საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/1225 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 23 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 მარტი 2018 18:06 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილის და 3065 მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობით ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 19 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1225) მომართა საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძემ. №1225 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 24 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 23 მარტს.
2. №1225 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-12, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები (შემდგომში საფინანსო ინსტიტუტები), საკუთრების გადასვლის შედეგად, უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე, მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით, შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ საკუთრების გადასვლის შედეგად, უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ნივთზე ადრე რეგისტრირებული უფლებები კი უცვლელი რჩება.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას, აგრეთვე აღნიშნული უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლებსა და პირობებს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს უწესებს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებას და კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტებით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და შრომითი უფლებების ცალკეული კომპონენტების მოწესრიგება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფოს ვალდებულებები გარემოს დაცვისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არინ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
7. №1225 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირი, რაც დადგენილია 2013 წლის 7 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/1040-13 გადაწყვეტილებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულია აღსასრულებლად, თუმცა აღსრულება შეფერხებულია. კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ დაყადაღებული ქონება სადავო ნორმების მოქმედების შედეგად გათავისუფლდა ყადაღისგან, ხოლო მოვალის სხვა ერთ ერთეულ ქონებაზე აღსრულების წარმოება შეჩერებულია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მოსარჩელის განცხადებით, მას აუცილებლად ესაჭიროება ქირურგიული და სხვა სახის სამედიცინო პროცედურები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მისი მოთხოვნის აღსრულებასთან.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ფაქტობრივად ქონების იძულებითი რეალიზაციისას განსაზღვრავენ საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას სხვა კრედიტორების მოთხოვნებთან მიმართებით. კერძოდ, თუ საგადასახადო გირავნობით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია განხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე კრედიტორის სასარგებლოდ, ახალი შემძენის საკუთრებაში გადასულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლება არ უქმდება და საგადასახადო ორგანო ინარჩუნებს უფლებებს ამ ქონებაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში, პირველ რიგში, დაკმაყოფილდება საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო ორგანოს გააჩნია მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნებთან მიმართებით. ამასთან, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესაძლებლობას ამცირებს და ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რამდენადაც რეალიზაციის საგანზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა შეიძლება აღემატებოდეს ქონების რეალურ ღირებულებას. ამდენად, ქონების ახალი შემძენი არ მოისურვებს ამგვარი ქონების შეძენას.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლება, მისი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, ხოლო სადავო ნორმები აფერხებს ან შეუძლებელს ხდის აღნიშნულ საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რამდენადაც ნივთზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ნივთის რეალურ ღირებულებას და, შესაბამისად, აუქციონზე არავინ მოისურვებს ისეთი ქონების შეძენას, რომელსაც მიჰყვება მოცემული ქონების საბაზრო ღირებულებაზე მრავალჯერ მეტი ვალდებულება, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მისი საკუთრების უფლებას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ წინაპირობებს, რამდენადაც კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მე-2 პუნქტში მითითებული „საზოგადოებრივი საჭიროება“ გულისხმობს ინტერესთა ბალანსს, ხოლო სადავო ნორმები არ ითვალისწინებს საქმის გარემოებებს და ზღუდავს მაღალი სოციალური მნიშვნელობის მოთხოვნის განხორციელებას.
10. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით საგადასახადო ორგანოსათვის და სხვა უზრუნველყოფილი კრედიტორებისათვის ფაქტობრივად მინიჭებული პრიორიტეტულობა დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, კრედიტორს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სახელმწიფოსთან და სხვა ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან მიმართებით, რამდენადაც იგი იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ შესაძლოა სამომავლოდ ადგილი ჰქონდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტს, ვერ მოითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
11. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმები ზღუდავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებასაც, რამდენადაც საწარმოო ტრავმით დაზარალებულ კრედიტორს, იმის გამო, რომ სარეალიზაციო ქონებას მიჰყვება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ექმნება საფრთხე, ვერ დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, რაც აღნიშნულ საქმეებზე პირდაპირ უკავშირდება კრედიტორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფინანსურ უზრუნველყოფას.
12. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან კონსტიტუციურობაზე საუბრისას მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლების შეზღუდვა, მიიღოს სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ზღუდავს კონსტიტუციით განმტკიცებულ შრომის თავისუფლების პრინციპს. სადავო ნორმები ასევე უგულებელყოფენ შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლებას, რამდენადაც აღნიშნული მოიცავს როგორც დასაქმებულის უსაფრთხოების აუცილებელი სტანდარტებით უზრუნველყოფილ გარემოში საქმიანობის, ასევე ამ სტანდარტების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებას.
13. კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულაცია აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რადგანაც ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და არ ითვალისწინებს მოსარჩელის შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სამართლიანად გადაწყვეტს მოთხოვნათა დაკმაყოფილების წესსა და რიგითობას.
14. კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა №1225 და №756 კონსტიტუციური სარჩელების გაერთიანების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ორი კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია ერთი მოსარჩელის, მამია მიქაუტაძის მიერ და კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები მოიცავს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში გათვალისწინებულ იდენტურ სამართლებრივ პრობლემებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციით, შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ შემძენზე ყოველთვის დაუტვირთავი საკუთრება უნდა გადადიოდეს. შესაბამისად, მის აზრით, სადავო ნორმის მითითება, რომლის თანახმადაც, ზოგადი წესი გამოიყენება „გარდა 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა“, არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
4. აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ზემოთ ხსენებული რეგულაციები მიმთითებელი ხასიათისაა. აღნიშნული რეგულაციები თვითონ არ ადგენენ კონკრეტულ სამართლებრივ მოწესრიგებებს, არამედ მიუთითებენ იმ ნორმებზე, რომლითაც უშუალოდ უნდა მოწესრიგდეს ესა თუ ის სამართლებრივი ურთიერთობა. ზოგადად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს მხოლოდ იმ რეგულაციის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც იწვევს მისი უფლებების უშუალო შეზღუდვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როდესაც მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია არა მიმთითებელი ნორმა, არამედ უშუალოდ მითითებული ნორმით გათვალისწინებული წესი, მოსარჩელემ უნდა გაასაჩივროს სწორედ ის რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს უფლების მზღუდავი წესის შინაარსს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი, საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადება არ არეგულირებს აუქციონზე ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გადასვლის წესს, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას და №1225 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია შინაარსობრივად სადავო ნორმებს არ მიემართება.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1225 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. მოსარჩელე მხარე აგრეთვე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა აწესრიგებს იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა, თუ აღსრულებას ახორციელებენ მითითებული საფინანსო ინსტიტუტები. კერძოდ, საფინანსო ინსტიტუტების მიერ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას ქონება შემძენზე უფლებრივად დაუტვირთავი სახით გადადის; რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება თავისუფლდება, მათ შორის, ამ კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ტვირთისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე არ არის აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი, სადავო რეგულაცია არ განსაზღვრავს მოსარჩელე მხარის უფლებრივ სტატუსსა და სამართლებრივ მდგომარეობას. ამასთან, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს მხოლოდ მის მდგომარეობაში მყოფ პირებსა და სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებს შორის არსებულ უთანასწორო მდგომარეობაზე და საერთოდ არ აქვს წარმოდგენილი რაიმე დამატებითი არგუმენტაცია იმის დასასაბუთებლად, რა გავლენას ახდენს გასაჩივრებული მოწესრიგება, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის სხვა ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1225 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
8. კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სადავო რეგულაცია განსაზღვრავს იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაციის შედეგად შეძენილი ქონების უფლებრივ მდგომარეობას, კერძოდ, ამგვარი ქონება თავისუფლდება აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის რეგისტრაციის შემდგომ რეგისტრირებული უფლებრივი ტვირთისაგან. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა არ ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ განხორციელებულ აღსრულებაზე, ასევე არ განსაზღვრავს ამგვარი კრედიტორის უფლებრივ მდგომარეობას ან სამართლებრივ სტატუსს. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე დამატებითი არგუმენტაცია იმის დასასაბუთებლად, რა გავლენას ახდენს გასაჩივრებული მოწესრიგება ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის როგორც არაუზრუნველყოფილი კრედიტორის, უფლებრივ მდგომარეობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ვერ წარმოაჩინა გასაჩივრებული სიტყვებით მოსარჩელის ძირითადი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების მზღუდავი ხასიათი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლთან, 30-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1225 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
10. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული ნორმები აწესრიგებს, ერთი მხრივ, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების წესსა და პროცედურას, მეორე მხრივ, იძულებით აუქციონზე ქონების გასხვისების სამართლებრივ შედეგებს.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
12. საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების რეგულირების სფეროში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კი, შეფასებადია იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც საკუთრების ექსპროპრიაციის წესს არეგულირებენ. „საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, უდავოა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნები, სხვა ქონებრივი უფლებების მსგავსად, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში. თუმცა სადავო ნორმებით დადგენილია არა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნების ჩამორთმევის წესი, არამედ თავად ამ მოთხოვნაზე საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები. სადავო ნორმებით განსაზღვრულია ის, როგორია ამა თუ იმ ქონებრივი მოთხოვნის რეალიზების ფარგლები და არა ის, რა პირობებში შეიძლება განხორციელდეს ამ მოთხოვნის ჩამორთმევა. შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მათ არ გააჩნია მიმართება ამავე მუხლის მე-3 პუნქტთან.
14. №1225 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით დადგინდა დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევით მოსარჩელისთვის ჯანმრთელობის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის დაკისრების საფუძველი გახდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუ საგადასახადო გირავნობით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია განხორციელდება არაუზრუნველყოფილი კრედიტორის, მაგალითად, ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე კრედიტორის, საქმეზე ახალი შემძენის საკუთრებაში გადასულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლება არ უქმდება და საგადასახადო ორგანო ინარჩუნებს უფლებებს ამ ქონებაზე. მოსარჩელის განმარტებით ამგვარი რეგულაციის არსებობა გამორიცხავს მის მიერ კომპენსაციის მიღების უფლებას, რადგანაც, შესაძლოა, რომ მოვალის ქონება არ იყოს საკმარისი ყველა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომის უფლებებს.
15. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ქონებრივი უფლებები საკუთრების უფლებით დაცული სიკეთეა. ამავე დროს, საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებაა და მისი ეფექტური რეალიზება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, მოსარჩელის მიერ მითითებულ ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობაზე. ბუნებრივია, ადამიანის მკურნალობა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში კრედიტორის წინაშე მოსარჩელის მოთხოვნის აღსრულება შესაძლოა კავშირში იყოს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან. თუმცა აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულების უზრუნველყოფა კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებებით, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების ანდა შრომის უფლებით დაცულად იქნეს მიჩნეული.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონებრივი ხასიათის მოთხოვნების რეალიზების შესაძლებლობა არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, 30-ე მუხლით და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებები არეგულირებს აბსოლუტურად განსხვავებულ უფლებრივ ასპექტებს, რაც დაკავშირებულია სიცოცხლის ხელშეუვალობის დაცვასთან, შრომისა და მეწარმეობის თავისუფლებასთან და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლებასთან.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 30-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, №1225 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
18. მოსარჩელე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობის უფლებას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ძირითადი მიზანმიმართულება არის ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქეების (როგორც ინდივიდუალურად, ისე ასეთ უმცირესობებს მიკუთვნებული მოქალაქეთა ჯგუფების) სწორედ ამ საფუძვლებით დისკრიმინაციის აკრძალვა და მათთვის საზოგადოებაში თავისუფალი ინტეგრირების, სრულყოფილი თვითრეალიზაციის უმრავლესობასთან თანაბარი შესაძლებლობის გარანტირება, საკუთარი იდენტურობის შენარჩუნების ხელშეწყობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის №1/1/564 განჩინება საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, იმისთვის, რომ პირმა დაასაბუთოს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, აუცილებელია, იგი მიუთითებდეს, რომ დიფერენცირება უკავშირდება პირის ჩამოთვლილ უმცირესობათა წრესთან კუთვნილებას. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არაა წარმოდგენილი არგუმენტაცია მოსარჩელე მხარის საქართველოს მოქალაქის რომელიმე უმცირესობასთან კუთვნილების გამო დისკრიმინაციის შესახებ.
19. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1225 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
20. კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ იმგვარი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს - პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
21. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ დიფერენცირება ხორციელდება, ერთი მხრივ, მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ კრედიტორებსა (რომელთა მოთხოვნა წარმოიშვა დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვის შედეგად) და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს (საგადასახდო გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორი) და სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებს შორის.
22. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ... ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია ადამიანებს შორის თანასწორობის უფლება კანონის წინაშე, რაც გამორიცხავს სახელმწიფოსა და ადამიანის შესადარებელ ჯგუფად განხილვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანმიმართულება არ არის ადამიანებისა და სახელმწიფოს თანასწორობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სადავო ნორმების დისკრიმინაციულად მიჩნევას ადამიანისა და სახელმწიფოს შესადარებელ ჯგუფად განხილვის საფუძველზე, ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შინაარსის არასწორ აღქმას და დაუსაბუთებელია.
23. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმების მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ ხორციელდება დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს შორის. შესაბამისად, სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული მოპყრობა დაკავშირებული უნდა იყოს ამა თუ იმ პირთა შესადარებელ ჯგუფთან.
24. სადავო ნორმები არეგულირებს აუქციონზე იძულებითი წესით რეალიზებულ ქონებაზე უფლების გადასვლის წესს. კერძოდ, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზაციისას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებრივი ტვირთი უცვლელი რჩება, ხოლო რიგი უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ ქონების რეალიზაციისას ქონება უფლებრივი ტვირთისგან სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება. ამავე დროს, აღნიშნული არ უკავშირდება კრედიტორის პიროვნებასთან დაკავშირებულ რაიმე ფაქტორს. იძულებითი წესით რეალიზებულ ქონებაზე უფლების გადასვლის წესი დამოკიდებულია თავად მოთხოვნის ტიპზე. ნებისმიერი პირი, მათ შორის, მოსარჩელე, შეიძლება იყოს როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორი. შესაბამისად, სადავო ნორმები ქონებაზე უფლების გადასვლის წესის განსაზღვრით დიფერენცირებას ახდენს არა პირთა, არამედ თავად მოთხოვნათა შორის. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს პირთა შორის განხორციელებული დიფერენცირებისა და, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემთხვევებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილ იყოს კანონის წინაშე თანასწორობა სამართლის სუბიექტებს - პირებს შორის. თანასწორობის ძირითადი კონსტიტუციური უფლება არ მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მსგავსი სამართლებრივი კატეგორიების მიმართ თანასწორი მოპყრობა. სადავო ნორმები მხოლოდ მსგავსი ტიპის სამართლებრივი კატეგორიების - ქონებრივი მოთხოვნების მიმართ ადგენს განსხვავებულ, დიფერენცირებულ რეჟიმს და ამ რეჟიმის დიფერენცირებულობა ნეიტრალურია პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ნეიტრალური ხასიათისაა და არ ითვალისწინებს პირებს შორის დიფერენციაციას.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, №1225 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
26. მოსარჩელე, აგრეთვე ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ქონების იძულებითი რეალიზაციისას აღსრულების რიგითობა და პრიორიტეტულობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და არ ითვალისწინებს მოსარჩელის შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სამართლიანად გადაწყვეტს მოთხოვნათა დაკმაყოფილების წესსა და რიგითობას.
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტულ ხასიათს ატარებს. იგი „… ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, ხსენებული უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, კონსტიტუციით ან/და კანონით დადგენილი მატერილური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს ეფექტური პროცესუალური მექანიზმებით. ამ უფლების მიზანს არ წარმოადგენს ამა თუ იმ მატერიალური უფლების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მატერიალური მოთხოვნების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა.
28. სადავო ნორმები, მოცემულ შემთხვევაში, არეგულირებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორის, იპოთეკარის/მოგირავნის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის კრედიტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ აუქციონზე იძულებითი წესით რეალიზებულ ქონებაზე უფლების გადასვლის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების შესაბამისად, არაუზრუნველყოფილი კრედიტორის მიერ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას აღსასრულებელ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებრივი ტვირთი უცვლელი რჩება, მაშინ როდესაც იპოთეკარის/მოგირავნის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის კრედიტორისა და საფინანსო ინსტიტუტების მიერ ქონების იძულებითი რეალიზაციის წესით გასხვისებისას ქონება უფლებრივი ტვირთისგან სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელე ითხოვს არა რომელიმე პროცედურულ ასპექტზე მითითებით, არამედ იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, მასთან, როგორც არაუზრუნველყოფილ კრედიტორთან მიმართებით სადავო კანონმდებლობა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის კრედიტორსა და სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებს აყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მეორე მხრივ კი, იძულებითი წესით ქონების რეალიზაციის შედეგად, ქონებაზე უფლების ამგვარი წესით გადასვლა ამცირებს საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ფასსა და რეალიზაციის შესაძლებლობას, რადგანაც შეძენილ ქონებაზე უფლებრივი ტვირთის ოდენობა შესაძლებელია, აღემატებოდეს ქონების რეალურ ღირებულებას. აღნიშნულ შემთხვევაში სადავო ნორმები ხსენებულ მოთხოვნებზე საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს განსაზღვრავს და, ამ თვალსაზრისით, განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების მოწესრიგების სფეროს.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1225 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1225 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1225 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი, მე-2 და მე-4 წინადადებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065 მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1225 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-2 წინადადების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილის და 3065 მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილის და 3065 მუხლის მე-5 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. №756, №822, №868 და №1225 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი