარებულ მსჯელობას. ის არასრულყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრის მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაშიც, როცა ერთჯერადად ხდება შესაბამისი პოზიციის დაკავება, ისევე, როგორც შესაძლებელია ერთსა და იმავე პოზიციაზე ხელმეორედ საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში პირმა ვერ მოიპოვოს გარანტირებული 5 ხმა.
14. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაში არ არის მხედველობაში მიღებული თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის ხელმეორედ არჩევის შესაძლებლობის შექმნით გამოწვეული საფრთხეები. სადავო ნორმის არარსებობის პირობებში არსებობს რისკი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე გაატარებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფის ან ჯგუფების ინტერესებს, რათა თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილედ ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ კვლავ მიიღონ მათი მხარდაჭერა და შეძლონ იგივე თანამდებობების ხელმეორედ დაკავება. სადავო ნორმა გამორიცხავდა ამგვარ რისკებს, რადგან თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ვეღარ დაიკავებდნენ იგივე თანამდებობებს და თავიდან იქნებოდა აცილებული მათ მიერ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების ინტერესების გატარების რისკი, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას. ამგვარად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
15. ამავე დროს, განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია, არსებობდეს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე საკუთარ საქმიანობაში თავისუფალი არიან და შეუძლებელია ზემოთ დასახელებული რისკების გამორიცხვა რაიმე სხვაგვარი შეზღუდვის დაწესებით. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებად უნდა ჩაითვალოს.
16. საკონსტიტუციო სასამართლოს გამართული ფუნქციონირება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს და მას ვერ გადაწონის ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლება, ხელმეორედ იქნეს არჩეული სასამართლოს თავმჯდომარისა და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უფლება, ხელმეორედ აირჩიონ ერთი და იგივე პირი დასახელებულ თანამდებობაზე. ამრიგად, სადავო ნორმა ასევე აკმაყოფილებს პროპორციულობას ვიწრო გაგებით და სრულად შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს და საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებს.
პლენუმის წევრები:
ირინე იმერლიშვილი
მაია კოპალეიშვილი