საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/756 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 19:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 401 მუხლის მე-7 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 მე-10, მე-11, მე-12 და 121 პუნქტების, 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების, 771 მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების, 821 მუხლის პირველი პუნქტის, 823 მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 401 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი - კახა ჩხეტია; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, თინათინ ერქვანია, გიორგი ჩიფჩიური, გიორგი თორდია; მოწმე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტი ეკატერინე ახალკაცი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №756) მომართა საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძემ. №756 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 14 მარტსა და 2017 წლის 9 მაისს.
2. №756 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-12, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სადავო ნორმები აწესრიგებს მოვალის ქონებაზე აღსრულების განხორციელებასთან, მის შეჩერებასთან და ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობასთან დაკავშირებულ საკითხებს როგორც სააღსრულებო, ისე გადახდისუუნარობის და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ წარმოებაში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეობას, შეაჩეროს ქონებაზე აღსრულება პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ამავე ქონებას ყადაღა დაადო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული, შესაძლოა, განხორციელდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ. ამავე კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღისაგან გაათავისუფლებს ქონებას იმ შემთხვევაში, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან.
4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი არეგულირებს ყადაღადადებული მოძრავი ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის წესს. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტი აწესრიგებს გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის გადანაწილებას და განსაზღვრავს, რომ ამ თანხიდან, პირველ რიგში, დაიფარება აღსრულების საფასური და ხარჯი, შემდეგ კი მოგირავნეთა მოთხოვნები მათი რიგითობისა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის წარდგენილი მოთხოვნების მიხედვით. აღნიშნული ნორმა ასევე ადგენს, რომ ყოველი შემდგომი რიგის მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები არეგულირებს გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის გადანაწილებისას გირავნობის უფლების მფლობელთა რიგითობას და აწესებს, რომ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის უფლების არსებობის შემთხვევაში, ამონაგები თანხიდან საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, რიგითობის მიუხედავად, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა, ხოლო, თუ აღნიშნულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.
5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-10 პუნქტიაღსრულების ეროვნულ ბიუროს ანიჭებს უფლებამოსილებას, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ყადაღადადებულ მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება აღნიშნულ ვადაში არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა) ჩატარებას. ამავე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები განსაზღვრავს მე-10 პუნქტის იდენტურ წესს პირველი და მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების ან მათში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის გადაუხდელობის შემთხვევისათვის და დამატებით ადგენს, რომ თუ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ გამოიყენა აღნიშნული უფლებამოსილება, მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგი უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ქონების ფასი) ჩატარებას, ხოლო მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აუქციონზე გატანილი ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. აღნიშნული მუხლის 121 პუნქტი ადგენს ამავე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესის მსგავს რეგულირებას იმ შემთხვევისათვის, როდესაც სარეალიზაციო ქონების ღირებულება შეადგენს 5000 ლარზე ნაკლებს და ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ასევე სადავოდ არის გამხდარი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება, რომლის მიხედვითაც, ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.
7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771 მუხლის გასაჩივრებული 1-22 პუნქტები, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ანიჭებს უფლებამოსილებას, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირველი აუქციონის, პირველი და მეორე განმეორებითი აუქციონების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩასატარებელი აუქციონის უშედეგოდ დასრულების ან მათში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება. განკარგულების გამოუცემლობის შემთხვევაში აუქციონთან დაკავშირებული პროცესები გრძელდება ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-10-121 პუნქტებით განსაზღვრული რეგულირების იდენტურად.
8. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 821 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისგან ამოღებული, მათ შორის ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით საფასურის და აღსრულების ხარჯის დაფარვის პრიორიტეტულობას. ნორმა ასევე ადგენს, რომ დარჩენილი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, ხოლო ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. ამავე კანონის 823 მუხლის პირველი და 11 პუნქტები აწესრიგებს იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია ის მოთხოვნები, რომლებიც დაკმაყოფილდება, ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხიდან მეორე რიგში, ხოლო სხვა თანხებიდან პირველ რიგში, მათ შორის არის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები.
9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით, პირველ რიგში, კმაყოფილდება ამ მუხლში ჩამოთვლილი ფინანასური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდგომ - საგადასახადო დავალიანების მოთხოვნები. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.
10. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი განსაზღვრავს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას შემდეგი წესით: ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური; ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი; დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა; ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა; ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.
11. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს შრომის თავისუფლების უფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი უწესებს სახელმწიფოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებას და კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტებით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და შრომითი უფლებების ცალკეული კომპონენტების მოწესრიგება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფოს ვალდებულებები გარემოს დაცვისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არინ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
12. №756 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირი, რაც დადგენილია 2013 წლის 7 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/1040-13 გადაწყვეტილებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულია აღსასრულებლად, თუმცა აღსრულება შეფერხებულია. კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ დაყადაღებული ქონება სადავო ნორმების მოქმედების შედეგად გათავისუფლდა ყადაღისგან, ხოლო მოვალის სხვა ერთ ერთეულ ქონებაზე აღსრულების წარმოება შეჩერებულია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მოსარჩელის განცხადებით, მას აუცილებლად ესაჭიროება ქირურგიული და სხვა სახის სამედიცინო პროცედურები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მისი მოთხოვნის აღსრულებასთან. ამასთან, ტრავმის შედეგად მიყენებული დაზიანებების მძიმე ხასიათის გამო, მოსარჩელე ვერ ახერხებს სოციალურ და კულტურულ გარემოში ინტეგრირებას.
13. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი აღსრულების რიგითობა და პრიორიტეტულობა, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა, უზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორებსა და სახელმწიფოსთან მიმართებით, რამდენადაც იგი იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ შესაძლოა სამომავლოდ ადგილი ჰქონდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, ვერ მოითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებას. მოსარჩელე სადავო ნორმებს ამავე არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნევს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
14. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმები ზღუდავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებასაც, რამდენადაც საწარმოო ტრავმით დაზარალებულ კრედიტორს აღსრულების შედეგად ამოღებული თანხით დასაფარი მოთხოვნების პრიორიტეტულობის გამო, ექმნება საფრთხე, ვერ დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, რაც აღნიშნულ საქმეებზე პირდაპირ უკავშირდება კრედიტორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფინანსურ უზრუნველყოფას.
15. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლება, მისი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, ხოლო სადავო ნორმები აფერხებენ ან შეუძლებელს ხდიან აღნიშნულ საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მისი საკუთრების უფლებას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ წინაპირობებს, რამდენადაც კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მე-2 პუნქტში მითითებული „საზოგადოებრივი საჭიროება“ გულისხმობს ინტერესთა ბალანსს, ხოლო სადავო ნორმები არ ითვალისწინებს საქმის გარემოებებს და ზღუდავს მაღალი სოციალური მნიშვნელობის მოთხოვნის განხორციელებას.
16. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ადამიანის უფლების შეზღუდვა, მიიღოს სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ზღუდავს კონსტიტუციით განმტკიცებულ შრომის თავისუფლების პრინციპს. სადავო ნორმები ასევე უგულებელყოფენ შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლებას, რამდენადაც აღნიშნული მოიცავს როგორც დასაქმებულის უსაფრთხოების აუცილებელი სტანდარტებით უზრუნველყოფილ გარემოში საქმიანობის, ასევე ამ სტანდარტების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებას.
17. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედება აფერხებს აღსრულებას საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული პირების საქმეებზე და მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობის დადგენილი წესიდან გამომდინარე, ქმნის კრედიტორის მოთხოვნის ვერდაკმაყოფილების საფრთხეს, რაც ზღუდავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აღსრულების შეჩერება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ხოლო კრედიტორს არა აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ისარგებლოს გასაჩივრების კონსტიტუციური უფლებით.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს, სიცოცხლის, საკუთრების, შრომის და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით დაცულ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანასწორობის და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.
19. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ ნორმებს აქვს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით დაცულ საკუთრებისა და შრომის უფლებებთან, ამასთან, იმ სადავო ნორმებს, რომლებიც აწესრიგებს კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობას, მიმართება გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებასთან. მოპასუხის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. საქართველო არ მიეკუთვნება სოციალურ სახელმწიფოთა რიცხვს, ამ ცნების ტრადიციული გაგებით, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნები აღნიშნულ უფლებებთან მიმართებით, მომდინარეობს სწორედ ამ პრინციპზე აპელირებით.
20. მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი მსგავსია იმ ნორმებისა, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა არ უნდა მიიჩნიოს აღნიშნული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმა, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს სასამართლო კონტროლის არსებობას აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით, რამდენადაც აღსასრულებელ ქონებაზე ყადაღის დადება სწორედ სასამართლოს მიერ ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ნორმით დადგენილი „პროკურორის თანხმობა“ ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს.
21. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტმა ეკატერინე ახალკაცმა განმარტა სადავო ნორმების პრაქტიკული გამოყენების ასპექტები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით მოწმემ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმით სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადება არ გულისხმობს აღსრულების ავტომატურად შეჩერებას, არამედ აღსრულების ეროვნული ბიურო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორისგან ითხოვს ინფორმაციას, არსებობს თუ არა პროკურატურის სამართლებრივი ინტერესი კონკრეტულ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით და საპასუხო ინფორმაციის შესაბამისად შეაჩერებს ან არ შეაჩერებს აღსრულებას კონკრეტულ ქონებაზე. მოსარჩელემ ასევე ყურადღება გაამახვილა ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ მითითებული სადავო ნორმები ადგენს მოგირავნეთა შორის მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას და მას შემხებლობა არ გააჩნია მოსარჩელის მოთხოვნასთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას, რომლის თანახმადაც, „ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული“. ხსენებული ნორმის, ისევე როგორც სადავოდ გამხდარი სხვა ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მიუთითებს სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობის არასწორად განსაზღვრაზე. კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ არც ერთი კრედიტორის მოთხოვნა არ უნდა კმაყოფილდებოდეს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვის შედეგად წარმოშობილ მოთხოვნებზე პრიორიტეტულად.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების შინაარსის ანალიზით იკვეთება, რომ იგი ადგენს აღსრულების პროცესის გაგრძელების წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების რეალიზაცია რომელიმე კანონიერი საფუძვლით შეჩერდება. აღნიშნული რეგულაცია მიმართულია აღსრულების პროცესის ორგანიზაციული მოწესრიგებისკენ და არ ადგენს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის უფლებას არ ზღუდავს. ამავე დროს, ხსენებული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელეს სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობის საკითხის მიღმა დამატებით არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია.
4. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმები ადგენს ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის განაწილების წესს, თუმცა ნორმის მიზანს მხოლოდ სახელმწიფოსა (საგადასახადო გირავნობა და იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორი) და ფინანსური ორგანიზაციების უზრუნველყოფილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობის განსაზღვრა წარმოადგენს. შესაბამისად, ხსენებული სადავო ნორმები საერთოდ არ ეხება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით წარმოშობილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის განსაზღვრის საკითხს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მათი შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმები განაპირობებენ მისი მოთხოვნის სხვა მოთხოვნებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულად დაკმაყოფილებას, მაშინ როდესაც სადავო ნორმები ხსენებულ საკითხს საერთოდ არ შეეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. მოსარჩელე მხარე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტს, 50-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12 და 121 პუნქტებს, 771 მუხლის პირველ, მე-2, 21 და 22 პუნქტებს, 821 მუხლის პირველ პუნქტს, 823 მუხლის პირველ, 11 და მე-2 პუნქტებს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
7. ხსენებული სადავო ნორმები აწესრიგებს სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული თანხით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას, აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მოვალის ქონება ნატურით გადასცეს კრედიტორს იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
9. საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების რეგულირების სფეროში. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კი შეფასებადია იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც საკუთრების ექსპროპრიაციის წესს არეგულირებენ. „საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, უდავოა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნები, სხვა ქონებრივი უფლებების მსგავსად, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში. თუმცა სადავო ნორმებით დადგენილია არა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნების ჩამორთმევის წესი, არამედ თავად ამ მოთხოვნაზე საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები. სადავო ნორმებით განსაზღვრულია ის, თუ როგორია ამა თუ იმ ქონებრივი მოთხოვნის რეალიზების ფარგლები და არა ის, თუ რა პირობებში შეიძლება განხორციელდეს ამ მოთხოვნის ჩამორთმევა. შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მათ არ გააჩნიათ მიმართება ამავე მუხლის მე-3 პუნქტთან.
11. №756 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დადგინდა დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევით მოსარჩელისთვის ჯანმრთელობის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის დაკისრების საფუძველი გახდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოვალის ქონება არ არის საკმარისი ყველა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების პრიორიტეტულად დაკმაყოფილება გამორიცხავს მის მიერ კომპენსაციის მიღებას. შესაბამისად, მხარის პოზიციით, სადავო ნორმები აფერხებს კუთვნილი კომპენსაციის მიღებას, რაც ზღუდავს მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომის უფლებებს.
12. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ქონებრივი უფლებები საკუთრების უფლებით დაცული სიკეთეა. ამავე დროს, საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებაა და მისი ეფექტური რეალიზება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, მოსარჩელის მიერ მითითებულ ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობაზე. ბუნებრივია, ადამიანის მკურნალობა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში კრედიტორის წინაშე მოსარჩელის მოთხოვნის აღსრულება შესაძლოა კავშირში იყოს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნების აღსრულების უზრუნველყოფა კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებებით, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების ანდა შრომის უფლებით დაცულად იქნეს მიჩნეული.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონებრივი ხასიათის მოთხოვნების რეალიზების შესაძლებლობა არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, 30-ე მუხლით და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებები არეგულირებს აბსოლუტურად განსხვავებულ უფლებრივ ასპექტებს, რაც დაკავშირებულია სიცოცხლის ხელშეუვალობის დაცვასთან, შრომისა და მეწარმეობის თავისუფლებასთან და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლებასთან.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12 და 121 პუნქტების, 771 მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების, 821 მუხლის პირველი პუნქტის, 823 მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტების, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 30-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, N756 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
15. მოსარჩელე სადავო ნორმებს ასევე არაკონსტიტუციურობად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ადგენს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობის უფლებას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ძირითადი მიზანმიმართულება არის ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქეების (როგორც ინდივიდუალურად, ისე ასეთ უმცირესობებს მიკუთვნებული მოქალაქეთა ჯგუფების) სწორედ ამ საფუძვლებით დისკრიმინაციის აკრძალვა და მათთვის საზოგადოებაში თავისუფალი ინტეგრირების, სრულყოფილი თვითრეალიზაციის უმრავლესობასთან თანაბარი შესაძლებლობის გარანტირება, საკუთარი იდენტურობის შენარჩუნების ხელშეწყობა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის №1/1/564 განჩინება საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, იმისთვის, რომ პირმა დაასაბუთოს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, აუცილებელია, იგი მიუთითებდეს, რომ დიფერენცირება უკავშირდება პირის ჩამოთვლილ უმცირესობათა წრესთან კუთვნილებას.
16. N756 კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია საქართველოს მოქალაქის რომელიმე უმცირესობასთან კუთვნილების გამო დისკრიმინაციის შესახებ. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 401 მუხლის მე-7 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12 და 121 პუნქტების, 771 მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების, 821 მუხლის პირველი პუნქტის, 823 მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტების, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
17. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
18. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება ხორციელდება, ერთი მხრივ, მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ კრედიტორებსა (რომელთა მოთხოვნა წარმოიშვა დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვის შედეგად) და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს (საგადასახდო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორი, აღსრულების საფასურისა და ხარჯების კრედიტორი) და სხვა, უზრუნველყოფილ კრედიტორებს შორის. მოსარჩელის მითითებით ზემოთ ხსენებულ კრედიტორთა მოთხოვნა მის მოთხოვნასთან შედარებით პრიორიტეტულად, ადრე კმაყოფილდება, რაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების დარღვევას განაპირობებს.
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ... ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია ადამიანებს შორის თანასწორობის უფლება კანონის წინაშე, რაც გამორიცხავს სახელმწიფოსა და ადამიანის შესადარებელ ჯგუფად განხილვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანმიმართულება არ არის ადამიანებისა და სახელმწიფოს თანასწორობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სადავო ნორმების დისკრიმინაციულად მიჩნევას ადამიანისა და სახელმწიფოს შესადარებელ ჯგუფად განხილვის საფუძველზე, ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შინაარსის არასწორ აღქმას და დაუსაბუთებელია.
20. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმების მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ ხორციელდება დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს შორის. შესაბამისად, სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული მოპყრობა დაკავშირებული უნდა იყოს ამა თუ იმ პირთა შესადარებელ ჯგუფთან.
21. სადავო ნორმები არეგულირებს ქონების რეალიზაციით ამოღებული თანხიდან თვისობრივად სხვადასხვა ხასიათის კერძოსამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. ამავე დროს, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, რიგი მოთხოვნების მოსარჩელის მოთხოვნაზე ადრე, პრიორიტეტულად დაკმაყოფილება არ უკავშირდება კრედიტორის პიროვნებასთან დაკავშირებულ რაიმე ფაქტორს. მოთხოვნათა რიგითობა დამოკიდებულია თავად მოთხოვნის ტიპზე. ნებისმიერი პირი, მათ შორის, მოსარჩელე, შეიძლება იყოს როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორი. შესაბამისად, სადავო ნორმები მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობის განსაზღვრით დიფერენცირებას ახდენს არა პირთა, არამედ თავად მოთხოვნათა შორის. ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს პირთა შორის განხორციელებული დიფერენცირებისა და, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემთხვევებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილ იყოს კანონის წინაშე თანასწორობა სამართლის სუბიექტებს - პირებს შორის. თანასწორობის უფლება არ მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მსგავსი სამართლებრივი კატეგორიების მიმართ თანასწორი მოპყრობა. სადავო ნორმები მხოლოდ მსგავსი ტიპის სამართლებრივი კატეგორიების - ქონებრივი მოთხოვნების მიმართ ადგენს განსხვავებულ, დიფერენცირებულ რეჟიმს და ამ რეჟიმის დიფერენცირებულობა ნეიტრალურია პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ნეიტრალური ხასიათისაა და არ ითვალისწინებს პირებს შორის დიფერენციაციას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 401 მუხლის მე-7 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12 და 121 პუნქტების, 771 მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების, 821 მუხლის პირველი პუნქტის, 823 მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტების, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, №756 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. მოსარჩელე ასევე ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მითითებული სადავო ნორმის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო, პროკურორის თანხმობის მიღებამდე, აჩერებს სააღსრულებო წარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ნორმა განსაზღვრავს პროცესუალურ წესს, რომელიც უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების პროცესის შეჩერებას.
24. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს“; „ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობას, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8,14).
25. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნორმა არ განსაზღვრავს რაიმე სახის მატერიალური უფლების შეზღუდვას და მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, შესაძლოა, იყოს მხოლოდ მისი მოქმედების ეფექტი. „ცხადია, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
26. შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმის რეგულირების სფერო არ სცილდება პროცესუალურ მოწესრიგებას, მას გააჩნია შინაარსობრივი მიმართება სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და არ გააჩნია სხვა მატერიალურ უფლებათა შემზღუდველი შინაარსი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, №756 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
27. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის თანახმად, „არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს“. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა მოგირავნისთვის პრიორიტეტის მინიჭების გამო, მისი მოთხოვნის აღსრულებას გამორიცხავს, შესაბამისად, ქონების ყადაღისგან გათავისუფლებით ირღვევა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება.
28. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტულ ხასიათს ატარებს. იგი „… ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, ხსენებული უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, კონსტიტუციით ან/და კანონით დადგენილი მატერილური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს ეფექტური პროცესუალური მექანიზმებით. ამ უფლების მიზანს არ წარმოადგენს ამა თუ იმ მატერიალური უფლების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მატერიალური მოთხოვნების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა.
29. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტი აწესრიგებს მოვალის ქონებიდან კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების წესს. კერძოდ, იგი განსაზღვრავს მოგირავნის უფლებას, მოითხოვოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ დაყადაღებული ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, რითაც სადავო ნორმა ფაქტობრივად მოგირავნეს ნივთიდან მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების შესაძლებლობას ანიჭებს. ამდენად, სადავო ნორმა არეგულირებს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის განხორციელების ფარგლებს (მოთხოვნა დაგირავებული ქონების მიმართ შეიძლება აღსრულდეს იმ შემთხვევაში, თუ მოგირავნე წინააღმდეგი არ არის), რითაც ხსენებულ მოთხოვნაზე საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგებს განსაზღვრავს. ამდენად, მოვალის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების პრიორიტეტულობის განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების რეგულირებას წარმოადგენს.
30. მართალია, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება წარმოადგენს პროცედურას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში გირავნობის საგნის ყადაღისაგან გათავისუფლება წარმოადგენს გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად დასაკმაყოფილებელ მოთხოვნათა რიგითობის განსაზღვრის თანმდევ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელე ითხოვს არა რომელიმე პროცედურულ ასპექტზე მითითებით, არამედ იმის გამო, რომ იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობას. აღნიშნული კი, როგორც უკვე ითქვა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №756 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №756 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №756 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12 და 121 პუნქტების, 771 მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების, 821 მუხლის პირველი პუნქტის, 823 მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტების და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №756 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-12 და 121 პუნქტების, 771 მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 პუნქტების, 821 მუხლის პირველი პუნქტის, 823 მუხლის პირველი, 11 და მე-2 პუნქტების და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი