საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №2/2/822 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 23 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 მარტი 2018 17:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 280-ე მუხლის, 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 308-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №822) მომართა საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 19 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 23 მარტს.
2. №822 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-12, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 254-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ მოგირავნეს გააჩნია გირავნობის საგნიდან მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით. სსკ-ის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან, პირველ რიგში, იფარება რეალიზაციის ხარჯები და კმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა. აღნიშნული მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები განსაზღვრავს რეალიზაციის ხარჯებისა და მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ დარჩენილი თანხის ნოტარიუსთან დეპოზიტზე შენახვის, მოგირავნის მიერ თანხის შენახვისთვის დადგენილი წესის დაუცველობით მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის, გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხის განაწილების საკითხებს. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დატვირთული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უძრავი ქონების გამოყენებას იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი კრედიტორი დაკმაყოფილდეს, პირველ რიგში, სხვა კრედიტორებთან შედარებით. სსკ-ის 308-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან, პირველ რიგში, იფარება ხარჯები, ხოლო შემდგომ კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. ამასთან, თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს შრომის თავისუფლების უფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი უწესებს სახელმწიფოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებას და კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტებით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ვალდებულება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და შრომითი უფლებების ცალკეული კომპონენტების მოწესრიგება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფოს ვალდებულებები გარემოს დაცვისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მხრივ. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არინ სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
5. №822 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირი, რაც დადგენილია 2013 წლის 7 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს №2ბ/1040-13 გადაწყვეტილებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულია აღსასრულებლად, თუმცა აღსრულება შეფერხებულია. კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ დაყადაღებული ქონება გათავისუფლდა ყადაღისგან, ხოლო მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების წარმოება შეჩერებულია საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მოსარჩელის განცხადებით, მას აუცილებლად ესაჭიროება ქირურგიული და სხვა სახის სამედიცინო პროცედურები, რაც პირდაპირ დაკავშირებულია მისი მოთხოვნის აღსრულებასთან. ამასთან, ტრავმის შედეგად მიყენებული დაზიანებების მძიმე ხასიათის გამო, მოსარჩელე ვერ ახერხებს სოციალურ და კულტურულ გარემოში ინტეგრირებას.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა და პრიორიტეტულობა, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა, უზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორებსა და სახელმწიფოსთან მიმართებით იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ტიპის საქმეებზე მას არ აქვს შესაძლო რისკისა და, შესაბამისად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გათვალისწინების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 38-ე მუხლის პირველ პუნქტს.
7. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ სიცოცხლის ხელშეუვალობისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებებს. სადავო ნორმები აფერხებს ან გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელს ხდის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კომპენსაციის მიღებას. აღნიშნულ რეგულირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანზე პირდაპირი ზემოქმედების აკრძალვასთან ერთად მოიცავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების უფლებას.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლება მისი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, ხოლო სადავო ნორმები აფერხებს ან შეუძლებელს ხდის კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რითაც იზღუდება მისი საკუთრების უფლება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის წინაპირობებს, რამდენადაც კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მე-2 პუნქტში მითითებული „საზოგადოებრივი საჭიროება“ გულისხმობს ინტერესთა ბალანსს, ხოლო სადავო ნორმები არ ითვალისწინებს საქმის გარემოებებს და ზღუდავს მაღალი სოციალური მნიშვნელობის მოთხოვნის განხორციელებას.
9. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ადამიანის უფლების შეზღუდვა, მიიღოს სამუშაოს შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, არღვევს კონსტიტუციით განმტკიცებულ შრომის თავისუფლების პრინციპს. სადავო ნორმები ასევე უგულებელყოფს შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლებას, რამდენადაც აღნიშნული მოიცავს როგორც დასაქმებულის უსაფრთხოების აუცილებელი სტანდარტებით უზრუნველყოფილ გარემოში საქმიანობის, ასევე ამ სტანდარტების დარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებას.
10. კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა №822 და №756 კონსტიტუციური სარჩელების გაერთიანების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ორი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია ერთი მოსარჩელის, მამია მიქაუტაძის მიერ. მოსარჩელის აზრით, №756 და №822 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ გამხდარი ნორმები მოიცავს იდენტურ სამართლებრივ პრობლემებს, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში.
II სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეში მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას. სსკ-ის 280-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს“. ხსენებული ნორმის, ისევე როგორც სადავოდ გამხდარი სხვა ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მიუთითებს გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობის არაკონსტიტუციურობაზე. კერძოდ, იგი მიიჩნევს, რომ არც ერთი კრედიტორის მოთხოვნა არ უნდა კმაყოფილდებოდეს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვის შედეგად წარმოშობილ მოთხოვნებზე პრიორიტეტულად.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის მე-3 ნაწილის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ იგი აწესრიგებს გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან კრედიტორთა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხის ბედის განსაზღვრის საკითხს და ადგენს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს დამგირავებელს. სადავო რეგულაცია არ შეეხება კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელის უფლებას არ ზღუდავს. ამავე დროს, ხსენებული სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელეს გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობის საკითხის მიღმა დამატებით არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია.
4. მოსარჩელე ასევე ითხოვს სსკ-ის 280-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების წინაშე იმ ზიანისთვის, რომელიც წარმოიშობა საგნის რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდგომ დარჩენილი თანხის ნოტარიუსთან დეპოზიტზე შეუტანლობის შედეგად. სადავო ნორმა განსაზღვრავს გირავნობის საგნის განმახორციელებელი მოგირავნის პასუხისმგებლობის საკითხს მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, ხსენებული სადავო ნორმა საერთოდ არ ეხება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით წარმოშობილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის განსაზღვრას.
5. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი სსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა, რომლის მიხედვითაც, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს. აღნიშნული ნორმა აწესრიგებს აუქციონის განმახორციელები იპოთეკარის ვალდებულებას, უზრუნველყოს ხარჯების სრული მოცულობით დაფარვა. სადავო რეგულაცია არ ვრცელდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნების მქონე კრედიტორებზე და იგი არც კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საკითხს არეგულირებს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების და 308-ე მუხლის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ მათი შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული ნორმები განაპირობებენ მისი მოთხოვნის სხვა მოთხოვნებთან შედარებით ნაკლებად პრიორიტეტულად დაკმაყოფილებას, თუმცა სადავო ნორმები ხსენებულ საკითხს საერთოდ არ შეეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და 308-ე მუხლის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. მოსარჩელე მხარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილს, 280-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებს, 286-ე მუხლის პირველ ნაწილს და 308-ე მუხლის პირველ წინადადებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმები აწესრიგებს გირავნობის/იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით რეალიზაციის ხარჯებისა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
9. საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევიან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების რეგულირების სფეროში. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კი შეფასებადია იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც საკუთრების ექსპროპრიაციის წესს არეგულირებენ. „საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამდენად, უდავოა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნები, სხვა ქონებრივი უფლებების მსგავსად, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში. თუმცა სადავო ნორმებით დადგენილია არა ქონებრივი ხასიათის მოთხოვნების ჩამორთმევის წესი, არამედ თავად ამ მოთხოვნაზე საკუთრების უფლების შინაარსი და ფარგლები. სადავო ნორმებით განსაზღვრულია ის, თუ როგორია ამა თუ იმ ქონებრივი მოთხოვნის რეალიზების ფარგლები და არა ის, თუ რა პირობებში შეიძლება განხორციელდეს ამ მოთხოვნის ჩამორთმევა. შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მათ არ გააჩნიათ მიმართება ამავე მუხლის მე-3 პუნქტთან.
11. №822 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, დადგინდა დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევით მოსარჩელისთვის ჯანმრთელობის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის დაკისრების საფუძველი გახდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოვალის ქონება არ არის საკმარისი ყველა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად და სხვა კრედიტორთა მოთხოვნების პრიორიტეტულად დაკმაყოფილება გამორიცხავს მის მიერ კომპენსაციის მიღებას. შესაბამისად, მხარის პოზიციით, სადავო ნორმები აფერხებს კუთვნილი კომპენსაციის მიღებას, რაც ზღუდავს მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომის უფლებებს.
12. როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ქონებრივი უფლებები საკუთრების უფლებით დაცული სიკეთეა. ამავე დროს, საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლებაა და მისი ეფექტური რეალიზება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, მოსარჩელის მიერ მითითებულ ჯანმრთელობის დაცვის შესაძლებლობაზე. ბუნებრივია, ადამიანის მკურნალობა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, ამ შემთხვევაში კრედიტორის წინაშე მოსარჩელის მოთხოვნის აღსრულება შესაძლოა კავშირში იყოს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნების აღსრულების უზრუნველყოფა კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებებით, მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების ანდა შრომის უფლებით დაცულად იქნეს მიჩნეული.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონებრივი ხასიათის მოთხოვნების რეალიზების შესაძლებლობა არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, 30-ე მუხლით და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულებები არეგულირებს აბსოლუტურად განსხვავებულ უფლებრივ ასპექტებს, რაც დაკავშირებულია სიცოცხლის ხელშეუვალობის დაცვასთან, შრომისა და მეწარმეობის თავისუფლებასთან და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების უფლებასთან.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 280-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 308-ე მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 30-ე მუხლთან და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, N822 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
15. მოსარჩელე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ადგენს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობის უფლებას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ძირითადი მიზანმიმართულება არის ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქეების (როგორც ინდივიდუალურად, ისე ასეთ უმცირესობებს მიკუთვნებული მოქალაქეთა ჯგუფების) სწორედ ამ საფუძვლებით დისკრიმინაციის აკრძალვა და მათთვის საზოგადოებაში თავისუფალი ინტეგრირების, სრულყოფილი თვითრეალიზაციის უმრავლესობასთან თანაბარი შესაძლებლობის გარანტირება, საკუთარი იდენტურობის შენარჩუნების ხელშეწყობა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის №1/1/564 განჩინება საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). შესაბამისად, იმისთვის, რომ პირმა დაასაბუთოს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, აუცილებელია, იგი მიუთითებდეს, რომ დიფერენცირება უკავშირდება პირის ჩამოთვლილ უმცირესობათა წრესთან კუთვნილებას.
16. N822 კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია საქართველოს მოქალაქის რომელიმე უმცირესობასთან კუთვნილების გამო დისკრიმინაციის შესახებ. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 280-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 308-ე მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
17. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
18. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება ხორციელდება, ერთი მხრივ, მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ კრედიტორებსა (რომელთა მოთხოვნა წარმოიშვა დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვის შედეგად) და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს და სხვა, უზრუნველყოფილ კრედიტორებს შორის. მოსარჩელის მითითებით. ზემოთ ხსენებულ კრედიტორთა მოთხოვნა, მის მოთხოვნასთან შედარებით, პრიორიტეტულად, ადრე კმაყოფილდება, რაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების დარღვევას განაპირობებს.
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ... ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულია ადამიანებს შორის თანასწორობის უფლება კანონის წინაშე, რაც გამორიცხავს სახელმწიფოსა და ადამიანის შესადარებელ ჯგუფად განხილვას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანმიმართულება არ არის ადამიანებისა და სახელმწიფოს თანასწორობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხება სადავო ნორმების დისკრიმინაციულად მიჩნევას ადამიანისა და სახელმწიფოს შესადარებელ ჯგუფად განხილვის საფუძველზე, ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლების შინაარსის არასწორ აღქმას და დაუსაბუთებელია
20. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იგი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით. როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმების მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ ხორციელდება დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს შორის. შესაბამისად, სადავო ნორმიდან მომდინარე განსხვავებული მოპყრობა დაკავშირებული უნდა იყოს ამა თუ იმ პირთა შესადარებელ ჯგუფთან.
21. სადავო ნორმები არეგულირებს ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხიდან თვისობრივად სხვადასხვა ხასიათის კერძოსამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობას. ამავე დროს, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, რიგი მოთხოვნების მოსარჩელის მოთხოვნაზე ადრე, პრიორიტეტულად დაკმაყოფილება არ უკავშირდება კრედიტორის პიროვნებასთან დაკავშირებულ რაიმე ფაქტორს. მოთხოვნათა რიგითობა დამოკიდებულია თავად მოთხოვნის ტიპზე. ნებისმიერი პირი, მათ შორის, მოსარჩელე, შეიძლება იყოს როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის მქონე კრედიტორი. შესაბამისად, სადავო ნორმები მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობის განსაზღვრით დიფერენცირებას ახდენს არა პირთა, არამედ თავად მოთხოვნათა შორის. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს პირთა შორის განხორციელებული დიფერენცირებისა და, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემთხვევებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნაა, რომ უზრუნველყოფილ იყოს კანონის წინაშე თანასწორობა სამართლის სუბიექტებს - პირებს შორის. თანასწორობის უფლება არ მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მსგავსი სამართლებრივი კატეგორიების მიმართ თანასწორი მოპყრობა. სადავო ნორმები მხოლოდ მსგავსი ტიპის სამართლებრივი კატეგორიების - ქონებრივი მოთხოვნების მიმართ ადგენს განსხვავებულ, დიფერენცირებულ რეჟიმს და ამ რეჟიმის დიფერენცირებულობა ნეიტრალურია პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ნეიტრალური ხასიათისაა და არ ითვალისწინებს პირებს შორის დიფერენციაციას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 280-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 308-ე მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, №822 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის თანახმად, „მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.“
24. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტულ ხასიათს ატარებს. იგი „… ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, ხსენებული უფლება იცავს პირის შესაძლებლობას, კონსტიტუციით ან/და კანონით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს ეფექტური პროცესუალური მექანიზმებით. ამ უფლების მიზანს არ წარმოადგენს ამა თუ იმ მატერიალური უფლების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მატერიალური მოთხოვნების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს მოგირავნის უფლებას, გირავნობის საგნიდან საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად. ამდენად, სადავო ნორმა უზრუნველყოფილ მოთხოვნას ანიჭებს უპირატესობას არაუზრუნველყოფილ მოთხოვნებთან მიმართებით, რითაც ხსენებულ მოთხოვნებზე საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს განსაზღვრავს. ამდენად, მოვალის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების პრიორიტეტულობის განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების რეგულირებას წარმოადგენს.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №822 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №822 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №822 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 280-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის და 308-ე მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №822 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 308-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე და 30-ე მუხლებთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 280-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის და 308-ე მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. №756 და №822 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი