საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი, მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/868 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 23 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 მარტი 2018 17:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“ და მე-3 წინადადების; 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ –“; „სხვა“ და ამავე პუნქტის მე-2 წინადადების; 823 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ“; „ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების“ და ამავე პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ , ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №868) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ნიკოლოზ ცალუღელაშვილმა, კახი ცალუღელაშვილმა და მაყვალა ბარბაქაძემ. №868 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 25 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №868 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 23 მარტს.
2. №868 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლი აწესრიგებს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების წესსა და პროცედურას. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად უქმდება ამ ქონებაზე არსებული ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. იმ შემთხვევაში კი, თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან - საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები (შემდეგში - ფინანსური ინსტიტუტები), საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც.
4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლი განსაზღვრავს იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით კრედიტორთა დაკმაყოფილების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, ხოლო შემდეგ - იპოთეკით და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა, ხოლო შემდეგ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 833 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, თუ ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლებას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, წინ უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება უზრუნველყოფილ მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. აღნიშნული კრედიტორის დაკმაყოფილების შემდეგ, დარჩენილი თანხით, დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დარჩენილ კრედიტორთა მოთხოვნები რიგითობის მიხედვით.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.
7. №868 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იპოთეკარებს, რომელთა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ ქონებაზეც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მოსარჩელეთა განმარტებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუმცა აღნიშნული წესი არ მოქმედებს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის არსებობის შემთხვევაში და იგი უცვლელად მიჰყვება აუქციონზე გასხვისებულ ნივთს, იმისდა მიუხედავად, თუ როდის მოხდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად ართულებს და რიგ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამდენადაც ნივთზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ნივთის რეალურ ღირებულებას და, შესაბამისად, აუქციონზე არავინ მოისურვებს ისეთი ქონების შეძენას, რომელსაც მიჰყვება მოცემული ქონების საბაზრო ღირებულებაზე მრავალჯერ მეტი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით მათ ერთმევათ შესაძლებლობა, გაასხვისონ იპოთეკით დატვირთული ქონება და ამ გზით დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნა. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. №868 კონსტიტუციურ სარჩელში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის რიგი სიტყვები სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ისინი იმყოფებიან დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, რამდენადაც იმ შემთხვევაში, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს სადავო ნორმაში მითითებული ფინანსური ინსტიტუტი და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებულია ამ სუბიექტის იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, აუქციონზე გასხვისებულ ქონებას არ მიჰყვება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ყველა სხვა იპოთეკარის შემთხვევაში კი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უცვლელად მიჰყვება აუქციონზე შეძენილ ქონებას.
10. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მათ მოთხოვნას არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტებზე იმავე რეგულაციის გავრცელება, რომელიც ვრცელდება სხვა იპოთეკართა მიერ აღსრულების განხორციელებისას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო დებულება არღვევს თანასწორობის უფლებას, რამდენადაც მხოლოდ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული ფინანსური ინსტიტუტები სარგებლობენ პრივილეგიით, კერძოდ, მათ მიერ აუქციონზე გასხვისებულ ქონებას არ მიჰყვება ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ყველა სხვა იპოთეკარის შემთხვევაში კი იგი უცვლელად რჩება აუქციონის გზით გასხვისებულ ქონებაზე.
11. №868 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები სადავოდ ხდიან, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის რიგი სიტყვების კონსტიტუციურობას. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესში იპოთეკართან ერთად კრედიტორად ჩართულია სსიპ შემოსავლების სამსახური. გასაჩივრებული დებულების თანახმად, ნივთის გასხვისების შედეგად ამოღებული თანხით, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ხსენებული რეგულაცია ზღუდავს, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელსაც კი ხდის მათი კანონიერი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების პროცესში მონაწილეობენ ფინანსური ინსტიტუტები და სსიპ შემოსავლების სამსახური, ასეთ ვითარებაში კრედიტორთა დაკმაყოფილება ხდება მათი მოთხოვნების რიგითობის მიხედვით და საგადასახადო გირავნობიდან/იპოთეკიდან მომდინარე მოთხოვნა უპირატესად არ კმაყოფილდება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო დებულებები, ერთი მხრივ, ზღუდავს მათი საკუთრების უფლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტებს აყენებს უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში სხვა იპოთეკარებთან შედარებით და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება თანასწორობის მოთხოვნებს.
12. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის 11 პუნქტის რიგი სიტყვების კონსტიტუციურობას. სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლებას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობამდე/იპოთეკამდე, წინ უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, აუქციონზე ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხით ჯერ დაკმაყოფილდება ამ პირის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის დაკმაყოფილებამდე სხვა იპოთეკარის მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ მის შემდეგ რეგისტრირებულია ფინანსური ინსტიტუტის გირავნობის/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, იპოთეკარის დაკმაყოფილების რიგითობა დამოკიდებულია შემთხვევითობაზე და არა მისი იპოთეკის უფლების რეგისტრაციის დროზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, გასაჩივრებული ნორმა არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს იმ იპოთეკარებს, რომელთა იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგაც ნივთზე დარეგისტრირდა ფინანსური ინსტიტუტის გირავნობის/იპოთეკის უფლება და ყველა იმ იპოთეკარს, რომელთა იპოთეკის შემდეგაც იპოთეკის საგანზე არ მომხდარა ფინანსური ინსტიტუტის უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით ირღვევა მათი საკუთრების კონსტიტუციური უფლება.
13. №868 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით გასაჩივრებული დებულებებით დადგენილი რეგულაცია ზღუდავს იპოთეკართა მეწარმეობის განვითარების უფლებას, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ მათი იპოთეკის საგანზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც აღემატება იპოთეკის საგნის ღირებულებას, იპოთეკარი ვერ შეძლებს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გაკოტრება და სამეწარმეო საქმიანობის დასრულება.
14. №868 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. წარმოდგენილი შუამდგომლობის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში მოსარჩელეები მოკლებული არიან შესაძლებლობას, დაიკმაყოფილონ მათი მოთხოვნა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შეიძლება დროში გაჭიანურდეს, იპოთეკართა მოთხოვნა კი თითქმის უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების ტოლია და ისინი ვეღარ შეძლებენ მომავალში აუქციონზე ქონების რეალიზაციის გზით სრულად დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნა. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმების მოქმედებით არა მხოლოდ მათ, არამედ ბევრ სხვა იპოთეკარსაც ადგება ზიანი და არსებობს რეალური საფრთხე, რომ მომავალში ისინი ვერ შეძლებენ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №868 კონსტიტუციური სარჩელით, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდაა გამხდარი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის 11 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ ,ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, თუ ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლებას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, წინ უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება უზრუნველყოფილ მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. ამავე პუნქტის მე-2 წინადადება კი ადგენს, რომ შემდეგ, დარჩენილი თანხით, დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით.
3. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელეთათვის პრობლემურია, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში მას უცვლელად მიჰყვება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო, მეორე მხირვ, იგი მიუთითებს იმ წესის არაკონსტიტუციურობაზე, რომლის თანახმადაც, ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით პირველ რიგში კმაყოფილდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ხოლო შემდეგ სხვა კრედიტორები. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ აღსრულების პროცესში პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან ფინანსური ინსტიტუტები და ფინანსური ინსტიტუტების იპოთეკის უფლების წინ რეგისტრირებული იპოთეკარები, რამდენადაც მათთან მიმართებით, პრიოტიტეტულად არ კმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო ყველა სხვა იპოთეკარი ვერ სარგებლობს იმავე უფლებებით.
4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის 11 პუნქტის მე-2 წინადადების სადავო სიტყვები („,ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით“) მიუთითებენ, რომ რიგ კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნების რიგითობის მიხედვით. იგი დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ან/და ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმა დამოუკიდებლად არ აწესებს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ან/და ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნის მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით უპირატესად დაკმაყოფილების წესს, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას.
5. გარდა ზემოთ ხსენებული არგუმენტაციისა, მოსარჩელეები დამატებით არ მიუთითებენ სხვა რაიმე გარემოებაზე, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმიდან მომდინარე მოსარჩელის უფლების შეზღუდვას. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. მის მიერ უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, ვერც მასა და კონსტიტუციის შესაბამის დებულებას შორის მიმართების წარმოსაჩენად გამოდგება.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, №868 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის 11 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ , ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ –“, ამავე წინადადების სიტყვის: „სხვა“და 823 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ“, ასევე: „ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. კონსტიტუციური სარჩელი არ იქნება მიღებული არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული არ არის უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე.
9. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნის პრიორიტეტულად დაკმაყოფილების წესს. ხოლო ამავე კანონის 823 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, თუ ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლებას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, წინ უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ პირის მოთხოვნები, უპირატესად, დაკმაყოფილდება უზრუნველყოფილ მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომელის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე. იმისათვის, რომ მოსარჩელე მხარემ იდავოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი და 11 პუნქტების ან მათი რომელიმე ნაწილის არაკონსტიტუციურობაზე, მან უნდა მოახდინოს ამ ნორმით დადგენილი რომელიმე წესის იდენტიფიცირება და მოითხოვოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილება ზღუდავს მათი როგორც იპოთეკარების კონსტიტუციურ უფლებებს. ამასთან, მის მდგომარეობაში მყოფი იპოთეკარები იმყოფებიან დიფერენცირებულ მდგომარეობაში ფინანსური ინსტიტუტების იპოთეკის უფლების წინ რეგისტრირებულ იპოთეკარებთან მიმართებით, რამდენადაც ამ უკანასკნელთა მოთხოვნა უპირატესად კმაყოფილდება საგადასახადო გირავნობიდან/იპოთეკიდან წარმოშობილ მოთხოვნასთან შედარებით. ხოლო მოსარჩელეები ამგვარი უფლებით ვერ სარგებლობენ და მათ მოთხოვნასთან მიმართებით პრიორიტეტი ენიჭება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის დაკმაყოფილებას.
10. ზემოთ ხსენებულის მიუხედავად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სიტყვები არ განსაზღვრავს იმ წესებს, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც ითხოვს იგი. უფრო მეტიც, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და 823 მუხლის 11 პუნქტის სადავო სიტყვები დამოუკიდებლად არ განსაზღვრავენ რაიმე ქცევის წესს. ისინი არ წარმოადგენენ ავტონომიური შინაარსის მქონე, უფლების მზღუდავი ხასიათის მატარებელ ნორმებს (ნორმატიულ აქტს). „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვები: „საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ –“; ასევე ამავე წინადადების სიტყვა „სხვა“და 823 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვები: „თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ“, ასევე „ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების“ წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველ პუნქტსა და 11 პუნქტში მოცემულ გრამატიკულ ერთეულებს, რომლებიც ქცევის წესს ქმნიან მხოლოდ სხვა სიტყვებთან კავშირში.
11. სასარჩელო მოთხოვნის სათანადო დასაბუთებად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ აღნიშნული სიტყვების ამოღებით შესაძლოა, მიღებულ იქნეს მოსარჩელეთათვის სასურველი ნორმატიული მოცემულობა. კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და 11 პუნქტის სადავო სიტყვების მექანიკურად ამოღებით, შესაძლოა, დარჩენილმა სიტყვებმა მართლაც შექმნან მოსარჩელისათვის სასურველი წინადადება. თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლო, წარმოადგენს რა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას ახორციელებს ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობის გზით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არა არსებული ნორმატიული მოცემულობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ, არამედ სადავო ნორმიდან შესაბამისი სიტყვების ამოღების გზით ახალი შინაარსის ნორმის მიღებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის N3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ითხოვს, სადავო სიტყვების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი ნორმები, რომლებიც მისთვის სასურველი ფორმით დაარეგულირებენ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას. ამგვარად დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კი სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებულ სადავო ნორმებს არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. შესაბამისად, №868 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ –“, ამავე წინადადების სიტყვის: „სხვა“ და 823 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ“, ასევე: „ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
14. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების უფლების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმა მათ აყენებს დიფერენცირებულ მდგომარეობაში ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებით, რამდენადაც ფინანსური ინსტიტუტები იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში იმყოფებიან სხვა იპოთეკარებზე უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში. კერძოდ, თუ იპოთეკის საგნის აუქციონის გზით რეალიზაცია ხორციელდება ფინანსური ინსტიტუტის მიერ, გასხვისებულ ქონებას არ მიჰყვება ფინანსური ინსტიტუტის იპოთეკის უფლების წარმოშობის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, სხვა იპოთეკარებთან მიმართებით კი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გასხვისებულ ნივთზე უცვლელი რჩება.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს. მოცემულ შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის სადავო სიტყვები ადგენენ იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის სამართლებრივ შედეგებს. სადავო სიტყვებით არ ხდება პირთა ან პირთა ჯგუფის განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში მოქცევა, იგი წარმოადგენს ზოგად წესს და ერთნაირად მიემართება ყველა იპოთეკარს. ამასთან, სადავო სიტყვები ადგენს, რომ ქონების რეალიზების შედეგად არ უქმდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და საერთოდ არ მიუთითებს ფინანსური ინსტიტუტების სპეციალურ უფლებრივ რეჟიმზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მათსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დიფერენცირებული მდგომარეობის არსებობის შესახებ, არ უკავშირდება სადავო ნორმას.
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №868 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
17. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. იგი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დებულება ზღუდავს იპოთეკართა მეწარმეობის თავისუფლებას, რადგანაც იმ შემთხვევაში თუ მათ იპოთეკის საგანზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელიც აღემატება იპოთეკის საგნის ღირებულებას, იპოთეკარი ვერ შეძლებს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი გაკოტრება და სამეწარმეო საქმიანობის დასრულება. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე მხარე საკუთრების უფლების შეზღუდვას, ამავდროულად, მიიჩნევს სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვადაც. მოსარჩელეთა ძირითადი არგუმენტაცია მიემართება სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვას, რამდენადაც სადავო ნორმებიდან გამომდინარე, იპოთეკარები მოკლებული არიან შესაძლებლობას, აუქციონზე მოახდინონ იპოთეკის საგნის რეალიზაცია და დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნა.
18. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებს შორის გარკვეული კავშირის არსებობაზე. თუმცა, მიუხედავად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში განმტკიცებულ ზოგიერთ უფლებასა და თავისუფლებას შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირისა, ხსენებული კონსტიტუციური ნორმებით დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ცალკეულ, ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლებისა თუ თავისუფლების კონტექსტში. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
19. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს მეწარმეობის თავისუფლებას და კონკურენციის განვითარებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად: „ზოგადად, პირებს (მათ შორის მეწარმე სუბიექტებს) შორის თანასწორობას და მათი საკუთრების უფლებას იცავს, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლები. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანი ვერ იქნება საკუთრებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევის ფაქტების აკრძალვა მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით. ამდენად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს მე-14 და 21-ე მუხლებით დაცული სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას. მეწარმე სუბიექტებს შორის დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა ან/და მათი საკუთრების უფლების დარღვევა იმთავითვე კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას ვერ განაპირობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63).
20. საკუთრების უფლების ხასიათიდან გამომდინარე, მისმა შეზღუდვამ შეიძლება გარკვეული ირიბი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ძირითადი უფლებით სრულყოფილად სარგებლობაზე, ჯეროვან რეალიზაციაზე. ბუნებრივია, რომ პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა, მისი შეზღუდვა, გარკვეულ ნეგატიურ გავლენას იქონიებს მის მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაზე, რამდენადაც პირის საკუთრება, რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად განაპირობებს მის სამეწარმეო პოტენციალს. თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ იზღუდება საკუთრების უფლება, თავისთავად, არ იწვევს მეწარმეობის თავისუფლებაში ჩარევას. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მათი მეწარმეობის თავისუფლება იზღუდება იმდენად, რამდენადაც ვერ ახერხებენ იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სხვა არგუმენტი, გარდა იმისა, რომ მათ ეზღუდებათ ქონებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ქონებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობა, თავისთავად, დამატებითი არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, არ ნიშნავს მეწარმეობის უფლებაში ჩარევას. ამ კუთხით, სადავო დებულების საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა სცდება საკუთრების უფლების სფეროს შეზღუდვას და სხვა რაიმე ფორმით ახდენს გავლენას თავისუფალ მეწარმეობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ საკუთრების უფლებაში ჩარევის დასაბუთებით და №868 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არაა რაიმე დამატებითი არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა მეწარმეობის თავისუფლების რაიმე კონკრეტული კომპონენტის შეზღუდვაზე. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საკუთრების უფლების შეზღუდვა არ წარმოადგენს სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართების წარმოჩენისთვის თვითკმარ საფუძველს.
21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №868 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
22. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების და 823 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
23. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ხსენებული სადავო დებულებებით ირღვევა მათი საკუთრების უფლება და მეწარმეობის თავისუფლება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციას ახორციელებს ფინანსური ინსტიტუტი, შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხოლო ამავე კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ, თუ იძულებითი აღსრულების პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ ფინანსური ინსტიტუტი და სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსური ინსტიტუტის მოთხოვნა წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება ფინანსური ინსტიტუტის მოთხოვნა, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
24. აშკარაა, რომ სადავო დებულებები აწესრიგებენ იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფილ მოთხონათა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნათა დაკმაყოფილების რიგითობას. ხსენებული სადავო სიტყვების მოწესრიგების საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების წესის განსაზღვრა. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის რაიმე არგუმენტაცია იმის დასასაბუთებლად, თუ რა გავლენას ახდენს გასაჩივრებული მოწესრიგება მისი, როგორც იპოთეკარის საკუთრების უფლებაზე, ან რა კუთხით იზღუდება მეწარმეობის თავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელეთა მხრიდან სადავო ნორმების შინაარსისა და რეგულირების საგნის არასწორ აღქმას.
25. ხსენებულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 823 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
26. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება და 823 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, რამდენადაც ფინანსურ ინსტიტუტებს აყენებს უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში სხვა იპოთეკარებთან შედარებით. ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ პრივილეგირებულ სუბიექტებს, რამდენადაც იმ შემთხვევაში, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს სადავო ნორმაში მითითებული ფინანსური ინსტიტუტი და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებულია ამ სუბიექტის იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, აუქციონზე გასხვისებულ ქონებას არ მიჰყვება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ყველა სხვა იპოთეკარის შემთხვევაში კი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უცვლელად მიჰყვება აუქციონზე შეძენილ ქონებას. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების პროცესში მონაწილეობენ ფინანსური ინსტიტუტი და სსიპ შემოსავლების სამსახური, კრედიტორთა დაკმაყოფილება ხდება მათი მოთხოვნების რიგითობის მიხედვით და საგადასახადო გირავნობიდან/იპოთეკიდან მომდინარე მოთხოვნა, უპირატესად, არ კმაყოფილდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ფინანსური ინსტიტუტები, მოსარჩელეებთან შედარებით, წარმოადგენენ პრივილეგირებულ სუბიექტებს აღსრულების პროცესში.
27. №868 კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული პოზიციის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნას არ წარმოადგენს ისეთი სამართლებრივი რეგულაციის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც ფინანსური ინსტიტუტების მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციისას არ გაუქმდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ან იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების პროცესში ერთდროულად მონაწილეობენ ფინანსური ინსტიტუტი და სსიპ შემოსავლების სამსახური, იპოთეკის საგნის რეალიზაციისას უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეგულაციის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან წინააღმდეგობას განაპირობებს მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტების უფლება, ისარგებლენ აღნიშნული პრივილეგიით, ხოლო სხვა იპოთეკარებზე მსგავსი სამართლებრივი რეგულაცია არ ვრცელდება. მათი მითითებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია იმის გამო, რომ მათ საფუძველზე ფინანსური ინსტიტუტებისათვის დადგენილი უფლებრივი რეჟიმიდან თავად არიან გამორიცხული. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გაუარესდება ფინანსური ინსტიტუტების სამართლებრივი მდგომარეობა და, დამატებით, სხვა იპოთეკარებიც შეძლებენ იმავე პრივილეგიით სარგებლობას.
28. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის საფუძველზე, ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას იმგვარად, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან დადგენილი რეგულაცია დარჩეს უცვლელად და მათ კვლავ იმავე პირობით შეეძლოთ იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ამასთან, სხვა იპოთეკარებსაც მიენიჭოთ ანალოგიური წესით სარგებლობის შესაძლებლობა. ანუ მოსარჩელე მხარე ითხოვს, გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთა მიერ განხორციელებული იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის შედეგადაც გაუქმდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და რომლებთან მიმართებითაც საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა პრიორიტეტულად არ კმაყოფილდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს იმგვარი რეგულაციის შექმნა, რომელიც სხვა იპოთეკარებსაც მოაქცევს ხსენებულ უფლებრივ რეჟიმში.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი არსით „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
31. როგროც უკვე აღინიშნა, ზემოთ ხსენებული სადავო ნორმები არ არეგულირებენ მოსარჩელეთა მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა, უზრუნველყოფილ კრედიტორთა (გარდა ფინანსური ინსტიტუტებისა) მიერ იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის შედეგებსა და მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობას საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნებთან მიმართებით. ამდენად, ხსენებული ნორმები არ განაპირობებს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოსარჩელეთა მოთხოვნასთან მიმართებით პრიორიტეტულად დაკმაყოფილებას ან მათ მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაციისას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შენარჩუნებას გასხვისებულ ქონებაზე. შესაბამისად, მათი ვერც ერთი ნორმატიული შინაარსის გაუქმება ვერ შეცვლის მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციის რეჟიმს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნებთან მიმართებით. სადავო ნორმა ადგენს სპეციალურ წესს იმ შემთხვევისათვის, როდესაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაზე უფრო ადრე რეგისტრირებულია ფინანსური ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, ერთადერთი შედეგი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას შეიძლება მოჰყვეს, არის ფინანსური ინტიტუტებისთვის დადგენილი სპეციალური რეჟიმის გაუქმება.
32. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე პრობლემურად არ მიიჩნევს ფინანსური ინსტიტუტებისათვის სადავო ნორმით დადგენილ უფლებრივ რეჟიმს. აღნიშნულის საპირისპიროდ, იგი ითხოვს სადავო ნორმის შინაარსის იმგვარად გაფართოებას, რომ ფინანსური ინსტიტუტების გარდა სხვა იპოთეკარებმაც შეძლონ ზემოხსენებული რეგულაციით სარგებლობა, გაიზარდოს სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ მოქცეულ პირთა წრე იმგვარად, რომ მოსარჩელეებიც მოექცნენ მისი მოქმედების ფარგლებში. აღნიშნული მოთხოვნა შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც წარმოადგენს კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილს და არა ნეგატიური კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსარჩელე მხარის იმავე სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელშიც იმყოფებიან ფინანსური ინსტიტუტები სააღსრულებო წარმოების პროცესში, სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
33. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №868 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებისა და 823 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
34. №868 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
35. მოსარჩელე ასევე ითხოვს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში მოსარჩელეები მოკლებული არიან შესაძლებლობას, დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შეიძლება დროში გაჭიანურდეს, იპოთეკართა მოთხოვნა კი თითქმის უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების ტოლია და ისინი ვეღარ შეძლებენ მომავალში, აუქციონზე, ქონების რეალიზაციის გზით, სრულად დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნა. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ მათ და მათ კატეგორიაში მყოფ პირებს მიადგეთ გამოუსწორებელი ზიანი.
36. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის №1/6/675 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3).
37. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნისას მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, ნორმის მოქმედების პირობებში, განჭვრეტად მომავალში, მისი უფლებების შეუქცევადად დარღვევის რეალური საფრთხის არსებობა. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა შეიძლება დროში ძალიან გაჭიანურდეს და ამ პერიოდში იპოთეკართა მოთხოვნამ შესაძლოა გადააჭარბოს იპოთეკის საგნის საბაზრო ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა შუამდგომლობა ეფუძნება აბსტრაქტულ ვარაუდს, მათ სუბიექტურ მოსაზრებას საქმის განხილვის დროსთან დაკავშირებით და აღნიშნული არგუმენტი ვერ წარმოაჩენს მოსარჩელეთა უფლების შეუქცევადად დარღვევის რისკს. ამასთანავე, მოსარჩელეს ევალება არა მხოლოდ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობის, არამედ იმის დასაბუთება, რომ დამდგარი ზიანი გამოუსწორებელი ხასიათისაა. კონსტიტუციურ სარჩელში საკმარისი სიცხადით არ არის წარმოდგენილი დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეძლებენ მოსარჩელეები კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაციას და საკუთარი მოთხოვნის ამ გზით დაკმაყოფილებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელეებისთვის უფლების შეუქცევად დარღვევას.
38. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №868 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №868 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი და მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „(გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების, ამავე კანონის 823 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ –“; ასევე სიტყვის: „სხვა“ და ამავე პუნქტის მე-2 წინადადების; „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 823 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების: „თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას/იპოთეკას, რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ“; „ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების“ და ამავე პუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების: „ , ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. №756, №822 და №868 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი