საქართველოს პარლამენტთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/4/768,769 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 17 ივნისი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ივნისი 2016 17:39 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
ზაზა თავაძე - წევრი;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) N768 კონსტიტუციურ სარჩელზე:
ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან და 29-ე მუხლთან მიმართებით.
ბ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 88-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით
გ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“, „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“, 211 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან“, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „ერთ-ერთი მხარისათვის“, „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“, „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“, 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „სამოტივაციო და“, სიტყვაში „ნაწილები“ ასოები „ებ“, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „სრული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
ე) „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2) N769 კონსტიტუციურ სარჩელზე: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის, 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს, რომ პლენუმი უფლებამოსილია ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N768) მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფმა (სულ 38-მა დეპუტატმა).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N769) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ერასტი ჯაკობიამ და კარინე შახპარონიანმა.
3. N768 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2016 წლის 13 ივნისს, ხოლო N769 კონსტიტუციური სარჩელი - 2016 წლის 14 ივნისს.
4. N768 და N769 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 17 ივნისს.
5. N768 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
6. N769 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
7. №769 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია მოსარჩელეების კარინე შახპარონიანისა და ერასტი ჯაკობიას კონსტიტუციური სარჩელები. მოსარჩელე კარინე შახპარონიანმა 2014 წლის 11 დეკემბერს №616 კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც 2016 წლის 18 მაისს ჩაატარა საქმის განხილვის არსებითი სხდომა და საქის განმხილველი პირველი კოლეგია ამჟამად იმყოფება სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად. მოსარჩელე ერასტი ჯაკობიამ კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2016 წლის 22 მარტს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმები იწვევს უშუალოდ მათი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
8. N768 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მთელი რიგი ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 88-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. ხოლო N769 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ითხოვენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. N768 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი აწესრიგებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავჯდომარის მოადგილის არჩევას და ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა იგივე თანამდებობა“. ამავე კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე უწყდება უფლებამოსილება.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადობის საკითხებს და მიუთითებს, რომ ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“, „თ“,„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტითა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების წესები. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესრიგებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.
13. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის სხდომათა დარბაზში გამოცხადება სავალდებულოა, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული განჩინება/საოქმო ჩანაწერი ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნებად ითვლება მათი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.
14. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ან დასკვნა შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომის დარბაზში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის მხოლოდ სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები. ამ შემთხვევაში მხარეებს დაუყოვნებლივ გადაეცემა გადაწყვეტილების/დასკვნის სრული ტექსტი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის სრული ტექსტი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე და 32-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 29-ე მუხლით დადგენილი წესით სხდომათა დარბაზში გამოცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.
15. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი საკონსტიტუციო სასამართლოს კვორუმისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო უმრავლესობის კონსტიტუციურობა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 6 წევრი, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
16. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მოწესრიგებულია შემთხვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, რათა საქმე განიხილოს პლენუმმა. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რის შესახებაც, იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ასეთ შემთხვევაში საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველად მიღებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
17. N768 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) ცალკეული ნორმების ამოქმედების წესის კონსტიტუციურობა. „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხოლო მე-2 პუნქტით ამ კანონის პირველი და მე-3 პუნქტების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2016 წლის პირველი ოქტომბერი.
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულია კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
19. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განამტკიცებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას. კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
20. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი აწესრიგებს საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არჩევისა და დანიშვნის, უფლებამოსილების ვადისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხებს.
21. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ იმ პირის არჩევის აკრძალვა, რომელსაც ადრე ეკავა იგივე თანამდებობა, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. კერძოდ, კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი, რაც მოსამართლის მიერ ამ ვადაში საკუთარი უფლება-მოვალეობების სრულყოფილად განხორციელებას გულისხმობს. აღნიშნული კი, თავის თავში მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობასაც, რაც შეზღუდულია სადავო ნორმით.
22. ამავე დროს, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მსგავსი რეგულაცია, რომელიც კრძალავდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევას, არსებობდა კონსტიტუციაში. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ამოღებულ იქნა 2010 წლის 15 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად. ამდენად, კონსტიტუციის კვალიფიციური დუმილი ადასტურებს, რომ კონსტიტუციით დასაშვებია საკონსტიტუციო სასამართლოში ხელმეორედ იმავე თავმჯდომარის არჩევა.
23. მოსარჩელეების მტკიცებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს გაუმართლებლად უზღუდავს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას.
24. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესი, რომელიც ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ათწლიანი ვადის ამოწურვისთანავე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და 88-ე მუხლის პირველ პუნქტებს. ანალოგიურად, N769 კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
25. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციის 88-ე მუხლის პირველი პუნქტში მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესით, ხოლო კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. ხოლო მისი ეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია ამ უფლების რეალიზაციის ხარისხთან. სადავო ნორმა შეიცავს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეფერხების რეალურ და მნიშვნელოვან რისკებს. კერძოდ, არსებობს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, ვერ მოხერხდეს მისი დროული ჩანაცვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვორუმის არარსებობისა და სხვა მიზეზების გამო, შესაძლებელია, სადავო ნორმის შედეგად მნიშვნელოვნად შეფერხდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი.
26. N769 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ადგენს ბლანკეტურ და არაგონივრულ აკრძალვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ვერ განიხილავს საქმეებს, მიუხედავად იმისა, თუ რა სტადიაზეა საქმის განხილვა. სადავო ნორმის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ეძლეოდა შესაძლებლობა, ჩაემთავრებინა მიმდინარე საქმეები და მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. კონსტიტუციაში მითითებული 10-წლიანი ვადა არ უნდა განიმარტოს სიტყვასიტყვით სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისა და საქმიანობის უწყვეტობის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
27. მოსარჩელეების, საქართველოს მოქალაქეების ერასტი ჯაკობიასა და კარინე შახპარონიანის მითითებით, კანონმდებლის მიერ 10-წლიანი ვადის ბლანკეტურად დაწესება საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მხარეებს, მიიღონ დროული, სამართლიანი და ეფექტური საკონსტიტუციო კონტროლი. არაგონივრულია 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, მოსამართლეს, თუ იგი სათათბირო ოთახშია, წაერთვას შესაძლებლობა, დაასრულოს საქმის განხილვა და მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება. კანონმდებელს შეეძლო, ნორმა ჩამოეყალიბებინა იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, მიღწეული ყოფილიყო შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნები და, მეორე მხრივ, საფრთხე არ შექმნოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას.
28. N769 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ, შესაძლოა, ხელისუფლების რომელიმე შტომ დროულად ვერ ან არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. აქედან გამომდინარე, 10-წლიანი ვადის ამოწურვისას მოსამართლეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ახალი მოსამართლე დაინიშნება. ამ პერიოდის განმავლობაში კი, საქმეების განხილვა-გადაწყვეტა ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს.
29. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“ და ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „ერთ-ერთი მხარისათვის“, „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“, „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. N769 კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
30. N768 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოცემული ნორმები ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ექსკლუზიურ კომპეტენციას, შეაჩეროს სადავო ნორმები საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას. ნორმის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გზით უფლების დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს და მისი ეფექტურობა აუცილებელია უფლების სრულყოფილად დასაცავად. რიგ შემთხვევებში ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების უმოკლეს დროში მიღება, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს მოსარჩელეებისათვის. სადავო ნორმების მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ შეჩერება საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას და სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ნორმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება უფრო ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული, ვიდრე ეს კოლეგიაშია. აღნიშნული კი განპირობებულია იმით, რომ პლენუმის სხვა წევრებს დასჭირდებათ მეტი დრო საქმის გარემოებების შესასწავლად.
31. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იგივე ძალა აქვს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გახდა საჭირო ნორმის შეჩერების უფლებამოსილების მთლიანად პლენუმის კომპეტენციაში გადასვლა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი კოლეგიას ანდობს არათუ ნორმის დროებით შეჩერებას, არამედ - ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
32. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ სადავო ნორმა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები „ერთ-ერთი“ მხარისათვის, ზღუდავს იმ პირთა წრეს, რომელიც მხედველობაში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას აჩერებს იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოების ერთ-ერთ მხარეს, შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ნორმის მოქმედების შეუჩერებლობა ზიანს მიაყენებს არა რომელიმე მხარეს, არამედ - სხვა პირებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მოსარჩელე მხარე უთითებს იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სახალხო დამცველი ან სხვა სუბიექტი აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმაში არსებული ხარვეზი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე გასწორებულია, თუმცა მეტი სიზუსტისთვის უმჯობესია, თუკი კანონით დადგენილი ეს შეზღუდვა საერთოდ იქნება ამოღებული.
33. N769 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებისა და სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტის არსის გათვალისწინებით, შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს სწრაფი, მოქნილი და ეფექტური პროცედურების მეშვეობით. სადავო ნორმატიული აქტის შეუჩერებლობამ, შესაძლოა, მოსარჩელისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, თავის მხრივ, აღნიშნული კომპეტენციის მხოლოდ პლენუმისთვის მინიჭება მნიშვნელოვნად აჭიანურებს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას და საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეფექტურად განხორციელებას. ამასთანავე, სადავო ნორმის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა, რაც, არაგონივრულად მაღალია და არათანაზომიერად ართულებს უფლებების დაცვას საკონსტიტუციო სასამართლოში.
34. N769 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო ნორმატიული აქტი პროცედურულად ზღუდავს შუამდგომლობის დაყენებისა და გადაწყვეტის პერიოდს, მიუთითებს რა „განმწესრიგებელ სხდომაზე“. ამავე დროს, სადავო ნორმატიული აქტის შედეგად გამოუსწორებელი შედეგი, შესაძლოა, დადგეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. შესაძლებელია, დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას მოსარჩელეს არ ადგებოდეს გამოუსწორებელი ზიანი ან გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე საქმის არსებითად განხილვის დროს წარმოიშვას. შესაბამისად, სიტყვები „განმწესრიგებელ სხდომაზე“ დამატებით ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობას და აქედან გამომდინარე, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
35. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“ არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
36. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადობას მიკუთვნებული საკითხები. მოსარჩელეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და არა კოლეგიის განსჯადობას მიეკუთვნება ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის განხილვა და გადაწყვეტა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კოლეგიასა და პლენუმის განსჯად საკითხთა გამიჯვნის საფუძველი უნდა იყოს არა სადავო ნორმატიული აქტის ფორმალური მხარე, არამედ - სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის შინაარსი, რომელიც წარმოშობს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მისი განმარტების იშვიათ/განსაკუთრებულ პრობლემას.
37. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ პლენუმის განსჯადობის ამ მასშტაბით გაზრდა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევს სასამართლოს გადატვირთვას, რამაც, ასევე, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის ხარისხს. ასევე, შეზღუდვა განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, პირებს, ვინც სადავოდ გახადეს კანონის ნორმა და, მეორე მხრივ, იმ პირებს შორის, რომლებმაც გაასაჩივრეს ორგანული კანონის ნორმა. ამასთანავე, გართულებული პროცედურებით მნიშვნელოვნად გაჭიანურდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი და, შესაბამისად, შეილახება ადამიანის უფლება, სწრაფ მართლმსაჯულებაზე.
38. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. N769 კონსტიტუციურ სარჩელში კი, სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
39. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრის უფლებამოსილება, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე, ხოლო პლენუმმა საქმე უნდა მიიღოს განსახილველად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მისი სრული შემადგენლობის უმრავლესობა უარს იტყვის მის განხილვაზე.
40. N768 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რადგან კოლეგიის ერთი წევრის შუამდგომლობას უპირისპირდება პლენუმის უმრავლესობის ნება და, ამგვარად, შებრუნებულია მტკიცების ტვირთი. ერთი მოსამართლის საწინააღმდეგოდ 5 მოსამართლეს უწევს იმის მტკიცება, რომ საქმე პლენუმმა არ უნდა განიხილოს.
41. N769 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ერთი მოსამართლის მიერ საქმის პლენუმზე გადაცემის შესახებ შუამდგომლობა თავისთავად არ არის არაკონსტიტუციური, თუმცა პრობლემურია პლენუმის წევრთა რაოდენობა და წესი, რომელიც საჭიროა აღნიშნული შუამდგომლობის გაზიარების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე დროს, საქმის გადაცემა ერთი მოსამართლის მიერ შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. აღნიშნული კი, მაღალი კვორუმისა და შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, შესაძლოა, იწვევდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას. დასახელებული პრობლემების ერთობლიობა კი ქმნის არაეფექტური კონსტიტუციური სამართალწარმოების განხორციელების წინაპირობას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
42. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები „სამოტივაციო და“, სიტყვაში „ნაწილები“ „ებ“, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „სრული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
43. მოსარჩელეთა მითითებით, მოცემული სადავო ნორმებით საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაც პირდაპირ უკავშირდება მის ძალაში შესვლას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლასა და მის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დადგენილი ეს წესები ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, უფლების დაცვის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად ძალაში შესვლას და, შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე, ნორმის მოქმედების შეჩერებას. მოცემული სადავო ნორმების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მიბმულია რა ვებგვერდზე მისი ტექსტის სრულ გამოქვეყნებაზე. აქედან გამომდინარე, იქმნება უფლების დარღვევის რისკები იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის ან მისი მოქმედების შეჩერების შესახებ, თუმცა ვერ მოასწრო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მომზადება, ხოლო კანონით დადგენილი მკაცრი პროცედურის გამო ვერ ხდება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა ან მისი მოქმედების შეჩერება. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ზოგადად, უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოქვეყნების ვალდებულება, თუმცა ეს ვალდებულება მიბმული არ უნდა იყოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან.
44. N768 და N769 კონსტიტუციურ სარჩელებში ასევე გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კვორუმისა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უმრავლესობის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით.
45. N768 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, სადავო ნორმებით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილი, გაზრდილი კვორუმი, 9-დან 7 წევრის (ნაცვლად 6-ისა) დასწრება იმისათვის, რომ პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანად ჩაითვალოს, მეტისმეტად მკაცრია და გარკვეული საფრთხეების წარმოშობის შესაძლებლობას ქმნის. ასეთი მაღალი კვორუმის მოთხოვნამ, შესაძლოა, მოსამართლეთა ობიექტური ან სუბიექტური მიზეზის გამო, სხდომაზე არგამოცხადებისას კვორუმის არქონის გამო, სხდომის ჩატარებისათვის ხელის შეშლით, შეაფერხოს ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. ანალოგიურად, იმ გადაწყვეტილებების მისაღებად დაწესებული ხმათა უმრავლესობა, რომლისთვისაც დადგენილია 7მოსამართლიანი კვორუმი, ნაცვლად „უბრალო“ უმრავლესობისა, გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილია 6 მოსამართლის (2/3) თანხმობა, რაც შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან.
46. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სათანადოდ არ არის ახსნილი ის საჭიროება, რის გამოც მოხდა კვორუმისა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობის გაზრდა და ასეთი მიდგომა აზარალებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ეფექტიანად დაცვას და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთანავე, იმისათვის, რომ კანონმდებლობაში განსაზღვრული დარჩეს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი მის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, მიზანშეწონილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტში დარჩეს არსებული ფორმულირება „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“ სადავო ფრაზის „რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან“ გარეშე.
47. N769 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, რომ პლენუმი უფლებამოსილია, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა, ისევე როგორც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან მოსარჩელეებს ართმევს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვან კონსტიტუციური უფლებები იმ შემთხვევაში, თუ ამ უფლებების დარღვევა მომდინარეობს ორგანული კანონიდან. ამავე დროს, ორგანული კანონის ფორმით მიიღება საარჩევნო კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი და სხვ.
48. მოსარჩელეების, საქართველოს მოქალაქეების ერასტი ჯაკობიასა და კარინე შახპარონიანის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი არ იცავს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ფორმალურად მიმართვის შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ინდივიდს ყველა იმ რეგულაციისგან, რომელიც ბარიერს უწესებს მას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური უფლებები. თუკი პლენუმის ხუთი წევრი კანონის თანახმად, არის უფლებამოსილი სასამართლო, გააუქმოს ადამიანის უფლებების დამრღვევი ნორმა, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ადამიანის უფლებების დამრღვევი ორგანული კანონის ნორმა გამოდის სასამართლოს უმრავლესობის (5 მოსამართლის) კომპეტენციიდან და სასამართლოს უმრავლესობა ხდება უძლური, შეაკავოს პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც, შესაძლოა, ამა თუ იმ მოტივით, უხეშად არღვევდეს ადამიანის უფლებებს. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც უფლებების მოდარაჯის როლი სუსტდება მაშინ, როცა სასამართლოს უმრავლესობა (5 მოსამართლე) მოკლებულია შესაძლებლობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ორგანული კანონი, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.
49. N769 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ორგანული კანონის კონსტიტუციური სტატუსის ლეგიტიმური მიზნის დასაცავად პარლამენტს არ ჰქონდა ამაზე შორს წასვლის კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლებამოსილება. ორგანული კანონის პლენუმის სავალდებულო კომპეტენციაში მოქცევა იქნებოდა დასახელებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ეფექტური და ადამიანის უფლებების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. 7 მოსამართლის კვორუმი და 6 მოსამართლის სავალდებულო ხმის მოთხოვნა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის, არ იყო აუცილებელი ორგანული კანონის სტატუსის დასაცავად და განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობის საკითხზე სათანადო კონსტიტუციური მართლმსაჯულების განსახორციელებლად.
50. სადავო ნორმები ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს კიდევ ერთ ასპექტს - მხარეთა თანასწორობას. სადავო ნორმებით გაზრდილი კვორუმის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სარჩელის დასაკმაყოფილებლად 6 მოსამართლის მხარდაჭერა სჭირდება, მაშინ როდესაც მოპასუხის საქმის მოსაგებად 4 მოსამართლის მიმხრობაც ყოფნის. ამ ვითარებაში მხარეთა საპროცესო მდგომარეობა განსხვავებულია მოპასუხის სასარგებლოდ. ამით შანსები უთანასწორო ხდება, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან. ამავე დროს, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ხელისუფლების რომელიმე შტოს, რომელიც აკომპლექტებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ეძლევა შესაძლებლობა, მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება.
51. N768 კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდ არის გამხდარი „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) ცალკეული ნორმების ამოქმედების წესის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხოლო მე-2 პუნქტით ამ კანონის პირველი და მე-3 პუნქტების ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2016 წლის პირველი ოქტომბერი.
52. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი ახდენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა იმპერატიულ, ამომწურავ ჩამონათვალს, რაც გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც სცილდება კონსტიტუციით დადგენილ უფლებამოსილებას, არაკონსტიტუციურია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი კი, საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილებას, აღნიშნული კი არ შეესაბამება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის ახალი წესი ნამდვილად ემსახურება თავად სასამართლოს შიგნით დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას, რაც მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიისა და არჩევანის მიცემაში გამოიხატება. მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები, განსაზღვრავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების თარიღს და იწვევს სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადებას 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე. აღნიშნული კი, მოსარჩელეთა მითითებით, ახანგრძლივებს პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.
53. №769 სარჩელის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბრამდე, მაშინ როდესაც საქმის განმხილველი კოლეგიის ორ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, შესაძლოა ვერ მოასწროს კარინე შახპარონიანის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება და ამასთანავე არსებობს რისკი, რომ ერასტი ჯაკობიას საქმის პლენუმისთვის გადაცემამ გააჭიანუროს სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნული კი მოსარჩელეებს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. შესაბამისად, ისინი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობენ, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტას იმ საქმის გადაწყვეტამდე, რომელზეც განხილვა დასრულებულია და სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში. მოსარჩელეები ასევე შუამდგომლობენ, შეჩერდეს ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პლენუმის ექსკლუზიურ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ნორმის შეჩერებაზე, აგრეთვე დანაწესი, რომ ნორმის შეჩერებისთვის აუცილებელია პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმა.
54. №768 სარჩელის თანახმად, ვინაიდან სადავო ნორმები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მონაწილე მოსარჩელეების (მათ შორის, კონკრეტულად №768 სარჩელის ავტორების) სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და იმ სიკეთეებს, რომელთა დაცვისკენაცაა მიმართული მათი კონსტიტუციური სარჩელი, წარმოიშობა რისკი, რომ მათ მიადგეთ გამოუსწორებელი შედეგები, შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, სადავო ნორმები შეჩერდეს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
55. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელეები იშველიებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ითხოვენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა მითითებით, იმისათვის, რომ კანონმდებლობაში განსაზღვრული დარჩეს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი მის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, მიზანშეწონილია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტში დარჩეს არსებული ფორმულირება „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“ სადავო ფრაზის „რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან“ გარეშე.
3. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც მიემართება შესაბამის სადავო ნორმას და წარმოაჩენს სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის შინაარსობრივ მიმართებას შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში ნორმა, კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესებს იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება „განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან“. მოსარჩელეთა არგუმენტაცია მიმართულია არა აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობისკენ, არამედ - არამედ ეხება მოთხოვნას, სადავო ნორმიდან კონკრეტული ფრაზის ამოღებით დარჩეს ზოგადი წესი, რომელიც შეიცავს მოსარჩელისთვის მისაღებ შინაარსს. საკონსტიტუციო სასამართლო, წარმოადგენს რა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას ახორციელებს ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობის გზით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არა არსებული ნორმატიული მოცემულობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ, არამედ სადავო ნორმიდან შესაბამისი სიტყვების ამოღების გზით ახალი შინაარსის ნორმის მიღებისკენ.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N768 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „ერთ-ერთი მხარისათვის“ არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები „ერთ-ერთი მხარისათვის“, ზღუდავს იმ პირთა წრეს, რომელიც მხედველობაში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას აჩერებს იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოების ერთ-ერთ მხარეს, შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ნორმის მოქმედების შეუჩერებლობა ზიანს მიაყენებს არა რომელიმე მხარეს, არამედ - სხვა პირებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, მოსარჩელე მხარე უთითებს იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სახალხო დამცველი ან სხვა სუბიექტი აბსტრაქტული კონტროლის ფარგლებში.
7. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნა გულისხმობს, რომ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია უნდა მიემართებოდეს უშუალოდ სადავო ნორმას და მის კონსტიტუციურობას. აღნიშნული კი თავის მხრივ უნდა უკავშირდებოდეს სადავო ნორმის ნამდვილ, მოქმედ შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება სადავო ნორმის შინაარსის არასწორად აღქმას. თავად კონსტიტუციურ სარჩელშივე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ სადავო ნორმას იყენებს იმ შინაარსით, რომელიც მოსარჩელე მხარისათვის პრობლემური არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები „ერთ-ერთი მხარისათვის“ არ უნდა განიმარტოს ვიწროდ და ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა უფლებების დაცვასაც ახდენს აბსტრაქტული კონსტიტუციური კონტროლის სუბიექტი. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახალხო დამცველის უფლებამოსილებებიდან და მისი კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მხარეში ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველი, არამედ პირთა ის წრე, რომელთა უფლებების დაცვასაც ახდენს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის N2/10/402,405 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამდენად, სადავო ნორმა განმარტებულია და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრაქტიკაში გამოიყენება ფართოდ და არა იმ შინაარსით, როგორზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის ნამდვილ შინაარსს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N768 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „ერთ-ერთი მხარისათვის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
9. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე გასაჩივრებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია უკავშირდება იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება არ უნდა წარმოადგენდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ექსკლუზიურ კომპეტენციას და შესაბამის საქმეებზე ასეთი უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიასაც უნდა გააჩნდეს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის ზემოთ მოყვანილი სიტყვები არ შეიცავს წესს, რომელიც ითვალისწინებს სადავო ნორმის შეჩერების უფლებამოსილებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ. ამ სიტყვებით განსაზღვრულია პროცედურა საქმის განხილვის იმ ეტაპის შემდეგ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შეაჩერებს სადავო ნორმის მოქმედებას. ამდენად, მოსარჩელის წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებულ დებულებებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N768 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
11. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ანალოგიურად, N769 კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს, რომ პლენუმი უფლებამოსილია, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 6 წევრი, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დასახელებული ნორმები არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგად წესს, ამავე დროს, მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს ამ წესიდან გამონაკლისს. როგორც N768, ისე N769 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება არა ზოგად წესს, არამედ იმ საგამონაკლისო ნორმას, რომელიც ჩამოყალიბებულია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში. შესაბამისად, ამ კონტექსტში მოსარჩელეთათვის სწორედ საგამონაკლისო წესია პრობლემური. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების ზოგადი წესი არ ვრცელდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებზე. მოსარჩელეთათვის კი - პრობლემურია არა გამონაკლისებზე მიმთითებელი ნორმა, არამედ - უშუალოდ საგამონაკლისო ნორმით გათვალისწინებული წესი. N769 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ნორმატიული შინაარსი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს საერთოდ არ გააჩნია, რადგან ეს ნორმა არ არეგულირებს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე პლენუმის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესს. ასეთი წესი სწორედ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით არის დადგენილი. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება დასახელებულ სადავო ნორმებს. ამავდროულად, წინამდებარე სარჩელებით გასაჩივრებულია 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, საგამონაკლისო შემთხვევებზე თავისთავად გავრცელდება 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზოგადი წესი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N768 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ასევე, N769 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს, რომ პლენუმი უფლებამოსილია, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
14. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
15. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი რედაქცია საქართველოს პრეზიდენტს არაკონსტიტუციურად ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილებას. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის ახალი წესი ემსახურება თავად სასამართლოს შიგნით დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას, რაც მოსამართლეებისათვის მეტი ავტონომიისა და არჩევანის მიცემაში გამოიხატება. მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები, განსაზღვრავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების თარიღს და იწვევს სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის ახალი წესის ამოქმედების გადავადებას 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე. აღნიშნული კი, მოსარჩელეთა მითითებით, ახანგრძლივებს პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.
16. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ესა თუ ის მოქმედი ნორმატიული აქტი, მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს სწორედ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელისათვის სასურველი ან მისი აზრით კონსტიტუციური ნორმატიული აქტის ამოქმედების გადავადების განმსაზღვრელი აქტის კონსტიტუციურობის შემოწმება ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელეს პრობლემას უქმნის მოქმედი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესი. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ეწინააღმდეგება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, მიემართება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედ რედაქციას, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითებული სადავო ნორმად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N768 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
17. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
18. N768 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, რადგან კოლეგიის ერთი წევრის შუამდგომლობას უპირისპირდება პლენუმის უმრავლესობის ნება და, ამგვარად, შებრუნებულია მტკიცების ტვირთი. ერთი მოსამართლის საწინააღმდეგოდ 5 მოსამართლეს უწევს იმის მტკიცება, რომ საქმე პლენუმმა არ უნდა განიხილოს.
19. სადავო ნორმა თავისი შინაარსით ნეიტრალურია და თანაბრად ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ყველა წევრზე. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, საქმის გადაცემის უფლებამოსილება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ნებისმიერ წევრს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს რომელიმე წევრის მიმართ არათანაბარი მოპყრობის შესაძლებლობა. ამდენად, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით არ დასტურდება მოცემული სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ უფლებასთან.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N768 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
21. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტთან მიმართებით.
22. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
23. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევას და არ უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხებს. აქედან გამომდინარე, არ იკვეთება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტს შორის. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი N768 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის და 29-ე მუხლის 11 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
24. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვაში „ნაწილები“ „ებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოცემული გრამატიკული ერთეული „ებ“ ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოაქვეყნოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, რასაც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა.
25. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მისი აზრით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუციური სარჩელი არ იქნება მიღებული არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული არ არის უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე.
26. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის მხოლოდ სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები. ამ შემთხვევაში მხარეებს დაუყოვნებლივ გადაეცემა გადაწყვეტილების/დასკვნის სრული ტექსტი“. მოსარჩელე ცალკე გამოყოფს აღნიშნული პუნქტის მხოლოდ ერთ ნაწილს, კერძოდ, გრამატიკულ ერთეულს „ებ“, რომელიც მოთავსებულია ფრაზაში სამოტივაციო და სარეზოლუციო „ნაწილები“. მოცემულ შემთხვევაში ცალკე აღებული გრამატიკული ერთეული „ებ“ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად შინაარსის მქონე უფლების შემზღუდველი ნორმა, ნორმატიული აქტი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება მოსარჩელის მიერ დასახელებული გრამატიკული ერთეულის შინაარსის არასწორ აღქმას და წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება ნორმის სადავოდ გამხდარ ნაწილს.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციური სარჩელი N768 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვაში „ნაწილები“ ასოების „ებ“კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
28. N768 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
29. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ან დასკვნა შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომის დარბაზში“. აღნიშნული დებულება არ შეიცავს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ სიტყვებს „სრული ტექსტის“. შესაბამისად, სასარჩელო არგუმენტაცია არ მიემართება ნორმის რეალურ შინაარსს.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N768 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
31. სხვა მხრივ, N768 და N769 კონსტიტუციური სარჩელები აკმაყოფილებენ კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს არსებითად განსახილველად არმიღების კანონით დადგენილი საფუძველი.
32. როგორც აღინიშნა, მოსარჩელეები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ითხოვენ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
33. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.
34. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
35. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის N1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი შეჩერება ცვლის მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას, შესაძლებელს ხდის სადავო ნორმების მოქმედების შედეგად გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენება აზრს მოკლებულია.
37. N769 და N768 კონსტიტუციურ სარჩელებში მოთხოვნილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი ცალკეული ნორმების მოქმედების შეჩერება. მოსარჩელეების შუამდგომლობის მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიც არის ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ესწრებოდეს სხდომას, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილი იყოს, მიიღოს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი კვორუმი) და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების რაოდენობა, რომელმაც აუცილებელია, მხარი დაუჭიროს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას ან კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნის მიღებას, რათა კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს (გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი უმრავლესობა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე და ა.შ.
38. საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების შერჩევის, დანიშვნისა და არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე საკონსტიტუციო სამართალწარმოების და სასამართლოს საქმიანობის სხვა საკითხები განისაზღვრება კანონით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების წესი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.
39. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენების, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმისა და უმრავლესობის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე შეწყვეტის კონსტიტუციური სტანდარტები საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკით დადგენილი არ არის. აღნიშნული სტანდარტები განსახილველი საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში უნდა დადგინდეს. შესაბამისად, წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის ეს სტანდარტები დადგენილია იმ ნორმებით, რომელთა მოქმედების შეჩერებასაც მოითხოვენ მოსარჩელეები. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ესწრებოდეს სხდომას, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილი იყოს მიიღოს გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი კვორუმი) და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების რაოდენობა, რომელმაც აუცილებელია, მხარი დაუჭიროს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას ან კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნის მიღებას, რათა კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს (გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი უმრავლესობა) დადგენილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლით. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი კვორუმი და უმრავლესობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. ცხადია, კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს განსაზღვრავს უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამავე დროს, აღნიშნული საკითხის განმსაზღვრელ წესს, რომელიც არ მომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც კანონიდან, არ ექნება შესაბამისი ლეგიტიმაცია და ვერ იქნება გამოყენებული საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი კვორუმი და უმრავლესობა არ იქნება განსაზღვრული კანონით, ხოლო - აღნიშნული საკითხის კონსტიტუციური გადაწყვეტა ჯერჯერობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის ფარგლებში დადგენილი არ არის. აღნიშნული საკითხის მომწესრიგებელი სხვა წესი კი, როგორც აღინიშნა, ლეგიტიმური არ იქნება.
40. ამდენად, მოცემული სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო სხვა, მიმდინარე საქმეებზე ვერ გამოიყენებს ამ ნორმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო სამართალწარმოების საფუძვლებს. ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების კონტექსტში, საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში კონსტიტუციის განმარტების გარეშე, თავადვე განსაზღვროს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება მოცემულობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების ფარგლებში თავადვე შექმნის ნორმატიულ წესრიგს საქმის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის ფორმატში კონსტიტუციური სტანდარტების ჯეროვანი განმარტების გარეშე. ამ საფუძვლით ახალი ნორმატიული წესრიგის შექმნა ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც კონსტიტუციური კონტროლის ბუნებას, რადგან ამ შემთხვევაში სასამართლო პოზიტიური კანონმდებლის ფუნქციას შეითავსებს.
41. ამავე დროს, ვერ გამოირიცხება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების გზით არაკონსტიტუციური ნორმატიული წესრიგის შექმნა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილ წესს და დაადგენს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ უმრავლესობას, საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების არარსებობის გამო, ვერ გამოირიცხება სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი, თუნდაც დროებითი წესრიგის არაკონსტიტუციურობა.
42. ამდენად, დაუშვებელია, ასეთი ტიპის ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებით გამოწვეული შედეგების თავიდან აცილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენების გზით. ასეთი კონსტიტუციური დავის არსებობისას, აუცილებელია, სასამართლომ დავა განიხილოს პრიორიტეტულად, გადაწყვიტოს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს შესაბამისი კონსტიტუციური სტანდარტები და ამ გზით გადაიჭრას არსებული პრობლემა.
43. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ნორმის მოქმედების შეჩერების ფარგლებში თავად განსაზღვროს ზემოთ დასახელებული ღონისძიებების მომწესრიგებელი ახალი, თუნდაც დროებითი წესები. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, მითითებული სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ვერ განიხილება როგორც გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ეფექტური საშუალება. ამავე დროს, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, თითოეული ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხი განიხილოს ინდივიდუალურად.
44. N768 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“, ასევე ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“ მოქმედების შეჩერება. N769 კონსტიტუციურ სარჩელში კი მოსარჩელეები შუამდგომლობენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ პლენუმის მიერ.
45. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მე-3 მუხლის მიხედვით კი - კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისა და პლენუმის განსჯად საკითხებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის ძალით, საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადობას მიეკუთვნება ისეთი საქმეები, როგორებიც არის: დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე1 თავთან მიმართებით.
46. სადავო ნორმიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებზე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საჭიროების შემთხვევაში, კოლეგიამ უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც უფლებამოსილია, „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“.
47. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო მართლმსაჯულებას საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი ნებისმიერი გართულებული პროცედურა და ამ გართულებული პროცედურების გამო, სასამართლოს დაგვიანებული რეაგირება პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელეებს, რომლის გამოსწორებაც ფაქტობრივად შეუძლებელია.
48. N769 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ შუამდგომლობაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ერასტი ჯაკობიას საქმის კოლეგიიდან პლენუმისათვის გადაცემამ, შესაძლოა, გააჭიანუროს ნორმის შეჩერების საკითხის გადაცემა, რაც ერასტი ჯაკობიას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.
49. კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის მითითებული იმ კონკრეტულ გამოუსწორებელ შედეგზე, რომელიც, შესაძლოა, დადგეს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ რომელიმე საქმეზე, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციაში არსებობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ N769 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა 2016 წლის 22 მარტს. აღნიშნულ საქმეზე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხი წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის არ არის გადაწყვეტილი. შესაბამისად, არ იკვეთება, რომ საქმეზე გამოუსწორებელი შედეგის დადგომა, შესაძლოა, გამოწვეულ იქნეს სადავო ნორმების მოქმედების შედეგად. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო ნორმის შეჩერების საკითხის განხილვა უფრო ხანგრძლივად შეიძლება განხორციელდეს, ვიდრე ეს კოლეგიის მიერ მოხდებოდა, არ მიუთითებს რაიმე კონკრეტულ გამოუსწორებელ შედეგზე. გამოუსწორებელი შედეგი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის გულისხმობს მოსარჩელის უფლებების ან სხვა ინტერესების დარღვევის ხელშესახებ, შეუქცევად ზიანს, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
50. საკონსტიტუციო სამართალწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნორმის მოქმედების შეჩერება, რომელიც მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი საკითხების გამოკვლევას მოითხოვს, როგორც წესი, გარკვეულ ვადას მოითხოვს და ამ ღონისძიების განხორციელება, მისი პრევენციული ბუნების მიუხედავად, არ ხდება დაუყოვნებლივ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების განხორციელება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არ გამოიწვევს ისეთ დაყოვნებას, რომ ეს ჩაითვალოს გამოუსწორებელ შედეგად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის.
51. ცხადია, ვერ გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ოპერატიულად, განსაკუთრებულად მჭიდრო ვადებში მიღება აუცილებელია მოსარჩელის უფლებების ან სხვა ინტერესებისათვის შეუქცევადი ზიანის თავიდან ასაცილებლად. ასეთია თავად ამ ღონისძიების ბუნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები არ ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შესაძლებლობას, რომ ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს, იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსარჩელისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნორმის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ შემჭიდროებულ ვადაში გადაწყდა, იმგვარად, რომ თავიდან იქნა აცილებული სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომა. კერძოდ, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმე კოლეგიის მიერ გადაეცა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში განიხილა და შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება. პრინციპულად მცდარი იქნება იმის დაშვება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გააჭიანურებს საქმის განხილვას ან არ განიხილავს იმ ვადაში, რაც აუცილებელია მოსარჩელისათვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.
52. ამავე დროს, მოცემული ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ იქნება განხილული, როგორც მოსარჩელეთა მიერ მითითებული გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ეფექტური საშუალება. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საფუძვლები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ნორმის მოქმედების შეჩერების ფარგლებში თავადვე დაადგინოს ამა თუ იმ უფლებამოსილების განხორციელების წესი.
53. სადავო ნორმით განსაზღვრულია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. შეუძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმის შეჩერებამ გამოიწვიოს ამ უფლებამოსილების მინიჭება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისათვის ან სასამართლოს სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის. მაგალითად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, გენერალური აუდიტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მათ ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის საკითხს. არსებობს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული ნორმის კონსტიტუციურობა გახდეს სადავო და მოთხოვნილ იქნეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ნორმის მოქმედების შეჩერება. ცხადია, მითითებული ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ხსენებული კომპეტენციის მინიჭებას. ანალოგიურად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილების დამდგენი ნორმის მოქმედების შეჩერება ვერ გამოიწვევს ამ უფლებამოსილების მინიჭებას საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისათვის ან სასამართლოს რომელიმე სხვა სტრუქტურული ერთეულისათვის. როგორც აღინიშნა, მსგავს შემთხვევებში აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე განიხილოს პრიორიტეტულად და მაქსიმალურად სწრაფად დაადგინოს შესაბამისი კონსტიტუციური სტანდარტები.
54. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“, ასევე ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“ და ამავე პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერებას, რომელიც ითვალისწინებს სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ პლენუმის მიერ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
55. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ და ამავე კანონის 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედების შეჩერება. ხოლო N769 კონსტიტუციურ სარჩელში - მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებას, რომელიც ითვალისწინებს სადავო ნორმის შეჩერებას პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ.
56. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.
57. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. როგორც აღინიშნა, მოცემული მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს ზოგად წესს, რომ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ხოლო მე-4 პუნქტი საგამონაკლისო რეგულაციას შეიცავს და მიუთითებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ესაჭიროება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრის მხარდაჭერა.
58. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა გაზრდილი ოდენობა ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, ვინაიდან მოსარჩელეს უწევს 6 მოსამართლისათვის საკუთარი პოზიციის მართებულობის დამტკიცება, მაშინ როდესაც, მოპასუხე მხარეს მხოლოდ 4 მოსამართლის დარწმუნება სჭირდება. დაწესებული მაღალი კვორუმის შეუჩერებლობის შემთხვევაში ირღვევა მათი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გადასინჯვა შეუძლებელია.
59. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. ზემოთ დასახელებული სადავო ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი, კერძოდ, პლენუმის მიერ სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო უმრავლესობა.
60. კონსტიტუციურ სარჩელებში არ არის მითითებული ხელშესახებ, რეალურ გამოუსწორებელ ზიანზე, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ზემოთ დასახელებული ნორმების მოქმედებამ. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოცემული ნორმებით დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კვორუმისა და გადაწყვეტილებების მიღების უმრავლესობის წესები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, იწვევს კონსტიტუციური უფლებებში ჩარევას საქმეების გაჭიანურებისა და სამართალწარმოების მხარეთა თანასწორუფლებიანობის შეზღუდვის გზით. როგორც წესი, უფლების შეზღუდვის შედეგების ფაქტობრივი გამოსწორება შეუძლებელია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის გამოუსწორებელი შედეგის არსებობა გულისხმობს უფლების შეზღუდვით დამდგარი შედეგების გამოსწორების სამართლებრივ შეუძლებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ. სხვაგვარი განმარტების შემთხვევაში შეიქმნება მოცემულობა, რომ ნ ებისმიერი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება ქმნის სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველს, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ სადავო ნორმები ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს (ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ დებულებებს). მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ კონსტიტუციური უფლებების შესაძლო დარღვევის სამართლებრივი გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
61. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა ქმნის სამართლებრივ ბარიერს კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ნორმებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გამოსწორებისათვის. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პოზიციის გადახედვის შესაძლებლობას შეცვლილი გარემოებების შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა კი - სწორედ ასეთ გარემოებად ჩაითვლება.
62. ამავე დროს, როგორც აღინიშნა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს ნორმის მოქმედების შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებებისა და სხვა ინტერესების დარღვევის საფრთხესაც. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილია იმ ნორმების მოქმედების შეჩერება, რომლებიც ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კვორუმსა და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უმრავლესობის წესს. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების, კვორუმისა და უმრავლესობის კონსტიტუციური სტანდარტები არსებული პრაქტიკით დადგენილი არ არის. აღნიშნული სტანდარტები განსახილველი საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში უნდა დადგინდეს. შესაბამისად, წინამდებარე საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების წესი დადგენილია იმ ნორმებით, რომელთა მოქმედების შეჩერებასაც მოითხოვენ მოსარჩელეები.
63. ამავე დროს, როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, კონსტიტუციის განმარტების გარეშე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების კონტექსტში თავადვე განსაზღვროს საკონსტიტუციო სამართალწარმოების ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიც არის გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი კვორუმი და უმრავლესობა. შეუძლებელია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით ახალი ნორმის შექმნა და ამ გზით გადაწყვეტილების მიღების წესის განსაზღვრა. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში იქმნება რისკი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღარ გააჩნდეს გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმური სამართლებრივი საფუძველი. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელებს, დადგება სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება მნიშვნელოვნად შეაფერხებს საკონსტიტუციო სამართალწარმოებას და გამოიწვევს კერძო და საჯარო ინტერესების დარღვევას.
64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს N768 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული შუამდგომლობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ და ამავე კანონის 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, ასევე N769 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი შუამდგომლობა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სადავო ნორმის შეჩერებას პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ.
65. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მოქმედების შეჩერება. ანალოგიურად, N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები შუამდგომლობენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტას იმ საქმის გადაწყვეტამდე, როცა საქმის განხილვა დასრულებულია და სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული.
66. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ავტომატური შეწყვეტის შეუჩერებლობა მნიშვნელოვნად დააზარალებს მოსარჩელეებს უახლოეს მომავალში და გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთულობას, აჩენს მისი პარალიზების საფრთხეს.
67. N769 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ სადავო ნორმატიული შინაარსის შეჩერების საჭიროებაზე, რადგან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ 2016 წლის 30 სექტემბრამდე ვერ მოესწროს კარინე შახპარონიანის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება.
68. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება უფლებამოსილება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება.
69. სადავო ნორმიდან გამომდინარე, არსებობს რისკები, რომ საქმის განხილვა დროში გაიწელოს იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და საჭირო ხდება მისი ჩანაცვლება ახალი მოსამართლით. ამავე დროს, სადავო ნორმის ასეთი შინაარსით არსებობის პირობებში იმის საფრთხეც არსებობს, მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისა და ახალი წევრის დროულად არ ან ვერ არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში შეფერხდეს საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელება საკმარისი მოსამართლეების არარსებობის გამო.
70. ყურადღებამისაქცევია ის გარემოება, რომ მოცემული შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი მოსამართლეების დანიშვნა უნდა განხორციელდეს სამი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ. ცხადია, ასეთ პირობებში ნაკლებია იმის ალბათობა, რომ სამივე კონსტიტუციური ორგანო ვერ ან არ განახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევას/დანიშვნას კანონით დადგენილ ვადაში. ამავე დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამივე კონსტიტუციურმა ორგანომ არ ან ვერ შეასრულა მათი კონსტიტუციური ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში ვერ გამწესდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შეფერხების რისკებს ამცირებს ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობის თანახმად, თუ კოლეგიის მიერ საქმის განხილვაში ვერ მონაწილეობს ამ კოლეგიის ორი წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ საქმის განხილვისათვის კოლეგიას დროებით მიამაგროს მეორე კოლეგიის ერთ-ერთი წევრი.
71. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს სხვათა უფლებებისა და სხვა ინტერესების დარღვევის საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების პირობებში ჩნდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების რისკები. ამავე დროს, ნორმის მოქმედების შეჩერების წინაპირობაა, რომ ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიება წარმოადგენდეს შესაბამისი გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებას.
72. იმ შემთხვევაში, თუ განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ამოწურვამდე, ეჭვის ქვეშ დგება აღნიშნული წევრების უფლებამოსილება განიხილონ და გადაწყვიტონ როგორც განსახილველი, ასევე სხვა საქმეები უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების ფარგლებში განსაზღვროს საკუთარი უფლებამოსილების მომწესრიგებელი ახალი, დროებითი წესები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ არ იარსებებს მათ მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების მყარი სამართლებრივი საფუძველი. ამავე დროს, ბუნდოვანია, ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში. ასევე აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულ წევრებთან მიმართებით უფლებამოსილების დუბლირების რისკების გათვალისწინება. ამდენად, აუცილებელია, რომ განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე და სადავო ნორმებიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხეები ამ გზით იქნეს თავიდან აცილებული.
73. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების რისკებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მოქმედების შეჩერების თაობაზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია, სადავო ნორმიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, საქმის გადაწყვეტისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გზით.
74. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე დაყენებულია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობა. მოსარჩელეების მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა, აუცილებელია, სადავო ნორმა შეჩერდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი არაკონსტიტუციური პროცედურით არჩევა.
75. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 მუხლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა იგივე თანამდებობა. აღნიშნული ნორმის ამოქმედების თარიღია 2016 წლის პირველი ოქტომბერი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის გათვალისწინებით, არ არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დადგეს რომელიმე წევრის თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ ხელმეორედ არჩევის საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მოცემული სადავო ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის დადგომის ალბათობა. ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს N768 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-53 პუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
76. N768 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასევე ითხოვენ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „სამოტივაციო და“ და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „სრული“ მოქმედების შეჩერებას.
77. მოსარჩელეთა მითითებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით სადავო ნორმებით დადგენილი ნებისმიერი გართულებული პროცედურა და ამ პროცედურის გამო სასამართლოს დაგვიანებული რეაგირება პირდაპირ ზიანს აყენებს მოსარჩელეებს, რომლის გამოსწორებაც ფაქტობრივად შეუძლებელია.
78. ზემოთ დასახელებული ნორმები არეგულირებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ადგენს, რომ უნდა გამოქვეყნდეს გადაწყვეტილების სრული ტექსტი, როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილები. ამ კონტექსტში მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, გამოუსწორებელი შედეგი უკავშირდება შემთხვევას, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის ან მისი დროებით შეჩერების შესახებ, თუმცა ვერ მოასწრო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მომზადება.
79. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 61 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომხსენებელი მოსამართლე წარუდგენს პლენუმს/კოლეგიას საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტს. განხილვის მონაწილე მოსამართლე უფლებამოსილია, კენჭისყრაზე დააყენოს წინადადება საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ. წინადადებით გათვალისწინებულ თითოეულ ცვლილებას/დამატებას კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. ცვლილება/დამატება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტმა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ კენჭი ეყრება მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარდგენილი საოქმო ჩანაწერის/განჩინების პროექტს (მიღებული ცვლილებების და დამატებების გათვალისწინებით). საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილების/დასკვნის მიღების, ხელმოწერისა და გამოცხადებისას შესაბამისად მოქმედებს ამ რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული წესი. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი სასამართლო აქტების მიღება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომზადებულია შესაბამისი აქტის პროექტი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მიღებულ იქნეს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სამოტივაციო ნაწილის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების მოქმედება ვერ გამოიწვევს იმ რისკებს, რომლებზეც მოსარჩელე აპელირებს.
80. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს N768 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „სამოტივაციო და“, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „სრული“ მოქმედების შეჩერების თაობაზე.
81. N768 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მოთხოვნილი იყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება“ მოქმედების შეჩერება. როგორც აღინიშნა, N768 კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი N769 კონსტიტუციურ სარჩელში, თუმცა მოსარჩელეები არ შუამდგომლობენ მოცემული ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. აღნიშნულის მიუხედავად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება იმის მიუხედავად, ეს მოთხოვნილია თუ არა მხარის მიერ. განსახილველ საქმეზე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტება გააკეთოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედების სასამართლოს ინიციატივით შეჩერების თაობაზე.
82. სადავო ნორმა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთი წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის შესაძლებლობას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთი წევრი საქმეს გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, თუ მიიჩნევს რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. ასეთ შემთხვევაში დგება საჭიროება, რომ საქმე შესწავლილ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხვა წევრების მიერ, რაც ობიექტურად მოითხოვს გარკვეულ დროს. ამდენად, სადავო ნორმა შეიცავს რისკებს, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება დაყოვნდეს.
83. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რის შესახებაც იღებს, შესაბამისად, საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას. ამდენად, არსებობს გადაწყვეტილების მიღების მხოლოდ 7 დღით დაყოვნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არ იღებს საქმეს პლენუმზე განსახილველად. სხვა შემთხვევაში კი პლენუმი აგრძელებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას და მოსარჩელეთათვის პრობლემური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება აღარ ხდება რელევანტური.
84. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ ხანგრძლივ ვადებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საჭიროებით. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მაქსიმუმ 7 დღით დაყოვნება იმ მიზნით, რომ გაქარწყლდეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი მოსამართლის მიერ წამოჭრილი კითხვის ნიშნები საქმის პლენუმისათვის გადაცემასთან დაკავშირებით, არ წარმოშობს ისეთი გამოუსწორებელი შედეგების დადგომის რისკებს, რომ არსებობდეს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების წინაპირობა.
85. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედების სასამართლოს ინიციატივით შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, 44-ე მუხლის, 47-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №768 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 88-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით.
გ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“, „აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის“,25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“, „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“, 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 44-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „სამოტივაციო და“, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „სრული“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №768 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტთან მიმართებით.
ბ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან“, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „ერთ-ერთი მხარისათვის“, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით“, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „სრული ტექსტის“, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვაში „ნაწილები“ ასოები „ებ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას“ და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
დ) „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (N5161-რს) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N769 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის, 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. არ იქნეს მიღებულ არსებითად განსახილველად N769 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს რომ პლენუმი უფლებამოსილია ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი.
5. არ დაკმაყოფილდეს N768 და N769 კონსტიტუციურ სარჩელებში დაყენებული მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
6. N768 და N769 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
7. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
8. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
9. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
10. საოქმო ჩანაწერს თან დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი.
11. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768, 769 საოქმო ჩანაწერზე
1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 17 ივნისის №768, 769საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით იმ ნაწილში, რომელიც შეეხება რამდენიმე სადავო ნორმის შეჩერების მოთხოვნის არდაკმაყოფილებას.
2. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.
3. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
5. სხვა ნორმებთან ერთად, მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“, ასევე ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“ მოქმედების შეჩერება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“, „თ“–„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტით და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. შესაბამისად, მოცემული სადავო ნორმით განსაზღვრულია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და არა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის უფლებამოსილებას.
6. კანონმდებლობა ერთმანეთისაგან მიჯნავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისა და პლენუმის განსჯად საკითხებს. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.
7. სადავო ნორმიდან გამომდინარე, კოლეგიას არ აქვს უფლებამოსილება, საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებული საქმეების განხილვისას გამოიყენოს უფლების დაცვის ისეთი პრევენციული მექანიზმი, როგორიც არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საჭიროების შემთხვევაში კოლეგიამ უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
9. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას უზღუდავს შესაძლებლობას, თავადვე შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება, თუკი მის განსჯადობას მიკუთვნებული საქმის განხილვისას დაინახავს, რომ არსებობს მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების აშკარა საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, კანონის თანახმად, აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა ბუნებრივად მოითხოვს დამატებით დროს, რადგან საკითხი უნდა იქნეს შესწავლილი პლენუმის იმ წევრების მიერ, რომლებიც არ არიან იმავე კოლეგიის წევრები. ამავე დროს, გასათვალისწინებელია თავად სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების ბუნება. როგორც აღინიშნა, ეს ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც სხვაგვარად შეუძლებელია გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება და არსებობს მოსარჩელის უფლების დარღვევის შეუქცევადი რისკები. ასეთ ვითარებაში დამატებითი პროცედურული ბარიერის შექმნამ, საქმის პლენუმისათვის გადაცემის, პლენუმის მიერ შესწავლისა და გადაწყვეტის სახით, შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს ის ინტერესები, რომელთაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ემსახურება. ამასთან, ასეთ ვითარებაში გადამწყვეტი შეიძლება იყოს სწორედ დრო, რომლის გაცდენის შემთხვევაში არა მხოლოდ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, არამედ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასაც არ ექნება აზრი, რაც ამ პრევენციული მექანიზმის ეფექტურობას და, შესაბამისად, მის საჭიროებასაც კი, კითხვის ქვეშ დააყენებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გაზრდილი კვორუმის პირობებში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების განსხვავებული დღის წესრიგისა და მოსამართლეთა სხვა სამსახურებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელიც, მათ შორის, დროდადრო ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებასაც ითვალისწინებს, პლენუმის მიერ სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობის დროულად, ეფექტურ ვადაში განხილვა/გადაწყვეტა, შესაძლოა, რეალური საფრთხის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ ალბათობას, რომ განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოიშვას ისეთი შემთხვევა, რომ კოლეგიის მიერ საქმის შესწავლის შემდეგ დადგინდეს უკიდურესად კრიტიკული, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს საქმის პლენუმის მიერ შესწავლისა და გადაწყვეტის შემდეგ.
10. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიც, დროულად გადაწყვიტოს სადავო ნორმის შეჩერების საკითხი, რათა მოსარჩელეს თავიდან აარიდოს გამოუსწორებელი შედეგის პირისპირ დადგომა, მაგრამ სწორედ ის დრო, რაც, თუნდაც ობიექტურად დასჭირდება როგორც პროცედურებს, ისე პლენუმის მიერ საკითხის შესწავლას და, შესაბამისად, პლენუმის წევრების ჩამოყალიბებას საკითხის გადასაწყვეტად, შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში გახდეს უფლების შეუქცევადად დარღვევის მიზეზი. ვეთანხმებით ჩვენს კოლეგებს, რომ საოქმო ჩანაწერში მითითებულ საქმეზე - „ საქართველოს მოქალაქე ლევან გვათუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმე კოლეგიის მიერ გადაეცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში განიხილა და შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება. მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო ნორმის შეჩერების შესახებ შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ესოდენ მოკლე დროში (ერთ სამუშაო დღეში) წარმოადგენს გამონაკლისს, რომელიც სადავო წესის გონივრულობის დამადასტურებელ მაგალითად ვერ გამოდგება. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ კოლეგიამ თავად მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს სადავო ნორმის შეჩერების მოთხოვნით, რაც გულისხმობს, რომ კოლეგიას ან თავად არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო გადაწყვეტილება ან საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩათვალა, სწორი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, საქმე გადაეცა პლენუმისთვის, რასაც მოწმობს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებაში N2-3/2/682 მოყვანილი არგუმენტაცია: „განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ცოცხალი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პროცესში პოტენციურ დონორთა წრის შეზღუდვის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სიცოცხლის უფლებასთან. .... კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დაკავშირებულია არა მხოლოდ კონკრეტული პირის სიცოცხლის უფლებასთან, არამედ, იმავდროულად, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საფრთხესთან. ეს უკანასკნელი თავის თავში მოიცავს განუსაზღვრელ პირთა წრისთვის ჯანმრთელობისა და, რიგ შემთხვევებში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს. ... შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დგას სწორი, დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღების საჭიროება, რათა, ერთი მხრივ, გაუმართლებლად არ შეექმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ მოხდეს ისეთი დანაშაულისთვის გარკვეულწილად არეალის გაფართოება, როგორიც არის ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. ... სამსჯელო საკითხის სირთულიდან, ისევე როგორც მისი საზოგადო მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქმეს განსახილველად გადასცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს“.
11. ისეთ პირობებში, როდესაც კოლეგია თავად მიიჩნევს, რომ სწორი, დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუწყობს საკითხის სასამართლოს სრული შემადგენლობით განხილვა, ასეთ შემთხვევებში, პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღება არის ერთადერთი გამოსავალი საკითხის გადასაჭრელად. ხოლო მაშინ, როდესაც ასეთი მიზეზი არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში დამატებითი პროცედურული სირთულეებით იმ საკითხის დატვირთვა, რომლის გადაწყვეტის მიზნობრიობა სწორედ დროულად, მყისიერად გადაწყვეტილების მიღებაზე არის დამოკიდებული, შესაძლოა, გახდეს ხელოვნური მიზეზი უფლების დარღვევისთვის.
12. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას და საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ საქმეებზე განმწესრიგებელი სხდომა ჩაატარა და საკითხი განიხილა სარჩელის დარეგისტრირებიდან საკმაოდ დიდი დროის შემდეგ (ანუ საკითხი არ გადაწყვიტა მყისიერად, მჭიდრო ვადებში), მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში სასამართლომ არ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება. როდესაც კოლეგიას ეწერება კონსტიტუციური სარჩელი, მოსამართლეები ამზადებენ საქმეებს შესაბამისი ეტაპისთვის, ამ პროცესში მათ უყალიბდებათ წარმოდგენა, მოსაზრებები როგორც სარჩელის მიღების, ისე სადავო ნორმის შეჩერების (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) აუცილებლობის თაობაზე. შესაბამისად, მაშინ, როდესაც აშკარაა სადავო ნორმის შეჩერების მოთხოვნის უსაფუძვლობა, არ არსებობს აუცილებლობაც საკითხის მყისიერად გადაწყვეტისთვის. მაშასადამე, კოლეგიის მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობის გვიან განხილვა/გადაწყვეტა ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ დროის თვალსაზრისით არ არის სხვაობა, საკითხს კოლეგია განიხილავს თუ პლენუმს გადასცემს განსახილველად. ობიექტური მიზეზი საკითხის მყისიერად არგადაწყვეტისთვის თანაბრად შეიძლება ჰქონდეს კოლეგიასაც და პლენუმსაც, მაგრამ სადავო ნორმის პრობლემატურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის, ობიექტურ საფუძვლებს, ხელოვნურ ბარიერებსაც ამატებს, რამაც პრობლემა შეიძლება შექმნას სწორედ ნორმის მყისიერად შეჩერების უკიდურესი აუცილებლობის არსებობისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე.
13. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისას საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით გამოწვეულ სხვათა უფლებების დარღვევის ან სხვა ინტერესების დაზიანების საფრთხეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებით, რომელიც გამორიცხავს კოლეგიის უფლებამოსილებას, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებზე, არ უკავშირდება არანაირ საფრთხეს. თუ კოლეგიის მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტით, პლენუმის მიერ იგივე საკითხის გადაწყვეტისგან განსხვავებით, შესაძლოა საფრთხე შეექმნას რაიმე ლეგიტიმურ ინტერესს, მაშინ ეს საფრთხე მით უფრო სერიოზულია, როდესაც კოლეგიას კანონის კონსტიტუციურობის გადაწყვეტის საკითხს ვანდობთ.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით“ იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებზე ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას, ასევე ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც“ მოქმედება.
15. იმავდროულად, ვერ გავიზიარებთ საოქმო ჩანაწერში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის მოქმედების შეჩერების ფარგლებში თავადვე ადგენს ამა თუ იმ უფლებამოსილების განხორციელების წესს. სადავო ნორმა გულისხმობს რა, რომ აღნიშნული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს მხოლოდ პლენუმმა, ის იმავდროულად შეიცავს ამკრძალავ დებულებას - ეს უფლებამოსილება არ განახორციელოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ. ნორმა წინამდებარე საოქმო ჩანაწერით სწორედ ასეთი ნორმატიული შინაარსის გამო არის მიღებული არსებითად განსახილველად. შესაბამისად, თუ ეს წესი იწვევს მხარისთვის გამოუსწორებელ შედეგს, სწორედ ის უნდა შეჩერდეს. ამასთან, გაუგებარია წინამდებარე საქმეზე პლენუმის ასეთი მიდგომა იმ პირობებში, როდესაც ამ თვალსაზრისით არსებობს საკმაოდ მდიდარი პრაქტიკა საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთი ასეთია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერით N3/6/668 სადავო ნორმის შეჩერების საკითხიც.
16. განსახილველ საქმეზე ასევე მოთხოვნილია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ მოქმედების შეჩერება.
17. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე განსხვავებული აზრით, უკვე გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერების თაობაზე, რომელიც გამორიცხავს კოლეგიის მიერ საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას, ამ შემთხევევაში შევაფასებთ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ შეჩერების საკითხს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ საკუთარ განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმის მოქმედების შეჩერების კონტექსტში.
18. როგორც აღინიშნა, ნორმის მოქმედების შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შეუქცევადი ზიანის დადგომის პრევენციის მიზნით და წარმოადგენს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ეფექტურობის უზრუნველმყოფელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს. ზემოთ დასახელებული სადავო ნორმით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ აღნიშნული მექანიზმის გამოყენების წესი. უკვე აღვნიშნეთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურად და ოპერატიულად მიღებას და რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესში გაუმართლებელ დაყოვნებას. იმავდროულად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გამოყენებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღების აუცილებლობას. რაც ნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე 7 ან 6 მოსამართლიდან 5-მა უნდა დაუჭიროს მხარი სადავო ნორმის შეჩერებას იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვალოს. მაშასადამე, იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლების შეუქცევადად დარღვევის რისკის აღმოსაფხვრელად და, შესაბამისად, უფლების დაცვის სასარგებლოდ უფრო მეტი მოსამართლის ხმა არსებობს, ვიდრე ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების (როდესაც ნორმის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარს უჭრს 4 მოსამართლე 3-ის ან 2-ის წინააღმდეგ), გადაწყვეტილება მაინც მიიღება უფლების შეუქცევადად დარღვევის რისკის დაშვებით, მოსამართლეთა უმცირესობის მიერ. ამდენად, არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური ალბათობა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმა შეჩერდება იმ ნორმატიული შინაარსით, რომ შესაძლებელი იყოს სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პლენუმის დამსწრეთა უმრავლესობით, არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მესამე პირების უფლებების ან რაიმე სხვა ინტერესის დაზიანების საფრთხე.
19. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად არ ვეთანხმებით საოქმო ჩანაწერში გამოთქმულ შემდეგ პოზიციას: „სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა ქმნის სამართლებრივ ბარიერს კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში სადავო ნორმებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების გამოსწორებისათვის... კანონმდებლობა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პოზიციის გადახედვის შესაძლებლობას შეცვლილი გარემოებების შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა კი - სწორედ ასეთ გარემოებად ჩაითვლება“ (პ.61). მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობა მიიჩნევს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ აღნიშნული სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, მისი გამოყენებით მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგების გამოსწორების გზა არის ამავე საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების თავიდან მიღება. პირველ რიგში, აღნიშნული მსჯელობა წინააღმდეგობრივი და ალოგიკურია. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობაც კი ვერ გამოასწორებს პირის უფლებრივ მდგომარეობას. შესაბამისად, ვერც ახალი გადაწყვეტილების მიღება გახდება გამოუსწორებელი შედეგის გამოსწორების საშუალება. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის, მეტიც, თავად სასამართლოს არსის, დანიშნულების პრინციპულად არასწორი აღქმა. წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო უშვებდეს შესაძლებლობას, ერთსა და იმავე საკითხზე დროის მცირე მონაკვეთში - პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით მიიღოს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლს აქვს სრულიად სპეციფიკური დატვირთვა და ის საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა აქციოს მოტივაციად საკუთარი გადაწყვეტილებების გადახედვისთვის, დაძლევისთვის, შეცვლისთვის. საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, თავად არის შებოჭილი საკუთარი გადაწყვეტილებებით, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც საბოლოოა და გადასინჯვას არ ექვემდებარება. ასეთია საქართველოს კონსტიტუციის გადაწყვეტა და ის სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუცვლელობის გზით უზრუნველყოფს როგორც სამართლებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტულ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ცვლა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გაუგებარს გახდის ამ ინსტიტუტის დანიშნულებას, მის მნიშვნელობას, თავისთავად დაამცრობს მის სანდოობას, ეჭვის ქვეშ დააყენებს მის ავტორიტეტს, ამასთან, შექმნის პრობლემებს სამართლებრივი უსაფრთხოების, სტაბილურობის თვალსაზრისით. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ძალზე იშვიათ შემთხვევაში და მხოლოდ ფუნდამენტური უფლებების უკეთესი პერსპექტივით დაცვის შესაძლებლობის რეალურად გაჩენისას. მაგრამ მაშინ, როდესაც თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელთ არის კონსტიტუციური უფლების დარღვევის გამორიცხვით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება იმართლოს მან თავი იმით, რომ, თუკი ის (საკონსტიტუციო სასამართლო) გამოიწვევს უფლების დარღვევას, ეს არ იქნება შეუქცევადი, რადგან თავადვე შეცვლის მისსავე გადაწყვეტილებას, რომელიც გახდა მიზეზი უფლების დარღვევისა. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს პოზიცია სწორიც რომ იყოს (თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის პრინციპულად მცდარი მიდგომა), უკვე დამდგარ გამოუსწორებელ შედეგს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება იმავე საკითხზე ვერ გამოასწორებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით“ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დამსწრეთა უმრავლესობით.
21. განსახილველ საქმეზე ასევე მოთხოვნილია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედების შეჩერება.
22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 7 წევრი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ კანონის მე-15 მუხლით და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.
23. მაშასადამე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, საგამონაკლისო რეგულაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ესაჭიროება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრის მხარდაჭერა.
24. ჩვენ გამოვხატავთ განსხვავებულ აზრს ამ ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ან კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნის მიღებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრის მხარდაჭერის აუცილებლობას.
25. მოცემულ შემთხვევაში გაზრდილი კვორუმი მნიშვნელოვნად ართულებს მოსარჩელის მიერ საკუთარი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის დამტკიცების ალბათობას. ნორმის კონსტიტუციურობის პრეზუმფცია უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესია, თუმცა ის ვერ სარგებლობს უპირატესობით კანონით ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თავიდან აცილების კონსტიტუციურ ვალდებულებასთან შედარებით. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის (9-დან 5 მოსამართლის) და ხშირად დამაჯერებელი უმრავლესობის (8 ან 7 მოსამართლიდან 5 მოსამართლის) ეჭვები კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი და დადასტურებულია, სადავო ნორმის თანახმად, სამი ან ორი მოსამართლის გადაწყვეტილებით კანონი ინარჩუნებს ძალას ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ძალიან მაღალი რისკით. საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური ვალდებულებაა არა კანონის კონსტიტუციურობის მტკიცება და მისი იურიდიული ძალის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, არამედ ფუნდამენტური უფლებების ეფექტურად დაცვა და ყოველ ჯერზე კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს რეალური რისკი, თუნდაც ერთი ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევისა.
26. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მას შესაძლოა მოუწიოს გადაწყვეტილების მიღება არაერთ საქმეზე, რომელშიც გასაჩივრებულია ორგანული კანონი, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია არაერთი წარდგინება, რომელიც დროულად გადაწყვეტას მოითხოვს. იმ პირობებში, როდესაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საქმეთა გადაწყვეტისთვის გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, როდესაც მაღალია რისკი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის (უფლების დამრღვევი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის) სასარგებლოდ მიცემულმა მოსამართლეთა მეტმა ხმამ ვერ აჯობოს საწინააღმდეგოდ მიცემულ ნაკლებ ხმებს, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავად, მხარეთა მოთხოვნის გარეშეც, თავს უნდა იკავებდეს ასეთი გაზრდილი კვორუმის გამოყენებისგან. ცხადია, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმის არსებითი განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ გამოსაყენებლი კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას, იგი ვალდებული იქნება ამ კანონის გვერდის ავლით (ან მის საპირისპიროდ) მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პლენუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურად კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისად იქნება მიღებული. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს აღნიშნული სადავო ნორმის შეჩერების გზით აქვს შესაძლებლობა, თავიდან აირიდოს ამგვარი კონფლიქტი, არაგონივრულია ამ საკანონმდებლო კოლიზიის გამომწვევი ნორმის შეჩერებაზე უარის თქმა. ბუნებრივია, ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ იმ საკითხს, რომ თითოეული მოსამართლე ყოველ კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ასევე ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ ყოველ ჯერზე იმ მოსამართლეთა პოზიციის შინაგან რწმენაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებას, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას. მაგრამ, ვინაიდან თავად კონსტიტუციის არსებობის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა, მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე საქმის განმხილველ მოსამართლეთა უმრავლესობა მიუთითებს, უფლების დაცვის ინტერესი თავისთავად პრევალირებს კანონის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის შენარჩუნებასთან, დაცვასთან შედარებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, მიგვაჩნია, რომ დასახელებული სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
27. შესაბამისად, მიგვაჩნია, უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის ან კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნის მიღებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრის მხარდაჭერის აუცილებლობას.
28. იმავდროულად, კატეგორიულად ვერ გავიზიარებთ საოქმო ჩანაწერში განვითარებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების მიღების კვორუმთან დაკავშირებით სადავო ნორმების შეჩერების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს საერთოდ ვერ მიიღებს ან თავად მოუწევს კონკრეტული წესის დადგენა, რაც მას პოზიტიურ კანონმდებლად გადააქცევს და ასეთი წესით მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას საეჭვოს გახდის, ამასთან, ახალი კვორუმის სასამართლოს მიერ შემოღებული წესი თავად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, რაც დამატებით მიუთითებს ასეთი წესით მიღებული გადაწყვეტილების არალეგიტიმურობაზე.
29. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი აზრით, გადაწყვეტილების მიღების მაღალი კვორუმის დამდგენი ნორმის მოქმედებამ შეიძლება მხარისთვის გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. შესაბამისად, ამ გარემოების უგულებელყოფით, მასზე თვალის დახუჭვით სადავო ნორმის შეჩერებაზე უარის თქმა, ნებისმიერი მოტივით, გულისხმობს ფუნდამენტური უფლების დარღვევის დაშვებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირი, უშუალო ვალდებულებაა ფუნდამენური უფლებების განუხრელად დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება ფუნდამენტური უფლებების დარღვევის აბსოლუტურად გამორიცხვით. შესაბამისად, საკუთარი გადაწყვეტილებით უფლების დარღვევის რისკის არსებობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციაზე, მის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით და ფუნდამენტური უფლებებით ბოჭვის პირობებში.
30. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების წინა პირობა არსებობს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება, თუ თავად მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარე არ შუამდგომლობს ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
31. N769 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით, აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. ამავე მუხლის პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას. ასეთ შემთხვევაში საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველად მიღებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
32. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთი წევრის მიერ პლენუმისათვის საქმის გადაცემის შესაძლებლობას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის ერთი წევრი საქმეს გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, როდესაც უკვე დასრულებულია საქმის არსებითი განხილვა, სასამართლო სათათბირო ოთახშია, გადაწყვეტილება მიღებულია და ემზადება გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად. ამდენად, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში არსებობს შესაძლებლობა, რომ კოლეგია, რომელიც კანონის თანახმად უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს კონკრეტული საქმე, ვერ გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ კოლეგიის ერთი წევრი საქმის განხილვის დამამთავრებელ ეტაპზე მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. ასეთ შემთხვევაში დგება საჭიროება, რომ საქმე შესწავლილ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხვა წევრების მიერ, რაც ობიექტურად მოითხოვს გარკვეულ დროს. ამდენად, სადავო ნორმა უდავოდ შეიცავს რისკებს, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდეს.
33. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ნებისმიერ საქმეს, არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედებამ გამოიწვიოს მოსარჩელისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება. ამავე დროს, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომაზე. ასეთი კომპეტენცია არ არის კანონით დადგენილი განმწესრიგებელი სხდომის შემდგომ და ამ ეტაპის შემდგომ გამოვლენილი გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში მიღებით. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურების გამო, შესაძლოა მოსარჩელეები აღმოჩნდნენ აუცდენელი ზიანის დადგომის პირისპირ. ამდენად, სახეზეა შეუქცევადი და გამოუსწორებელი ზიანის დადგომის რეალური საფრთხე. ამავე დროს, არ არსებობს სადავო ნორმის შეჩერებით მესამე პირებისთვის ზიანის მიყენების რისკი, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკითხს, როგორც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ყველა სხვა შემთხვევაში, განიხილავს და წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
34. ამდენად, მიგვაჩნია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება.
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი